Image

დედოფალი და კაპიტანი

ზოგადად, როდესაც ასეთი ტიპის სახუმარო სტატიებს თუ სტატუსებს წერენ, სათაური ასეთია-ხოლმე: “როცა X გუნდმა ბოლოს (კონკრეტული ტურნირი) მოიგო”, მაგრამ ინგლისის ნაკრების შემთხვევაში, სიტყვა “ბოლოს” ან რაიმე ტურნირის დაკონკრეტება საჭირო არაა, რადგან იმ ქვეყანამ, რომელმაც 1863 წელს ფეხბურთის პირველი ოფიციალური წესები მიიღო, სპორტის ამ სახეობაში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო. შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც: ეს ყველაფერი 1966 წელს მოხდა, როდესაც ინგლისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი გახდა და მაშინ, “სამი ლომის” კაპიტანმა, ლეგენდარულმა ბობი მურმა ჟიულ რიმეს სახელობის თასი ელისაბედ II-სგან ჩაიბარა. სხვათაშორის, დედეფალი მაშინ 40 წლის (ახლა 88 წლისაა) იყო…

საინტერესოა, რა ხდებოდა მსოფლიოში მაშინ, როცა ინგლისმა მოიგო?

The Beatles ალბომ Revolver-ზე მუშაობდა, Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, Abbey Road-მდე კი მთელი სამი წელი რჩებოდა.

ჯონ ლენონი იოკო ონოს არ იცნობდა

ჯიმ მორისონს და რეი მანზარეკს The Doors ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდათ და პირველი ალბომის ჩაწერას იწყებდნენ.

ფრედი მერკური კოლეჯში სწავლობდა და ჰყავდა მეგობარი გოგონა – მერი ოსტინი.

გაბრიელ გარსია მარკესი “მარტოობის ას წელიწადზე” მუშაობდა, ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” კი ოფიციალურად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოიცა.

მაიკლ ჯექსონი, მოგვიანებით მისთვის საოცნებო, 7 წლის ბიჭი იყო. მისი და ჯენეტ ჯექსონი კი 2 თვის.

ინგლისის ნაკრების ამ შემადგენლობის არც ერთი ფეხბურთელი დაბადებული არ იყო, მეტიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე არც ერთი ფეხბურთელი (სულ 736) არ იყო დაბადებული.

სტივენ ჰოკინგს ფეხბურთის თამაში და როიალზე დაკვრა შეეძლო.

Image

ახალგაზრდა სტივენ ჰოკინგი

მარტინ ლუთერ კინგი ჩიკაგოში მასობრივი დემონსტრაციისთვის ემზადებოდა.

1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გმირები, რომარიო, კლაუდიო ტაფარელი, კრასიმირ ბალაკოვი და ჰრისტო სტოიჩკოვი, ლეგენდარული ჰოკეისტი ლუკ რობიტაილი, ისევე როგორც მოდელი სინდი კროუფორდი 4-5 თვის იყვნენ.

სადღაც ამ დროს, ჰოლანდიის მეფის, ვილემ ალექსანდერის, პოლ გასკოინის და ნოელ გალაჰერის მშობლები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, რასაც, 9 თვის შემდეგ მათ შვილების დაბადება მოჰყვა.

“შავი ენერგიის” არსებობის თეორიის წარმოშობამდე 30 წელზე მეტი რჩებოდა.

დიეგო მარადონა რამდენიმე თვეში 6 წლის ხდებოდა.

ერსენტო “ჩე” გევარა ბოლივიაში რევოლუციისთვის ემზადებოდა.

Image

“ჩე” გევარას ბოლო ფოტო

აშშ-ს, იაპონიის, კუბას, კანადის და ფილიპინების გარდა, ტელევიზია ყველგან შავ-თეთრი იყო.

რობერტ კენედი ნიუ იორკის სენატორი გახლდათ.

ფრენკ სინატრამ Strangers in the Night იმღერა, ნენსი სინატრამ კი these Boots Are Made For walkin’

მოშე დაიანი უმუშევარი იყო, “6-დღიან ომამდე” კი ერთი წელი რჩებოდა.

სერჯო ლეონე “the Good, the Bad and the Ugly”-ს გადაღებას ასრულებდა, ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი კი “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის” პრემიერაზე მიდიოდნენ.

“ბოსტონ სელტიქსმა” NBA-ს ფინალში “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 4:3 მოუგო და ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა.

როი ემერსონმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, “დიდი შლემის ტურნირებზე” მეათედ იმარჯვა და რეკორდსმენ ბილ ტილდენს წამოეწია.

ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მცირე ჩამონათვალია…

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს სახუმარო სტატიაა და მას ინგლისურენოვანი ხუმრობით დავასრულებ: “what’s the difference between a tea bag and England? a tea bag stays longer in a cup”.

და ბოლოს: ინგლისის ნაკრების მთელი “მუღამიც” ისაა, რომ ყოველთვის ერთ–ერთი ფავორიტია, გულშემატკივრებს ყოველი ტურნირის წინ ოპტიმისტური განწყობა აქვთ, საბოლოოდ კი გუნდის ყოველთვის სულელურად ან საოცრად დრამატულ ვითარებაში ვარდება. როგორც იტყვიან: “რამანწიკა” 🙂

 

სტივენ ჯერარდი (4) – წლის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი

სტივენ ჯერარდი (4) – წლის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი