ძალზედ ბევრი გენიოსი გვყავს ამ ქვეყანაში, იმდენად ბევრი რომ თვლასაც ვერ აუდივართ…

ერთ–ერთო მათგანია ის ადამიანი ვინც მოიფიქრა ტელეკომპანია “იმედზე” “მომავის ქრონიკის” გაკეთება…

ეს რეპორტაჟი უმეტესობამ ან ნახა, ან კიდევ მისმა მეგობრებმა, ნათესავებმა, მშობლემა იხილეს, დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ომი დაიწყო… პირადად მე დედაჩემმა დამირეკა და როდესაც მითხრა, რუსეთი შემოვიდაო, ვერ ვიჯერებდი: “კი მაგრამ, ესე უბრალოდ როგორ შემოვიდა?! აშკარად არაფერი მოასწავებდა ამას, არც დაძაბულობა იყო…” ლიტერატურულ კაფესთან ვიყავი და შიგნით წყნარად მსხდომი, რატი ამაღლოებლი და ლაშა ბუღაძე დავინახე, რომლებიც 5 წუთში გამოვიდნენ იქიდან და ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ სადღაც, შემდეგ კი რადიო ჩავრთე, “იმედზე” გადავრთე და მოვუსმინე, მთელი მსოფლიო მუნდიალის დაწყბას ზეიმობსო, ცოტა კი დავიბენი, რა მუნდიალის, რის მუნდიალისთქო…

სახლში როცა მოვედი, ავდექი და  ვუყურე გადაცემას და ყურების დროს შევნიშნე რამდენიმე მომენტი, რომელზეც რატომღაც ყურადღება გავამახვილე:

1. ის რაც ყველამ შენიშნა: გადაცემას არსად ეწერა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჩვეულებრივი ქრონიკისგან, რაც ცოტა უცნაურია, რადგან არქივის სიუჟეტსაც კი აწერია დიდად “არქივი”, არადა სულ რაღაც 2 წუთით ადრე არის ნათქვამი რომ არქივია, ხოლო ეს გადაცემა კი მთელი ნახევარი საათი გრძელდებოდა და ერთხელაც კი არ გამოჩნდა, რომ უბრალოდ იმიტაცია იყო.

2. თუ დააკვირდით, ერთი მომენტი იყო, რამოდენიმე წამიანი: როდესაც ლაპარაკი იყო თბილისთან მიმდინარე ბრძოლებზე, გამოჩნდა სროლის კადრი, სადაც უამრავი ტყვია თუ ჭურვი იყო. კადრებში ღამე იყო, ზუსტად ისევე როგორც რეალურად მაგ დროს…

3. გადაცემაში სულ რამოდენიმეჯერ იყო ნახსენები ის, რომ გადაცემის გასვლის დროს იყო ზაფხული, ერთხელ “მუნდიალის” ხსენების დროს და მეორე უფრო ადრე, როდესაც თქვეს რომ რაღაც მოხდა 3 დღით ადრე, 7 ივნისს…

ასე რომ ფაქტია: იმათთვის ვინც ამ გადაცემას თავიდანვე არ უყურა, რეპორტაჟი იყო ძალზედ დამაჯერებელი და რეალური, ასე რომ პანიკა მოსახლეობაში სრულიად ბუნებრივია.

რეპორტაჟის მსვლელობისას ვიზუალური მინიშნების არარსებობა იმ ფაქტზე, რომ ეს არის იმიტაცია და არ არის რეალობა, მიმართულია იმისკენ, რომ იმ ადამიანმაც კი, ვინც იცის იმის შესახებ რომ თვალს ადევნებს გადაცემას და მომავლის ქრონიკების რეკონსტრუქციას, მთელი თავისი გონებით შეიცნოს და შეიგძნოს მომავალი საშინელება, შეეშინდეს მომავლის გამო, რადგან ეს ყველაფერი ძალზედ დამაჯერებელი და ეფექტურია, აბა ისე ხომ მთელი ეფექტი დაიკარგებოდა ეკრანის კუთხეში წითლად რომ ციმციმებდეს “იმიტაცია” ან “ეს არ არის რეალური მოვლენები”.

მთელი 30 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ნახსენები მინიშნება ზაფხულზე, პანიკაში ჩავარდნილ ადამიანს შესაძლოა გამორჩეს, გამოეპაროს ასეთი მცირე დეტალი, ან ის, ჩამოვარდნილი ჭურვების ჩვენებისას, მოკლე სახელოებიანი მაისურები რომ ეცვა ხალხს (აგვისტოს ომის კადრები იყო), უბრალოდ ვერ შეამჩნიოს. მითუმეტეს, თუ არსად  წერია რომ ეს ყველაფერი მართლა არ ხდება და გეუბნებიან თბილისთან ბრძოლა მიდისო, გაჩვენებენ კადრებს, სადაც ჩანს ბრძოლის მომენტები, ტყვიები, ჭურვები და ღამეა, ისევე როგორც მაგ დროს რეალურად თბილისში და წამყვანი გეუბნება, აი ეს კადრებიცო! ის კი, როდესაც ამბობს: “მუნდიალის დაწყებას ზეიმობს მთელი მსოფლიო”, შეიძლება ვერც გაიგო პანიკის გამო, შესაძლოა იფიქრო წამყვანია პანიკაში და რაღაც აურიაო, ან კიდევ ზუსტად მაგ მომენტში ჩემოდნებს ალაგებდე და გარბოდე სადმე თბილისიდან შორს…

ამ გადაცემის მიზანი მგონი ისედაც გასაგებია ყველასთვის, ის რასაც ჩვენი  ხელისუფლება უკვე წლებია აკეთებს: მტრის ხატის შექმნა, ყველაფრის მისთვის გადაბრალება, მოვლენების შესაძლო განვითრების მიმართ შიშის დანერგვა, პანიკის დათესვა და ასე შემდეგ.

ბურჯანაძის და ყველა ოპოზიციური პარტიის მტრებად და მოღალატეებად წარმოჩენა და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ვითომ შესაძლო მომავლის წინასწარმეტყველება, ეს ფაქტი მაინც სადღაც დაილექება ადამიანის ქვეცნობიერში.

არჩევნებში თუ მოიგებებ ნაციონალები, ხოლო ოპოზიცია გაპროტესტებას მოინდომებს, კარგად დაფიქრდებით ამის მერე, წახვიდეთ თუ არა მიტინგზე და თუ მაინც წახვედით და იქ ხელისუფლებამ ჯარი მოგისიათ ან გესროლათ, ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას ან ნუ გამოთქვამთ აღშფოთებას, გახსოვდეთ ბურჯანაძე და რუსეთი…

აი ესეთი იყო ამ გადაცემის პათოსი ჩემი აზრით… საინტერესო კი ისაა, რომ საბოლოოდ ამ გადაცემის შემდეგ სწორედ ბურჯანაძე და ნოღაიდელი გამოვიდნენ კარგი ტიპები, ხოლო ხელისუფლება და “იმედი” სრულ იმპოტენტ–დეგენერატებად გამოჩნდნენ…

იმავე ბურჯანაძეს ან ნოღაიდელს სრული უფლება აქვთ სასამართლოში უჩივლონ ტელეკომპანია “იმედს”, ისევე როგორც ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც ამ გადაცემის ყურების შედეგად მიიღო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა.

ჭეშმარიტად მიაღწია თავის ჩაფიქრებული მიზანს ამ გადაცემის ავტორმა, ვერაფერს იტყვი, გენიოსია… სამწუხაროდ ბევრი მსგავსი გენიოსი გვყავს ამ ქვეყანაში… თუნდაც ის დადგმული გენიალური შოუ გაიხსენეთ, რუს ჯარისკაცებს რომ მიუვარდა ჩვენი მამაცი პრეზიდენტი…

და ბოლოს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონი ამ გადაცემას თავისუფლად შეიძლება მივანიჭოთ დეზინფორმაციის კატეგორია. დეზინფორმაციის, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ სიმშვიდეზე და იწვევს მასობრივ პანიკას (ფაქტია, რომ პანიკა გამოიწვია და იმის მტკიცება, რომ არ უნდა გამოეწვია არის სრული უგუნურობა). ეს კი მგონი სამართლის მიხედვით დასჯადი ქმედებაა. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, არამგონია ის ხალხი ვინც პასუხისმგებელია ამ გადაცემაზე, ადეკვატურად არ დასჯილიყვნენ, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, ჭეშმარიტი გენიოსების ქვეყანა

p.s. ამბობენ, რომ 55 წლის ქალი გარდაიცვალა გულის შეტევით, ბიჭი ჰყავდა ჯარშიო… ბრავო მაესტრო, ბრავო…