Archive for აპრილი, 2010


დილემა

რადგან დიდი ხანია არაფერი დამიწერია აქ და არც არაფერი მაქვს ამჯერად დასაწერი, გადავწყვიტე უბრალოდ ასეთ სიტუაციებში ჩემი რომელიმე ძველი მოთხრობა დავდო. ამჯერად დავდებ პააატარა მოთხრობას, რომელიც ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში დავწერე (მაგიტომ ნუ დამძრახავთ) და იმის მერე უცვლელად ინახება ჩემს კომპიუტერში. მოკლედ აი ისიც:

დილემა

აუზში წყალი ჩაედინება, დუნედ, ზერელედ, თითქოს არ უნდაო ისე. აუზიც ღებულობს მას და შთანთქავს. მე კი ამ აუზთან ვდგავარ და წყალს დავყურებ, თითქოს არაფერი, 50 სანტიმეტრით მაღლა ვდგავარ, მაგრამ მაინც დავყურებ. დავყურებ და ვფიქრობ გადავხტე, არ გადავხტე?! ვერ ვბედავ, რა ვქნა მიჭირს. არადა, რამდენჯერ გადავმხტარვარ ამ აუზში, მაგრამ წელს ჯერ არა.  ამიტომაც ვდგავარ წყალზე 50 სანტიმეტრით მაღლა და ვფიქრობ: გადავხტე, არ გადავხტე? ამ დროს ტელეფონი რეკავს. თითქოს გამიხარდა, რადგან დილემა დროებით გვერდზე გადავარდა. ახლა მაგიდასთან უნდა მივიდე და ტელეფონს ვუპასუხო, ხოლო გადავხტე თუ არ გადავხტე, ამას მოგვიანებით მივუბრუნდები. აუზს გავეცალე, მაგიდისკენ გავემართე და ტელეფონს დავხედე: გიორგი მირეკავდა. გიორგი ჩემი მეგობარია, თან ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ რაღაც არ მომინდა მასთან ლაპარაკი. ხომ არის-ხოლმე მომენტები როცა, ასე უმიზეზოდ, ვინმეს დანახვაც კი არ გინდა, თუნდაც ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანის?  მეც ეგრე დამემართა, მაგრამ მეორესმხრივ იქნებ რა საქმე აქვს? მოკლედ ვუპასუხო, თუ არ ვუპასუხო? კიდევ ერთი დილემა. მოდით ორივე ვარიანტი განვიხილოთ: ვთქვათ არ ვუპასუხე, მაშინ ისევ აუზს უნდა დავუბრუნდე. ტელეფონის ეკრანს თვალი მოვწყვიტე, აუზს გადავხედე, ეს პერსპექტივა მაინც და მაინც არ მომეწონა. რომ ვუპასუხო? ვთქვათ ვუპასუხე:

-ალო

-ტატო.

-ჰო, გიო, როგორ ხარ?

-რა ვიცი, ვარ რა, სად ხარ დაკარგული?

-მე ვარ დაკარგული? შენ?

-ჰო, კაი, არ გვინდა ამაზე… ბიჭო, რამით ხომ არ ხარ დაკავებული?

აუზს გადავხედე…

-არა, მაინც და მაინც არა.

-ძალიან კარგი. დღეს გცალია?

-კი, რა იყო?

-აჭარა მიუზიკ ჰოლის ორი ბილეთი მაქვს და იქნებ წამოხვიდე? გთხოვ მარტო არ გამიშვა. წამოხვალ?

კვლავ აუზს გადავხედე…

-კი, წამოვალ.

სიმართალე გითხრათ დისკოთეკები მაინც და მაინც არ მიზიდავს, მაგრამ მეგობარს უარი ვერ ვუთხარი. თან ეს აუზი…

-კაი, მაშინ რვისთვის გამოგივლი.

-კაი.

-აბა ჰე!

-კარგად.

აუზს გამარჯვებული სახით შევხედე, შემდეგ საათს დავხედე, უკვე 6 იყო. უნდა მეჩქარა. სახლში შევედი, ვიბანავე, თმა გავიშრე (ცოტათი გრძელი მაქვს, ისე რაღა ცოტათი, უკნიდან შეიძლება ქალი გეგონოთ), კბილები გავიხეხე, ტანსაცმელი ჩავიცვი, ვჭამე, ორი-სამი ღერი სიგარეტიც მოვწიე და ამ დროს გიორგიც მოვიდა. გარეთ რომ გავედით ვკითხე:

-ისე, რომელ საათზე იწყება?

-თერთმეტზე.

-აბა, ასე ადრე სად გვეჩქარება?

-ეე, შე გოიმო, ფხიზელი ხომ არ შეხვალ?!

-იქ რა, ვერ დავლევ?

-კი, მაგრამ ასე 50 ლარი დაგიჯდება.

-აბა სად დავლიოთ?

-რა ვიცი, თუნდაც “ნიკალაში”, ფული რამდენი გაქვს?

-13 ლარი

-გვეყოფა…

“ნიკალა”-ში შევედით, დავსხედით, ცოტა ვჭამეთ, ბევრი დავლიეთ და კარგ ხასიათზე მყოფნი გავემართეთ “აჭარისკენ”. რიგში ნახევარი საათის დგომის შემდეგ, ძლივს შევაღწიეთ. ნაცნობები ვნახე, მივესალმე, გაუკვირდათ, აქ რა გინდაო? მეც მიკვირდა. არ არის ეს საჩემო ადგილი, ძალიან ბევრი სიყალბე დავინახე, ყველა იტყუებოდა: სიტყვებით თუ სიტყვების გარეშე, მაგრამ ყველა იტყუებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ადამიანები ალალები და გულახდილნი მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც სახლში მარტო არიან და მათ არავინ უყურებს, ხოლო თუ ერთმა ადამიანმა-მაინც შეხედა, ისე გარდაიქმნებიან, ქამელეონსაც კი შეშურდებოდა. ზოგი მხოლოდ ხასიათს კი არა, გარეგნობასაც კი იცვლიდა, ხან ბერავდა ტუჩებს, ხან არა, ხან წარბებს ქვევით სწევდა, ხან ზევით აპრეხდა და ა.შ.

უცებ, ამ დაკვირვების დროს ერთი გოგო დავინახე, სულ არ ჰგავდა ამათ, ვიფიქრე გამოვეცეკვებითქო, მაინც ცოტა შემთვრალი და შესაბამისად თამამი ვიყავი, სხვა დროს შეიძლება ეს არ მექნა და იმავე ადგილას დავრჩენილიყავი სადაც ვიდექი, მაგრამ ამჯერად დავიძარი და მასთან მივედი. შუა ცეკვის დროს, ვიღაცამ მხარზე ხელი დამკრა, გავიხედე, უცნობი ბიჭი იყო და გაშეშებული ფიზიონომიით მიყურებდა. ხელით მანიშნა გავიდეთო, მეც გავყევი. მარტო არ იყო, სამნი იყვნენ. თვალებით ნაცნობებს ვეძებდი, მაგრამ ვერავინ დავინახე, მაინც და მაინც ასეთ დროს ქრება-ხოლმე ყველა.

-ჩემი შეყვარებულისგან რა გინდოდა?

-რომელია შენი შეყვარებული?

-რომ ეცეკვებოდი ის.

-რა უნდა მნდომებოდა, უბრალოდ ვცეკვავდით.

-იტყუები შე ნაბიჭვარო!

ამ სიტყვის გაგონებისთანავე მარჯვენა ხელი მოვიქნიე და მუშტი შიგ გამოწეულ ცხვირში დავარტყი, ხელი მეტკინა, იმას კი ალბათ ცხვირი, რადგან ზუსტად ორ წამში მთელი ჩემი მაისური მის სისხლში იყო მოთხვრილი. დავინახე მეორემ როგორ დააპირა დარტყმა, მაგრამ დავასწარი და მასაც მარჯვენა დავარტყი, ოღონდ ამას ყბაში. აი აქ კი საბედისწერო შეცდომა დავუშვი: მესამე დავკარგე თვალთახედვის არედან. როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო, რადგან ზურგში, გულის ცოტა ქვემოთ, ჩხვლეტა ვიგრძენი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ვიგრძენი როგორ დამისველდა ზურგი, შარვალი, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, რადგან მივხვდი, რომ იმ მესამემ, დანა დამარტყა. უცებ თავბრუ დამეხვა, უკან მიბრუნება დავაპირე, მაგრამ ძალა არ მეყო, დაყვირება მომინდა, მაგრამ ვერც ეს შევძელი, თუმცა საჭირო არ იყო, რადგან დავინახე, როგორ მორბოდა ჩემსკენ ხალხი, ალბათ ცხვირში რომ დავარტყი იმან მორთო ყვირილი და მის ხმაზე გამოცვივდნენ გარეთ. შემდეგ თვალთ დამიბნელდა, ჩავიკეცე და მიწას ჩავეხუტე. ამის შემდეგ, თურმე სასწრაფო მოსულა და საავადმყფოში წავუყვანივართ, იქ კი ოპერაცია გაუკეთებიათ, მაგრამ მაგას ჩემთვის მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ სასწრაფოს მოსვლამდე მოვკვდი!

არ ვუპასუხებ!

ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავდე და კვლავ აუზს დავუბრუნდი.

კვლავ 50 სანტიმეტრით ავმაღლდი წყალთან შედარებით, აუზს გადავხედე: გადავხტე, არ გადავხტე, გადავხტე, არ გადავხტე…

7 აგვისტო, 2004

ალბათ  ყველა თქვენთაგანს ერთხელ მაინც გაუგია ეს გამოთქმა, ხოლო იმათ ვისაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მარკეტინგი შეუსწავლია, კლიენტის მიმართ უფრო მეტად აღმატებული გამოთქმებიც ეცოდინება, მაგალითად: “კლიენტი (მომხმარებელი) ღმერთია”.

90–იანი წლების საშინელმა ყოფამ და გაჭირვებამ ქართველი ხალხის მუდამ გაღიზიანებულეობა გამოიწვია, რითიც იყო კიდეც გამოწვეული მუდმივად მუღუშული სახეები და უკმეხი სიტყვა–პასუხები მაღაზიებში ან რესტორნებში.

ჩემს ბავშვობაში მაშინ ჯერ კიდე არსებულ მაგაზია “ლეგო”–ში, სადაც ლეგოს გარდა კომპიუტერის დისკებიც იყიდებოდა, იყო სამი ან ოთხი გამყიდველი კაცი, რომლებიც მთელი დღე  Sony Playstation-ზე ფეხბურთს თამაშობდნენ და არავითარ შემთხვევაში არ მოგაქცევდნენ ყურადღებას, რადგან 2 თამაშობდა 2 კიდევ უყურებდა. ეს პიროვნებები დღესაც არიან იმავე ადგილას, მაგრამ ამჯერად უკვე Sony Playstation 3–ს თამაშობენ….

თუმცა ბოლო პერიოდია ეს სიტუაცია შესამჩნევად გამოსწორდა, ქართველმა ბიზნესმენებმა, თუ უბრალო მოვაჭრეებმა ისწავლეს მარკეტინგის საფუძვლების ელემენტარული ჭეშმარიტება და როგორც მინიმუმ ცდილობენ კლიენტს (მომხმარებელს) ცუდად მაინც არ მოექცნენ. თუმცა როგორც ჩანს არა ყველგან…

დაახლოებით ორი კვირის წინ, პატივი მქონდა ვწვეოდი სახინკლე (თვითონ რესტორანს ეძახიან, მაგრამ აშკარად სახინკლეა და მოკალი) “ბეღელს“, რომელიც, იცით ალბათ, თამარაშვილზე მდებარეობს. საერთოდ სახინკლეში ისეთი მომსახურებები ნამდვილად არ არის, როგორიც თბილისის ბევრ ბარში ან კაფეში, მაგრამ ამას არც არავინ ელის, უბრალოდ გინდა დაჯდე შენს ადგილას, ჭამო რამე და წახვიდე იქიდან.

მოკლედ შევედით “ბეღელ“–ში და უზარმაზარი დარბაზის პირველივე თავისუფალ მაგიდას მივუსხედით (მგონი ამაში კრიმინალური არაფერია). მაგიდა, როგორც შემდეგ აღმოვაჩინეთ, ცოტათი დასვრილი იყო –  ჩემთან ხინკლის ხორცის ნაგლეჯი ეგდო, ხოლო ცოტათი მარჯვნივ კი ლიმონათი (თუ არ ვცდები ტარხუნის) იყო დაღვრილი. დაახლოებით 10 წუთი ვიჯექით ასე და გამვლელ–გამომვლელ ოფიციანტებს “უკაცრავად”–ს  საკმაოდ ხმამაღლაც ვეძახდით, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა (სამწუხაროდ ამ ქვეყანაშ არ არის მიღებული რატომღაც რომ ოფიციანტს ოფიციანტი დაუძახო).

10 წუთის უშედეგო წვალების შემდეგ, მოვახერხე და ერთ–ერთ “გარსონთან” მხედველობითი კონტაქტი დავამყარე და ჟესტების ენით ვანიშნე: “გთხოვ მოდითქო”. იქვე მისგან საპირისპირო მინიშნება მივიღე: “ერთი წამით, მე არ მცალია და ვინმეს გამოვუშვებო”. “კარგითქო” – ვანიშნე მეც.

არ გავიდა წუთიც და მოვიდა ახალგაზრდა გოგო, რომელმაც მენიუ მოიტანა და სანამ მენიუს დებდა მაგიდაზე, მივმართე მაგიდა გადაწმინდეთთქო. ვინც მე მიცნობს საერთოდ იცის რომ არავის არასდროს უხეშად არ ველაპარაკები, მითუმეტეს ოფიციანტს, ბოლოს და ბოლოს ვიცი რა შეუძლია გაუკეთოს გაბრაზებულმა ოფიციანტმა ჩემს საჭმელს (იხილეთ მებრძოლთა კლუბი) 🙂

გოგო ოფიციანტმა, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მკვახედ მიპასუხა, რომ მაგიდა გადაწმენდილი იყო… აქ რა თქმა უნდა დავიბენი, რადგან აქამდე მსგავსი პასუხი არავისგან მომისმენია. სადაც არ უნდა იყოთ, როდესაც მომსახურე პერსონალს მიმართავთ თხოვნით, რომ მაგიდა გადაწმინდონ, მოვლენ და გადაწმენდენ, რადგან… რაღა რადგან, იმიტომ რომ გინდათ რომ მაგიდა, რომელზეც ზიხართ გადაწმინდონ და მორჩა.

გოგოს პასუხზე ირონიულად გამეცინა და ვუთხარი როგორ არის გადაწმენდილი, აბა ის რა არისთქო… და დაღვრილი ლიმონათისკენ მივანიშნე…

ამ გოგოს ეს რატომღაც ეწყინა, წამოიმართა და მითხრა ფრაზა, რომელმაც შოკში ჩამაგდო: “გადავწმინდავ ჰო, მაგრამ ისე თუ არ მოგწონს ესეთი მაგიდა შეგეძლო სხვაზე დამჯდარიყავი!

იქით გამოთქვა ჩემს მიმართ პრეტენზია… რას ქვია, რომ შემოდიხარ აქ კეთილი ინებე და იპოვე სუფთა მაგიდა, ხოლო თუ ჭუჭყიანზე დაჯექი, მაგაზეც მადლობელ იყავიო… თან რატომღაც ის მე შენობით მომმართვდა… ამას შემდეგ მოჰყვა რეპლიკების გაცვლა–გამოცვლა… გაოგნებული ვეკითხებოდი რა მისი საქმე იყო მე სად დავჯდებოდი და რატომ მელაპარაკებოდა ასე…

რომ შემოხვედი და დაინახე დასვრილი იყო, რას დაჯექიო” –  განაგრძობდა ის.  შემდეგ გაუჩინარდა სადღაც გადასაწმენდის მოსატანად…

ზუსტად ორი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ ავმდგარიყავი და დამეტოვებინა იქაურობა, კი გავიფიქრე მენეჯერსაც ვეტყოდი ამ ფაქტის შესახებთქო, მაგრამ…. 1. ეს საქართველოა, რა მენეჯერი, რის მენეჯერი, ძალიან ევროპელობა მოვინდომე.. და 2.რომც იყოს ევროპა, ნამდვილად არ მინდოდა რომ იმ გოგოს სამსახური დაეკარგა, მიუხედავად იმისა რომ თავს ღრმად შეურაცხყოფილად ვგრძნობდი…

მარკეტინგში არსებობს ერთი ცნება, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის მიერ სიცოცხლის მანძილზე დახარჯულ თანხას. ანუ რა თანხას ხარჯავს ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ვთქვათ ავტომობილებზე, ფასტ ფუდზე, სპირტიან სასმელზე და ა.შ.

თანამედროვე მარკეტინგის მთავარი პრინიპი არის არსებული კლიენტის შენარჩუნება, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ფირმები ორინტირებულნი იყვნენ ახალი კლიენტების მოზიდვაზე, დღეს ყველა წარმატებული ფირმის მთავარი საზრუნავი არის არსებული კლიენტების შენარჩუენბა და მათი დაკმაყოფილება ყველა საშუალებით.

ამით იმის თქმა მსურს, რომ იმ ინციდენტის გამო, “ბეღელმა” არამარტო დაკარგა 40 ლარი, რომელიც ერთი საათის შემდეგ სხვა სახინკლის სალაროში შევიდა, არამედ დაკარგა გაცილებით დიდი თანხა, თანხა რომელსაც მე და ჩემი თანხმლებლნი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე დავხარჯავთ სახინკლეებში, რადგან არც მე და არც ერთი მათგანი იქ შემსვლელი აღარ არის. რა თქმა უნდა ხშირად ნამდვილად არ ვარ სახინკლეების სტუმარი და არც იმის ილუზია მაქვს, რომ “ბეღელი” ჩემს სიკვდილამდე იარსებებს (ოპტიმისტ!), მაგრამ მაინც…

ამის გარდა, მე, როგორც უკმაყოფილო კლიენტი, “ბეღელ”–ის ცუდი მომსახურების შესახებ მოვახსენებ სხვა ადამიანებსაც, რაც მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს ასე თუ ისე…