საერთოდ მიღებული აზრია, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია, უკვე ყარს და მას არაფერი ეშველება… არაა სიმართლისგან შორს ეს მოსაზრება, თუ მას ერთ წინადადებას მივამატებთ: არაფერი ეშველება, სანამ მასში მაზოხისტები, სადისტები და ონანისტები იმუშავებენ.
არ იფიქროთ ფედერაციაზე მქონდეს საუბარი, არა, ფედერაცია კიდევ სხვა თემაა, ამჯერად მინდა ქართული კლუბების შესახებ გესაუბროთ, კერძოდ იმ ოთხი კლუბის შესახებ, რომლებსაც პატივი ჰქონდათ წარედგინათ ჩვენი ქვეყანა ევროტურნირებზე: ოლიმპი, დინამო, ზესტაფონი და ვიტ–ჯორჯია.
თავიდანვე ვიტყვი, ერთადერთი გუნდი, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, ამ ოთხეულში არის “ზესტაფონი” – გუნდი, რომელიც რაღაცით მაინც მოგვაგონებს საფეხბურთო კოლექტივს, რომელსაც გააჩნია რაღაც მიზანი, ჩამოყალიბებული საკლუბო სტრუქტურა და განვითარების გეგმა. გუნდი, რომელმაც მთლიანად შეინარჩუნა ბირთვი, გაუშვა ორი ხოლო დაიმატა სამი ფეხბურთელი, რომლებიც აშკარად ჯობიან გაშვებულებს, ანუ აწარმოა გონივრული სატრანსფერო პოლიტიკა, შეინარჩუნა კოლექტივი და შედეგიც შესაბამისი აქვს: გუნდი მესამე ეტაპზეა და სულა არ გამოიყურება უშანსოდ უკრაინულ “კარპატი”–სთან დაპირისპირების წინ.
რაც შეეხება დანარჩენ სამს:
დინამოს კიდევ არაუშავს, რადგან ამ გუნდს აქვს ტრადიციები, აქვს სტადიონი, ბაზა… მოკლედ ყველაფერი, რომ განვითარდეს და უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, მაგრამ როგორც ჩანს მას არ აქვს მთავარი: ფული. რადგან მართლაც წარმოუდგენელია გუნდს ფული ჰქონდეს, ევროპის ლიგაზე ჰქონდეს სათამაშო და გუნდიდან გაუშვას ერთდროულად 5 ლიდერი, ხოლო მათ მაგივრად მხოლოდ ლევან ხმალაძე და ახალგაზრდა მეტრეველი დაიმატოს, შემდეგ გავიდეს ევროპაზე სათამაშოდ და განაცხადიც კი ვერ შეავსოს 18 ფეხბურთელით! სირცხვილია მოკლედ რომ ვთქვათ.
აი ის ხუთი ლიდერიც: გურამ და შოთა კაშიები, აკირემი, კრსტესკი და ჩიკვილაძე. იმაზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რომ რომელიმე ეს ფეხბურთელი გუნდმა გაყიდა, რას ამბობთ ჩვენი გუნდები ხომ ქველმოქმედები არიან, რა ტრანსფერი, რის ტრანსფერი…
დავანებით დინამოს თავი, ავად თუ კარგად გუნდმა ორი ეტაპი გადალახა (სამართალი მოითხოვს აღნიშვნას, რომ დინამოს ძალიან გაუმართლა, რადგან ფლორაც და გეფლეც ძალზედ სუსტი გუნდებია) და ამჯერად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გრაცის “შტურმს” უნდა შეხვდეს… წაგება და გავარდნა გარანტირებულია.
ვიტ–ჯორჯია – გუნდი, რომელსაც ასევე აქვს მკვეთრად ჩემოყალიბებული საკლუბო პოლიტიკა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ის ზრდის საკუთარ ტალანტებს და შემდეგ ყიდის სხვადასვხა გუნდებში და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ყოველწლიურად ტოვებენ ლიდერები, ის მაინც წამყვან პოზიციებზე რჩება საქართველოში.
თუმცა წელს ამ გუნდს აშკარად ზედმეტი მოუვიდა – გაუშვა გუნდიდა, თანაც უფასოდ: ბედიაშვილი, რაზმაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, ბერიაშვილი (თანაც ყველა კონკურენტ ოლიმპში) და გიორგი დათუნაიშვილი. დამატებით კი არავინ დაუმატებია, შედეგი – 0:6 სახლში ბანიკთან, მორიგი სირცხვილი ვიტელებისგან (2:8 ვისლასთან ხომ გახსოვთ).
საინტერესოა, ასეთი შედეგი ძნელი განსაჭვრეტი იყო?! მგონი ვიტელების ხელმძღვანელობის გარდა ყველა ველოდით მსგავს დასასრულს, ან შეიძლება ისინიც ელოდნენ, უბრალოდ… ფეხებზე ეკიდათ.
მაგრამ ამ ოთხეულში არის მარგალიტი, სასწაული სახელად რუსთავის “ოლიმპი”.
მსოფლიოში არ არსებობს ოლიმპის მსგავსი გუნდი. გუნდი, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ (!) მთლიანად ცვლის შემადგენლობას და ხანდახან მწვრთნელსაც კი. მერე კიდევ ვინმეს უკვირს, ყაზახეთის “აქტობე” როგორ გვიგებსო…
საქმეც მაგაშია ზუსტად, არ არის 30 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე აქტობე ოლიმპზე ძლიერი, უბრალოდ აქტობეს ყოველ 6 თვეში ერთხელ არ ტოვებს 10 ფეხბურთელი და მათ მაგივრად არ იყვანს მორიგ 10 ახალწვეულს.
ოლიმპის ხელმძღვენელების მსგავსი არაპროფესიონალები ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არიან. მათი ქმედება არ ჯდება არანაირ ლოგიკაში, აბსოლუტურად არანაირ ლოგიკაში, მათ მოქმდებებს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელთა მოქმედებასთან საერთო ძალზედ ცოტა თუ აქვს.
მოდით ჩამოვთვლი ოლიმპიდან წასულ და ოლიმპში მოსულ ფეხბურთელებს.
წავიდნენ: აკინო, ფრაგა, გველესიანი, გილაური, პავლე დათუნაიშვილი, ჭანტურია, მერლანი, გ. კვარაცხელია, მაჭავარიანი, ელოხი, ხუბუა (ეს ბიჭი 6 თვეში ერთხელ ახორციელებდა რეისს რუსთავი–ბოლნისი–რუსთავი), იმედაშვილი, ს. იაშვილი, რ. ჯიქია – 14 ფეხბურეთელი
მოვიდნენ: გეწაძე, ბოლქვაძე, ბათიაშვილი, ბედიაშვილი, რაზმაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, ბერიაშივლი, დოლიძე, გ. ნუგ. ჭელიძე, ქემოკლიძე, მოდებაძე – 12 ფეხბურთელი.
წარმოგიდგენიათ, რომ მსგავსი რამ განახორციელოს რომელიმე სერიოზულმა გუნდმა? რაღა სერიოზულმა, გუნდმა რომელიც საკუთარ თავს ოდნავ პატივს მაინც სცემს?
წარმოდიგინეთ ბარსელონამ გუნდიდა გაუშვა: მესი, პუიოლი, აბიდალი, მარკესი, დანი ალვეში, ვალდესი, პინტო, ბუსკეტსი, პიკე, მილიტო, ინიესტა, მაქსველი, იბრაჰიმოვიჩი და ვილია…( დაახლოებით იმაზე პოზიციის ხალხი ავარჩიე) თანაც ყველა უფასოდ(!)
ხოლო მათ მაგივრად, არანაკლები დონის (თუ ეს შესაძლებელია) 12 ფეხბურთელი დაიმატოს…. ალბათ მთელი სეზონის დასჭირდება გუნდს, რომ მართლაც კოლექტივს დაემსგავსოს.
რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გარდა, კიდევ უამრავი პრობლემაა ქართულ კლუბებში, რომელთა უმეტესობაც ისევ და ისევ არაპოფესიონალიზმთან არის კავშირში, არაპროფესიონალიზმთან, ან ელემენტალურად საქმის არცოდნასთან. სწორედ ამის გამო ხდება ის, რომ სახლში 0:6–ს ვაგებთ, ხოლო ყაზახები ისე გვიყურებენ, როგორც ჩვენ ვუყურებდით მათ 10 წლის წინ.
ბანალურია, მაგრამ ყველა ვითარდება, ყველა წინ მიდის, პრინციპში ცდილობს მაინც, მხოლოდ ჩვენ ვადგავართ დეგრადაციის გზას და ჯიუტად არ ვაპირებთ კურსის შეცვლას. თითქოს ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, ევროპის საკლუბო რეიტინგში მხოლოდ 7 თუ 8 ქვეყანას ვუსწრებთ, მაგრამ… წინ კიდევ არის დასაპყრობი ახალი სიდაბლეები, გეშინოდეთ სან მარინო და ფარერებო, საქართველო მოდის!