როგორც ვივარაუდე, ფინალში გავიდნენ ის გუნდები, რომლებსაც აქამდე მსოფლიოს ჩემპიონის წოდება არ ღირსებიათ. ეს კი არა, ესპანეთი საერთოდ პირველად არის მუნდიალის დასკვნითი მატჩის მონაწილე, რაც ჩემპიონატის დაწყების წინ სენსაციად ნამდვილად არ განიხილებოდა, აი რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს, მიუხედავად ამ გუნდისადმი დიდი პატივისცემისა, ალბათ მაინც ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა “ორანიეს” ფინალში გასვლას.

ჰოლანდიელებმა აქამდე ჩატარებული ექვსივე მატჩი მოიგეს და თუ მეხსიერება არ მღალატობს, ფინალში გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ მეორე გუნდი გახდება ვინც ჩემპიონობა 7 გამარჯვებით მოიპოვა. პირველი იყო ბრაზილია 2002 წელს.

ესპანეთის ნაკრები კი აგრძელებს ჩვენს გაოცებას, გაოცებას ნეგატიური კუთხით… არა, გერმანიასთან ნამდვილად ის ესპანეთი ვიხილეთ, რომელსაც ასე ველოდით მუნდიალის დაწყებიდან, მაგრამ მაინც ეს სამი 1–0 პლეიოფის სტადიაზე რაღაც ცუდად ხვდება თვალს… თუმცა ამ მხრივ არც ჰოლანდიაა ანგელოზი: მოგებული ექვსი მატჩიდან ხუთი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ მართლაც გენიალური შემთხვევა, გუნდმა 6 თამაშში გაიტანა 7 გოლი, იქიდან 5 კი ერთ კაცზე მოდის 🙂 დავიდ ვილია მართლაც ესპანეთის მესი(ა) გახდა ამ ტურნირზე. თუ ის სექტემბრიდან ასევე გააგრძელებს გატანას ბარსას რიგებში, ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი იქნება… თუ რა თქმა უნდა ესპანეთი გახდება ჩემპიონი. ჰოლანდიის გაჩემპიონების შემთხვევაში უესლი სნეიდერს არ ასცდება ეგ პატივი (ბოდიში არიენ)  🙂

ისევ და ისევ უნდა ვახსენო სიტყვა ლოგიკა… არ იყო გერმანია ისეთი ძლიერი როგორიც ჩანდა, ინგლისთან მათ მართლაც გაუმართლათ ლამპარდის გოლი, რომ არ ჩაითვალა, 2–2–ზე რა მოხდებოდა, მითუმეტეს ფსიქოლოგიური უპირატესობა ინგლისს ექნებოდა, კაცმა არ იცის…

რაც შეეხება არგენტინას… ეს ხომ გუნდი არ იყო… ასეთი სუსტი გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს მუნდიალებზე. რეალურად არგენტინელებმა გამოიყენეს საკუთარი პოტენციალის 10 პროცენტი… 50 მარადონას მწვრთნელობამ წაიღო, 40 კი სახლში იჯდა ჩემპიონატის დღეებში: ძანეტი, კამბიასო, ლუჩო, გაგო, ბანეგა, რიკელმე… ამ ყველაფერს კი დავამატოთ გერმანიასთან სკამზე მყოფი ერთადერთი საიმედო მცველი ვალტერ სამუელი,მის გვერდზე მჯდომი, გუნდში ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველი(!), ხუან ვერონი, სკამზე ჩამპალი დიეგო მილიტო და უკვე აღარ გვეჩვენება ეს 4–0 რაღაც სასწაულად… მითუმეტეს, რომ არგენტინელებმა 2–0–ის მერე თამაშს თავი დაანებეს, რის გამოც ასევე დიეგოსკენ უნდა გავიხედოთ… ფსიქოლოგია…

მოკლედ ბევრი, რომ არ ვისაუბროთ არგენტინაზე, იმის თქმა მსურს, რომ არ იყო ეს გერმანია ისეთი ძლიერი, როგორიც ჩანდა, ან როგორიც ბევრს ეგონა, რაც ესპნაეთმა დაამტკიცა კიდევაც… გერმანელებს პოტენციალი რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ ასეთივე პოტენციალი მათ გარდა კიდევ 8–9 გუნდს აქვს…

რას უნდე ველოდოთ ფინალისგან?  ალბათ ესპანეთის უპირატესობას და ჰოლანდიის კონტრშეტევებს, ძირითადად მარჯვენა ფრთიდან, სადაც რობენი ბურთს მიიღებს და ცენტრისკენ დაიწყებს მოძრაობას, თუ არა და ბურთს დაკარგავს 🙂

დელ ბოსკე ალბათ არ შეცვლის ტაქტიკას და ისევ 4–5–1–ს გამოიყენებს, ერთადერთი ეჭვი პედროზე მაქვს, მაგრამ მგონი იმასაც ათამაშებს, მიუხედავად იმ გაუგონარი საქციელისა რაც მან ჩაიდინა გერმანიასთან ბოლო წუთებზე…

ვან მაარვიკის ტაქტიკა და შემადგენლობა კი ძნელი გამოსაცნობი ნამდვილად არაა, აქაც 4–5–1.

შემადგენლობა? გადახედეთ ჰოლანდიის განაცხადს, როგორც ძველ კარგ დროს იყო, ძირითადში იქნებიან ფეხბურთელები ნორმებით 1–დან 11–ის ჩათვლით 🙂

მოკლედ იმედია კარგი ფინალი იქნება. კარგი დაძაბულობის და დონის თვალსაზრისით, თორემ ლაღ თამაშს ალბათ არავინ ელის, თუმცა რა იცი, ყველაფერი ხდება… იქნებ ვნახოთ შეშლილი შემტევი თამაში, ის თამაში, რის გამოც უყვარს ხალხს ესპანეთის ეს, ხოლო ჰოლანდიის ყველა ამის გარდა, ნაკრებები 🙂

მატჩი მესამე ადგილისთვის კი გასაუქმებელია… თუ გერმანია და ურუგვაი მინიმუმ 5 გოლს არ გაიტანენ, უნდა გაუქმდეს შემდეგი მუნდიალიდან.

ისე, მთელი გერმანია ალბათ კლოზეზე ითამაშებს…

Advertisements