როდესმე დაფიქრებულხართ ტელეფონი რომ დაგირეკავთ და აღმოჩნდება, რომ სხვაგან მოხვდნენ, ნეტავ ვისთან რეკავდნენ ან რამხელა მნიშვნელობის საქმე ჰქონდათ? ალბათ არა, რადგან როდესაც აღმოჩნდება, რომ ჩვენ არ გვირეკავდნენ იმ წამსვე გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ის ადამიანი თავიდან და ისევ ჩვენს პრობლემებს ან საქმეებს დავუბრუნდეთ… თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ ფიზიკურად შეუძლებელია არ დაგაინტერესოთ იმ ადამიანებმა ვისთანაც რეკავდნენ და თქვენთან მოხვდნენ, მითუმეტეს მაშინ როცა წლების მანძილზე გირეკავენ თქვენ სხვის ნაცვლად 🙂
დაახლოებით 9–10 წლის წინ მომივიდა მესიჯი ( შინაარსი ნამდვილად არ მახსოვს), რომელსაც ვუპასუხე. საუბარი ისე გაგრძელდა, რომ ვიფიქრე ვიღაც “მეკაიფებოდა” (კითხვაზე სად ცხოვორბთქო – აფხაზეთშიო იყო პასუხი), ამიტომ მეც დაუჯერებელ ტყუილებს ვწერდი, მაგრამ… როგორც ბოლოს გაირკვა ის ადამიანი სრულ სიმართლეს მეუბნებოდა და ჩემი ტყუილებიც დაიჯერა, მათ შორის ისიც რომ მე კოტე მერქვა :))
იმ დღის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მომწერა მესიჯი, მაგრამ აღარ მიპასუხია, შემდეგ კი დაიწყო ის რაც უკვე წლებია გრძელდება: რამოდენიმე თვეში ერთხელ უცხო ნომერი ფიქსირდება შემომავალ ზარებში და იქიდან მეგრული აქცენტით ვიღაც კოტეს კითხულობს. სულ თავიდან მეგონა, რომ ის ადამიანი არეკინებდა, ვინც მესიჯი მომწერა (ალბათ თავიდან ასეც იყო), მაგრამ შემდეგ გავიდა წლები და ამ პერიოდში გავარკვიე, რომ მართლაც არსებობს ვინმე კოტე, რომელიც არის ავტობუსის, თუ მარშუტკის მძღოლი და ასრულებს რეისებს აფხაზეთში და უკან…
უკვე წლებია მირეკავენ და კითხულობენ კოტეს, თან ფაქტიურად ყველა დამრეკავი, სანამ გათიშავს, როცა ვეტყვი რომ სხვაგან მოხვდნენ, გაოცებული ეუბნება გვერდზე მყოფს: სხვაგან მოხვდიო…
თუმცა ეს ყველაფერი არაა: მას შემდეგ რაც ჩემთან უცხო პირებმა რეკვა დაიწყეს, სულ ცოტა ხანში, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა: მეუფე ანანია 🙂
რამოდენიმე ზარის და მეუფე ანანიას თხოვნის შემდეგ, ასეთი დიალოგი შედგა ჩემს და ქალბატონს შორის, რომელსაც ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მეგონა ვიღაც ძალით იწვრილებდა და მეხუმრებოდა…
აი დიალოგიც:
– ალო
– მეუფე ანანია ბრძანდებით? – უკვე მობეზრებული მქონდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამიტომაც ორიგინალურობა გამოვიჩინე
– კი შვილო ჩემო, მე ვარ
– დამლოცე მეუფეო!
–დამილოციხარ შვილო ჩემო.
–მეუფე ანანია, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.
– გისმენ შვილო ჩემო. – შემდეგ ამას მოყვა კითხვა, რომელიც სამწუხაროდ აღარ მახსვოს და ჩემი პასუხი:
– კარგი რა! ამოვიდა ყელში! – ქალს ხმა აუკანკალდა
– უკაცრავად?
– არ მოგბეზრდა, შეიძლება ეს ერთი და იგივე?!
ქალი დაიბნა და ვერაფერ მიპასუხა, მე ავდექი და გავთიშე ტელეფონი…
თუმცა მალე მივხვდი, რომ არც არავინ მეხუმრებოდა და ისევე როგორც კოტეს შემთხვევაშიც, მართლაც არსებობს ვინმე მეუფე ანანია და რატომღაც მისი მრევლიც ჩემთან ხვდება…
ასე, რომ რამოდენიმე თვეში ერთხელ მირეკავენ და ხან კოტეს კითხულობენ, ხან მეუფე ანანიასგან დალოცვას ითხოვენ… ამ პოსტის დაწერა კი სულ რაღაც 3 დღის წინ შემოსულმა ზარმა გადამაწყვეტინა, ამჯერად კოტე უნდოდათ…
დასასრული ან მორალი ამ ისტორიას არ აქვს, უბრალოდ თუ ვინმე იცნობთ ან ავტობუს/მარშრუტკის მძღოლ კოტეს, ან მეუფე ანანიას, უთხარით: ტატო ბაციკაძემ მოგიკითხათთქო 🙂