მოკლედ, პოსტი დიდი ხანია არ დამიწერია, ამიტომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო, უბრალოდ საქმეზე გადავალ, თუმცა მანამდე ერთს დავამატებ: ეს პოსტი, რა თქმა უნდა არ ეხება ყველას, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ გამონაკლისი რასაც ამტკიცებს კარგად იცით…

დასაწყისში აღვნიშნავ, რომ  იქიდან გამომდინარე, რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, გავხდი აბსოლუტურად აპოლიტიკური და პესიმისტი ადამიანი, შესაბამისად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ ვუჭერ და სულ ფეხებზე მკიდია ვინ მოიგებს და რას მოიგებს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება. სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აზრის გამოთქმისას ამის დამატება გიწევს, რადგან თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გამოთქვი, აუცილებლად მტრად და მოღალატედ გაღიარებენ, თან არ აქვს მნიშვნელობა “ბარიკადის” რომელ მხარს ხარ.

ახლა კი გადავალ საქმეზე:

ადამიანი, რომელსაც ცხოვრაბაში აქვს ინტერესები და ცდილობს ეს ინტერესები გაამრავლოს, ყოველთვის ისწრაფვის რაიმე ახალის შეცნობისკენ, მას სურს, რომ გაიგოს უფრო მეტი და სურს, რომ განვითარდეს. წლების მატებასთან ერთად, იზრდება ანალიტიკური აზროვნების უნარიც (წესით ასე უნდა იყოს, თუმცა გამონაკლისებიც უხვად არის), შესაბამისად, რაც უფრო ბერდები, მით უფრო მეტს ხედავ და მეტს აღიქვამ.

როდესაც ახალგაზრდა ხარ შედარებით ნათელ ფერებში ხედავ ყველაფერს, მათ შორის ადამიანებსაც, გჯერა მათი სიკეთის, პატიოსნების და კიდევ ათასი სისულელის, მაგრამ გადის წლები და წარმოდგენები ადამიანებზე იცვლება, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, როგორიც არის საქართველო.

ნამდვილად არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის ყველაზე ცუდი ქვეყანა ან ქართველები ყველაზე ცუდი ხალხი ვართ, არა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასეთი შეხედულებები ყოველთვის სუბიექტურია და თან სტერეოტიპული, მაგრამ ჩემი სტერეოტიპულ–სუბიექტური გადმოსახედიდან, მე არ მომწონს ეს ქართველი ხალხი…

ოდითგანვე მიჩნეულია, რომ ქართველები სტუმართმოყვარე, კეთილი, პატიოსანი, ვაჟკაცი და თავმოყვარე ხალხია. ბავშვობიდან მესმოდან მოწოდებები: რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ; ერთად დავუდგეთ მტერს; იბერია გაბრწყინდება; მეცხრე ბლოკი გადაიწვა; ქართველები ცოტა ვართ და ერთად უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ. ბავშვობაში პატრიოტიზმით გაჯერებულს მჯეროდა ამ ლოზუნგების, მჯეროდა, რომ ქართველები ერთად უნდა ვიყოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, მჯეროდა რომ ქართველებს გვიყვარს ერთმანეთი… გავიდა წლები და მივხვდი, რომ ქართველებს ერთმანეთი გვეზიზღება.

არაფერი უშლის ქართველს ნერვებს ისე, როგორც სხვა ქართველის წარმატება. არც ერთი სხვა ერის წარმომადგენელი არ ეზიზღება ქართველს ისე, როგორც სხვა ქართველი…

გავიდა წლები და მივხვდი, რომ ყველაფერი არის ტყუილი, ფარსი, მოჩვენებითი, ისეთი მცნებებიც კი, როგორიც არის სიმამაცე, სიყვარული, ვაჟკაცობა, ყველაფერი ბუტაფორიულია. ჩვენი მოქალაქეების თითქმის ყველა მოქმედება ნაკარნახებია ან კონფორმისტული მოტივებით, ან პირადი სარგებლის მოტივით, ან კიდევ იმით, რომ სხვებს დაანახოს რა კარგი ადამიანია.

თავმოყვარეობაც კი არჩევითია – თუ გაწყობს, რომ თავმოყვარე იყო, მაშინ გულზე მჯიღის ცემით გავარდები საკუთარი თავმოყვარეობის დასაცავად, ხოლო თუ სჯობს, რომ ჩუმად იყო და “თავზე დ**მა” გადაყლაპო, მაშინ ასეც მოიქცევი.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფასობს სიტყვები და არა საქციელი

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თანამდებობზე მუშაობენ გაუნათლებელი, აბსოლუტურად არაფრის მცოდნე და უმაქნისი ადამიანები

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რაღაცის არ ცდონა კარგ ტონად და კაი ტიპოდან მიიჩნევა

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც სიტყვები “კაი ტიპი” გამოიგონეს იმ ადამიანის აღსანიშნავად, რომელიც რეალურად ნოლია, უბრალოდ “კაი ტიპია”

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმისთვის, რომ მინისტრი გახდე საკმარისია მიტინგზე “რუპორი” ერთხელ მაინც დაიჭირო.

ჩვენ ვცხოვრობთ ბნელ, გაუნათლებელ ქვეყანაში, რომელიც ერთ–ერთი ბოლოა განათლების დონის მხრივ ევროპაში

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ავტომობილით მგზავრობისას შენ გზაზე მიდიოდე, არ გაგატარონ და იქით შეგაგინონ

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვერ იტანანენ განსხვავებულ აზრს

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის ეშინიათ

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გოგოები მარტო გათხოვებაზე ფიქრობენ

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა აღმასკომზე ირკვევა

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოკვდა ჟურნალისტური ეთიკა.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭრი არ ხარ, რუსეთის აგენტი, სამშობლოს მოღალატე და ბიძინას ფულზე გაყიდული ადამიანი ხარ

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნაში, სადაც თუ ბიძინას მომხრე არ ხარ, აუცილებლად ხარ მიშისტი, ერის მოღალატე, ლაჩარი და ტრაკის მლოკველი

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს საზოგადოებრივი სოლიდარობა

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც შეიძლება ქრისტეს სახელით გცემონ

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველაზე დიდი პატრიოტია

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არჩევითია

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ჰგონია, რომ დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მხოლოდ კონკრეტულად მისი უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული და სხვისი არავისი

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ამა თუ იმ სამსახურში დასაქმებულნი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაეგებათ საკუთარი საქმის, მასზე ბევრად უკეთესები კი ან სახლში ზიან პურის ფულის გარეშე, ან კიდევ მათხოვრულ ხელფასზე მუშაობენ

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დამინჯება საუკეთესო გამოსავალია, იქამდე სანამ პრობლემა შენ არ შეგეხება

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც უნიჭოები ყველაზე მეტად არიან დაფასებულნი და ნიჭიერები იკარგებიან უგზოუკვლოდ

კიდევ ათასი, ათი ათასი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა. ის ყველაფერი რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი და მეტი არავის.

ზოგი მთავრობას აკრიტიკებს, ზოგი ოპოზიციას, არადა ქვეყანას ზუსტად ისეთი მთავრობა და ოპოზიცია ჰყავს, როგორსაც ხალხი იმსახურებს.

ჩვენთან არ არსებობოს სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენთან ერთი  ადამიანი, მეორეს გვერდში არ დაუდგება, თუ მას პრობლემა არ აქვს, ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება კიდევ დიდ ხანს არ იქნება, რადგან ახლა, ამ მომენტში, 21–ე საუკუნის დასაწყისში ქართველს ყველაზე მეტად ქართველი ეზიზღება…

პ.ს. ამ პოსტის ბევრად უკეთ და გამართულად დაწერაც შეიძლებოდა, მაგრამ ერთი რომ წერა დიდად ისედაც არ მეხერხება, მეორე დიდი ხანია არაფერი დამიწერია და მესამეც, ალბათ პოსტის პათოსიდან გამომდინარე თავადაც მიხვდით, რომ მთლად ცივი გონებით ვერ ვმსჯელობ.