Bwin

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ქვემოთ ჩამოყალიბებული პოზიცია მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს წარმოადგენს, რომელსაც შესაძლოა დაეთანხმოთ, შესაძლოა არა, მაგრამ თემა განსასჯელად ნამდვილად ღირს…

 

მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ აიკრძალება ყველა სახის რეკლამა, რომელიც ტოტალიზატორს, პოკერს ან რამე სხვა სახის აზარტულ თამაშს პოპულარიზაციას გაუწევს. როგორც ამბობენ, გეგმაშია აზარტული თამაშების აკრძალვაც, რაც თუ სიმართლეს შეესაბამება, ბევრ არასასიამოვნო გვერდით მოვლენას გამოიწვევს…

 

მაგრამ, ჯერ რეკლამის აკრძალვით დავიწყოთ:

რეალურად, რეკლამის მთლიანად აკრძალვა დიდ შედეგს არ მოიტანს, რადგან “ონლაინ ბეთინგის” საიტების შესახებ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. სამაგიეროდ, რეკლამის აკრძალვით, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ იმ ტელეკომპანიებს, რომლებიც სპორტულ რეპორტაჟებს აწარმოებენ, ხოლო ამ რეპორტაჟების სპონსორები აზარტული თამაშების წარმომდგენი კომპანიები არიან. სპორტული ღინისძიების დაფინანსება, სწორედაც რომ ტოტალიზატორების საქმეა და ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, ტელეკომპანია “ევროსპორტზე” ყოველდღე გადის სხვადასხვა ტოტალიზატორის თუ ონლაინ პოკერის საიტის რეკლამა.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი ასეთი საიტი თვით მადრიდის “რეალის” სპონსორი გახლავთ.

 

ნაცვლად რეკლამის მთლიანად აკრძალვისა, უპრიანი იქნება სხვადასხვა შეზღუდვის შემოღება, მაგალითად:

1. აიკრძალოს რეკლამა ქუჩებში, ბანერებზე, ავტობუსებზე და ა.შ.

2. ყველასთვის ხელმისაწვდომ არხებზე (“საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “რუსთავი 2”, “იმედი” და ა.შ.) აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა, თუ “ონლაინ ბეთინგის” ესა თუ ის კომპანია, რომელიმე სპორტული ღონისძიების სპონსორი არ არის.

 

სამაგიეროდ:დაშვებული იყოს სპორტული ღონისძიების სპონსორული სახის რეკლამა, ანუ აზარტული თამაშების კომპანიების რეკლამა დაშვებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის კომპანია რაიმე სახის სპორტული ღონისძიების ან გადაცემის სპონსორია.

 

ამით საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ, რადგან:

ტოტალიზატორები იძულებულნი გახდებიან სპორტული კლუბები, სპორტული გადაცემები, ტრანსლაციები და ღონისძიებები დააფინანსონ, რაც ქვეყანაში სპორტის პოპულარიზაციას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

 

მოგეხსენებათ, ქართული სპორტული კლუბები (საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო და ა.შ) სპონსორებით განებივრებულნი არ არიან. ასეთი შეზღუდვის პირობებში, ტოტალიზატორებს თუ “ონლაინ ბეთინგის” სხვა კომპანიებს სპორტული კლუბების თუ გადაცემების გარდა, სხვა სეგმენტი არ დარჩებათ და იმ თანხებს, რასაც ჩვეულებრივ, “პრაიმთაიმ” სატელევიზიო რეკლამაში იხდიან, ამ მიმართულებით გადაისვრიან. ეს ყველაფერი კი ქართული სპორტული კლუბებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება, რაც სპორტული დონის ზრდას გამოიწვევს.

 

ვარიანტი საკმაოდ ბევრია და საერთაშორისო გამოცდილებაც ძალიან მდიდარი. როგორც მინიმუმ, ამ თემაზე მსჯელობა და საუბარი ღირს. ჩემი აზრით, ასე ერთბაშად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რეკლამების მთლიანი, უალტერნატივო აკრძალვა, როგორც მინიმუმ უპასიხისმგებლო საქციელია…

 

რაც შეეხება აზარტული თამაშების მთლიანად აკრძალვას: დავიწყოთ იმით, რომ აზარტული თამაშების აკრძალვით, აზარტული თამაშები არ გაქრება, უბრალოდ, ეს საქმიანობა არაკანონიერი იქნება, თორემ აზარტული თამაშები იყო, არის და ყოველთვის იქნება. ეს ადამიანი ბუნებაში ზის და მისი განუყოფელი ნაწილია. ორი მეგობარი ერთმანეთს სახინკლეზე რომ ენიძლავება, ეგეც კი აზარტული თამაშია.

 

პროსტიტუცია და ნარკოტიკების მოხმარება აკრძალულია, მაგრამ საქართველოში უამრავი ნარკომანია და ისეთი დაწესებულებაც საკმაოდ ბევრია, სადაც ფულით სექსუალური მომსახურების ყიდვა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ამ დაწესებულებებით ის პარლამენტარებიც სარგებლობენ, რომლებსაც აზარტული თამაშები და პროსტიტუცია ამორალურად მიაჩნიათ.

 

რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც აზარტული თამაშების უკანონოდ გამოცხადებას მოჰყვება: აზარტული თამაშების მთლიანად აკრძალვა, პირველ რიგში გამოიწვევს ე.წ. “ხელზე გამაზვის” მოყვარულთა მომრავლებას. ყველა ის ადამიანი, ვისაც ტოტალიზატორში ფსონის გაკეთების საშუალება არ ექნება, არალეგალურ ფსონებს მიმართავს, რაც თავის მხრივ, ბევრ კრიმინალურ შემთხვევას გამოიწვევს. კვლავ დაბრუნდება ე.წ. “პოსლეზე” გაკეთებული ფსონები, რაც ადრე თუ გვიან, ორ მოთამაშე ადამიანს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, შესაბამისად მოიმატებს კრიმინალი.

 

სასაუბრო ლექსიკონში კვლავ დაბრუნდება ტერმინები: “თავანი”, “ფუფლო”, “გაკატავება”, “ფულის ამოღება” და ასე შემდეგ.

 

შეხედეთ აზიის იმ ქვეყნებს, სადაც ტოტალიზატორები აკრძალულია – ამ ქვეყნების მიწისქვეშა, არალეგალურ ტოტალიზატორებში მილიონობით დოლარის ფსონი კეთდება, მილიონობით დოლარის “შავი ფული” “თეთრდება” და ამ ტოტალიზატორების მეშვეობით, ათასობით საფეხბურთო თუ სპორტის სხვა სახეობის მატჩების მანიპულირება ხდება.

 

კანონის ფარგლებში მოქცეული აზარტული თამაშები, უკანონო, იატაქვეშა აზარტულ თამაშებთან შედარებით, ყველასთვის კარგია, რადგან:

1. სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულია უამრავი ადამიანი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედის და ფულის “გათეთრების” გზები შეზღუდულია.

3. საკმაოდ ბევრი ადამიანი ასეთი გზით ოჯახს არჩენს და უმუშევრობის ისეთი დონის პირობებში, როგორიც დღეს საქართველოშია, მათთვის ფულის შოვნის ამ გზის წართმევა, პრაქტიკულად საშიმშილოდ გაწირვის ტოლფასია.

 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც აზარტული თამაშებით თავი დაიღუპეს: პირველ რიგში, გაურკვეველია რამდენ ადამიანზეა საუბარი და რა იგულისხმება “თავის დაღუპვაში”.

 

მეორე: “თავის დაღუპვა” და დიდი ქონების წაგება, არალეგალურ ტოტალიზატორში უფრო იოლია, ვიდრე ლეგალურ, ონლაინ ტოტალიზატორში, სადაც ადამიანი მხოლოდ იმ ფულს ხარჯავ, რომელიც ფიზიკურად გაგაჩნია

 

და მესამე: ტოტალიზატორების და ონლაინ პოკერის აკრძალვის შემდეგაც, ასეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან და თავს, თუნდაც იგივე ე.წ. “ხელზე ფსონით” ან სხვა არალეგალური გზით დაიღუპავენ.

 

რაღა შორს წავიდეთ და ისევ ნარკომანიის თემას მივუბრუნდეთ: საქართველოში ნარკოტიკი აკრძალულია, მაგრამ მისი საშუალებით ძალიან ბევრი დაღუპული ახალგაზრდის გახსენება შეიძლება. როგორც ჩანს, აკრძალვა პრობლემის მოგვარების საშუალება არ არის, ეს უბრალოდ “სირაქლემის პოზის” მიღების მცდელობაა და რეალური პრობლემისგან თავის არიდების საშუალებაა.

 

გასაგებია, რომ აზარტული თამაშების ასეთი ხელმისაწვდომობა, “აზარტულ” ადამიანებს, ე.წ. “გემბლერებს”, ფულის წაგებაში ხელს უწყობს, მაგრამ შეზღუდვების შემოღება აქაც შეიძლება. მაგალითად: ე.წ. “შავი სიის” შემოღება, სადაც ის ადამიანები მოხვდებიან, ვინც აზარტულ თამაშებში დიდი თანხებს აგებს. სიაში საკუთარი თავის შეტანა თავად იმ ადამიანს უნდა შეეძლოს, რომელსაც აღარ უნდა აზარტული თამაშების თამაში, მაგრამ ამ საქმიანობას თავს ვერ ანებებს.

 

“შავ სიაში” მოხვედრის შემთხვევაში, ამ პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრირებული ანგარიში უნდა გაუქმდეს და მას, ცხოვრების ბოლომდე, არც ერთ აზარტული თამაშების საიტზე რეგისტრაციის საშუალება არ უნდა მიეცეს.

 

კანონით განისაზღვროს ასევე სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “შავ სიაში” შეტანილ პიროვნებას, საკუთარი ანგარიშით აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემენ.

 

ასეთ საკითხებში, ბევრად უფრო მეტი კომპეტენტური ადამიანის, მათ შორის ფქიქოლოგების ჩართვაც არის საჭირო. საჭიროა კამათი და საუბარი, რათა ყველაზე სწორ და მართებულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ.

 

“ჩემმა მეზობელმა ფული წააგო” – დამაჯერებელი არგუმენტი არ არის.

 

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ.

 

აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ კანონის მიღება გამოიწვევს:

 

1. უამრავი სამუშაო ადგილის გაქრობას – დაახლოებით 7-8 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

 

2. ბევრი ადამიანი დაკარგავს პურის ფულს და ოჯახის რჩენის საშუალებას. არ დაგავიწყდეთ, რომ გინდ ტოტალიზატორი და გინდ პოკერი, ადამიანისგან ცოდნასდა ფიქრს მოითხოვს და თუ ერთის ან მეორე თამაში იცი, წაგებაში არასდროს დარჩები, განსხვავებით იმავე ლოტოსგან და ლატარიისგან (რომლებსაც არაფერს ერჩიან), სადაც ადამიანი მთლიანად შემთხვევითობაზე არის დამოკიდებული.

 

3. დაბრუნდება “ხელზე გამაზვის” ინსტიტუტი, შეიქმნება უამრავი მიწისქვეშა და არალეგალური ტოტალიზატორი თუ პოკერ-კლუბი. მკვეთრად გაიზრდება კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა წაგებულ და მოგებულ მხარეებს შორის.

 

4. სახელმწიფო დაკარგავს საკმაოდ დიდი შემოსავალს, რომელსაც ტოტალიზატორებისგან თუ სათამაშო კლუბებისგან გადასახადების სახით იღებს.

 

5. “თავის დაღუპვა”, სახლის თუ მანქანის წაგება გაცილებით იოლი გახდება, რადგან ონლაინ პოკერსა თუ ტოტალიზატორში სახლს, მანქანას ან უთოს ვერ წააგებ, სამაგიეროდ ეს შესაძლებელია არალეგალური ტოტალიზატორში.

 

იმაზე, რაც ზემოთ დავწერე, კამათი შეიძლება და სასურველიც არის. მე, უბრალოდ ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება გამოვხატე, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის პოზიციას ემთხვევა, მაგრამ ბევრისაც ეწინააღმდეგება, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ეს არის საკითხი, რომელზეც ყველას ერთგვაროვანი დამოკიდებულება ვერ ექნება და დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის აშენებასაც აგერ უკვე წლებია ვცდილობთ, ფასი სწორედ გასნხვავებულ მოსაზრებას, განსხვავებულ პოზიციას, ურთიერთპატივისცემას და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას აქვს.

 

პ.ს. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობის ისტორიაში სიყვარულისგან უფრო მეტი ადამიანია მკვდარი და დაღუპული, ვიდრე ტოტალიზატორისგან თუ პოკერისგან. ბარემ სიყვარულიც ხომ არ ავკრძალოთ?

Advertisements