უკვე 29 წლის ვარ, შესაბამისად, ამ ქვეყნად არც ისე მცირე დრო მაქვს გატარებული და ცხოვრებაშიც რაღაც–რაღაცეები მინახავს. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, დადებითი თანდათან უფრო ცოტაა და უარყოფითი აშკარად სჭარბობს. ამ ყველაფერს ვუფიქრდები და ვერ ვხვდები რა არის მიზეზი – მე შევიცვალე და ზედმეტად ცინიკოსი გავხდი, თუ მართლა გარემო შეიცვალა. მახსოვს ბნელი 90–იანი წლები და ადამიანებში ამდენ შურს და ბოროტებას მაშინაც, იმ გაჭირვების წლებშიც კი ვერ ვხედავდი, თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა ჩემი მცირე ასაკი იყო…

ვუყურებ ჩემთვის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს და ვხევად შურს, პირფერობას, ტყუილს, ზიზღს, ბოროტებას და ძალიან ცოტა სიყვარულს და სიმართლეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ის ერთეული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ, შეძლებისდაგვარად სიმართლე თქვან და არ მოიტყუონ, იჩაგრებიან. საზოგადოება მათ რიყავს – ისინი, მიუღებელნი არიან, ოღონდ ჩუმად, ზურგს უკან. სამაგიეროდ, თუ სუფრაზე მჯდომმა გულზე ხელი დაირტყი, ერთ–ორი ნიანგის ცრემლი დაღვარე და “ჯოს” დროულად წამოიყვირე, მაშინ ლამის ეროვნული გმირი გახდე.

ვუყურებ და ვხედავ მონებს, ბრმა თუ თვალხილულ მონებს, რომლებიც იმ პოლიტიკური პარტიის ყველა ქმედებას “გააპრავენებ”, რომლის მიმდევრებიც არიან. ზოგიერთი ამას შეგნებულად, საკუთარი ხეირის გამო აკეთებს; ზოგს შიში ალაპარაკებს; ზოგი კი უბრალოდ “დოდო” ყლეა.

ვუყურებ და ვხედავ მორწმუნეებს, რომლებიც ქრისტიანობის სახელით დედას იგინებიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ეკლესიაში დადიან, პირჯვარს იწერენ, მაგრამ “ბიბლია” ან “ახალი აღთქმა” ერთხელაც არ გადაუშლიათ და თუ ეტყვი, შენ ქცევას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვსო, იქით შემოგიტევენ.

ვუყურებ და ვხედავ “მამაოებს”, რომლების ძალადობას და ზიზღს ქადაგებენ, ჯიპებით დადიან, ათასობით ლარს შოულობენ და ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

ვუყურებ და ვხედავ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების და ძმაკაცების კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ქვეყანა და მისი მოსახლეობა კი სულ ერთ ადგილზე ახატიათ.

ვუყურებ და ვხედავ მძღოლებს, რომლებიც სულ სადღაც მიიჩქარიან, სინამდვილეში კი არსადაც არ ეჩქარებათ. წარმოუდგენელი მანევრებით გვერდს აგიქცევენ, საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობით გარისკავენ, მაგრამ არ გაჩერდებიან და გზას არ დაგითმობენ.

ვუყურებ და ვხედავ პატრიოტებს, რომლებიც დღე და ღამე საქართველოს სიყვარულს იფიცებიან, მაგრამ პირველივე საფრთხისას აზერბაიჯანის საზღვართან მისვლას ვერავინ მიასწრებს.

ვუყურებ და ვხედავ ქუჩაში მოსიარულე ხალხს, რომელიც 20 წელია დაბღვერილი და მუქარის შემცველი სახით დადის.

ვუყურებ და ვხედავ “პატარა კუტუს კომპლექსის” მქონე ტიპებს, რომლებიც “ჯიპებზე” შემომსხდარან და ამიტომ თავი სხვებზე მაგარი ტიპები ჰგონიათ.

პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ “ბოროტები” და “გარეწრები” არიან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის აბსოლუტური ბოროტების არ მჯერა.

საბედნიეროდ, ვიცნობ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ თუ არ ჩამოთვლილ კატეგორიებში არ ხვდებიან, მაგრამ ასეთ ადამიანთა რიცხვი, რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება.

ნამდვილად არ ვიცი, ადრეც ასე ვიყავით, თუ მხოლოდ ბოლო წლებმა მოიტანა ეს ყველაფერი. რა არის მიზეზი – განათლების ნაკლებობა, სოციალური გაჭირვება, სამხრეთული ჰავა, გენეტიკა, ყველაფერი ერთად თუ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი? ფაქტია, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი ისეთი ფაქტის მომსწრე გავხდი, რომელმაც გული დამწყვიტა და ამიცრუა. სოციალური ქსელების პოპულარიზაციასთან ერთად კი ასეთი ფაქტების არშემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელიც კი არის. სწორედ ამიტომ, “ფეისბუქის” გაუქმებაზეც არაერთხელ დავფიქრდი, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან: 1. სამსახურისთვის მჭირდება; 2. პრობლემისგან გაქცევა, თავად პრობლემას ვერ მოაგვარებს.

არც ის ვიცი რა უნდა მოხდეს, თბილისის ქუჩებში უფრო მეტი გაღიმებული, კარგად განწყობილი ხალხი რომ დადიოდეს, მძღოლები ერთმანეთს გზას უთმობდნენ, პოლიტიკოსები ქვეყანაზე ფიქრობდნენ, პატრიოტობა კი ქვეყნის და საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებლობით იზომებოდეს და არა სუფრაზე გამოცლილი განსხვავებულებით…

Advertisements