თემურ ქეცბაიას მიერ ერთ-ერთ ტელეშოუში წარმოთქმული ფრაზა უკვე ლეგენდარულ გამოთქმათა კატეგორიაში გადავიდა. მართლაც, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი “მესებს ვერ დაბადებს”, მაგრამ არის ქვეყანა, სადაც მომავალი “მესები” ყოველ წელს იბადებიან. ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა, არგენტინა ჰქვია.
ცოტა ხნის წინ, არგენტინის მორიგი ჩემპიონატი დაიწყო, სადაც არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს შეხვდებით. ზოგიერთმა თავის გამოჩენა უკვე მოასწრო, ზოგი კი დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. ქვემოთ იმ ახალგაზრდა (21 წლამდე) არგენტინელებზე ვისაუბრებ, ვისაც სამშობლოში დიდი იმედით უცქერენ…

Image

მანუელ ლანსინი

მანუელ ლანსინი (20 წლის, “რივერ პლეიტი”)

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მის მაისურზე დაწერილი 10-იანიც ადასტურებს. უაღრესად ტექნიკური და ჭკვიანი გამთამაშებელი, რომელსაც მოედნის კარგი ხედვაც გამოარჩევს. ფიზიკურად სუსტია (170 სმ, 66 კგ.), მაგრამ სათამაშო სტილიდან გამომდინარე ეს ნაკლად ვერ ჩაეთვლება. სამაგიეროდ, ლანსინი არასტაბილურია, რაც ასაკის ბრალი უნდა იყოს.
მანუელი “რივერის” აღზრდილია. სადებიუტი მატჩი 2010 წელს, 17 წლის ასაკში ჩაატარა. “ფლუმინენსეში” გატარებული ორი არც ისე წარმატებული წლის შემდეგ, 2012 წელს ისევ “ლოს მილიონარიოსში” დაბრუნდა, რომლის რიგებშიც 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

Image

ლუსიანო ვიეტო

ლუსიანო ვიეტო (20 წლის, “რასინგი”)

18 წლის ასაკში, სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვედრილმა ფორვარდმა “სან მარტინთან” (2012 წლის “ტორნეო ინისიალი”) გამართულ შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა და არა მარტო არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. იმ დღიდან მოყოლებული ახალგაზდული “რასინგის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. სულ, 2012/13 წლების სეზონში, ორი ჩემპიონატის ჯამში, 13 გოლი გაიტანა. არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა და თავი ორჯერ გამოიჩინა.
სწრაფი, ტექნიკური და კარგი დარტყმის მქონე თავდამსხმელით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. დიდი ალბათობით, ვიეტო “რასინგში” უკანასკნელ სეზონს ატარებს.

როდრიგო დე პაული (19 წლის, “რასინგი”)

“აკადემიას” კიდევ ერთი აღზრდილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო. ამ მოკლე პერიოდში იმდენად კარგად ითამაშა, რომ გუნდში 10-ნომრიანი მაისური დაიმსახურა. ვიეტოს მსგავსად, კარიერის პირველი გოლი მანაც “სან მარტინთან” (2013 წლის “ტორნეო ფინალში”) გაიტანა. სხვათაშორის, იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა ვიეტომ და ბრუნო სუკულინიმაც შეძლეს (“რასინგმა” 3:0 მოიგო), რომელზეც ცალკე ვისაუბრებთ.
როდრიგო დე პაული გარემარბია, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს და იქიდან გამომდინარე, რომ ცაცია არ გახლავთ, ხშირად ცენტრისკენ იწევს და მეტოქის კარს იქიდან ემუქრება. როგორც თითქმის ყველა ფეხბურთელი ამ სიაში, ისიც ძალიან ტექნიკურია. აქვს კარგი, დაყენებული დარტყმა, რაზეც თუნდაც მისი გოლები მეტყველებს.

ბრუნო სუკულინი (20 წლის, “რასინგი”)

ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ძლიერია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევაში. 2013 წლის “ტორნეო ინისიალში” 4 გოლი გაიტანა (14 შეხვედრაში) და “რასინგის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბრუნო იმ ფრანკო სუკულინის ძმაა, რომელმაც საკუთარი ნიჭი თვალსა და ხელს შუა გაფლანგა და საშუალო ევროპული კლუბების მოვლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ არგენტინაში დაბრუნდა და სარანდის “არსენალში” ჩაირიცხა.
ფრანკოს დეგრადაციის მთავარ მიზეზი არაპროფესიონალიზმი და გართობისთვის ზედმეტად დიდი დროის დათმობა უნდა იყოს. ბრუნოს ძმის ბედის გაზიარება არ უნდა ემუქრებოდეს, რადგან ასეთი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის გაცილებით სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Image

ანხელ კორეა

ანხელ კორეა (18 წლის, “სან ლორენსო”)

ანხელ კორეა ამ სიის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. 18 წლის ფორვარდს საოცარი ტექნიკა და აზროვნების უნარი გამოარჩევს. ე.წ. “მეორე ფორვარდის” პოზიციაზე მოთამაშე კორეა მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალისტია, რომელსაც ისეთი ფინტის გაკეთება შეუძლია, ყველას, მათ შორის მეტოქე გუნდის ქომაგსაც რომ აღაფრთოვანებს.
“სან ლორენსომ” არგენტინის ბოლო ჩემპიონატი მოიგო, რაშიც თინეიჯერმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სულ, კორეამ პრიმერა დივიზიონში 33 თამაში ჩაატარა და თავი 8 გოლით გამოიჩინა. იანვარში მისი შეძენა მადრიდის “ატლეტიკოს” და “ვალენსიას” სურდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
არგენტინელები, რომლებსაც ფეხბურთელისგან იმპროვიზაცია განსაკუთრებით უყვართ, ახალგაზრდა მოთამაშეზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღება. წესით, მან ძალიან მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს.

ექტორ ვილიალბა (19 წლის, “სან ლორენსო”)

არგენტინის ჩემპიონის კიდევ ერთი გამორჩეული ახალგაზდა, რომელმაც კორეასთან ერთად წარმატებული შემტევი დუეტი შექმნა. “სან ლორენსო” ორი გამოცდილი ფორვარდი, მარტინ კაუტერუჩიო და გონსალო ვერონი დაუშავდა, მაგრამ 18 და 19 წლის თავდამსხმელებმა გუნდს ეს დანაკლისი არ აგრძნობინეს და ჩემპიონის ტიტული მოუტანეს.
2013 წლის “ტორნეო ინისიალში” ტანდაბალმა (172 სმ) ვილიალბამ თავი 3 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. თანაგუნდელის მსგავსი არაორდინალური ქმედებებით არ გამოირჩევა, მაგრამ 19 წლის ასაკში ასეთი დამაჯერებელი თამაში მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

ლუკას მელანო (20 წლის, “ლანუსი”)

ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გამორჩეული წევრი. მიუხედავად იმისა, რომ “ლანუსში” ბევრი გამოცდილი შემტევია (სანტიაგო სილვა, ლაუტარო აკოსტა, ისმაელ ბლანკო) მელანო მათ შორის არ დაკარგულა და კლუბის წარმატებაშიც (“ლანუსმა” “კოპა სუდამერიკანა” მოიგო) დიდი წვლილი შეიტანა.
184 სმ. სიმაღლის ფორვარდი თავით და ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს. 2013 წლის “ტორნეო ინისიალში” და “კოპა სუდამერიკანაზე” 3-3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მელანომ არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა (3 თამაში) და თავი ერთხელ გამოიჩინა.

ლუკას რომერო (19 წლის, “ველეს სარსფილდი”)

ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის და ამის გამო ბევრ ყვითელ ბარათსაც იღებს. “ველესის” რიგებში დებიუტი 2012 წლის “ტორნეო ინისიალში” ჰქონდა, რომელიც სწორედ მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საჩემპიონო ტურნირში რომერომ გუნდის ფორმა 13 შეხვედრაში მოირგო, სულ კი დღემდე პრიმერაში 39 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ყვითელი ბარათები კი მართლაც პრობლემაა – მართალია, რომეროს ამ 39 მატჩში წითელი ბარათი არ მიუღია, სამაგიეროდ გაფრთხილება 15 შემთხვევაში დაიმსახურა.

Image

აგუსტინ ალიონე

აგუსტინ ალიონე (19 წლის, “ველეს სარსფილდი”)

რომეროსგან განსხვავებით, რომელიც მოედანზე 90 წუთს იშვიათად ატარებს (39 მატჩიდან ძირითადში 20-ჯერ იყო), ასევე 19 წლის ალიონე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელია. დაცვითი ფუნქციების შესრულებისას რომეროსავით ძლიერი არ არის, სამაგიეროდ ალიონე გაცილებით კრეატიული ფეხბურთელია, რომელსაც თამაში როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ასევე გარემარბის პოზიციაზე შეუძლია.
2013 წლის “ტორნეო ინისიალში” 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის ორი მომენტი იყო, რომელიც ალიონეს “სან ლორენსოსთან”, ბოლო ტურის შეხვედრაში ჰქონდა, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონი სწორედ “ველესი” გახდებოდა. 19 წლის ნახევარმცველმა ჯერ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი 11-12 მეტრიდან “ცხრიანში” გაისროლა, მაგრამ სებასტიან ტორიკომ არანორმალური რეაქცია გამოავლინა და ალიონეს საჩემპიონო გოლი წაართვა. შედეგად, მატჩი 0:0 დასრულდა, ჩემპიონი კი “სან ლორენსო” გახდა.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, არგენტინის ჩემპიონატში კიდევ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხნის წინ დაწყებული 2014 წლის “ტორნეო ფინალი” კიდევ რამდენიმე ახალ ამომავალ ვარსკვლავს წარმოაჩენს. იქამდე კი იმ რამდენიმე მოთამაშეზე მოგახსენებთ, რომლების ამ სიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მათზე თვალის მიდევნება საინტერესო უნდა იყოს: გასტონ ხილ რომერო (20 წლის, “ესტუდიანტესი”), ფედერიკო ანდრადა (19 წლის, “რივერ პლეიტი”), ჯოვანი სიმეონე (18 წლის, “რივერ პლეიტი”), სებასტიან დრიუსი (18 წლის, “რივერ პლეიტი”), რამირო კასერესი (20 წლის, “ველეს სარსფილდი”).
ასევე, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომლის გვარიც არის ვილიალბა, რადგან ყველა თავმოყვარე არგენტინულ კლუბს განაცხადში მინიმუმ ერთი ვილიალბა მაინც ჰყავს (ერთ-ერთზე ზემოთაც ვისაუბრეთ), თანაც ყველა მათგანი 19-20 წლის გახლავთ. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდა 21 წლის წინ ვილიალბათა საგვარეულოში, მაგრამ დემოგრაფიული პრობლემის მქონე ჩვენ ქვეყანას მათი გამოცდილება კი გამოადგებოდა…