ოთხი წლის წინ, როდესაც დიეგო მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა რამდენიმე ვარსკვლავი და კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი დატოვა, ალტერნატიული ნაკრების შემადგენლობა ჩამოვწერე, რომელიც ასე გამოიყურებოდა: აბონდანსიერი – საბალეტა, გარაი, გ. მილიტო, ხ. ძანეტი – გაგო, კამბიასო – ბანეგა, ლუჩო გონსალესი, რიკელმე – ლისანდრო ლოპესი.
იმის გამო, რომ ალეხანდრო საბელიამაც “სახლში” საკმაო რაოდენობის მაღალი დონის მოთამაშე დატოვა, გადავწყვიტე, 2014 წლის ალტერნატიული შემადგენლობაც ჩამომეწერა…

Image

კაბალიერო საოცარი “სეივი” “ატლეტიკოსთან”

მეკარე: ვილი კაბალიერო (მალაგა) – ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთ–ერთი საუკეთესო კარის დარაჯი. მიუხედავად ამისა, საბელიას ვილი ნაკრებში ერთხელაც კი არ მიუწვევია.
მარჯვენა მცველი: ფაკუნდო რონკალია (ფიორენტინა) – ფლორენციაში გადასვლის შემდეგ, რონკალია იმდენად კარგად ათამაშდა, რომ ჩეზარე პრანდელიმ მისი იტალიის ნაკრებში გამოძახება მოისურვა. საბელიამ ფაკუნდო მაშინ მიიწვია (2013 წლის ნოემბერში), როდესაც ფორმაში არ იყო, მხოლოდ ერთხელ (ბოსნიასთან) ათამაშა და მაშ შემდეგ აღარ გამოუძახებია.

Image

გონსალო როდრიგესი

ცენტრალური მცველები: გონსალო როდრიგესი (ფიორენტინა) და მატეო მუსაჩიო (ვილიარეალი) – პირველი სერია A–ს ერთ–ერთი საუკეთესო მცველი და “ფიორენტინას” ლიდერია, მეორე კი ლა ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო მცველი და “ვილიარეალის” ლიდერია. მიუხედავად ამისა, ერთიც და მეორეც საბელიას ნაკრებში არასდროს გამოუძახებია.

მარცხენა მცველი: ლუკას ორბანი (ბორდო) – საფრანგეთში გადასვლის შემდეგ “ბორდოს” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და საკმაოდ ნორმალურადაც ითამაშა. რონკალიას მსგავსად, მანაც ნაკრებში სულ ერთხელ, ბოსნიასთან, 2013 წლის ნოემბერში (2:0 არგენტინის სასარგებლოდ) ითამაშა.

Image

ესტებან კამბიასო

საყრდენები: ესტებან კამბიასო (ინტერი) და ევერ ბანეგა (ნიუელსი) – მართალია, კამბიასოს ნაკრებში ბოლოს 2011 წელს ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ჩემპიონატის მოახლოვებასთან ერთად, არგენტინელი ჟურნალისტები მის შესაძლო გამოძახებაზე საუბრობდნენ. ნაკრებში მიწვევის იმედი ვეტერანსაც ჰქონდა, მაგრამ საბელიას ამ ყველაფერზე არც კი უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ “ინტერმა” არც ისე შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, კამბიასო ამ გუნდში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა (32 თამაში, 4 გოლი) იყო და ნაკრებს უთუოდ გამოადგებოდა.
ბანეგა ზამთარში სამშობლოში დაბრუნდა და ციდან ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტია, მაგრამ სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ის არა მხოლოდ 23–კაციან განაცხადში, არამედ ძირითად შემადგენლობაშიც კი იქნებოდა. საბოლოოდ კი “ნიუელსის” ნახევარმცველმა, 2010 წლის მსგავსად, ვერც ამ მუნდიალზე ითამაშა.

მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი: ერიკ ლამელა (ტოტენჰემი) – აქ საბელიასთან პრეტენზიები უსაფუძვლოა – ლამელა პრემიერლიგას ვერ შეეგუა, თანაც მას ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა. ფორმაში რომ ყოფილიყო, მუნდიალზე აუცილებლად წავიდოდა და ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეც (ახლა როხოა, რომელიც 24 წლისაა) იქნებოდა.

ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი – ხავიერ პასტორე (პსჟ) – პასტორეს, მისი ნიჭის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სეზონი ჩაუვარდა. არგენტინელი პარიზული გუნდის ძირითადში ხშირად ვერ ხვდებოდა და ჩემპიონთა ლიგაში “ჩელსის” კარში გატანილ გოლს თუ არ ჩავთვლით, ამ სეზონში თავი ბევრი არაფრით გამოუჩენია. ასე რომ, საბელიას ამ შემთხვევაშიც მართალი იყო.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი – ნიკო გაიტანი (ბენფიკა) – ლისაბონურმა გუნდმა პორტუგალიაში სამი ტიტული (ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი) მოიპოვა და ტრადიციულად დამარცხდა ევროტურნირის (ევროპა ლიგა) ფინალში. კლუბის წარმატებული ასპარეზობის ერთ–ერთი მიზეზი ნიკოლას გაიტანი იყო. არგენტინელს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ნაკრების დამრიგებელს ის ერთხელაც არ გამოუძახებია.

Image

კარლოს ტევესი

ფორვარდი – კარლოს ტევესი (იუვენტუსი) – სერია A–ს გასულ სეზონში “კარლიტოსმა” 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჩირო იმობილეს (22 გოლი) და ლუკა ტონის (20 გოლი) ჩამორჩა. მასაც, კამბიასოს და გაიტანის მსგავსად, ნაკრებში 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია. მოსალოდნელიც იყო, რომ ტევესი მუნდიალზე ვერ მოხვდებოდა. “იუვეს” ფორვარდის განაცხადს მიღმა დატოვება საბელიამ იმით ახსნა, რომ სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შემთხვევაში, ტევესი გუნდში სიტუაციას არევდა…

საბოლოოდ, ძირითადმა შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღი: (4–2–3–1): კაბალიერო – რონკალია, გ. როდრიგესი, მუსაჩიო, ორბანი – ბანეგა, კამბიასო – ლამელა, პასტორე, გაიტანი – ტევესი.

ამ მოთამაშეების გარდა, კიდევ არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ვინც გასულ სეზონში კარგად ითამაშა და ნაკრებში მათი გამოჩენა გასაკვირი არ იქნებოდა. აი, ისინიც:
მეკარეები: ხულიან სპერონი (კრისტალ პალასი), მარსელო ბაროვერო (რივერ პლეიტი)
მცველები: გაბრიელ პალეტა (პარმა, რომელიც უკვე იტალიის ნაკრებშია), ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი), ლისანდრო ლოპესი (ხეტაფე), ნიკო პარეხა (სევილია), ფედერიკო ფასიო (სევილია), სანტიაგო ვერხინი (სანდერლენდი), ლეონელ ვანხიონი (რივერ პლეიტი)
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტი (ინტერი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), ლუკას ოკამპოსი (მონაკო), მანუელ ლანსინი (რივერ პლეიტი), ხუან სანჩეს მინიო (ბოკა ხუნიორსი)
ფორვარდები: მაურო იკარდი (ინტერი), ანხელ კორეა (სან ლორენსო), მაურო სარატე (ველეს სარსფილდი)

Advertisements