ამას წინათ ერთ–ერთ ცნობილ ქართულ ( და მგონი ერთადერთ ადეკვატურად მოქმედ) კინო საიტზე წავაწყდი ასეთი შინაარსის განცხადებას: ერთ–ერთი “იუზერი” ამტკიცებდა, რომ ოსკარი ეკუთვნოდათ ტარანტინოს და “უსახელო ნაბიჭვრებს” (რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები) და ამ ფილმის მართლაც არც თუ ისე ცოტა ღირსებებთან ერთად, ასახელებდა იმ ფაქტს, რომ ეს კინოფილმი არის ახალი სიტყვა კინემატოგრაფიაში, ხოლო “ავატარი” კი მხოლოდ სპეც–ეფექტებში, რაზეც ასევე ერთ–ერთი კინომოყვარული, რომელიც დიდი პოსტის მეშვეობით უმტკიცებდა ყველას თავის ინტელექტუალობას, ამბობდა რომ “ავატარს” ეკუთვნოდა ოსკარი და ამ განცხადებას ასაბუთებდა იმ ფაქტით, რომ “ავატარი” არის რევოლუცია კინოში, რადგან მასში იქნა გამოყენებული აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიები, ისევე როგორც თვის დროზე ჯორჯ ლუკასმა გამოიყენა პირველმა სპეც–ეფექტები “ვარსკვლავურ ომებში“… მაგალითად მან კიდევ რამოდენიმე ფილმი და რეჟისორი მოიყვანა და რაც საგულისხმოა, ჩამოთვალა ყველა იმ ტექნოლოგიის დასახელება, რაც პირველად გამოიყენა ამა თუ იმ რეჟისორმა, ამა თუ იმ ფილმში, რითიც უფრო მეტად ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტის შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე კინოთმცოდნისა, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი აქ ორი რამ არის:

პირველი: ყველა ჩამოთვლილი ფილმის და რეჟისორის გახსენებისას, პირველი რაც თავში მოგივა არის: ბლოკბასტერი! და ბევრი ფული! ბევრი ფული და ბლოკბასტერი!

მაგრამ ამაზე უფრო მთავარია მეორე, ამ კინოთმცოდნეს ფრაზა, რომელითაც იწყებს თავის ქადაგებას. აი ისიც სიტყვა–სიტყვიტ, დიდებული Ctrl C / Ctrl V – ს ან უფრო გავრცელებულად,  copy/paste–ის გამოყენებით: “ფილმს რაც არ უნდა მაგარი შინაარსი და აზრი ქონდეს კინემატოგრაფიაში გადატრიალებას ვერ მოახდენს. მაგი მხოლოდ ფილმის გადაღების ტექნიკას შეუძლია” –  აი ეს უკვე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, ამ ახალგაზრდის (ან შეიძლება არც არის ახალგაზრდა, თუმცა ასეთი აზროვნებით 22 წელზე მეტს არ მივცემდი) აზრის გაცნობამდე, რატომღაც სულ მეგონა რომ რევოლუციას კინოში ახდენდა ფილმი და არა ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული კამერა ან ახალი კომპიუტერული ეფექტები. ქაღალდის გაუმჯობესებას არ მოუხდენია გადატრიალება ლიტერატურაში, ისევე როგორც ხმის ჩამწერი აპატარების განვითარებას მუსიკაში…

რა თქმა უნდა ტექნიკამაც მოახდინა გავლენა კინოზე და მის განვითარებაზე, მაგალითად მაშინ როდესაც უხმო კინო, ხმოვანი გახდა, ან მაშინ როდესაც ფერადი ფილმები გამოჩნდა ეკრანზე (თუმცა შავ–თეთრს დღესაც იღებენ და დამეთანხმებით თავისებური დიდებული ეფექტი ისევ აქვს), შემდეგ კი იყო სპეც–ეფექტების გამოჩენა და ახლა კი 3D…

ტექნოლოგიების განვითრების ამ ეტაპებს თუ შევადარებთ, 3დ–ს აშკარად, უკონკურენციო ბოლო ადგილი უჭირავს, რადგან ის კინოსთვის, მისი შინაარსისთვის, არაფერს ცვლის, აბსოლუტურად არაფერს, ეს უბრალოდ არის თვალის მოსაჭრელი საშუალება, რომელსაც გვერდზე გადააქვს კინოს ნამდვილი ფასეულობა. 3D კინემატოგრაფიაში არის კიდევ ერთი საშუალება მეტი ფულის გაკეთების და ჭეშმარიტი ხელოვნების უკანა პლანზე გადაწევის, ხოლო წინა პლანზე გასართობი ინდუსტრიის წამოწევის…

ჩემი აზრით ძალზედ დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ადამიანებს სიამოვნებას აღარ ანიჭებს არაფერი, თუ იქ გასართობი ელემენტი არაა… მუსიკაში – შიშველი “ნაშები”, ლიტერატურაში – უაზრო დეტექტივები, კინოში – უაზრო ბოევიკები…  სანახაობა ერთი სიტყვით…  ამ ყველაფერზე თავში მე მხოლოდ ერთი სიტყვა მომდის: დეგრადაცია!

ადამინის გონების დეგრადაცია, ბრბოს დეგრადაცია, რომელიც ისე ახლოს არის ორუელის1984“–ის სცენართან, როგორც არასდროს.

და რაც შემეხება პირადად მე, ვუდი ალენის ერთი ფილმის 5 წუთიანი მონაკვეთი მირჩევნია, მსოფლიოში არსებულ ყველა ბლოკბასტერ–ბოევიკს, “პოკაჰონტასის“… უკაცრავად “ავატარის” ჩათვლით.