რადგან დიდი ხანია არაფერი დამიწერია აქ და არც არაფერი მაქვს ამჯერად დასაწერი, გადავწყვიტე უბრალოდ ასეთ სიტუაციებში ჩემი რომელიმე ძველი მოთხრობა დავდო. ამჯერად დავდებ პააატარა მოთხრობას, რომელიც ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში დავწერე (მაგიტომ ნუ დამძრახავთ) და იმის მერე უცვლელად ინახება ჩემს კომპიუტერში. მოკლედ აი ისიც:
დილემა
აუზში წყალი ჩაედინება, დუნედ, ზერელედ, თითქოს არ უნდაო ისე. აუზიც ღებულობს მას და შთანთქავს. მე კი ამ აუზთან ვდგავარ და წყალს დავყურებ, თითქოს არაფერი, 50 სანტიმეტრით მაღლა ვდგავარ, მაგრამ მაინც დავყურებ. დავყურებ და ვფიქრობ გადავხტე, არ გადავხტე?! ვერ ვბედავ, რა ვქნა მიჭირს. არადა, რამდენჯერ გადავმხტარვარ ამ აუზში, მაგრამ წელს ჯერ არა. ამიტომაც ვდგავარ წყალზე 50 სანტიმეტრით მაღლა და ვფიქრობ: გადავხტე, არ გადავხტე? ამ დროს ტელეფონი რეკავს. თითქოს გამიხარდა, რადგან დილემა დროებით გვერდზე გადავარდა. ახლა მაგიდასთან უნდა მივიდე და ტელეფონს ვუპასუხო, ხოლო გადავხტე თუ არ გადავხტე, ამას მოგვიანებით მივუბრუნდები. აუზს გავეცალე, მაგიდისკენ გავემართე და ტელეფონს დავხედე: გიორგი მირეკავდა. გიორგი ჩემი მეგობარია, თან ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ რაღაც არ მომინდა მასთან ლაპარაკი. ხომ არის-ხოლმე მომენტები როცა, ასე უმიზეზოდ, ვინმეს დანახვაც კი არ გინდა, თუნდაც ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანის? მეც ეგრე დამემართა, მაგრამ მეორესმხრივ იქნებ რა საქმე აქვს? მოკლედ ვუპასუხო, თუ არ ვუპასუხო? კიდევ ერთი დილემა. მოდით ორივე ვარიანტი განვიხილოთ: ვთქვათ არ ვუპასუხე, მაშინ ისევ აუზს უნდა დავუბრუნდე. ტელეფონის ეკრანს თვალი მოვწყვიტე, აუზს გადავხედე, ეს პერსპექტივა მაინც და მაინც არ მომეწონა. რომ ვუპასუხო? ვთქვათ ვუპასუხე:
-ალო
-ტატო.
-ჰო, გიო, როგორ ხარ?
-რა ვიცი, ვარ რა, სად ხარ დაკარგული?
-მე ვარ დაკარგული? შენ?
-ჰო, კაი, არ გვინდა ამაზე… ბიჭო, რამით ხომ არ ხარ დაკავებული?
აუზს გადავხედე…
-არა, მაინც და მაინც არა.
-ძალიან კარგი. დღეს გცალია?
-კი, რა იყო?
-აჭარა მიუზიკ ჰოლის ორი ბილეთი მაქვს და იქნებ წამოხვიდე? გთხოვ მარტო არ გამიშვა. წამოხვალ?
კვლავ აუზს გადავხედე…
-კი, წამოვალ.
სიმართალე გითხრათ დისკოთეკები მაინც და მაინც არ მიზიდავს, მაგრამ მეგობარს უარი ვერ ვუთხარი. თან ეს აუზი…
-კაი, მაშინ რვისთვის გამოგივლი.
-კაი.
-აბა ჰე!
-კარგად.
აუზს გამარჯვებული სახით შევხედე, შემდეგ საათს დავხედე, უკვე 6 იყო. უნდა მეჩქარა. სახლში შევედი, ვიბანავე, თმა გავიშრე (ცოტათი გრძელი მაქვს, ისე რაღა ცოტათი, უკნიდან შეიძლება ქალი გეგონოთ), კბილები გავიხეხე, ტანსაცმელი ჩავიცვი, ვჭამე, ორი-სამი ღერი სიგარეტიც მოვწიე და ამ დროს გიორგიც მოვიდა. გარეთ რომ გავედით ვკითხე:
-ისე, რომელ საათზე იწყება?
-თერთმეტზე.
-აბა, ასე ადრე სად გვეჩქარება?
-ეე, შე გოიმო, ფხიზელი ხომ არ შეხვალ?!
-იქ რა, ვერ დავლევ?
-კი, მაგრამ ასე 50 ლარი დაგიჯდება.
-აბა სად დავლიოთ?
-რა ვიცი, თუნდაც “ნიკალაში”, ფული რამდენი გაქვს?
-13 ლარი
-გვეყოფა…
“ნიკალა”-ში შევედით, დავსხედით, ცოტა ვჭამეთ, ბევრი დავლიეთ და კარგ ხასიათზე მყოფნი გავემართეთ “აჭარისკენ”. რიგში ნახევარი საათის დგომის შემდეგ, ძლივს შევაღწიეთ. ნაცნობები ვნახე, მივესალმე, გაუკვირდათ, აქ რა გინდაო? მეც მიკვირდა. არ არის ეს საჩემო ადგილი, ძალიან ბევრი სიყალბე დავინახე, ყველა იტყუებოდა: სიტყვებით თუ სიტყვების გარეშე, მაგრამ ყველა იტყუებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ადამიანები ალალები და გულახდილნი მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც სახლში მარტო არიან და მათ არავინ უყურებს, ხოლო თუ ერთმა ადამიანმა-მაინც შეხედა, ისე გარდაიქმნებიან, ქამელეონსაც კი შეშურდებოდა. ზოგი მხოლოდ ხასიათს კი არა, გარეგნობასაც კი იცვლიდა, ხან ბერავდა ტუჩებს, ხან არა, ხან წარბებს ქვევით სწევდა, ხან ზევით აპრეხდა და ა.შ.
უცებ, ამ დაკვირვების დროს ერთი გოგო დავინახე, სულ არ ჰგავდა ამათ, ვიფიქრე გამოვეცეკვებითქო, მაინც ცოტა შემთვრალი და შესაბამისად თამამი ვიყავი, სხვა დროს შეიძლება ეს არ მექნა და იმავე ადგილას დავრჩენილიყავი სადაც ვიდექი, მაგრამ ამჯერად დავიძარი და მასთან მივედი. შუა ცეკვის დროს, ვიღაცამ მხარზე ხელი დამკრა, გავიხედე, უცნობი ბიჭი იყო და გაშეშებული ფიზიონომიით მიყურებდა. ხელით მანიშნა გავიდეთო, მეც გავყევი. მარტო არ იყო, სამნი იყვნენ. თვალებით ნაცნობებს ვეძებდი, მაგრამ ვერავინ დავინახე, მაინც და მაინც ასეთ დროს ქრება-ხოლმე ყველა.
-ჩემი შეყვარებულისგან რა გინდოდა?
-რომელია შენი შეყვარებული?
-რომ ეცეკვებოდი ის.
-რა უნდა მნდომებოდა, უბრალოდ ვცეკვავდით.
-იტყუები შე ნაბიჭვარო!
ამ სიტყვის გაგონებისთანავე მარჯვენა ხელი მოვიქნიე და მუშტი შიგ გამოწეულ ცხვირში დავარტყი, ხელი მეტკინა, იმას კი ალბათ ცხვირი, რადგან ზუსტად ორ წამში მთელი ჩემი მაისური მის სისხლში იყო მოთხვრილი. დავინახე მეორემ როგორ დააპირა დარტყმა, მაგრამ დავასწარი და მასაც მარჯვენა დავარტყი, ოღონდ ამას ყბაში. აი აქ კი საბედისწერო შეცდომა დავუშვი: მესამე დავკარგე თვალთახედვის არედან. როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო, რადგან ზურგში, გულის ცოტა ქვემოთ, ჩხვლეტა ვიგრძენი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ვიგრძენი როგორ დამისველდა ზურგი, შარვალი, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, რადგან მივხვდი, რომ იმ მესამემ, დანა დამარტყა. უცებ თავბრუ დამეხვა, უკან მიბრუნება დავაპირე, მაგრამ ძალა არ მეყო, დაყვირება მომინდა, მაგრამ ვერც ეს შევძელი, თუმცა საჭირო არ იყო, რადგან დავინახე, როგორ მორბოდა ჩემსკენ ხალხი, ალბათ ცხვირში რომ დავარტყი იმან მორთო ყვირილი და მის ხმაზე გამოცვივდნენ გარეთ. შემდეგ თვალთ დამიბნელდა, ჩავიკეცე და მიწას ჩავეხუტე. ამის შემდეგ, თურმე სასწრაფო მოსულა და საავადმყფოში წავუყვანივართ, იქ კი ოპერაცია გაუკეთებიათ, მაგრამ მაგას ჩემთვის მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ სასწრაფოს მოსვლამდე მოვკვდი!
არ ვუპასუხებ!
ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავდე და კვლავ აუზს დავუბრუნდი.
კვლავ 50 სანტიმეტრით ავმაღლდი წყალთან შედარებით, აუზს გადავხედე: გადავხტე, არ გადავხტე, გადავხტე, არ გადავხტე…
7 აგვისტო, 2004