Category: სერიული მკვლელები


ჯეფრი დამერი

ჯეფრი დამერი (1960–1994): ადამიანი, რომლის დაპატიმრებამ და ისტორიამ შეძრა მთელი მსოფლიო – სერიული კილერი, ნეკროფილი და კანიბალი… სულ ჯეფრი დამერმა 1978–1991 წლებში მოკლა 17 ადამიანი, ყველა მამაკაცი, ჰომოსექსუალები, რომლებსაც ის გეი–ბარებში იცნობდა, შემდეგ სახლში მიჰყავდა, ნარკოტიკებით აბრუებდა და შემდეგ კლავდა.

ჯეფრი დამერი დაიბადა 1960 წლის 21 მაისს უესტ ელისში, ვისკონსინის შტატში. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი ოჰაიოში გადაბარგდა. ბავშვობა ჯეფრის ნორმალური ჰქონდა, თუმცა 10–დან 15 წლის პერიოდში გამოირჩეოდა არაკომუნიკაბელურობით, ჩაკეტილობით, არ გააჩნდა ჰობი…  მკვდარი ცხოველების ძიებაში ველოსიპედით წრეებს ურტყამდა თავის სამეზობლოს, შემდეგ სახლში მიჰქონდა ცხედრები და ანაწევრებდა. იმავე პერიოდში ჯეფრიმ შეატყო, რომ ის განსხვავებული იყო და გოგონების მაგივრად, ბიჭები აინტერესებდა.

1978 წელს, მშობლების გაყრის და სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯეფრი დამერმა თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა. ქუჩაში მანქანით სეირნობისას მან გაიცნო ავტოსტოპით მოგზაური სტივენ ჰიქსი, რომელსაც სახლში წასვლა და მარიჰუანის მოწევა შესთავაზა. 9 საათის განმავლობაში ერთად ყოფნის შემდეგ, დამერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰიქსმა წასვლა დააპირა. ჯეფრიმ მას თავში განტელი ჩაარტყა, შემდეგ კი გაგუდა. ჰიქსის ცხედარი მან ნაწილებად დაჭრა და საკუთარი სახლის სარდაფში დამარხა.

ამის შემდეგ მთელი 9 წლის მანძილზე ჯეფრი დამერს არავინ მოუკლავს, თუმცა ის 2–ჯერ დაიჭირეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაუშვებელი ქცევის გამო (მათ შორის ერთხელ ის ორი ბიჭის წინაშე მასტურბაციით იყო დაკავებული). იმ პერიოდში ის უკვე ბებიამისთან ცხოვრობდა ვისკონსინში, რომელთანაც მამის თხოვნის შემდეგ გადაბარგდა.

1987 წლის 15 სექტემბერს სასტუმრო “ამბასადორ”–ის ნომერში ჯეფრი დამერმა მოკლა სტივენ ტუომი, შემდეგ ცხედარი ჩემოდანში მოათავსა და ტაქსით მიიტანა ბებიის სახლში, სადაც ერთი კვირის მანძილზე მასთან სექსით იყო დაკავებული, შემდეგ ცხედარი ნაწილებად დაჭრა და ნაგავსაყრელზე გადააგდო.

შემდგომ წლებში მან კიდევ რამოდენიმე ადამიანი მოკლა, ყველა მამაკაცი. ის მათ გეი–ბარებში იცნობდა და შემდეგ სთავაზობდა ფოტოსესიაში მონაწილეობას. სახლში მიყვანის შემდეგ, სტუმარს სასმელში ნარკოტიკებს უზავებდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფთან სექსით კავდებოდა, შემდეგ კი ახრჩობდა. ის სხვადასხვა ექსპერიმენტებსაც ატარებდა, უნდოდა, რომ მისი საყვარლები ზომბებივით მორჩილები ყოფილიყვნენ – ელექტრო დრელის მეშვეობით თავში ხვრელს უკეთებდა და შიგ მჟავა ან ფორმალინი შეყავდა.

ბებიის სახლის დატოვების შემდეგ, დამერი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გადავიდა. ცხედრების მოშორების პრობლემის აღმოსაფხვრელად მან იყიდა დიდი ბალონი, სადაც მჟავა იყო ჩასხმული. ცხედრების დანაკუწების შემდეგ, ჯეფრი ტანს ბალონში ათავსებდა.

1988 წლის 25 სექტემბერს, ახალ ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, ის დააპატიმრეს 13 წლის ანუკონ სინტასონფონზე ძალადობის ბრალდებით. ბიჭმა, მიუხედავად მიღებული ნარკოტიკების დიდი დოზისა, მოახერხა დამერის სახლიდან გაქცევა და მშობლების მოუყვა ყველაფერი. მეორე დღეს ჯეფრი დამერი დააპატიმრეს და მიუსაჯეს ერთი წელი გამოსასწორებელი დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ღამეს ათევდა, დილით კი სამსახურში დადიოდა (ჯეფრი დამერი შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა).

1990 წლის 14 მაისს, ჯეფრი დამერი ახალი ბინაში გადავიდა, წლის ბოლომდე მან კიდევ 4 კაცი მოკლა, 1991 წლის პირველ თვეებში კი კიდევ 3.

1991 წლის 27 მაისს, 14 წლის კონერაკ სინტასომფონი (სასწაულებრივი დამთხვევით ანუკონ სინტასომფონის ძმა), თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი, გაიქცა დამერის სახლიდან. შიშველი და დასისხლიანებული ბიჭი, რომელიც ნარკოტიკების მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ორმა ქალმა იპოვა ქუჩაში და პოლიცია გამოიძახა. მალე იქვე გაჩნდა ჯეფრი დამერიც. მან მოახსენა პოლიციას, რომ ის და კონერაკი შეყვარებულები იყვნენ, რომლემაც იჩხუბეს. პოლიციელებმა ისინი სახლამდე მიაცილეს, სადაც ჯეფრიმ, იმის დასადასტურებლად, რომ არ ტყუოდა, მათი ერთობლივი სურათები უჩვენა, რომელიც მან იმ დღეს გადაიღო შიშველ კონერაკთან. პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია უცნაურ სუნს, რომელიც საძინებლიდან გამოდიოდა და დაუჯერა მას. იმავე ღამეს დამერმა მოკლა კონერაკ სინტასომფონი, მისი ცხედარი კი დაანაწევრა.

1991 წლის 22 ივლისს, დამერმა სახლში დაპატიჟა ტრეისი ედვარდსი, მას ხელბორკილების გაკეთება დაუპირა, მაგრამ ედვარდსი შეეწინააღმდეგა, რის შემდეგაც დანის მუქარით იგი საძინებელში შეიყვანა, სადაც ედვარდსმა კედლებზე გაკრული დანაწევრებული ცხედრების სურათები დაინახა. ტრეისიმ დამერს ჯერ სახეში, შემდეგ კი მუცელში დაარტყა და  მისი სახლიდან გაიქცა. იქვე ახლოს მან პოლიციის მანქანა დაინახა და მოახსენა მომხდარის შესახებ.

პოლიციელებმა გადაწყვიტეს დამერის სახლი მოენახულებინათ. საძინებელში შესულმა ერთ–ერთმა პოლიციელმა ნახა დანაწევრებული ცხედრების სურათები და უთხრა კოლეგას, რომ ჯეფრი დაეპატიმრებინა. შემდეგ ერთ–ერთი პოლიციელი ყვებოდა, რომ ის მაცივრისკენ გაემართა, კარი  გამოაღო და უცებ საიდანღაც განწირული კივილის ხმა შემოესმა… მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გაანალიზა, რომ ეს განწირული კივილი მისგან მოდიოდა, რადგან მაცივარში ადამიანის თავი იდო.

სახლის ჩხრეკვისას პოლიციელებმა აღმოაჩინეს: დანაწევრებული გვამების უამრავი ფოტო და ადამიანის ორგანიზმის ნაწილები, ადამაინის სამი თავი მაცივარში, გული საყინულეში, ტუალეტში დამერი ინახავდა ქვაბს, სადაც მოთავსებული ჰქონდა ხელები და პენისები, ადამიანის თავის ქალები ბუფეტში და უჯრებში,  კარადაში იპოვეს ადამიანის ჩონჩხი, სკალპი და გენიტალიები, ხოლო 260 ლიტრიან ბალონში სამი ადამიანის ტანი.

სასამართლო პროცესმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო პირველი პროცესი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ჯეფრი დამერი არ სცნეს ფსიქიკურად შეშლილად. რა თქმა უნდა, მსგავს მკვლელობებს ნორმალური ადამიანი ვერ ჩაიდენდა, მაგრამ ექსპერტების დასკვნით ის აანალიზებდა, რომ ჩადიოდა არაკანონიერ ქმედებებს, შეეძლო ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო მკვლელობები იყო დაგეგმილი. მხოლოდ ჩადენილი საქციელების სისასტიკე არ იყო საკმარისი პასუხისმგებლობის ასარიდებლად.

საბოლოოდ ჯეფრი დამერს  957–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ვისკონსინში  სიკვდილით დასჯა არ არის). თავის ბოლო სიტყვაში ჯეფრი დამერმა განაცხადა, რომ ის ინანიებდა ჩადენილ საქციელს და ითხოვდა სიკვდილით დასჯას.

1994 წლის 3 ივლისს მას თავს დაესხა კუბელი პატიმარი, რომელიც ცდილობდა დამერისთვის ყელის გამოჭრას,  ჯეფრი გადარჩა, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნით, იმავე წლის 28 ნოემბერს, ჯეფრი დამერი ცემით მოკლა პატიმარმა კრისტოფ სკარვერმა. დამერი, სკარვერი და კიდევ ერთი პატიმარი ანდერსონი, ალაგებდნენ ციხის სპორტულ დარბაზს. დაცვამ  ისინი ყურადღების გარეშე 20 წუთით მიატოვა და ამ დროში სკარვერმა განტელით მიაყენა სასიკვდილო ტრავმები დამერს და ანდერონს.

ვინაიდან სკარვერი იყო შავკანიანი რასისტი, ხოლო დამერის მსხვერპლების უემტესობა სწორედაც რომ შავკანიანები იყვნენ, მკვლელობის მოტივი გასაგები ხდება, ისევე, როგორც ანდერსონის შემთხვევაში, რომელიც ცოლის მკვლელობას ორ შავკანიანს აბრალებდა.

ჯეფრის მამამ უარი განაცხადა დამერის ტვინის მეცნიერთათვის გადაცემაზე. გვამის კრემაციის შემდეგ, მისი ნეშტი ორად გაყვეს, ერთი ნაწილი შეხვდა დედამისს, მეორე მამას.

მისი მსხვერპლების ნათესავებმა გამოთქვეს პრეტენზია დამერის ქონებაზე და მოითხოვეს მისი გადანაწილება. 1996 წელს, იურისტმა ტომას ჯეიკობსონმა გაახმოვანა იდეა, რომლის მიხედვითაც აუქციონზე უნდა გაყიდულიყო დამერის ნივთები, მათ შორის მკვლელობის იარაღები და მაცივარი. სავარაუდო მოგება უნდა ყოფილიყო მილიონი დოლარი. საზოგადოება აღაშფოთა ამ ფაქტმა, სასწრაფოდ შეიქმნა ჯგუფი Milwaukee Civic Pride, რომელმაც შეაგროვა 407 000 დოლარი, რათა შეესყიდა დამერის ნივთები და გაენადგურებინა ისინი. მსხვერპლთა ნათესავების თანხმობის შემდეგ, ნივთები გამოისყიდეს და გაანადგურეს.

შემდგომ წლებში ჯეფრი დამერზე გადაიღეს უამრავი დოკუმენტური ფილმი, დაწერეს სიმღერები, მათ შორის ჯგუფ “სლეიერ”–ის სიმღერა “213”.

2002 წელს გადაიღეს ფილმი “დამერი” (ქართულ საიტებზეც მოიპოვება), რომელშიც მთავარ როლს ასრულებს 2010 წელს ოსკარზე ნომინირებული მსახიობი (როლისთვის ფილმში The Hurt Locker) ჯერემი რენერი.

ედვარდ გეინი

 

გადავწყვიტე მოგიყვეთ ამერიკის ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ სერიულ მკვლელებზე 🙂  და ვინ იქნებოდა დასაწყისისთვის ყველაზე კარგი კანდიდატი, თუ არა ედ გეინი, ადამიანი, რომლის მკვლელობებმაც შეძრა არამარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ 2 ადამიანი მოკლა (მეტი ვერ დაუმტკიცეს).

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო“, “კრავთა დუმილი” ან კიდევ “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით“. სამივე ამ ფილმის მთავარი “ბოროტი” გმირი – ნორმან ბეიტსი, ბაფალო ბილი და “ტყავის სახე”, შექმნილია ედ გეინის მიხედვით.

1957 წლის 16 ნოემბერს, საკუთარი პროდუქტების მაღაზიიდან, უკვალოდ გაქრა ბერნის უორდენი, 58 წლის ქვრივი. ვინაიდან ეს ხდებოდა პატარა ქალაქ პლეინფილდში, სადაც მოსახლებოა სულ რაღაც 800 კაცი იყო, ხოლო  პროდუქტების მაღაზია ერთი, ხალხმა უმალვე შეამჩნია ის, რომ მაღაზია დაკეტილი გახლდათ. ბერნის უორდენის შვილი, რომელიც ქალაქის სხვა მამაკაცებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, შუადღის მერე დაბრუნდა სახლში, გაიგო რომ მაღაზია დაკეტილი იყო და  იქ მივიდა. აქ კი მის წინაშე საზარელი სურათი გადაიშალა, შენობაში არეულობა იყო, მაგრამ ყველაზე საშინელი გახლდათ, რომ იატაკზე იყო სისხლის კვალი, რომელიც დახლიდან უკანა კარამდე მიდიოდა. სწორედ აქ იპოვა მან “ჩეკი”, რომელიც ედ გეინის სახელზე იყო გამოწერილი.

ედ გეინის სახლი

ბერნის უორდენის გამოშიგნული გვამი

პოლიციამ მიიღო ბრძანება, რომ მისი სახლი გაეჩხრიკათ. სწორედ აქედან იწყება ერთ–ერთი ყველაზე საზარელი სერიული მკვლელის ისტორია. პოლიცია მიადგა ედ გეინის სახლს, რომლის გარედან უბრალოდ დანახვაზეც კი ადამიანს ჟრუანტელი დაუვლიდა, რადგან ეს იყო ჩაბნელებული და განცალკევებით მდგარი სახლი, რომლიდანაც არ გამოდიოდა სინათლე. პირველად პოლიციელები შევიდნენ თავლაში. ელექტრო ენერგიის უქონლობის გამო, ისინი გზას პატარა ფანრების მეშვეობით იკვლევდნე. ერთ–ერთი პოლიციელი მხრით გამოედო რაღაცას, რაც მისი აზრით კაუჭზე ჩამოკიდებული ირემი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში ეს ირემი კი არა, გამოშიგნული ბერნის უორდენის გვამი იყო.

ამის შემდეგ პოლიციელებს წინ კიდევ უფრო ამაზრზენი სანახაობა ელოდათ. მათ შეაღწიეს ედის სახლში, სადაც თვითმხილველთა თქმით ისეთი ქაოსი და სიბინძურე სუფევდა, რაც ცდება ადამიანის წარმოდგენას. ყველგან მიმოყრილი იყო ნივთები, მტვერი, ჭუჭყი, მაგრამ ყველაზე საშინელი სხვა რამ იყო: კედლებზე ეკიდა ადამიანის სახეებისგან გაკეთებული ნიღბები; მაგიდაზე იდო ფანარი, რომელსაც გარს ადამიანის კანი აკრავდა; გარდერობში იყო შარვალი დამზადებული ადამიანის კანისგან; სკამი, რომელსაც გარს ადამიანის კანი არტყამდა; ქალის ძუძუსთავებისგან დამზადებული ქამარი; თეფში, რომელიც გაკეთებული იყო თავის ქალიდან; მაცივარი იყო გამოტენილი ადამიანის ორგანოებით; ჩულქები დამზადებული ქალის კანისგან; ქალის სასქესო ორგანო, რომლის ამოცმაც საცვლის მსგავსად შეიძლებოდა…  ამ ყველაფრის შემდეგ, ერთი პოლიციელი მიადგა ყუთს, ჩაიხედა შიგნით და დაინახა თმა. შემდგომში ის პოლიციელი ამბობდა, რომ რაც მან გააკეთა იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტური საქციელი, რადგან ის უკვე ვეღარ აზროვნებდა ნანახის გამო. მან ხელი ჩაყო ყუთში, თმას ხელი მოკიდა და იქიდან ამოიღო ადამიანის თავი, რომელიც ეკუთვნდა მერი ჰოგანს, მასიურ ქალს, რომელიც ადგილობრივი ბარის მეპატრონე იყო და ამ მოვლენებამდე 3 წლით ადრე უკვალოდ გაქრა.

ედმა მხოლოდ ამ ორი ქალის მკვლელობა აღიარა, დანარჩენებზე კი განაცხადა, რომ გვამები სახლში სასაფლაოდან მიჰქონდა.

სახლში, აბსოლუტურად სუფთა და მოვლილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოთახი იყო – ედის დედის, ავგუსტას ოთახი. მკაცრი, კათოლიკე მორწმუნე ქალის, რომელსაც ძალზედ დიდი გავლენა ჰქონდა ედზე. ის არწმუნებდა მას, რომ მის გარდა ყველა ქალი იყო ბოზი, უშლიდა მას სხვა ბავშვებთან კონტაქტს და ამუშავებდა ფერმაზე. მას შემდეგ რაც ედის მამა გარდაიცვალა, დედის გავლენა კიდევ უფრო დიდი გახდა, რის გამოც რამდენჯერმე ჰენრი გეინმა, ედის ძმამ, კრიტიკული შენიშვნა გააკეთა დედის მისამართით. 1944 წელს, ხანძრის ჩაქრობისას, რომელსაც ედდთან ერთად აქრობდა ჰენრი დაიღუპა. არსებობს ეჭვი, რომ ის ედმა მოკლა.

1945 წელს ავგუსტა გარდაიცვალა, რამაც ედზე საშინლად იმოქმედა. ის დაინტერესდა ანატომიით და წიგნებით, რომელიც ექსგუმაციას ეხებოდა. ასევე უყვარდა გაზეთებში ნეკროლოგების კითხვა. სავარაუდოდ ამის შემდეგ დაიწყო სასაფალოებზე სიარული და გვამების ამოთხრა. მოსახლეობასთან აღებულ ინტერვიუებში ჩანს, რომ არავინ მას გიჟად არ თვლიდა, უბრალოდ ყველას ის “ცოტათი უცნაურად” მიაჩნდა. მეზობლების თქმით, ედი ძალზედ კარგი დამხმარე იყო და დიასახლისებს, რომელთაც სახლში დახმარება სჭირდებოდათ, უანგაროდ ეხმარებოდა.

ედ გეინი არის ერთადერთი სერიული მკვლელი, ცნობილი სერიული კილერებიდან, რომელიც სასამართლომ ოფიციალურად აღაირა გიჟად და მის კონდიციაში შეუძლებლად მიიჩნიეს პროცესის გამართვა, რის გამოც ის  ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს. 10 წლის შემდეგ, ექიმების დასკვნით, მას შეეძლო სასამართლოზე გასვლა. სასამართო პროცესოს დასრულებისთანავე, ედი ისევ ფსიქიატრიულში დააბრუნეს, სადაც ის 1984 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ედ გეინის “საშინელებათა სახლი” აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს, მაგრამ აუქციონამდე ერთი დღით ადრე ის დაიწვა, რამაც  პლეინფილდის მოსახლებოას შვება მოჰგვარა, რადგან მათ არ სურდათ საკუთარ პატარა ქალაქში ტურისტების მოზღვავება, თუმცა ამას მაინც ვერ გადაურჩნენ და ამ ქალაქში, ედის დამწვარი სახლის სანახავად ათასობით კაცი ჩავიდა. ერთადერთი ქონება რაც ედს დარჩა, იყო მისი მანქანა, რომელიც მოხეტიალე ბაზრობამ შეიძინა, სადაც მის სანახავად, მხოლოდ პირველ ორ დღეს, ფული 2000–მა კაცმა გადაიხადა.

სუვენირების მოყვარულები წლების მანძილზე იპარავდნენ ნატეხებს მისი საფლავის ქვიდან. 2000 წელს თავად ქვაც მოიპარეს, რომელიც ერთი წლის შემდეგ სიეტლთან ახლოს იპოვნეს და მას შემდეგ ის მუზეუმში ინახება.

ნორმან ბეიტსი

ედ გეინის ამბავის გასკდომიდან რამდენიმე ხანში, რობერტ ბლოხმა დაწერა წიგნი “ფსიქო“, რომელიც შემდეგ, ალფრედ ჰიჩკოკმა ერთ–ერთ საკულტო ფილმად აქცია. მთავარი გმირი, ნორმან ბეიტსი, არის პატარა გზისპირა მოტელის მფლობელი შიზოფრენიკი, რომელსაც გარდაეცვალა დედა და ის ამ ფაქტს ვერ ეგუება. ბეიტსი დედის ტანსაცმელს იცვამს და  მოტელის სტუმრებს კლავს. მოტელის თავზე წამოჭიმულია დიდი და საშიში სახლი, რომლის ერთ–ერთი ოთახის ფანჯრებიდანაც ხშირად ჩანს ბებერი ქალის სილუეტი.

ბაფალო ბილი

ბაფალო ბილი, არის მკვლელი “კრავთა დუმილიდან“, რომელიც კლავს ქალებს, აცლის მათ კანს და თავისთვის ქალის ტანსაცმელს იკერავს.

“ტყავის სახე” კი არის მკვლელი საკულტო ფილმიდან “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით”. მას და მის მამას სახლში აქვთ ავეჯი, რომელიც დამზადებულია ადამიანის ძვლებისა და ტყავისგან და ოთახი სადაც აწამებენ დაჭერილ ახალგაზრდებს.

ყველა ეს წარმოუდგენლად სასტიკი პერსონაჟი შექმნილია ედ გეინის პიროვნების შთაგონებით, ადამიანისა, რომლის მიერ ჩადენილმა ორმა მკვლელობამ შეძრა მთელი მსოფლიო.

ტყავის სახე

ნორმან ბეიტსი და მისი სახლი