Category: სპორტი


ფეხბურთის მოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ ბილბაოს “ატლეტიკში”, ამ გუნდის მთელი ისტორიის განმავლობაში, მხოლოდ ბასკი ფეხბურთელები თამაშობენ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც “ბილბაოს” ბოლო წლებში ტიტულების მოგება ძალიან უჭირს. სულ ცოტა ხნის წინ, “ბარსელონასთან” მოპოვებული გამარჯვების შედეგად მოგებული ესპანეთის სუპერთასი მათი პირველი ტიტული იყო ბოლო 31 წლის განმავლობაში.

ადრე, როდესაც ფეხბურთში ამხელა თანხები არ ტრიალებდა და კლუბებიც ლეგიონერებით არ იყვნენ გავსებული, “ატლეტიკისთვის” წარმატების მიღწევაც გაცილებით იოლი იყო. ამიტომაც გახდა “ბილბაო” 8–ჯერ ესპანეთის ჩემპიონი და 23–ჯერ ესპანეთის თასის მფლობელი, თუმცა 1984 წლიდან 2015 წლამდე ვერაფერი მოიგო.

მართალია, “ატლეტიკს” ძალიან ბევრი ფარმ–კლუბი ჰყავს, სკაუტების სისტემაც სერიოზულად მუშაობს, ისევე როგორც ახალგაზრდული აკადემია (ლეზამა), მაგრამ დიდი წარმატებებისთვის ეს თანამედროვე ფეხბურთში საკმარისი უკვე აღარ არის. თუმცა…

რა მოხდებოდა, ყველა ბასკი ფეხბურთელი “ატლეტიკში” რომ თამაშობდეს? მოგეხსენებათ, “ატლეტიკის” გარდა, ბასკეთის ქვეყანას და ნავარის რეგიონს (სადაც ბასკები ცხოვრობენ) რამდენიმე სხვა კლუბიც ჰყავს და თუ უმეტესობიდან მოთამაშის შესყიდვა “ბილბაოსთვის” პრობლემას არ წარმოადგენს, “რეალ სოსიედადის” წამყვანი ბასკი ფეხბურთელების ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე, არის რამდენიმე ნავარელი მოთამაშე, რომელიც “ოსასუნაში” თამაშობდა და არც “სოსიედადში” უთამაშია და არც “ბილბაოში”. საინტერესოა, როგორი იქნებოდა “ატლეტიკის” შემადგენლობა, ყველა ბასკი ფეხბურთელი (მათ შორის “ატლეტიკის” ყოფილი მოთამაშეებიც) ამ გუნდში რომ ირიცხებოდნენ.

ამავდროულად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა ბასკეთის ნაკრებიც, რომელიც ისედაც არსებობს, მაგრამ ოფიციალურ მატჩებს გასაგები მიზეზების გამო ვერ ატარებს.

აქვე დავამატებ, რომ ბილბაოს “ატლეტიკის” ქომაგების და კლუბის ხელმძღვანელების აზრით, “ატლეტიკში” შეიძლება ითამაშოს მხოლოდ ბასკმა, ან სხვა ქვეყანაში დაბადებულმა ადამიანმა, რომლის მშობლებიც არიან ბასკები. ბებია–ბაბუის წარმოშობა არაფერს ნიშნავს, ამიტომ გუნდში არ შევიყვანე გონსალო იგუაინი, პაბლო საბალეტა და დიეგო ფორლანი, რომლებიც წარმოშობით ბასკები არიან 🙂 ასევე, გუნდში ვერ მოხვდა ანტუან გრიზმანი, რომელიც 14 წლიდან სან სებასტიანში ცხოვრობდა, მეუღლეს ბასკი ჰყავს, მაგრამ თავად არაა 🙂

მოკლედ, ბილბაოს “ატლეტიკის” ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

გარდა ამისა, გუნდში ასევე იქნებია:

მეკარეები: სტეფან რუფიე, ასიერ რიესგო

მცველები: მიკელ სან ხოსე, ინიგო მარტინესი, კარლოს მარტინესი, იონ აურტენეჩე, მიკელ გონსალესი, ფერნანდო ამორებიეტა, ხავიერ გარიდო, ანდონი ირაოლა,

ნახევარმცველები: მარკელ სუსაეტა, ბენიატი, ანდერ იტურასპე, დავიდ სურუტუსა, ოსკარ დე მარკოსი, ასიერ ილიარამენდი, რაულ გარსია

თავდამსხმელები: იმანოლ აგირეჩე, არიც ადურისი,

გუნდის მთავარი მწვრთნელი: დიდი დეშამი.

ასისტენტი: ხულენ ლოპეტეგი

გენერალური დირექტორი: ჩიკი ბეგერისტაინი

სპორტული დირექტორი: ანდონი სუბისარეტა

ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელი: ხავიერ ირურეტა 🙂

პ.ს. სხვადასხვა საიტებო და ბლოგები – აბა თქვენ იცით, კიდევ ერთხელ “დაიკიდეთ” თავმოყვარეობა, მოიპარეთ ესეც და საკუთარ სტატიად გაასაღეთ, ისე რომ წყარო არ მიუთითოთ 😉

თემურ ქეცბაიას მიერ ერთ-ერთ ტელეშოუში წარმოთქმული ფრაზა უკვე ლეგენდარულ გამოთქმათა კატეგორიაში გადავიდა. მართლაც, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი “მესებს ვერ დაბადებს”, მაგრამ არის ქვეყანა, სადაც მომავალი “მესები” ყოველ წელს იბადებიან. ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა, არგენტინა ჰქვია.
ცოტა ხნის წინ, არგენტინის მორიგი ჩემპიონატი დაიწყო, სადაც არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს შეხვდებით. ზოგიერთმა თავის გამოჩენა უკვე მოასწრო, ზოგი კი დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. ქვემოთ იმ ახალგაზრდა (21 წლამდე) არგენტინელებზე ვისაუბრებ, ვისაც სამშობლოში დიდი იმედით უცქერენ…

Image

მანუელ ლანსინი

მანუელ ლანსინი (20 წლის, “რივერ პლეიტი”)

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მის მაისურზე დაწერილი 10-იანიც ადასტურებს. უაღრესად ტექნიკური და ჭკვიანი გამთამაშებელი, რომელსაც მოედნის კარგი ხედვაც გამოარჩევს. ფიზიკურად სუსტია (170 სმ, 66 კგ.), მაგრამ სათამაშო სტილიდან გამომდინარე ეს ნაკლად ვერ ჩაეთვლება. სამაგიეროდ, ლანსინი არასტაბილურია, რაც ასაკის ბრალი უნდა იყოს.
მანუელი “რივერის” აღზრდილია. სადებიუტი მატჩი 2010 წელს, 17 წლის ასაკში ჩაატარა. “ფლუმინენსეში” გატარებული ორი არც ისე წარმატებული წლის შემდეგ, 2012 წელს ისევ “ლოს მილიონარიოსში” დაბრუნდა, რომლის რიგებშიც 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

Image

ლუსიანო ვიეტო

ლუსიანო ვიეტო (20 წლის, “რასინგი”)

18 წლის ასაკში, სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვედრილმა ფორვარდმა “სან მარტინთან” (2012 წლის “ტორნეო ინისიალი”) გამართულ შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა და არა მარტო არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. იმ დღიდან მოყოლებული ახალგაზდული “რასინგის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. სულ, 2012/13 წლების სეზონში, ორი ჩემპიონატის ჯამში, 13 გოლი გაიტანა. არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა და თავი ორჯერ გამოიჩინა.
სწრაფი, ტექნიკური და კარგი დარტყმის მქონე თავდამსხმელით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. დიდი ალბათობით, ვიეტო “რასინგში” უკანასკნელ სეზონს ატარებს.

როდრიგო დე პაული (19 წლის, “რასინგი”)

“აკადემიას” კიდევ ერთი აღზრდილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო. ამ მოკლე პერიოდში იმდენად კარგად ითამაშა, რომ გუნდში 10-ნომრიანი მაისური დაიმსახურა. ვიეტოს მსგავსად, კარიერის პირველი გოლი მანაც “სან მარტინთან” (2013 წლის “ტორნეო ფინალში”) გაიტანა. სხვათაშორის, იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა ვიეტომ და ბრუნო სუკულინიმაც შეძლეს (“რასინგმა” 3:0 მოიგო), რომელზეც ცალკე ვისაუბრებთ.
როდრიგო დე პაული გარემარბია, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს და იქიდან გამომდინარე, რომ ცაცია არ გახლავთ, ხშირად ცენტრისკენ იწევს და მეტოქის კარს იქიდან ემუქრება. როგორც თითქმის ყველა ფეხბურთელი ამ სიაში, ისიც ძალიან ტექნიკურია. აქვს კარგი, დაყენებული დარტყმა, რაზეც თუნდაც მისი გოლები მეტყველებს.

ბრუნო სუკულინი (20 წლის, “რასინგი”)

ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ძლიერია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევაში. 2013 წლის “ტორნეო ინისიალში” 4 გოლი გაიტანა (14 შეხვედრაში) და “რასინგის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბრუნო იმ ფრანკო სუკულინის ძმაა, რომელმაც საკუთარი ნიჭი თვალსა და ხელს შუა გაფლანგა და საშუალო ევროპული კლუბების მოვლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ არგენტინაში დაბრუნდა და სარანდის “არსენალში” ჩაირიცხა.
ფრანკოს დეგრადაციის მთავარ მიზეზი არაპროფესიონალიზმი და გართობისთვის ზედმეტად დიდი დროის დათმობა უნდა იყოს. ბრუნოს ძმის ბედის გაზიარება არ უნდა ემუქრებოდეს, რადგან ასეთი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის გაცილებით სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Image

ანხელ კორეა

ანხელ კორეა (18 წლის, “სან ლორენსო”)

ანხელ კორეა ამ სიის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. 18 წლის ფორვარდს საოცარი ტექნიკა და აზროვნების უნარი გამოარჩევს. ე.წ. “მეორე ფორვარდის” პოზიციაზე მოთამაშე კორეა მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალისტია, რომელსაც ისეთი ფინტის გაკეთება შეუძლია, ყველას, მათ შორის მეტოქე გუნდის ქომაგსაც რომ აღაფრთოვანებს.
“სან ლორენსომ” არგენტინის ბოლო ჩემპიონატი მოიგო, რაშიც თინეიჯერმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სულ, კორეამ პრიმერა დივიზიონში 33 თამაში ჩაატარა და თავი 8 გოლით გამოიჩინა. იანვარში მისი შეძენა მადრიდის “ატლეტიკოს” და “ვალენსიას” სურდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
არგენტინელები, რომლებსაც ფეხბურთელისგან იმპროვიზაცია განსაკუთრებით უყვართ, ახალგაზრდა მოთამაშეზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღება. წესით, მან ძალიან მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს.

ექტორ ვილიალბა (19 წლის, “სან ლორენსო”)

არგენტინის ჩემპიონის კიდევ ერთი გამორჩეული ახალგაზდა, რომელმაც კორეასთან ერთად წარმატებული შემტევი დუეტი შექმნა. “სან ლორენსო” ორი გამოცდილი ფორვარდი, მარტინ კაუტერუჩიო და გონსალო ვერონი დაუშავდა, მაგრამ 18 და 19 წლის თავდამსხმელებმა გუნდს ეს დანაკლისი არ აგრძნობინეს და ჩემპიონის ტიტული მოუტანეს.
2013 წლის “ტორნეო ინისიალში” ტანდაბალმა (172 სმ) ვილიალბამ თავი 3 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. თანაგუნდელის მსგავსი არაორდინალური ქმედებებით არ გამოირჩევა, მაგრამ 19 წლის ასაკში ასეთი დამაჯერებელი თამაში მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

ლუკას მელანო (20 წლის, “ლანუსი”)

ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გამორჩეული წევრი. მიუხედავად იმისა, რომ “ლანუსში” ბევრი გამოცდილი შემტევია (სანტიაგო სილვა, ლაუტარო აკოსტა, ისმაელ ბლანკო) მელანო მათ შორის არ დაკარგულა და კლუბის წარმატებაშიც (“ლანუსმა” “კოპა სუდამერიკანა” მოიგო) დიდი წვლილი შეიტანა.
184 სმ. სიმაღლის ფორვარდი თავით და ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს. 2013 წლის “ტორნეო ინისიალში” და “კოპა სუდამერიკანაზე” 3-3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მელანომ არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა (3 თამაში) და თავი ერთხელ გამოიჩინა.

ლუკას რომერო (19 წლის, “ველეს სარსფილდი”)

ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის და ამის გამო ბევრ ყვითელ ბარათსაც იღებს. “ველესის” რიგებში დებიუტი 2012 წლის “ტორნეო ინისიალში” ჰქონდა, რომელიც სწორედ მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საჩემპიონო ტურნირში რომერომ გუნდის ფორმა 13 შეხვედრაში მოირგო, სულ კი დღემდე პრიმერაში 39 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ყვითელი ბარათები კი მართლაც პრობლემაა – მართალია, რომეროს ამ 39 მატჩში წითელი ბარათი არ მიუღია, სამაგიეროდ გაფრთხილება 15 შემთხვევაში დაიმსახურა.

Image

აგუსტინ ალიონე

აგუსტინ ალიონე (19 წლის, “ველეს სარსფილდი”)

რომეროსგან განსხვავებით, რომელიც მოედანზე 90 წუთს იშვიათად ატარებს (39 მატჩიდან ძირითადში 20-ჯერ იყო), ასევე 19 წლის ალიონე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელია. დაცვითი ფუნქციების შესრულებისას რომეროსავით ძლიერი არ არის, სამაგიეროდ ალიონე გაცილებით კრეატიული ფეხბურთელია, რომელსაც თამაში როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ასევე გარემარბის პოზიციაზე შეუძლია.
2013 წლის “ტორნეო ინისიალში” 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის ორი მომენტი იყო, რომელიც ალიონეს “სან ლორენსოსთან”, ბოლო ტურის შეხვედრაში ჰქონდა, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონი სწორედ “ველესი” გახდებოდა. 19 წლის ნახევარმცველმა ჯერ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი 11-12 მეტრიდან “ცხრიანში” გაისროლა, მაგრამ სებასტიან ტორიკომ არანორმალური რეაქცია გამოავლინა და ალიონეს საჩემპიონო გოლი წაართვა. შედეგად, მატჩი 0:0 დასრულდა, ჩემპიონი კი “სან ლორენსო” გახდა.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, არგენტინის ჩემპიონატში კიდევ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხნის წინ დაწყებული 2014 წლის “ტორნეო ფინალი” კიდევ რამდენიმე ახალ ამომავალ ვარსკვლავს წარმოაჩენს. იქამდე კი იმ რამდენიმე მოთამაშეზე მოგახსენებთ, რომლების ამ სიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მათზე თვალის მიდევნება საინტერესო უნდა იყოს: გასტონ ხილ რომერო (20 წლის, “ესტუდიანტესი”), ფედერიკო ანდრადა (19 წლის, “რივერ პლეიტი”), ჯოვანი სიმეონე (18 წლის, “რივერ პლეიტი”), სებასტიან დრიუსი (18 წლის, “რივერ პლეიტი”), რამირო კასერესი (20 წლის, “ველეს სარსფილდი”).
ასევე, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომლის გვარიც არის ვილიალბა, რადგან ყველა თავმოყვარე არგენტინულ კლუბს განაცხადში მინიმუმ ერთი ვილიალბა მაინც ჰყავს (ერთ-ერთზე ზემოთაც ვისაუბრეთ), თანაც ყველა მათგანი 19-20 წლის გახლავთ. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდა 21 წლის წინ ვილიალბათა საგვარეულოში, მაგრამ დემოგრაფიული პრობლემის მქონე ჩვენ ქვეყანას მათი გამოცდილება კი გამოადგებოდა…

Bwin

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ქვემოთ ჩამოყალიბებული პოზიცია მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს წარმოადგენს, რომელსაც შესაძლოა დაეთანხმოთ, შესაძლოა არა, მაგრამ თემა განსასჯელად ნამდვილად ღირს…

 

მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ აიკრძალება ყველა სახის რეკლამა, რომელიც ტოტალიზატორს, პოკერს ან რამე სხვა სახის აზარტულ თამაშს პოპულარიზაციას გაუწევს. როგორც ამბობენ, გეგმაშია აზარტული თამაშების აკრძალვაც, რაც თუ სიმართლეს შეესაბამება, ბევრ არასასიამოვნო გვერდით მოვლენას გამოიწვევს…

 

მაგრამ, ჯერ რეკლამის აკრძალვით დავიწყოთ:

რეალურად, რეკლამის მთლიანად აკრძალვა დიდ შედეგს არ მოიტანს, რადგან “ონლაინ ბეთინგის” საიტების შესახებ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. სამაგიეროდ, რეკლამის აკრძალვით, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ იმ ტელეკომპანიებს, რომლებიც სპორტულ რეპორტაჟებს აწარმოებენ, ხოლო ამ რეპორტაჟების სპონსორები აზარტული თამაშების წარმომდგენი კომპანიები არიან. სპორტული ღინისძიების დაფინანსება, სწორედაც რომ ტოტალიზატორების საქმეა და ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, ტელეკომპანია “ევროსპორტზე” ყოველდღე გადის სხვადასხვა ტოტალიზატორის თუ ონლაინ პოკერის საიტის რეკლამა.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი ასეთი საიტი თვით მადრიდის “რეალის” სპონსორი გახლავთ.

 

ნაცვლად რეკლამის მთლიანად აკრძალვისა, უპრიანი იქნება სხვადასხვა შეზღუდვის შემოღება, მაგალითად:

1. აიკრძალოს რეკლამა ქუჩებში, ბანერებზე, ავტობუსებზე და ა.შ.

2. ყველასთვის ხელმისაწვდომ არხებზე (“საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “რუსთავი 2”, “იმედი” და ა.შ.) აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა, თუ “ონლაინ ბეთინგის” ესა თუ ის კომპანია, რომელიმე სპორტული ღონისძიების სპონსორი არ არის.

 

სამაგიეროდ:დაშვებული იყოს სპორტული ღონისძიების სპონსორული სახის რეკლამა, ანუ აზარტული თამაშების კომპანიების რეკლამა დაშვებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის კომპანია რაიმე სახის სპორტული ღონისძიების ან გადაცემის სპონსორია.

 

ამით საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ, რადგან:

ტოტალიზატორები იძულებულნი გახდებიან სპორტული კლუბები, სპორტული გადაცემები, ტრანსლაციები და ღონისძიებები დააფინანსონ, რაც ქვეყანაში სპორტის პოპულარიზაციას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

 

მოგეხსენებათ, ქართული სპორტული კლუბები (საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო და ა.შ) სპონსორებით განებივრებულნი არ არიან. ასეთი შეზღუდვის პირობებში, ტოტალიზატორებს თუ “ონლაინ ბეთინგის” სხვა კომპანიებს სპორტული კლუბების თუ გადაცემების გარდა, სხვა სეგმენტი არ დარჩებათ და იმ თანხებს, რასაც ჩვეულებრივ, “პრაიმთაიმ” სატელევიზიო რეკლამაში იხდიან, ამ მიმართულებით გადაისვრიან. ეს ყველაფერი კი ქართული სპორტული კლუბებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება, რაც სპორტული დონის ზრდას გამოიწვევს.

 

ვარიანტი საკმაოდ ბევრია და საერთაშორისო გამოცდილებაც ძალიან მდიდარი. როგორც მინიმუმ, ამ თემაზე მსჯელობა და საუბარი ღირს. ჩემი აზრით, ასე ერთბაშად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რეკლამების მთლიანი, უალტერნატივო აკრძალვა, როგორც მინიმუმ უპასიხისმგებლო საქციელია…

 

რაც შეეხება აზარტული თამაშების მთლიანად აკრძალვას: დავიწყოთ იმით, რომ აზარტული თამაშების აკრძალვით, აზარტული თამაშები არ გაქრება, უბრალოდ, ეს საქმიანობა არაკანონიერი იქნება, თორემ აზარტული თამაშები იყო, არის და ყოველთვის იქნება. ეს ადამიანი ბუნებაში ზის და მისი განუყოფელი ნაწილია. ორი მეგობარი ერთმანეთს სახინკლეზე რომ ენიძლავება, ეგეც კი აზარტული თამაშია.

 

პროსტიტუცია და ნარკოტიკების მოხმარება აკრძალულია, მაგრამ საქართველოში უამრავი ნარკომანია და ისეთი დაწესებულებაც საკმაოდ ბევრია, სადაც ფულით სექსუალური მომსახურების ყიდვა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ამ დაწესებულებებით ის პარლამენტარებიც სარგებლობენ, რომლებსაც აზარტული თამაშები და პროსტიტუცია ამორალურად მიაჩნიათ.

 

რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც აზარტული თამაშების უკანონოდ გამოცხადებას მოჰყვება: აზარტული თამაშების მთლიანად აკრძალვა, პირველ რიგში გამოიწვევს ე.წ. “ხელზე გამაზვის” მოყვარულთა მომრავლებას. ყველა ის ადამიანი, ვისაც ტოტალიზატორში ფსონის გაკეთების საშუალება არ ექნება, არალეგალურ ფსონებს მიმართავს, რაც თავის მხრივ, ბევრ კრიმინალურ შემთხვევას გამოიწვევს. კვლავ დაბრუნდება ე.წ. “პოსლეზე” გაკეთებული ფსონები, რაც ადრე თუ გვიან, ორ მოთამაშე ადამიანს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, შესაბამისად მოიმატებს კრიმინალი.

 

სასაუბრო ლექსიკონში კვლავ დაბრუნდება ტერმინები: “თავანი”, “ფუფლო”, “გაკატავება”, “ფულის ამოღება” და ასე შემდეგ.

 

შეხედეთ აზიის იმ ქვეყნებს, სადაც ტოტალიზატორები აკრძალულია – ამ ქვეყნების მიწისქვეშა, არალეგალურ ტოტალიზატორებში მილიონობით დოლარის ფსონი კეთდება, მილიონობით დოლარის “შავი ფული” “თეთრდება” და ამ ტოტალიზატორების მეშვეობით, ათასობით საფეხბურთო თუ სპორტის სხვა სახეობის მატჩების მანიპულირება ხდება.

 

კანონის ფარგლებში მოქცეული აზარტული თამაშები, უკანონო, იატაქვეშა აზარტულ თამაშებთან შედარებით, ყველასთვის კარგია, რადგან:

1. სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულია უამრავი ადამიანი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედის და ფულის “გათეთრების” გზები შეზღუდულია.

3. საკმაოდ ბევრი ადამიანი ასეთი გზით ოჯახს არჩენს და უმუშევრობის ისეთი დონის პირობებში, როგორიც დღეს საქართველოშია, მათთვის ფულის შოვნის ამ გზის წართმევა, პრაქტიკულად საშიმშილოდ გაწირვის ტოლფასია.

 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც აზარტული თამაშებით თავი დაიღუპეს: პირველ რიგში, გაურკვეველია რამდენ ადამიანზეა საუბარი და რა იგულისხმება “თავის დაღუპვაში”.

 

მეორე: “თავის დაღუპვა” და დიდი ქონების წაგება, არალეგალურ ტოტალიზატორში უფრო იოლია, ვიდრე ლეგალურ, ონლაინ ტოტალიზატორში, სადაც ადამიანი მხოლოდ იმ ფულს ხარჯავ, რომელიც ფიზიკურად გაგაჩნია

 

და მესამე: ტოტალიზატორების და ონლაინ პოკერის აკრძალვის შემდეგაც, ასეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან და თავს, თუნდაც იგივე ე.წ. “ხელზე ფსონით” ან სხვა არალეგალური გზით დაიღუპავენ.

 

რაღა შორს წავიდეთ და ისევ ნარკომანიის თემას მივუბრუნდეთ: საქართველოში ნარკოტიკი აკრძალულია, მაგრამ მისი საშუალებით ძალიან ბევრი დაღუპული ახალგაზრდის გახსენება შეიძლება. როგორც ჩანს, აკრძალვა პრობლემის მოგვარების საშუალება არ არის, ეს უბრალოდ “სირაქლემის პოზის” მიღების მცდელობაა და რეალური პრობლემისგან თავის არიდების საშუალებაა.

 

გასაგებია, რომ აზარტული თამაშების ასეთი ხელმისაწვდომობა, “აზარტულ” ადამიანებს, ე.წ. “გემბლერებს”, ფულის წაგებაში ხელს უწყობს, მაგრამ შეზღუდვების შემოღება აქაც შეიძლება. მაგალითად: ე.წ. “შავი სიის” შემოღება, სადაც ის ადამიანები მოხვდებიან, ვინც აზარტულ თამაშებში დიდი თანხებს აგებს. სიაში საკუთარი თავის შეტანა თავად იმ ადამიანს უნდა შეეძლოს, რომელსაც აღარ უნდა აზარტული თამაშების თამაში, მაგრამ ამ საქმიანობას თავს ვერ ანებებს.

 

“შავ სიაში” მოხვედრის შემთხვევაში, ამ პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრირებული ანგარიში უნდა გაუქმდეს და მას, ცხოვრების ბოლომდე, არც ერთ აზარტული თამაშების საიტზე რეგისტრაციის საშუალება არ უნდა მიეცეს.

 

კანონით განისაზღვროს ასევე სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “შავ სიაში” შეტანილ პიროვნებას, საკუთარი ანგარიშით აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემენ.

 

ასეთ საკითხებში, ბევრად უფრო მეტი კომპეტენტური ადამიანის, მათ შორის ფქიქოლოგების ჩართვაც არის საჭირო. საჭიროა კამათი და საუბარი, რათა ყველაზე სწორ და მართებულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ.

 

“ჩემმა მეზობელმა ფული წააგო” – დამაჯერებელი არგუმენტი არ არის.

 

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ.

 

აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ კანონის მიღება გამოიწვევს:

 

1. უამრავი სამუშაო ადგილის გაქრობას – დაახლოებით 7-8 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

 

2. ბევრი ადამიანი დაკარგავს პურის ფულს და ოჯახის რჩენის საშუალებას. არ დაგავიწყდეთ, რომ გინდ ტოტალიზატორი და გინდ პოკერი, ადამიანისგან ცოდნასდა ფიქრს მოითხოვს და თუ ერთის ან მეორე თამაში იცი, წაგებაში არასდროს დარჩები, განსხვავებით იმავე ლოტოსგან და ლატარიისგან (რომლებსაც არაფერს ერჩიან), სადაც ადამიანი მთლიანად შემთხვევითობაზე არის დამოკიდებული.

 

3. დაბრუნდება “ხელზე გამაზვის” ინსტიტუტი, შეიქმნება უამრავი მიწისქვეშა და არალეგალური ტოტალიზატორი თუ პოკერ-კლუბი. მკვეთრად გაიზრდება კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა წაგებულ და მოგებულ მხარეებს შორის.

 

4. სახელმწიფო დაკარგავს საკმაოდ დიდი შემოსავალს, რომელსაც ტოტალიზატორებისგან თუ სათამაშო კლუბებისგან გადასახადების სახით იღებს.

 

5. “თავის დაღუპვა”, სახლის თუ მანქანის წაგება გაცილებით იოლი გახდება, რადგან ონლაინ პოკერსა თუ ტოტალიზატორში სახლს, მანქანას ან უთოს ვერ წააგებ, სამაგიეროდ ეს შესაძლებელია არალეგალური ტოტალიზატორში.

 

იმაზე, რაც ზემოთ დავწერე, კამათი შეიძლება და სასურველიც არის. მე, უბრალოდ ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება გამოვხატე, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის პოზიციას ემთხვევა, მაგრამ ბევრისაც ეწინააღმდეგება, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ეს არის საკითხი, რომელზეც ყველას ერთგვაროვანი დამოკიდებულება ვერ ექნება და დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის აშენებასაც აგერ უკვე წლებია ვცდილობთ, ფასი სწორედ გასნხვავებულ მოსაზრებას, განსხვავებულ პოზიციას, ურთიერთპატივისცემას და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას აქვს.

 

პ.ს. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობის ისტორიაში სიყვარულისგან უფრო მეტი ადამიანია მკვდარი და დაღუპული, ვიდრე ტოტალიზატორისგან თუ პოკერისგან. ბარემ სიყვარულიც ხომ არ ავკრძალოთ?

რამოდენიმე წლის წინ სპორტულ გაზეთ “ლელო”-ში პირველად მოვკარი თვალი “მყვირალა” სარეკლამო განცხადებას, სადაც მავანი პიროვნება 16-19 წლის ბიჭებს (მაშინ მგონი ვაკმაყოფილებდი ასაკობრივ ცენზს) მასთან მისვლას, გასაუბრებას, საბუთების მიტანას და ის ჩვენ არგენტინის წამყვან კლუბებში სტაჟირებას და შემდგომში, თუ იქ თავს გამოვიჩენდით, იმ კლუბებში ჩარიცხვასაც გვთავაზობდა…

ჰო, მთავარი გამომრჩა: ყველანაირი ხარჯები საკუთარ თავზე ფეხბურთელს უნდა აეღო, იქნებოდა ეს მგზავრობის თუ საცხოვრებელი ხარჯები…

პირველივე წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ამ განცხადების ავტორი მაინც და მაინც ვერ ერკვეოდა საფეხბურთო სისტემის მუშაობაში, ან ერკვეოდა მაგრამ უბრალოდ…. Aფერისტი იყო. წარმოუდგენლად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ასე მიხვიდე ვინმესთან, გაესაუბრო(!) და შემდეგ მან არგენტინის წამყვან (დიახ სწორედ ასე ეწერა) კლუბში წაგიყვანოს სავარჯიშოდ.

ეს განცხადება ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქვეყნდებოდა გაზეთ ლელოში, შემდეგ კი ერთ დღეს დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც წავიდა სტაჟირებაზე და ჩაირიცხა არგენტინის მესამე(!) დივიზიონის კლუბში, რომლის სახელიც არც კი მახსოვს, მგონი “დეპორტივო” ჰქონდა დასაწყისში…

სარწმუნო წყაროდან შევიტყე, რომ ის ბიჭები, რომლებიც მივიდნენ ამ პიროვნებასთან გასაუბრებაზე და გაიარეს იგი (რატომღაც რომ ჩაჭრილიყვნენ), წავიდნენ არა წამყვან კლუბში, არამედ საეჭვო რეპუტაციის პიროვნებასთან, რომლიც მათ პარკებსა და ეზოებში ავარჯიშებდა…

შემდგომში ამ პიროვნებამ საქართველოში ჩამოიყვანა დიეგო მარადონა. რა მოხდა შემდეგ მგონი ყველამ იცით, აშკარად არაპროფესიონალური მიდგომის გამო სტადიონი თითქმის ცარიელი იყო…

რამდენადაც მე ვიცი, თვითონ ორგანიზატორებს არ სჯეროდათ რომ დიეგო ჩამოვიდოდა, ხოლო როდესაც საკუთარი თვალით იხილეს აეროპორტში, მხოლოდ მაშინ “გაახსენდათ”, რომ მისთვის შეპირებული ფული არ ჰქონდათ და დაადეს კიდევაც ბილეთს 50 ლარი! და ეს დიდი დიეგოს საჩუქრად გამოგვიცხადეს, თურმე ასე უყვარხართ ქართველებიო…

საერთოდ ფეხბურთის ყურება მარადონას გამო დავიწყე, მაგრამ მეც კი დამენანა 100 ლარის (მარტო ხომ არ წახვალ) გადახდა იმაში, რომ არაფრის მომცემ ამხანაგურ (ესეც კი არ ქვია მაგას) თამაშში მენახა ღიპიანი დიეგო და ბებერი კანიჯა (რომელიც ჩვენ 25 წლის “ვეტერან” ფეხბურთელებს ათი თავი სჯობდა)…

სულ ახლახან იგივე პიროვნებამ მოიწადინა პელეს ჩამოყვანა და თბილისში 21-წლამდე ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირის ორგანიზება, სადაც ჩვენ გარდა ბრაზილიის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ. და დაიწყო და აღარ გაჩერებულა “ლელო”-ში სტატიები ამ ტურნირის შესახებ, რომელთა შინაარსიც ნელ-ნელა ოპტიმისტურ-მომწოდებლურიდან პესიმისტურ-მათხოვრულამდე დავიდა. ეს პიროვნება უკვე თვეებია გაზეთის ფურცლებიდან გვიმტკიცებს ამ ტურნირის აუცილებლობის შესახებ, პრეზიდენტსაც კი მიწერა უკვე ბარე ათჯერ, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა ის და ლელოს ჟურნალისტი (მგონი სულ ერთი და იგივე პიროვნება წერს) არ ნებდებიან.

სტატიებში ისევ იყო ნახსენები სიტყვა “სტაჟირება”, კერძოდ: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ვინც თავს გამოიჩენს, იმას სტაჟირებაზე არგენტინაში გავუშვებთო!!!! სტაჟირებაზე გავუშვებთ საქართვლეოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს?!! მათგან უეტესობა წამყვან ქართულ კლუბებში (დინამო, ზესტაფონი, ოლიმპი, ბაია, ვიტ ჯორჯია) ან უცხოურ გუნდებში თამაშობენ და მათ გაშვებას აპირებს ეს პიროვნება სტაჟირებაზე?!

და საერთოდ ძალიან საინტერესოა ამ გაგანია სეზონში, როგორ აპირებს ეს პიროვნება არგენტინის, ბრაზილიის ან ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების ჩამოყვანას?! ვინ გამოუშვებს ამ ფებურთელებს საქართველოში “რაღაც” ტურნირზე სათამაშოდ?! ამ ნაკრების ფეხბურთელები ან საკუთარი ქვეყნის მართლაც წამყვან ან კიდევ ევროპის სხვადასვხა გუნდებში თამაშობენ…

ასევე ეწერა, რომ ვიღაც არგენტინელი მწვრთნელი, ლუის სესარ მენოტის მიერ რეკომენდირებული, მზადაა ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბოს, ჯერ აქ ავარჯიშოს და შემდეგ უფრო მაღალ დონეზე მოსამზადებლად არგენტინაში წაიყვანოს… და რომ მათი მიზანია 2014 წლისთვის ჩვენს ნაკრებს კადრები მოუმზადონ. არ ვიცი თქვენ როგორ ერკვევით ფეხბურთში, ან ფეხბურთის სისტემაში, მაგრამ ასეთი რამე წარმოუდგნელი კი არა, აბსურდია! აბსურდია რომ 4 წლის შემდეგ ნაკრების გამოსადეგი კადრი მომზადდეს გუნდში, რომელიც შეკრიბა ქუჩიდან ვიღაც საეჭვო რეპუტაციის არგენტინელმა და შემდეგ ტყე-პარკებში ავარჯიშა არგენტინაში.

ან საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საკუთარი საფეხბურთო სკოლები არ გვაქვს?! ან თუ ფეხბურთელი ნიჭიერია ევროპაში ვერ მიდის ჩვენი ქვეყნიდან?! აქამდე ნაკრებისთვის ფეხბურთელები არ გვყავდა და მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება თუ გვიშველის?! რა თქმა უნდა საფეხბურთო ინდუსტრია ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ისე ნამდვილად არაა საქმე, რომ ჩვენი ახალგაზრდული(!) ნაკრების ფეხბურთელებს სტაჟირება(!) სჭირდებოდეთ არგენტინაში. ევროპის ყველაზე სუსტი ნაკრების, სან მარინოს ფეხბურთელებიც კი შეურაცხყოფილები დარჩებოდნენ მსგავსი წინადადებით.

ძალიან სამწუხაროა, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ, ჩვენი ქვეყნის წამყვან (და მგონი ერთადერთ) სპორტულ გაზეთში მსგავსი ტიპის პიროვნებას, რომ ეთმობა ტრიბუნა და ისიც გაუთავებლად ცდილობს ჩვენ “დაბოლებას” იმის შესახებ რომ თურმე ჩვენ ფეხბურთს მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება ან ახალგაზრდულ “ნაკრებთა” (რეალურად მაქსიმუმ მესამე-მეოთხე ნაკრებთა) ოთხთა ტურნირი თუ გადაარჩენს.

ამ ადამიანის განცხადებების წაკითხვის მერე მხლოდ ორი აზრი თუ მოგივა თავში: ის რაც დასაწყისში ვახსენე – ან საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე ან ერკვევა, მაგრამ აფერისტია და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე. ეს ყველაფერი კი იწვევს საბოლოოდ იმას, რომ კარგავ პატივისცემას როგორც მთლიანად გაზეთის, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ.