Category: ფეხბურთი


რამოდენიმე წლის წინ სპორტულ გაზეთ “ლელო”-ში პირველად მოვკარი თვალი “მყვირალა” სარეკლამო განცხადებას, სადაც მავანი პიროვნება 16-19 წლის ბიჭებს (მაშინ მგონი ვაკმაყოფილებდი ასაკობრივ ცენზს) მასთან მისვლას, გასაუბრებას, საბუთების მიტანას და ის ჩვენ არგენტინის წამყვან კლუბებში სტაჟირებას და შემდგომში, თუ იქ თავს გამოვიჩენდით, იმ კლუბებში ჩარიცხვასაც გვთავაზობდა…

ჰო, მთავარი გამომრჩა: ყველანაირი ხარჯები საკუთარ თავზე ფეხბურთელს უნდა აეღო, იქნებოდა ეს მგზავრობის თუ საცხოვრებელი ხარჯები…

პირველივე წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ამ განცხადების ავტორი მაინც და მაინც ვერ ერკვეოდა საფეხბურთო სისტემის მუშაობაში, ან ერკვეოდა მაგრამ უბრალოდ…. Aფერისტი იყო. წარმოუდგენლად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ასე მიხვიდე ვინმესთან, გაესაუბრო(!) და შემდეგ მან არგენტინის წამყვან (დიახ სწორედ ასე ეწერა) კლუბში წაგიყვანოს სავარჯიშოდ.

ეს განცხადება ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქვეყნდებოდა გაზეთ ლელოში, შემდეგ კი ერთ დღეს დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც წავიდა სტაჟირებაზე და ჩაირიცხა არგენტინის მესამე(!) დივიზიონის კლუბში, რომლის სახელიც არც კი მახსოვს, მგონი “დეპორტივო” ჰქონდა დასაწყისში…

სარწმუნო წყაროდან შევიტყე, რომ ის ბიჭები, რომლებიც მივიდნენ ამ პიროვნებასთან გასაუბრებაზე და გაიარეს იგი (რატომღაც რომ ჩაჭრილიყვნენ), წავიდნენ არა წამყვან კლუბში, არამედ საეჭვო რეპუტაციის პიროვნებასთან, რომლიც მათ პარკებსა და ეზოებში ავარჯიშებდა…

შემდგომში ამ პიროვნებამ საქართველოში ჩამოიყვანა დიეგო მარადონა. რა მოხდა შემდეგ მგონი ყველამ იცით, აშკარად არაპროფესიონალური მიდგომის გამო სტადიონი თითქმის ცარიელი იყო…

რამდენადაც მე ვიცი, თვითონ ორგანიზატორებს არ სჯეროდათ რომ დიეგო ჩამოვიდოდა, ხოლო როდესაც საკუთარი თვალით იხილეს აეროპორტში, მხოლოდ მაშინ “გაახსენდათ”, რომ მისთვის შეპირებული ფული არ ჰქონდათ და დაადეს კიდევაც ბილეთს 50 ლარი! და ეს დიდი დიეგოს საჩუქრად გამოგვიცხადეს, თურმე ასე უყვარხართ ქართველებიო…

საერთოდ ფეხბურთის ყურება მარადონას გამო დავიწყე, მაგრამ მეც კი დამენანა 100 ლარის (მარტო ხომ არ წახვალ) გადახდა იმაში, რომ არაფრის მომცემ ამხანაგურ (ესეც კი არ ქვია მაგას) თამაშში მენახა ღიპიანი დიეგო და ბებერი კანიჯა (რომელიც ჩვენ 25 წლის “ვეტერან” ფეხბურთელებს ათი თავი სჯობდა)…

სულ ახლახან იგივე პიროვნებამ მოიწადინა პელეს ჩამოყვანა და თბილისში 21-წლამდე ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირის ორგანიზება, სადაც ჩვენ გარდა ბრაზილიის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ. და დაიწყო და აღარ გაჩერებულა “ლელო”-ში სტატიები ამ ტურნირის შესახებ, რომელთა შინაარსიც ნელ-ნელა ოპტიმისტურ-მომწოდებლურიდან პესიმისტურ-მათხოვრულამდე დავიდა. ეს პიროვნება უკვე თვეებია გაზეთის ფურცლებიდან გვიმტკიცებს ამ ტურნირის აუცილებლობის შესახებ, პრეზიდენტსაც კი მიწერა უკვე ბარე ათჯერ, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა ის და ლელოს ჟურნალისტი (მგონი სულ ერთი და იგივე პიროვნება წერს) არ ნებდებიან.

სტატიებში ისევ იყო ნახსენები სიტყვა “სტაჟირება”, კერძოდ: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ვინც თავს გამოიჩენს, იმას სტაჟირებაზე არგენტინაში გავუშვებთო!!!! სტაჟირებაზე გავუშვებთ საქართვლეოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს?!! მათგან უეტესობა წამყვან ქართულ კლუბებში (დინამო, ზესტაფონი, ოლიმპი, ბაია, ვიტ ჯორჯია) ან უცხოურ გუნდებში თამაშობენ და მათ გაშვებას აპირებს ეს პიროვნება სტაჟირებაზე?!

და საერთოდ ძალიან საინტერესოა ამ გაგანია სეზონში, როგორ აპირებს ეს პიროვნება არგენტინის, ბრაზილიის ან ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების ჩამოყვანას?! ვინ გამოუშვებს ამ ფებურთელებს საქართველოში “რაღაც” ტურნირზე სათამაშოდ?! ამ ნაკრების ფეხბურთელები ან საკუთარი ქვეყნის მართლაც წამყვან ან კიდევ ევროპის სხვადასვხა გუნდებში თამაშობენ…

ასევე ეწერა, რომ ვიღაც არგენტინელი მწვრთნელი, ლუის სესარ მენოტის მიერ რეკომენდირებული, მზადაა ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბოს, ჯერ აქ ავარჯიშოს და შემდეგ უფრო მაღალ დონეზე მოსამზადებლად არგენტინაში წაიყვანოს… და რომ მათი მიზანია 2014 წლისთვის ჩვენს ნაკრებს კადრები მოუმზადონ. არ ვიცი თქვენ როგორ ერკვევით ფეხბურთში, ან ფეხბურთის სისტემაში, მაგრამ ასეთი რამე წარმოუდგნელი კი არა, აბსურდია! აბსურდია რომ 4 წლის შემდეგ ნაკრების გამოსადეგი კადრი მომზადდეს გუნდში, რომელიც შეკრიბა ქუჩიდან ვიღაც საეჭვო რეპუტაციის არგენტინელმა და შემდეგ ტყე-პარკებში ავარჯიშა არგენტინაში.

ან საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საკუთარი საფეხბურთო სკოლები არ გვაქვს?! ან თუ ფეხბურთელი ნიჭიერია ევროპაში ვერ მიდის ჩვენი ქვეყნიდან?! აქამდე ნაკრებისთვის ფეხბურთელები არ გვყავდა და მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება თუ გვიშველის?! რა თქმა უნდა საფეხბურთო ინდუსტრია ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ისე ნამდვილად არაა საქმე, რომ ჩვენი ახალგაზრდული(!) ნაკრების ფეხბურთელებს სტაჟირება(!) სჭირდებოდეთ არგენტინაში. ევროპის ყველაზე სუსტი ნაკრების, სან მარინოს ფეხბურთელებიც კი შეურაცხყოფილები დარჩებოდნენ მსგავსი წინადადებით.

ძალიან სამწუხაროა, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ, ჩვენი ქვეყნის წამყვან (და მგონი ერთადერთ) სპორტულ გაზეთში მსგავსი ტიპის პიროვნებას, რომ ეთმობა ტრიბუნა და ისიც გაუთავებლად ცდილობს ჩვენ “დაბოლებას” იმის შესახებ რომ თურმე ჩვენ ფეხბურთს მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება ან ახალგაზრდულ “ნაკრებთა” (რეალურად მაქსიმუმ მესამე-მეოთხე ნაკრებთა) ოთხთა ტურნირი თუ გადაარჩენს.

ამ ადამიანის განცხადებების წაკითხვის მერე მხლოდ ორი აზრი თუ მოგივა თავში: ის რაც დასაწყისში ვახსენე – ან საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე ან ერკვევა, მაგრამ აფერისტია და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე. ეს ყველაფერი კი იწვევს საბოლოოდ იმას, რომ კარგავ პატივისცემას როგორც მთლიანად გაზეთის, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ.

 

Advertisements

საქართველო–ისრაელის მატჩის შემდეგ, პირველად ბოლო წლების მანძილზე არ მქონია პროტესტის გრძნობა ჩვენი გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, წუნი ძალიან ბევრი იყო, მათ შორის ქართველებისთვის ასე საამაყო ტექნიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მთავარი მაგ დღეს იყო ის, რომ გუნდი ფეხბურთს თამაშობდა და არა ამ სპორტის სახეობის უნიჭო პაროდიას. გარდა ამისა იყო კიდევ ერთი პლუსი: ფეხბურთელები იბრძოდნენ. არამარტო გოგუა და დვალიშვილი, არა, მთელი გუნდი, ნუ იაშვილის გამოკლებით, რომელიც რამოდენიმეჯერ აშკარად მოერიდა ორთაბრძოლას.

თუმცა თამაში ალბათ ყველამ იხილეთ, ამიტომ მოკლედ გამოვყოფ რამოდენიმე მომენტს რაც მომეწონა ან არ მომეწონა.

მომეწონა დაცვის მწყობრი თამაში, ასათიანის მშვენიერი უნარი წინასწარ გათვალოს მოწინააღმდეგის სვლები, ამისულაშვილის კარგი დაზღვევები, რევიშვილის დამაჯერებელი თამაში, ლობჟანიძის გონივრული მოქმედებები (რითიც ადრე არ გამოირჩეოდა, ძალიან ხშირად აკეთებდა იმას, რაც აშკარად არ გამოსდიოდა, მაგალითად მისი აქილევსის ქუსლი: შეტევაში გადასვლა და ჩაწოდება), ხიზანიშვილის მართლაც რომ ბრწყინვალე თამაში საყრდენად (ეს აშკარად ქეცბაიას აღმოჩენაა), მომეწონა დვალიშვილის ბრძოლა და ბურთის დაჭერა…

ყველაზე კარგი მაინც გუნდის თამაში იყო დაცვაში, რაშიც მხოლოდ დაცვის ხაზს არ ვგულისხმობ, არამედ მთელი გუნდის მოქმედებას მაშინ როდესაც ბურთი აქვს მოწინააღმდეგეს, არავინ დარბოდა ზედმეტს, მთელი გუნდი მწყობრად მოძრაობდა, ერთი–ორი მომენტის გარდა მშვენივრად მუშაობდა ურთიერთდაზღვევა, მცველებს და ნახევარმცველებს შორის არი იყო უფსკრული, როგორც ადრე…

არ მომეწონა კალაძის და კობის თამაში, კალაძე კიდევ გასაგებია, ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია და არც არის გასაკვირი, რომ რამოდენიმეჯერ პოზიცია აშკარად დაკარგა. კობის ასე ხშირად დაბნევას კი მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის დავიწყებას თუ დავაბრალებ;  არ მომეწონა ის, რომ ასათიანს ბოლოს არამარტო ფეხიდან, თავიდანაც კი ეჭრებოდა ბურთი :), რა თქმა უნდა არ მომეწონა ლობჟანიძის ჩაწოდებები, ანანიძის კუთხურები და ზოგადად მთლიანად ყველაფერი რაც შეტევას ეხება, თუმცა იმედია ესეც დროსთან ერთად გამოსწორდება.

მოკლედ აშკარად დადებითად განმაწყო ამ ორმა თამაშმა და აქ საქმე ორ ფრეში სულაც არ არის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ხანია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ფეხბურთი არ უთამაშია და რახან ბოლოს და ბოლოს ესეც გვეღირსა, მოდით დავიტოვოთ იმედი, რომ თანდათან ყველაფერში მოვუმატებთ, იქნება ეს მოქმედებები შეტევაში, თუ არაგონივრული პასები (მაგალითად ჩაკეტილი იაშვილისთვის ფლანგზე შორეული პასის გაკეთება), თუმცა რა შედარებაა ადრინდელთან, ამ ორ თამაშში სულ რამოდენიმეჯრ იყო ეპიზოდი, როდესაც ჩვენმა ფეხბურთელმა სულელური გადაწყვეტილება მიიღო და ადრე კი ლამის მთელი თამაში ალოგიკურობის ზეიმი იყო…

თუმცა, მოვრჩეთ ფეხბურთის სათამაში ნაწილზე და სხვას მივადგეთ, იმას, რამაც სათაური დაარქვა ამ პოსტს.

საერთოდ ქართველები ძალიან… როგორ ვთქვა… არარაციონალური ტიპები ვართ, ჩვენ არ გვიყვარს ფიქრი, შესაბამისად ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება, გვეზიზღება ერთმანეთი და არ გვაინტერესებს არავინ გარდა საკუთარი თავისა…

ჩემს გვერდზე იჯდა კაცი, ხანში შესული, რომელაც პირველივე წუთზე, როდესაც ჩვენმა რომელიღაც ფეხბურთელმა ბურთი დაკარგა დაახლოებით ასეთი რამ თქვა: “რას აკეთებ შენი დედა მოვტყან”, ოღონდ აგრესიულად კი არა, აი ისე, დაყვავებას რომ ეძახიან, ალერსიანად, მაგრამ ხმაში იმედგაცრუებაც ეტყობოდა, აი ცეზარს რომ ექნებოდა უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ, როდესაც ერთ–ერთ პაპსა ფრაზას ამბობდა…  შემდეგ მთელი თამაში ისე იქცეოდა თითქოს ქეცბაია იყო – ყველას კარნახობდა როგორ უნდა ეთამაშა და როდესაც  ჩვენები მის მოთხოვნებს  არ ასრულებდნენ (ისე უმეტესად სწორად კი კარნახობდა) უცბად “მოეფერებოდა”–ხოლმე.

ამ კაცის გარდა (რომელსაც თავისი გაჭირვებაც ეყოფოდა, კერძოდ აშკარა ნოსტალგია ჩვენი მენტალიტეტის და შეგნების დამანგრეველ საბჭოთა კავშირზე),  კიდევ უფრო ნერვების მომშლელეი სტადიონზე იყვნენ ახალგაზრდები… საერთოდ ვერ ვხვდები რატომ დადის ეს ხალხი ფეხბურთზე, აი უბრალოდ რატომ?  მათი ქცევა, საუბარი, მოქმედება, ყველაფერი საერთოდ, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ხალხი ფეხბურთის საყურებლად, ან თუნდაც საკუთარი ქვეყნის საგულშემატკივროდ მოვიდა სტადიონზე. ჩემს უკან ერთი “ბალღი” საერთოდ ისრაელისკენ იყო მგონი 🙂 (არიან ეგეთი დეზლა ტიპებიც, ვითომ კაი მასტები)

მაგრამ არის კიდევ სამი რამ, რაც უბრალოდ ცუდი კი არა, გონებრივი პრობლემაა… ამ სამ რამეს, ადამიანების სამ ჯგუფად გავაერთიანებ.

პირველი: თამაშის დაწყებიდან გასულია 10 წუთი და ხალხი ჯერ კიდევ დადის ტრიბუნებს შორის.  რატომ?!  9 საათზეა თამაში, აწიე შენი ტრაკი ცოტა ადრე და მიდი რა ადრე სტადიონზე, შენ თუ არ გაინტერესებს, სხვას მაინც ნუ უშლი ნერვებს – თამაშის ყურება უნდა ადამიანს და არა შენი ზარმაცი ტრაკის.

მეორე: ვინც ინებებს და ადრე მოვა სტადიონზე – ადექი, დახედე ბილეთს და დაჯექი შენს ადგილზე! ნუ იკავებ სხვის ადგილს, რადგან ძალზედ დიდია შანსი, რომ ის დეგენერატი, რომელიც პირველ ჯგუფში შედის, მოვა და გაჩვენებს ბილეთს და დაახვიეო გეტყვის, შენ კიდევ უნდა ადგე და მაინც დაიკავო შენი ადგილი, რომელზეც მანამდე უნდა დამჯდარიყავი. ხოლო ადამიანი, რომელიც პატიოსნად მოვიდა სტადიონზე ადრე და დაიკავა თავისი ადგილი, უკვე არამარტო პირველი ჯგუფის  ხალხის ტრაკებს უყურებს თამაშის მაგივრად, არამედ მეორე ჯგუფის წევრებისასაც.

და მესამე: დაწყების არ იყოს, თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე წასვლა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ანგარიშია 0–0 რა არის საერთოდ? მნიშვნელოვან საქმეზე ეჩქარებათ? ჩემს უკან მჯდარ “ბალღს” პოლემიკა ჰქონდა გამართული თავის მეგობართან, რომელიც კიბეებზე იდგა: ის ეხვეწებოდა წამოდიო, ეს მოიცადეო და ასე უყვიროდნენ ერთმანეთს 20 მეტით დაშორებულები.

თუ ვინმე, სამივე ჯგუფში შედის, წაიკითხეთ ამ ბლოგის პოსტი: “ადამიანები, რომელბიც უნდა მოკლა”, თქვენ 42–ე ნომერი ხართ 🙂

მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც პირველ ადგილზეა ცუდ ადამიანებს შორის 🙂 შესაძლოა ის საერთოდ არ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს… “ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის კარიბჭეების გამგე” :))  ეგ არის ვინც არის, უსაზღვრო ძალაუფლების მქონე კაცია: უნდა გააღებს კარს, უნდა დაკეტავს 🙂

ადრე გახსოვთ ალბათ, ხალხი სტადიონზე საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად შედიოდა, მათ შორის მეც, ამჯერად მგონი ყველა კარს აღებენ, მაგრამ  “ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის კარიბჭეების გამგეს” არ სძინავს – აუკრძალეს კარების დაკეტვა თამაშის დაწყებამდე?! არაა პრობლემა, დავკეტავთ დაწყების შემდეგ…

ვინმემ ამიხსნას, თუ შეუძლია, რატომ, უბრალოდ რატომ, გვხვდება ხალხს გასასვლელი კარი დაკეტილი? ჩამოდიხარ ტრიბუნიდან და ეზოში ჩასასვლელი კარი დაკეტილია. რატომ? იმ კარიდან რომ ჩავიდე ეზოში რამეს დავაშავებ? რატომ უნდა დავარტყა წრე სტადიონს და შევეტენო ხალხის მასაში და ასე ძლივს ჩავაღწიო ქვემოთ?

მოკლედ სტადიონზე წასვლა ერთი დიდი ნერვების გლეჯვაა, თუ იქ ფეხბურთის საყურებლად მიდიხართ და ტვინში ყველაფერი მოჭერილი გაქვთ.

პ.ს. ჰო, კიდევ ბილეთების კონტროლიორი იყო “მაგარი კაცი”, ბილეთების შემოწმებით რომ დაიღალა და ასე 20 კაცს რომ დაუქნია ხელი შედითო, ასე შემოვედი გადაუხეველი ბილეთით, საინტერესოა იმ 20–ში უბილეთო რამდენი იყო 🙂

პ.პ.ს “ადამიანები, რომლებიც უნდა მოკლა”, ნომერი 43 – ისინი ვინც სტადიონზე უბილეთოდ მიდიან.

საერთოდ მიღებული აზრია, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია, უკვე ყარს და მას არაფერი ეშველება… არაა სიმართლისგან შორს ეს მოსაზრება, თუ მას ერთ წინადადებას მივამატებთ: არაფერი ეშველება, სანამ მასში მაზოხისტები, სადისტები და ონანისტები იმუშავებენ.

არ იფიქროთ ფედერაციაზე მქონდეს საუბარი, არა, ფედერაცია კიდევ სხვა თემაა, ამჯერად მინდა ქართული კლუბების შესახებ გესაუბროთ, კერძოდ იმ ოთხი კლუბის შესახებ, რომლებსაც პატივი ჰქონდათ წარედგინათ ჩვენი ქვეყანა ევროტურნირებზე: ოლიმპი, დინამო, ზესტაფონი და ვიტ–ჯორჯია.

თავიდანვე ვიტყვი, ერთადერთი გუნდი, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, ამ ოთხეულში არის “ზესტაფონი” – გუნდი, რომელიც რაღაცით მაინც მოგვაგონებს საფეხბურთო კოლექტივს, რომელსაც გააჩნია რაღაც მიზანი, ჩამოყალიბებული საკლუბო სტრუქტურა და განვითარების გეგმა. გუნდი, რომელმაც მთლიანად შეინარჩუნა ბირთვი, გაუშვა ორი ხოლო დაიმატა სამი ფეხბურთელი, რომლებიც აშკარად ჯობიან გაშვებულებს, ანუ აწარმოა გონივრული სატრანსფერო პოლიტიკა, შეინარჩუნა კოლექტივი და შედეგიც შესაბამისი აქვს: გუნდი მესამე ეტაპზეა და სულა არ გამოიყურება უშანსოდ უკრაინულ “კარპატი”–სთან დაპირისპირების წინ.

რაც შეეხება დანარჩენ სამს:

დინამოს კიდევ არაუშავს, რადგან ამ გუნდს აქვს ტრადიციები, აქვს სტადიონი, ბაზა… მოკლედ ყველაფერი, რომ განვითარდეს და უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, მაგრამ როგორც ჩანს მას არ აქვს მთავარი: ფული. რადგან მართლაც წარმოუდგენელია გუნდს ფული ჰქონდეს, ევროპის ლიგაზე ჰქონდეს სათამაშო და გუნდიდან გაუშვას ერთდროულად 5 ლიდერი, ხოლო მათ მაგივრად მხოლოდ ლევან ხმალაძე და ახალგაზრდა მეტრეველი დაიმატოს, შემდეგ გავიდეს ევროპაზე სათამაშოდ და განაცხადიც კი ვერ შეავსოს 18 ფეხბურთელით! სირცხვილია მოკლედ რომ ვთქვათ.

აი ის ხუთი ლიდერიც: გურამ და შოთა კაშიები, აკირემი, კრსტესკი და ჩიკვილაძე.  იმაზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რომ რომელიმე ეს ფეხბურთელი გუნდმა გაყიდა, რას ამბობთ ჩვენი გუნდები ხომ ქველმოქმედები არიან, რა ტრანსფერი, რის ტრანსფერი…

დავანებით დინამოს თავი, ავად თუ კარგად გუნდმა ორი ეტაპი გადალახა (სამართალი მოითხოვს აღნიშვნას, რომ დინამოს ძალიან გაუმართლა, რადგან ფლორაც და გეფლეც ძალზედ სუსტი გუნდებია) და ამჯერად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გრაცის “შტურმს” უნდა შეხვდეს… წაგება და გავარდნა გარანტირებულია.

ვიტ–ჯორჯია – გუნდი, რომელსაც ასევე აქვს მკვეთრად ჩემოყალიბებული საკლუბო პოლიტიკა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ის ზრდის საკუთარ ტალანტებს და შემდეგ ყიდის სხვადასვხა გუნდებში და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ყოველწლიურად ტოვებენ ლიდერები, ის მაინც წამყვან პოზიციებზე რჩება საქართველოში.

თუმცა წელს ამ გუნდს აშკარად ზედმეტი მოუვიდა –  გაუშვა გუნდიდა, თანაც უფასოდ: ბედიაშვილი, რაზმაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, ბერიაშვილი (თანაც ყველა კონკურენტ ოლიმპში) და გიორგი დათუნაიშვილი. დამატებით კი არავინ დაუმატებია, შედეგი – 0:6 სახლში ბანიკთან, მორიგი სირცხვილი ვიტელებისგან (2:8 ვისლასთან ხომ გახსოვთ).

საინტერესოა, ასეთი შედეგი ძნელი განსაჭვრეტი იყო?! მგონი ვიტელების ხელმძღვანელობის გარდა ყველა ველოდით მსგავს დასასრულს, ან შეიძლება ისინიც ელოდნენ, უბრალოდ… ფეხებზე ეკიდათ.

მაგრამ ამ ოთხეულში არის მარგალიტი, სასწაული სახელად რუსთავის “ოლიმპი”.

მსოფლიოში არ არსებობს ოლიმპის მსგავსი გუნდი. გუნდი, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ (!) მთლიანად ცვლის შემადგენლობას და ხანდახან მწვრთნელსაც კი. მერე კიდევ ვინმეს უკვირს, ყაზახეთის “აქტობე” როგორ გვიგებსო…

საქმეც მაგაშია ზუსტად, არ არის 30 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე აქტობე ოლიმპზე ძლიერი, უბრალოდ აქტობეს ყოველ 6 თვეში ერთხელ არ ტოვებს 10 ფეხბურთელი და მათ მაგივრად არ იყვანს მორიგ 10 ახალწვეულს.

ოლიმპის ხელმძღვენელების მსგავსი არაპროფესიონალები ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არიან.  მათი ქმედება არ ჯდება არანაირ ლოგიკაში, აბსოლუტურად არანაირ ლოგიკაში, მათ მოქმდებებს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელთა მოქმედებასთან საერთო ძალზედ ცოტა თუ აქვს.

მოდით ჩამოვთვლი ოლიმპიდან წასულ და ოლიმპში მოსულ ფეხბურთელებს.

წავიდნენ: აკინო, ფრაგა, გველესიანი, გილაური, პავლე დათუნაიშვილი, ჭანტურია, მერლანი, გ. კვარაცხელია, მაჭავარიანი, ელოხი, ხუბუა (ეს ბიჭი 6 თვეში ერთხელ ახორციელებდა რეისს რუსთავი–ბოლნისი–რუსთავი), იმედაშვილი, ს. იაშვილი, რ. ჯიქია – 14 ფეხბურეთელი

მოვიდნენ: გეწაძე, ბოლქვაძე, ბათიაშვილი, ბედიაშვილი, რაზმაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, ბერიაშივლი, დოლიძე, გ. ნუგ. ჭელიძე, ქემოკლიძე, მოდებაძე – 12 ფეხბურთელი.

წარმოგიდგენიათ, რომ მსგავსი რამ განახორციელოს რომელიმე სერიოზულმა გუნდმა? რაღა სერიოზულმა, გუნდმა რომელიც საკუთარ თავს ოდნავ პატივს მაინც სცემს?

წარმოდიგინეთ ბარსელონამ გუნდიდა გაუშვა: მესი, პუიოლი, აბიდალი, მარკესი, დანი ალვეში, ვალდესი, პინტო, ბუსკეტსი, პიკე, მილიტო, ინიესტა, მაქსველი, იბრაჰიმოვიჩი და ვილია…( დაახლოებით იმაზე პოზიციის ხალხი ავარჩიე) თანაც ყველა უფასოდ(!)

ხოლო მათ მაგივრად, არანაკლები დონის (თუ ეს შესაძლებელია) 12 ფეხბურთელი დაიმატოს….  ალბათ მთელი სეზონის დასჭირდება გუნდს, რომ მართლაც კოლექტივს დაემსგავსოს.

რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გარდა, კიდევ უამრავი პრობლემაა ქართულ კლუბებში, რომელთა უმეტესობაც ისევ და ისევ არაპოფესიონალიზმთან არის კავშირში, არაპროფესიონალიზმთან, ან ელემენტალურად საქმის არცოდნასთან. სწორედ ამის გამო ხდება ის, რომ სახლში 0:6–ს ვაგებთ, ხოლო ყაზახები ისე გვიყურებენ, როგორც ჩვენ ვუყურებდით მათ 10 წლის წინ.

ბანალურია, მაგრამ ყველა ვითარდება, ყველა წინ მიდის, პრინციპში ცდილობს მაინც, მხოლოდ ჩვენ ვადგავართ დეგრადაციის გზას და ჯიუტად არ ვაპირებთ კურსის შეცვლას. თითქოს ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, ევროპის საკლუბო რეიტინგში მხოლოდ 7 თუ 8 ქვეყანას ვუსწრებთ, მაგრამ… წინ კიდევ არის დასაპყრობი ახალი სიდაბლეები, გეშინოდეთ სან მარინო და ფარერებო, საქართველო მოდის!

დამთავრდა მუნდიალი, აღარ ისმის ვუვუზელას ბზუილი და გულზე ხელი რომ დავიდო, ძალიან მენატრება მისი განუმეორებელი ხმა 🙂 საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ისევ და ისევ ლოგიკურად დასრულდა, რადგან ბარს… უკაცრავად, ესპანეთის ეს ნაკრები და ეს თაობა ნამდვილად იმსახურებდა მსოფლიოს ჩემპიონობას, იმსახურებდა ჩავი, ინიესა, პუიოლი, ტორესი, ფაბრეგასი, ვილია, რამოსი, კასილიასი… იმსახურებდა თუნდაც იმიტომ , რომ ასეთი ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში, განსხვავებით ჰოლანდიისგან, რომელსაც რეალურად მხოლოდ ორი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავს…

ფინალის შესახებ მაინც და მაინც ბევრს ვერც ვილაპარაკებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველამ ნახეთ და ახალი რა უნდა გითხრათ?

იყო საუბრები მსაჯობაზე და უების შეცდომებზე…

კი, ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ მათ ვინც ჰოვარდს აკრიტიკებს, რადგან მისმა ბოლო შეცდომამ მართლაც გადაწყვიტა მატჩის ბედი: ის შეტევა, რომელიც ინიესტას გოლით დასრულდა, წესით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან მაგ დროს ჰოლანდიას კუთხური უნდა მოეწოდებინა…

სხვა ისეთი არაფერი შეშლია ინგლისელ არბიტრს, არც მაშინ როდესაც რობენს ჩაებღაუჭა პუიოლი, რადგან არიენმა ოპონენტის ჩამოშორების შემდეგ, არც წონასწორობა დაკარგა და არც ბურთი, თუმცა ხელი კი შეეშალა. აი რომ დაცემულიყო, დაინიშნებოდა ჯარიმა და პუიოლი ნამდვილად წითელ ბარათს მიიღებდა.

მაგრამ უები ჰოლანდიის სასარგებლოდაც შეცდა: თამაშის დასაწყისშივე გასაძევებელი იყო დე იონგი იმ კუნგ–ფუს ილეთის გამო, რომელიც მან ჩაბი ალონსოს ჩაუტარა…

მოკლედ ასე იყო თუ ისე, მსოფლიოს ახალი, მერვე ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონატის წინ მთავარ ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და პირველად ისტორიაში გავიდა ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ ფინალში და ბოლოს გაიმარჯვა. ჩავიმ, ინიესტამ, პიკემ, პუიოლმა, ვილიამ, ბუსკეტსმა, ფაბრეგასმა, ჩაბი ალონსომ, კასილიასმა, რამოსმა, კაპდევილამ  შეძლეს ის, რაც თავის დროზე ვერ გააკეთეს სუარესმა, კუბალამ, პუშკაშმა, დი სტეფანომ, ბუტრაგენიომ, გუარდიოლამ, ლუის ენრიკემ და კიდევ ბევრმა სხვამ…

რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს – ეს გუნდიც მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს, თუნდაც იმიტომ, რომ ფინალამდე მან ყველა მატჩი მოიგო, მოიგო შესარჩევის რვავე თამაში, გააგდო ტურნირიდან ესპანეთის შემდეგ მთავარ ფავორიტად მიჩნეული ბრაზილია…

დიდი უსამართლობაა, რომ ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში, ისევ უტიტულოდ ტოვებს მუნდიალს, მესამე ფინალი – მესამე მარცხი. მაგრამ აქვე სათქმელიც არის, რომ სადაც კრუფის, ნეესკენსის, ვან დერ კერკჰოფების, რეპის, ჰაანის, რენსენბრინკის გუნდმა ვერ მოიგო მუნდიალი, არაა გასაკვირი, რომ სნეიდერის და რობენის გუნდმა ვერ შეძლო…

აი ესპანეთს კი რეალურად ამაზე ძლიერი ნაკრები არასდროს ჰყოლია, ეს გუნდი არის ესპანეთის 1934 წლის ავსტრია, 1954 წლის უნგრეთი, 1970 წლის ბრაზილია და 1974 წლის ჰოლანდია…

ასე, რომ ვულოცავ ბარს… ესპანეთს ამ გამარჯვებას და იმედი მაქვს, რომ საკლუბო დონეზეც ასე გააგრძელებენ თამაშს, მეკარის, მარჯვენა მცველის და ერთი საყრდენის გარდა 🙂

თუ გაინტერესებთ უახლოეს მომავალში შემოთავაზებთ არგენტინის ნაკრების ფიასკოს მიზეზების დეტალურ ანალიზს და ყველას დაგარწმუნებთ რა დონის დეგენერატია დონ დიეგო და ბატონი ხულიო გრონდონა…

როგორც ვივარაუდე, ფინალში გავიდნენ ის გუნდები, რომლებსაც აქამდე მსოფლიოს ჩემპიონის წოდება არ ღირსებიათ. ეს კი არა, ესპანეთი საერთოდ პირველად არის მუნდიალის დასკვნითი მატჩის მონაწილე, რაც ჩემპიონატის დაწყების წინ სენსაციად ნამდვილად არ განიხილებოდა, აი რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს, მიუხედავად ამ გუნდისადმი დიდი პატივისცემისა, ალბათ მაინც ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა “ორანიეს” ფინალში გასვლას.

ჰოლანდიელებმა აქამდე ჩატარებული ექვსივე მატჩი მოიგეს და თუ მეხსიერება არ მღალატობს, ფინალში გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ მეორე გუნდი გახდება ვინც ჩემპიონობა 7 გამარჯვებით მოიპოვა. პირველი იყო ბრაზილია 2002 წელს.

ესპანეთის ნაკრები კი აგრძელებს ჩვენს გაოცებას, გაოცებას ნეგატიური კუთხით… არა, გერმანიასთან ნამდვილად ის ესპანეთი ვიხილეთ, რომელსაც ასე ველოდით მუნდიალის დაწყებიდან, მაგრამ მაინც ეს სამი 1–0 პლეიოფის სტადიაზე რაღაც ცუდად ხვდება თვალს… თუმცა ამ მხრივ არც ჰოლანდიაა ანგელოზი: მოგებული ექვსი მატჩიდან ხუთი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ მართლაც გენიალური შემთხვევა, გუნდმა 6 თამაშში გაიტანა 7 გოლი, იქიდან 5 კი ერთ კაცზე მოდის 🙂 დავიდ ვილია მართლაც ესპანეთის მესი(ა) გახდა ამ ტურნირზე. თუ ის სექტემბრიდან ასევე გააგრძელებს გატანას ბარსას რიგებში, ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი იქნება… თუ რა თქმა უნდა ესპანეთი გახდება ჩემპიონი. ჰოლანდიის გაჩემპიონების შემთხვევაში უესლი სნეიდერს არ ასცდება ეგ პატივი (ბოდიში არიენ)  🙂

ისევ და ისევ უნდა ვახსენო სიტყვა ლოგიკა… არ იყო გერმანია ისეთი ძლიერი როგორიც ჩანდა, ინგლისთან მათ მართლაც გაუმართლათ ლამპარდის გოლი, რომ არ ჩაითვალა, 2–2–ზე რა მოხდებოდა, მითუმეტეს ფსიქოლოგიური უპირატესობა ინგლისს ექნებოდა, კაცმა არ იცის…

რაც შეეხება არგენტინას… ეს ხომ გუნდი არ იყო… ასეთი სუსტი გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს მუნდიალებზე. რეალურად არგენტინელებმა გამოიყენეს საკუთარი პოტენციალის 10 პროცენტი… 50 მარადონას მწვრთნელობამ წაიღო, 40 კი სახლში იჯდა ჩემპიონატის დღეებში: ძანეტი, კამბიასო, ლუჩო, გაგო, ბანეგა, რიკელმე… ამ ყველაფერს კი დავამატოთ გერმანიასთან სკამზე მყოფი ერთადერთი საიმედო მცველი ვალტერ სამუელი,მის გვერდზე მჯდომი, გუნდში ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველი(!), ხუან ვერონი, სკამზე ჩამპალი დიეგო მილიტო და უკვე აღარ გვეჩვენება ეს 4–0 რაღაც სასწაულად… მითუმეტეს, რომ არგენტინელებმა 2–0–ის მერე თამაშს თავი დაანებეს, რის გამოც ასევე დიეგოსკენ უნდა გავიხედოთ… ფსიქოლოგია…

მოკლედ ბევრი, რომ არ ვისაუბროთ არგენტინაზე, იმის თქმა მსურს, რომ არ იყო ეს გერმანია ისეთი ძლიერი, როგორიც ჩანდა, ან როგორიც ბევრს ეგონა, რაც ესპნაეთმა დაამტკიცა კიდევაც… გერმანელებს პოტენციალი რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ ასეთივე პოტენციალი მათ გარდა კიდევ 8–9 გუნდს აქვს…

რას უნდე ველოდოთ ფინალისგან?  ალბათ ესპანეთის უპირატესობას და ჰოლანდიის კონტრშეტევებს, ძირითადად მარჯვენა ფრთიდან, სადაც რობენი ბურთს მიიღებს და ცენტრისკენ დაიწყებს მოძრაობას, თუ არა და ბურთს დაკარგავს 🙂

დელ ბოსკე ალბათ არ შეცვლის ტაქტიკას და ისევ 4–5–1–ს გამოიყენებს, ერთადერთი ეჭვი პედროზე მაქვს, მაგრამ მგონი იმასაც ათამაშებს, მიუხედავად იმ გაუგონარი საქციელისა რაც მან ჩაიდინა გერმანიასთან ბოლო წუთებზე…

ვან მაარვიკის ტაქტიკა და შემადგენლობა კი ძნელი გამოსაცნობი ნამდვილად არაა, აქაც 4–5–1.

შემადგენლობა? გადახედეთ ჰოლანდიის განაცხადს, როგორც ძველ კარგ დროს იყო, ძირითადში იქნებიან ფეხბურთელები ნორმებით 1–დან 11–ის ჩათვლით 🙂

მოკლედ იმედია კარგი ფინალი იქნება. კარგი დაძაბულობის და დონის თვალსაზრისით, თორემ ლაღ თამაშს ალბათ არავინ ელის, თუმცა რა იცი, ყველაფერი ხდება… იქნებ ვნახოთ შეშლილი შემტევი თამაში, ის თამაში, რის გამოც უყვარს ხალხს ესპანეთის ეს, ხოლო ჰოლანდიის ყველა ამის გარდა, ნაკრებები 🙂

მატჩი მესამე ადგილისთვის კი გასაუქმებელია… თუ გერმანია და ურუგვაი მინიმუმ 5 გოლს არ გაიტანენ, უნდა გაუქმდეს შემდეგი მუნდიალიდან.

ისე, მთელი გერმანია ალბათ კლოზეზე ითამაშებს…

ტრადიცია კვლავ არ დაირღვა: მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ისიც პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ფინალურ 4–ეულში ვერც ბრაზილია გავიდა და ვერც გერმანია. ისიც 1930 წელს გერმანია არ მონაწილეობდა მუნდიალზე, დაეზარათ ურუგვაიში წასვლა 🙂

ოთხი მეოთხედფინალიდან გულშემატკივრები ყველაზე დაძაბულ მატჩს იმ შეხვედრაში ელოდნენ, რომელიც ზუსტად რომ ყველაზე მარტივი გამოდგა ერთი გუნდისთვის და ვისაც ფეხბურთში რამე მაინც ესმის, მისთვის ეს გასაკვირი არ იქნებოდა… არ იყო საჭირო ორი ტანგო, ერთი მივიღეთ წინა დღეს, ახლა ლუდი გვინდოდა 🙂

კარგად დაბალანსდა ისე ყველაფერი: ტანგო, მარიჰუანა, ლუდი და ფლამენკო…

თამაშებს რაც შეეხება: მე პირადად არ მახსენდება ისეთი დრამატული მოვლენა, რაც განა–ურუგვაის თამაშში მოხდა. 120–ე წუთზე ვინმეს 11–მეტრიანი აეცილებინოს ასეთი მნიშვნელობის მატჩში… ასეთი რამ მართლაც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს… სუარესი ანტიგმირიდან გმირი სულ რაღაც ერთ წუთში გახდა, ხოლო ასამოა გიანი…  არავინ ისურვებდა ალბათ მის ადგილას ყოფნას იმ დღეს, მაგრამ უბრალოდ ვერ ავუვლით გვერდს და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი გამბედაობა და რასაც ქვია “კაცობა”, რადგან მან მიუხედავად ყველაფრისა გადაწყვიტა მატჩის შემდგომ პენალტებში დარტყმა და გაიტანა კიდევაც. ამას ბევრი ნამდვილად ვერ გაბედავდა…

ბრაზილიამ თამაში ძალით წააგო… გიანის არ იყოს, ასევე ვერ ვიხსენებ თამაშს გუნდს ასე დამაჯერებლად ჩაეტარებინოს პირველი ტაიმი და თამაში მაინც წაეგოს ამ დონის ტურნირის ამ ეტაპზე…

არადა ბრაზილია ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა და მართლაც მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ…. ფელიპე მელომ სუარესის სცენარი გაიმეორა, ოღონდ უკუღმა, გმირიდან ანტიგმირი გახდა და მოდით ვთქვათ, ძალიან, პირდაპირ სასაცილომდე ლოგიკურად დააგვირგვინდა უბადრუკი და სასირცხვილო სეზონი… მელოს ისეთი ამაზრზენი სეზონი ჰქონდა და ისეთი რამ გააკეთა ჰოლანდიასთან თამაშში, რომ კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდებოდა ალბათ 🙂

ესპანეთი აგრძელებს ჩვენს გაოცებას… ასეთი პოტენციალის გუნდი, როდესაც ასე თამაშობს, ძირითადად ის ემართება რაც ინგლისს დაემართა წელს და არამარტო წელს, მაგრამ ესპანეთი 1/2 ფინალშია, პირველად ისტორიაში სხვათაშორის. სწორედ ამიტომ, ბევრისგან განსხვავებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი გაამართლებს ფავორიტის სტატუსს და გერმანიას ბეჭებზე გააკრავს, გერმანიას, რომელიც ბოლო ორი თამაშია უბრალოდ ბრწყინვალეა, თუმცა…

თუმცა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში ინგლისთან 4–1 და არგენტინასთან 4–0–მა, რადგან ორივე ეს გუნდი ძალზედ სუსტი იყო რეალურად. ორივე შემთხვევაში გერმანიამ პირველმა ძალიან სწრაფად გაიტანა გოლი, გოლი რომელიც გამოწვეული იყო დაცვის (ტერი და აპსონი პირველ შემთხვევაში, ოტამენდი მეორეში) შეცდომით, რის შემდეგაც თამაში მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ მოექცა. არგენტინას კი რა დონის დაცვა (არ ვგგულისხმობ მხოლოდ დაცვის ხაზს, არამედ მთლიანად გუნდის შესაძლებლობას თავი დაიცვას) ჰყავდა, მაგას მგონი ისედაც ყველა ხედავდა… ასევე ყველა ხედავადა, თუ როგორ შეუძლია გერმანიას კონტრშეტევის ორგანიზება. მოკლედ არაფერი გასაკვირი 4–0–ში არ იყო… არგენტინა–მექსიკის თამაშის შემდეგ მოვლენების ასეთი განვითარება მე ვიწინასწარმეტყველე და მეცინებოდა იმ ადამიანებზე ვინც თვლიდა, რომ არგენტინა ჩემპიონატის ფავორიტი იყო…

არქაული პერიოდის რომბისებრი 4–4–2 ვერ გახდებოდა ვერაფერის მომტანი გარდა იმ შედეგესა, რაც მიიღო დიეგო მარადონამ და გული ატკინა მილიონობით არგენტინელს და არამარტო არგენტინელს.

მარადონაზე და მისი მილიონ +1 შეცდომაზე კიდევ ვისაუბრებ სხვა დროს, ამჯერად კი რადგან საუბარი მუნდიალზეა, ამით დავკმაყოფილდეთ, დავისვენოთ ორი დღე და დაველოდოთ 1/2 ფინალებს.

თავს უფლებას მივცემ და პრიგნოზს გავაკეთებ: ფინალში ჩემი აზრით გავლენ გუნდები, რომლებიც ჯერ არ გამხდარან ჩემპიონები 🙂

ოფიციანტმა დანაპირები შეგვისრულა და მოგვართვა ცივი ლუდი, ცხელ–ცხელი შნიცელებით. რაც შეეხება თევზს და კარტოფილს: უკვე გვიანია, სამზარეულო დაიხურა, მზარეული კი სახლში წავიდა. მალე დაიხურება ჩვენი ბარი, ასე რომ თუ ჭამა გინდოდათ აქამდე გეჭამათ, ახლა მხოლოდ ლუდის, მუსიკის და ცეკვის დროა…

რა შეიძლება ითქვას განვლილ თამაშებზე?! პირველ რიგში ალბათ ის, რომ მერვედფინალების მთავარი გმირები იყვნენ მსაჯები, კერძოდ როზეტი და ლარიონდა თავისი ბრიგადებითურთ.

ინგლისი – გერმანიის მატჩის დროს ლარიონდას ლამპარდის გოლი რომ ჩაეთვალა, გერმანია ნამდვილად ვერ დაიჭერდა ინგლისს ისეთ კონტრშეტევებზე, რომლების დროსაც მესამე და მეოთხე გოლი გაიტანა, მაგრამ აქვე შესაძლოა ეს აზრი ასე ჩამოვაყალიბოთ: ბატონ გარეთ ბერის “დაბოლილივით” რომ არ ეთამაშა ორივე ეპიზოდში (პირველად ბურთი დაკარგა, მეორე კი რატომღაც იოზილს საერთოდ არ გაუწია წინააღმდეგობის მსგავსიც კი), არც მაშინ იქნებოდა ეს კონტრშეტევები და გოლები.

ის რაც მოხდა იყო გაუგონარი უსამართლობა ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ ლამპარდის გოლი რომ ჩათვლილიყო, იქნებოდა გაუგონარი უსამართლობა ფეხბურთის თვალსაზრისით, რადგან გერმანია ყველაფერით სჯობდა თავის მეტოქეს…

მოკლედ ყველას 1966 წელი და ბახრამოვი გაგვახსენა ამ ეპიზოდმა, პირადად მე კი, სანამ გავაანალიზებდი, რომ მსაჯმა ვერ დაინახა ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთა, გამახსენდა 1999 წელი… რომელი თამაში თავად გამოიცანით 🙂

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მსაჯის (ასისტენტის) დადანაშაულება რთულია, რადგან ის ზუსტად იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო (ბოლო მცველთან ერთ ხაზზე) და უბრალოდ ამ კუთხით არ გამოჩნდა ის რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. ანუ რა გამოდის: მსაჯმა ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ გოლი მაინც ვერ დაინახა… ეს ბლატერისთვის მგონი საბოლოოს “მესიჯი” უნდა ყოფილიყო.

მსგავსი შემთხვევა იყო თუ სწორად მახსოვს 1996 წლის ევროზე, როდესაც სტოიჩკოვმა დაარტყა შორიდან და ბურთმა ზუსტად იგივე გააკეთა, გადაკვეთა ხაზი და უკან გამოვარდა, მაგრამ მაშინ მგონი ეს თვით ხრისტომაც ვერ დაინახა, ახლა კი…

რაც შეეხება არგენტინის და მექსიკის თამაშს – პირდაპირ გასაოცარია როგორ ვერ დაიანახა ასისტენტმა ტევესის თამაშგარე. რადგან მას, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, სწორი პოზიცია ეკავა, მაგრამ სხვობა ისაა, რომ არ პოზიციიდან ყველაფერი მშვენივარ ჩანდა… ყველაზე ცუდი კი ალბათ ის იყო, რომ შემდეგ სტადიონზე გამეორება აჩვენეს და ყველამ დაინახა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა არბიტრმა… ამას მექსიკელთა მხრიდან პროტესტი მოყვა, მაგრამ რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან წესების მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეო გამეორების გამოყენება დაუშვებელია…

დანარჩენ თამაშებზე სალაპარაკო ბევრიც არაფერია:

ალბათ ყველას გული დაგვწყდა ა.შ.შ–ს და ჩილეს საკმაოდ სიმპატიური ნაკრებების გავარდნის გამო, მაგრამ არანაკლებად სიმპატიური გუნდია განა… ბრაზილიაზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ, სამივე გოლი მართლაც შესანიშნავი იყო და ტევესთან ერთად რობინიოს და ფაბიანოს გოლებს ნამდვილად ექნებათ პრეტენზია საუკეთესოობაზე…

ჰოლანდიამ ისევ უსახურად ითამაშა. რამოდენიმე დღეში გავარკვევთ აქამდე თავს ზოგავდნენ, თუ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ. მე უფრო მეორე მგონია…

შეგეცოდებოდა კაცს იაპონიის ნაკრები, რადგან პარაგვაისგან განსხვავებით აშკარად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, ჰონდა კი საერთოდ ამ მუნდიალის ერთ–ერთი აღმოჩენაა.

მოკლედ ასე იყო, თუ ისე 1/8 ფინალების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. ყველა წყვილში გაიმარჯვა იმან ვისაც უნდა გაემარჯვა და ვისაც ობიექტურად ეკუთვნოდა მოგება.

ახლა კი დავისვენოთ ორი დღე ვუვუზელასგან და როდესაც მივხვდებით, რომ სასწაულად მოგვენატრა მისი ხმა, მოვა 18:00 საათი და ფაბიანო ან ვან პერსი ბურთს ფეხს წაკრავენ და… დაიწყება ისევ ლუდის სმა, “პლანის” შეკეთება, ტანგო, სამბა, ფლამენკო და ისევ ტანგო…

მალე დაიხურება ჩვენი ბარი, ამიტომ გავერთოთ სანამ დრო გვაქვს… 🙂

დამთავრდა ჯგუფური ეტაპი, 16 გუნდი სახლში წავიდა, 16 მომდევნო მატჩისთვის ემზადება, 16 კულტურა მოაკლდა მუნდიალის მრავალფეროვან საზოგადოებას, 16 კიდევ დარჩა… მოაკლდა შემწვარი ქათამი (ქათამი და არა მამალი!), მოაკლდა პიცა და სპაგეტი, მაგრამ არც არავის წყენია, რადგან უკვე დიიიიდი ხანია არავინ ეკარებოდა, ზედმეტად ცივი იყო ორივე კერძი… კიდევ რა, კიდევ ბევრი რამ მოაკლდა, მაგრამ მაინც და მაინც დანაკლისად ვერ მივიჩნევთ, პრინციპში ვერც ქათამს და პიცას მივიჩნევთ დიდ დანაკლისად, მხოლოდ სახელები თუ იყო მათგან შემორჩენილი…  რა დარჩა?  დარჩა ტაკო (ადამიანის ტანის ნაწილი არა, საჭმელია ერთგვარი), დარჩა ორი ტანგო (ვერ გაუყვიათ რომლის არის), დარჩა სამბა, ჯაზი, მარიჰუანა, ფლამენკო, დარჩა ამაზრზენად უგემური შემწვარი თევზი თავისი ცივი კარტოფილით, დარჩა ცოტათი შემთბარი ლუდი, თავის ჩაცივებულ შნიცელებიანად, თუმცა ოფიციანტი გვპირდება ლუდს ჩავაციებთ, შნიცელს კი გავაცხელებთო და ვნახოთ… ან ლუდი მოვა ცივი, ან თევზი გემრიელი… მოკლედ გასართობად კიდევ შემოგვრჩა საშუალებები, ამოირჩიეთ რომელიც გინდათ… იქნებ სულაც სუში გიყვართ? მოკლედ ასორტიმენტი მრავალფეროვანია..

რაც შეეხება მესამე ტურს, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, ზედმეტად ლოგიკურადაც კი. ყველა ვისაც ეკუთვნოდა გასვლა – გავიდა, ვისაც არა – ჩარჩა. ვერც ერთ გუნდზე ვერ ვიტყვით იმსახურებდა გასვლას და ვერ გავიდაო (კიდევ კარგი აშშ–მ გაიტანა, ხოლო შვეიცარიამ ვერ).

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩილეს ნაკრები. ძალიან მესიმპატიურება ეს გუნდი და მომკალით 🙂  სამწუახარო, ძალიან სამწუხაროა, მექსიკელი არბიტრის გამო,  ბრაზილიასთან თამაშში განახევრებული სიძლიერის გუნდით რომ მოუწევს  გამოსვლა, რადგან მედელი და პონსე მართლაც ნახევარი გუნდია… თუმცა მატი ფერნანდესი დაუბრუნდებათ, ასევე იმედია სუასოც და იქნებ ვნახოთ ის თამაში, რის გამოც ხალხს ბრაზილია უყვარს უკვე ათწლეულებია, ხოლო ჩილე შეუყვარდათ ამ მუნდიალზე…

შესანიშნავი თუ არა, ნამდვილად კარგი თამაში უნდა იყოს არგენტინა–მექსიკა, ისევე როგორც ესპანეთი–პორტუგალია, ხოლო გერმანია–ინგლისს ალბათ ყველა სულმოუთქმელად ველოდები. მერე რა რომ  ვერ აჩვენებენ სათანადო თამაშს (მეტწილად ეს ინგლისს ეხება), მაინც კლასიკაა, რომელიც კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ვერ ვნახოთ მუნდიალზე.

ურუგვაის გუნდიც უნდა გამოვყოთ, რომელსაც ძალზედ გაუმართლა ბადეში და ალბათ 1/2 ფინალში უპრობლემოდ გავა (თუმცა აშშ–ს ჩამოწერაც არ შეიძლება).

თუმცა ეს ყველაფერი უკვე შემდგომი დღეების თემაა. მესამე ტურზე კი მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ მე პირადად არ მახსოვს როდის იყო ბოლოს ასეთი სიტუაცია, როდესაც მესამე ტურის წინ 32 გუნდიდან, 30–ს ჰქონოდა გასვლის თუნდაც თეორიული შანსი შერჩენილი და ყველა ჯგუფში დაძაბული სიტუაცია ყოფილიყოს 🙂

პირველი ტურის შემდეგ იმ იმედით დაგემშვიდობეთ, რომ უკეთეს განწყობაზე ვიქნებოდი… ვერ ვიტყვი, რომ მთლად აღფრთოვანებული ვარ მეორე ტურის შემდეგ, მაგრამ პირველთან რა შედარებაა – გოლები მაინც გადის და ფეხბურთელები ბურთს მაინც აჩერებენ, ვუვუზელას ხმაც კი ისე აღარ მაწუხებს, ან მე შევეჩვიე, ან თვითონ შეწუხდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ დღეს (22 ივნისი) სამხრეთ აფრიკის თამაშზე ისევ აუტანელი ხმაური იქნება…

რა შეიძლება ითქვას მეორე ტურის გადმოსახედიდან?  ის, რომ ზოგი ფავორიტი აშკარად ვერ ამართლებს თავის სტატუსს (ინგლისი), ზოგი ისე თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს (იტალია), ზოგმა გაგვაკვირვა მეორე ტურში (გერმანია), ზოგი სხვანაირ ფეხბურთს გვთავაზობს (ჰოლანდია, ბრაზილია). ამ უკანასკნელთ რაც შეეხებათ, პრინციპში ეს ბრაზილიისგან გასაკვირი არც იყო –  ყველამ ვიცოდით ისედაც, რომ დუნგა ბრაზილიას პრაგმატულ და ევროპულ ფეხბურთს ათამაშებდა, ბოლოს და ბოლოს 1994 წლის ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ აი ჰოლანდიისგან ცოტა გასაკვირია ასეთი თამაში, რომელსაც იმდენად არა პრაგმატული, არამედ “მეტი არ შეგვიძლია, ეს ვართ რაც ვართ” შეიძლება ვუწოდოთ… არ მითხრათ რობენი არ ყავდათო, კი გასაგებია, დიდი ძალაა რობენი და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მაინც მეტი მოეთხოვება გუნდს, რომელსაც ჰყავს: სნეიდერი, ვან დერ ვაარტი, ვან პერსი და სხვები… დაბრუნდება არიენიც და იმედია ჰოლანდიაც გადასხვაფერდება და შემოგვთავაზებს იმ თამაშს, რითიც ვერ იგებს ვერაფერს, სამაგიეროდ იგებს ხალხის გულს 🙂

არგენტინის ნაკრებს რაც შეეხება:  ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს გენიალური შეტევა, ნორმალური, მაგრამ ქაოტური დაცვა (ანარქისტი დემიკელისის და ჰაინცეს მეთაურობით) და ძალზედ სუსტი ნახევარდაცვა… არა, მე მასკერანოს და ვერონს არ ვაკნინებ, უბრალოდ ერთი გამოკლების შემთხვევაშიც კი, გუნდს შეექმნება უდიდესი პრობლემები, რადგან მათი შემცვლელი დონ დიეოგს ფიზიკურად არ ჰყავს (ბოდიში ბოლატისთან), ხოლო ნორმალურ და ორგანიზებულ გუნდთან მარადონას გიჟური 4–1–2–1–2–ით, რაც რეალურად არის 4–1–5, არგენტინის ნაკრებს კარგი დღე არ დაადგება… აი მაშინ კი გაახსენებენ დიეგოს კამბიასოს, ლუჩოს,გაგოს, ბანეგას, ძანეტის… ხუთივე ამ ფეხბურთელს ხომ ცენტრალუ ზონაში შეუძლია თამაში, თან როგორ შეუძლიათ მგონი ყველამ ვიცით.

საფრანგეთის ნაკრებმა გაგვაოცა ყველა, არა, შედეგით კი არა, უბრალოდ იმ ქცევით, რის გამოც მოხვდნენ კიდევაც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თორემ დომენეკს რომ “იმპოტენტი” გუნდი ჰყავდა, მაგის მიხვედრას დიდი “პროფესორობა” არ სჭირდებოდა.

ვის შეიძლება ვუწოდოთ გასული ორი ტურის შემდეგ, ტურნირის აღმოჩენა?

მე ორ გუნდს გამოვყოფდი: ალჟირი და ჩილე.  დიდი ალბათობით ორივე ეს გუნდი ჯგუფში ჩარჩება, მაგრამ მათ უკვე კვალი დაამჩნიეს ამ მუნდიალს, რადგან ჩილემ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ლამაზი და ორგანიზებული გუნდის გაკეთება შეუძლია მარსელო ბიელსას და ამავე დროს კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა ეტაკა ამ კაცს 2002 წლის მუნდიალზე, მაინც და მაინც ჩემპიონატზე, რომ შეცვალა გუნდის (არგენტინა, ვისაც არ გახსოვთ) ტაქტიკა–სტრატეგია…

ხოლო ალჟირს რაც შეეხება: პირადად მე გაოცებული ვუყურებდი ამ გუნდის თამაშს ინგლისთან… ლამაზი კომბინაციები, საკუთარ საჯარიმოსთან პასები, მაშინ როდესაც 90 პროცენტი გუნდებისა ბურთს უბრალოდ მოიგერიებდა, არანაირი პანიკა, არანაირი დაძაბულობა, არანაირი მორიდება, არანაირი შიში… ბელჰაჯის ჩართვები შეტევაში, ზიანის ფინტები, კედელივით აღმართული ბუგერა…  ეს გუნდი ჩემი პირადი ფავორიტია პირველი ორი ტურის შემდეგ, მითუმეტეს მისგან ასეთ ცვლილებას სლოვენიასთან თამაშის შემხედვარე, არავინ მოელოდა.

იმედია არ მიწოდებთ მიკერძოებულს, რადგან პირველი ორი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემი აზრით, იყო ლეო მესი, რადგან არგენტინის მთელი თამაში მასზეა დამოკიდებული: ის იყო ყველგან, ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, თავისი ჩვეული დრიბლინგებით აღწევდა მეტოქის დაცვის სიღრმეებში და არღვევდა მას და საერთოდ თუ დააკვირდით, მესი კორეასთან თამაშში ძირითადად ცენტრალური ნახევარცველის პოზიციაზე თამაშობდა… იმის წარმოდგენაც კი მეშინია რა მოუვა მარადონას ნაკრებს, მესი რომ გამოაკლდეს და შედარებით ძლიერ გუნდს შეხვდეს, მაგალითად იმავე მექსიკას, რომელიც ალბათ დღეს (22–ში) წყნარად ითამაშებს ფრეს ურუგვაისთან, საფრანგეთს სახლში გაუშვებს, ხოლო თვითონ 4 წლის წინანდელისთვის რევანშის ასაღებად დაიწყებს მზადებას. შანსი ნამდვილად აქვთ, არგენტინის ეს ნაკრები, ხომ წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია…

მოკლედ იმედია ყველა ფავორიტი გააგრძელებს გზას ჯგუფური ეტაპის შემდეგ (საფრანგეთს და კიდევ ერთ გუნდს არ ვგულისხმობ, მაგრამ ის კიდევ ერთი გუნდი მაინც გავა ჯგუფიდან, რადგან… რადგან ასეთი გუნდია და პლუს მოკალი და ძალზედ იოლ ჯგუფშია…) და პლეი–ოფებიდან უკვე ლამაზ თამაშებს ვნახავთ, სადაც ნამდვილი ვარსკვლავები (ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, რონალდო, შვაინი, ჯერარდი, ლამპარდი, რუნი, კაკა, რობინიო, რობენი, ვამ პერსი…) გაიბრწყინებენ, რადგან ჯერჯერობით ისინი ჩრდილში არიან, არადა მუნდიალს სწორედ საფეხბურთო გენიოსები ალამაზებენ…

თუმცა ჯერ წინ მესამე ტურია, რომელიც ბევრს რამეს გაარკვევს, 16 გუნდი სახლში წავა, 16 ერს გული გაუტყდება, 16 კი ბედნიერი იქნება, ვნახოთ ვინ გაიხარებს უახლოეს 4 დღეში და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე პლეი–ოფებზე…

პ.ს. არგენტინის გავარდნის შემთხვევაში შესაძლოა მუნდიალზე წერის სურვილი გამიქრეს 🙂 წინასწარ მაპატიეთ ჩემი არაპროფესიონალიზმი 🙂

მოდით სანამ პოსტის აზრს ჩამოვაყალიბებ, პატარა შესავალს გავაკეთებ…

ისევე როგორც ყველამ, მეც ფეხბურთის ყურება ბავშვობიდან დავიწყე და ისევე როგორც ყველამ ჩემი საყვარელი გუნდი ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამო ამოვარჩიე: არგენტინა – დიეგო მარადონას გამო. კლუბებში საქმე სხვანაირად არის, უბრალოდ დავუწყე ბარსელონას გულშემატკივორბა, მას შემდეგ რაც ვნახე მათი მარცხი პარი–სენ–ჟერმენთან 1995 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მაგრამ ეს სხვა ამბავია, ისევ არგენტინას დავუბრუნდეთ…

საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანები, ვინც იმ დროს დაიწყო ფეხბურთის ყურება, როცა მე, გულშემატკივრობენ ან ბრაზილიას – რადგან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ან იტალიას – ბაჯოს და საერთოდ იმ დროს თბილისში ატეხილი ნამდვილი ისტერიის გამო (იმედია გახსოვთ ეს ისტერია ბაჯოების გარშემო).

პატარა ბავშვი ფეხბურთში ვერ ერკვევა, მან არ იცის რა არის ლამაზი თამაში, ტაქტიკა, ტექნიკა… მას სჭირდება ემოცია, ემოცია, რომელიც მოდის გამარჯვებიდან (ბრაზილია) ან გმირისგან (ბაჯო ფინალამდე) ან ანტიგმირისგან (ბაჯო ფინალის შემდეგ)…

მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ ადამიანი, რომელიც ჯერ ფეხბურთში გაერკვევა, ნახავს ბავერ თამაშს და შემდეგ გადაწყვეტს უგულშემატკივროს რომელიმე გუნდს, იტალიას ნამდვილად არ აირჩევს, მეტივ ეს იქნება უკანასკნელი ოფცია, რომელსაც ის მიმართავს არჩევნის გაკეთების დროს, რადგან იტალიის ეროვნული გუნდის თამაში არ შეიცავს არაფერს, საერთოდ არაფერს რის გამოც ხალხს ფეხბურთი უყვარს, ერთდერთი რაც იტალიისგან მოდის, არის ემოცია გამარჯვებისგან, დაუმსახურებელი გამარჯვებისგან…

კატენაჩოზე და მის არსზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი რომ ეს არის ფეხბურთის ბურთით თამაშის არ ცოდნის შედეგად მოგონილი ტაქტია. არ შემედავოთ ამაზე გთხოვთ, აი მარტივი ლოგიკა: ძლიერი ხარ ბურთის ფლობის დროს? მაშინ მოიგებ. არ იცი ფეხბურთის თამაში, მაშინ ჩაჯექი დაცვაში და იქნებ მერე გაგივარდეს… ეს არის სუსტი გუნდის მენტალიტეტი, გუნდის, რომელმაც იცის, რომ ვერ მოიგებს თამაშით, ამიტომ უნდა ირბინოს, ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს თამაშში და ეცადოს არ წააგოს, ხოლო მერე ერთი სწრაფი პასი წინ, ან კუთხური იშვიათი შეტევის დროს და რა იცი რა ხდება, იქნებ გაიტანო კიდევაც…

მაგრამ მოდით მთავარზე ვისაუბროთ, კერძოდ კი იმაზე, რატომ არის ჩემი აზრით 2006 წლის ფორმაციის იტალიის ნაკრები ყველა დროის ყველაზე სამარცხვინო ჩემპიონი.

უბრალოდ მინდა ერთად გადავხედოთ ამ გუნდის მიერ განვლილ გზას მსოფლიო თასამდე, ვინ და როგორ დაამარცხა, რამდენი გოლი გაიტანა, როგორ გაიტანა ეს გოლები და ასე შემდეგ.

თამაში პირველი: იტალია – განა 2–0

გოლები: პირლო და იაკვინტა.

პირლომ გაიტანა კუთხურის გათამაშების შემდეგ, იაკვინტა კი სამუელ კუფურის მეკარისთვის არაზუსტად მიცემული პასის შემდეგ, პირისპირ გავიდა გოლკიპერთან და საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

თამაში მეორე: იტალია – აშშ 1–1

გოლი: ჯილარდინო.

პირლომ ჩააწოდა ჯარიმა, ხოლო ჯილარდინომ ნახტომში დაუხვედრა ბურთს თავი და აშშ–ს კარის ბადეში გაახვია

თამაში მესამე: იტალია – ჩეხეთი 2–0

გოლები: მატერაცი და ინძაგი

ტოტი აწვდის კუთხურს, ხოლო ყველაზე უღირსი მარკო მსოფლიოში თავით აჭედებს ბურთს მას კარის ბადეში.

მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც ჩეხეთი მთელი გუნდით წინ იყო წასული, პირლო აწვდის პასს ინძაგის და ჩეხთან პირისპირ გაჰყავს, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო, რომელიც მართალია პიპოს არ აქვს, მაგრამ მაინც მოახერხა გოლკიპერის მოტყუება და ბურთის კარში შეგორება.

1/8 ფინალი: იტალია – ავსტრალია 1–0

გოლი: ტოტი

მატჩის 93–ე წუთზე ფაბიო გროსომ მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, მოატყუე ერთი მეტოქე და შემდეგ გასცდა გასრიალებულ ლუკას ნილს, რომელსაც ზურგზე გამოედო და დაენარცხა, მსაჯმა პენალტი დადო, ტოტიმ აუღელვებლად გაიტანა და იტალია 1/4 ფინალში გავიდა.

1/4 ფინალი: იტალია – უკრაინა(!) 3–0

გოლები: ძამბროტა,ტონი (2)

ტოტისთან გათამაშებული კედელის შემდეგ, ძამბროტამ შორი მანძილიდან დაარტყდა და შოვკოვსკის ახლო კუთხეში გაუტანა, მეკარის შეცდომა აშკარა იყო…

კუთხურის გათამაშების შემდეგ ტოტის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც აბსოლუტურად მარტოდ დატოვებულმა ტონიმ, 3 მეტრიდან გადაგზავნა ბურთი კარში.

ძამბროტა გადის ფლანგზე და ცარიელ კართან აწვდის ლუკა ტონის, რომელსაც აღარ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა.

1/2 ფინალი : იტალია – გერმანია 2–0 დ.დ.

გოლები: გროსო და დელ პიერო

მატჩის 119–ე წუთზე კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ბურთი მისდის პირლოს, რომელიც პასს აწვდის გროსოს და ისიც  შესანიშნავი დარტყმით გზავნის ბურთს კარში

ბოლო წამებზე დელ პიერო პირისპირ გადის ლემანთან და უტანს მეორე გოლს.

ფინალი: იტალია – საფრანგეთი 1–1 პენ. 5–4

გოლი: მატერაცი

კუთხურის მოწოდების შემდეგ, მარკო ყველაზე მაღლა ხტებდა და გააქვს გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში და ათანაბრებს ანგარიშს.

მიუხედავად საფრანგეთს უპირატესობისა, მატჩი ასეც დამთავრდა და დაინიშნა პენალტები, რომელშიც ტრეზეგეს აცილებული ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა და მსოფლიომ მიიღო ყველა დროის ყველაზე სუსტი და უფანტაზიო მსოფლიოს ჩემპიონი.

არც ერთი თამაშში მუნდიალზე იტალიას მოწინააღმდეგე არ დაუჯაბნავს, თუ არ ჩავთვლით უკრაინის(!) ნაკრებს.

გადახედეთ მოწინააღმდეგეებს, რომელიც დაამარცხა იტალიამ : განა, ჩეხეთი, ავსტრალია, უკრაინა და ნუ ბოლოს გერმანია.

გადახედეთ ანგარიშებს და ბოლოს გუნდის ბომბარდირები გახდნენ: ტონი და მატერაცი(!)2 გოლით

სულ იტალიამ გაიტანა 12 გოლი, მათგან 7 (!) გოლი იყო სტანდარტული სიტუაციის შემდეგ. ხოლო 3–ჯერ მოწინააღმდეგის მეკარესთან გავიდნენ პირისპირ, როდესაც ოპონენტი მთელი გუნდით უტევდა.

და ამ ყველაფერის მერე, იტალიის ნაკრების კაპიტან, ფაბიო კანავაროს აძლევენ ოქროს ბურთს(!)

რისთვის?  ორ კარგ გუნდთან ჩატარებული კარგი მატჩების გამო?  მთელი სეზონის შეჯამების შედეგად, ყველა შედეგი და ყველას თამაში გადაძლია ფაბიოს კარგმა თამაშმა გერმანიასთან და საფრანგეთთან?!

მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ასეთი სუსტი გუნდი ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, იგივე საფრანგეთმა ამ მუნდიალზე გზაში დაამარცხა ესპანეთი, ბრაზილია და პორტუგალია!

ხოლო გერმანიამ  გამოაგდო შვედეთი და არგენტინა.

სწორად გამიგეთ, მსოფლიოს ჩემპიონობა ისეთი რამ არის, რომ გუნდს, რომელიც ამ ტიტულს იგებს, გარდა კუთხურების კარგად მოწოდებისა, სხვა რამეც უნდა შეეძლოს, თუნდაც ერთი ლამაზი გოლი უნდა ჰქონდეს გატანილი მთელს ჩემპიონატზე…

გაიხსენეთ სხვა ჩემპიონები: 1982 წლის იტალია, არგენტინა, გერმანია, ბრაზილია, ისევ ბრაზილია 2002–ში…  ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ, ნადმვილი ჩემპიონები, დამსახურებული ჩემპიონები, ობიექტურად ყველაზე ძლიერები, ხოლო რაც შეეხება იტალის 2006 წლის ნაკრებს… პანალტებით ფრანგებს რომ მოეგოთ, აბსოლუტურად ვერავინ იტყოდა იტალიამ დაიმსახურა ჩემპიონობაო…პირიქით, საფრანგეთი დამსახურებული გამარჯვებული იქნებოდა, თუნდაც იმ მოწინააღმდეგეების დამარცხების გამო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ხოლო 7 თამაშის მანძილზე, მხოლოდ ერთ ძლეირ გუნდს, გერმანიას რომ დაამარხებ დამატებითი დროის 119–ე წუთზე… დამსახურებულობაზე ლაპარაკი ცოტათი მეხამუშება…

და ბოლოს, აი როგორ ემზადება “სკაუდრა აძურრა” (ისე ცისფერ გუნდს ნიშნავს 😉 )  დიდი ტურნირებისთვის 😛