მოკლედ, პოსტი დიდი ხანია არ დამიწერია, ამიტომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო, უბრალოდ საქმეზე გადავალ, თუმცა მანამდე ერთს დავამატებ: ეს პოსტი, რა თქმა უნდა არ ეხება ყველას, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ გამონაკლისი რასაც ამტკიცებს კარგად იცით…
დასაწყისში აღვნიშნავ, რომ იქიდან გამომდინარე, რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, გავხდი აბსოლუტურად აპოლიტიკური და პესიმისტი ადამიანი, შესაბამისად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ ვუჭერ და სულ ფეხებზე მკიდია ვინ მოიგებს და რას მოიგებს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება. სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აზრის გამოთქმისას ამის დამატება გიწევს, რადგან თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გამოთქვი, აუცილებლად მტრად და მოღალატედ გაღიარებენ, თან არ აქვს მნიშვნელობა “ბარიკადის” რომელ მხარს ხარ.
ახლა კი გადავალ საქმეზე:
ადამიანი, რომელსაც ცხოვრაბაში აქვს ინტერესები და ცდილობს ეს ინტერესები გაამრავლოს, ყოველთვის ისწრაფვის რაიმე ახალის შეცნობისკენ, მას სურს, რომ გაიგოს უფრო მეტი და სურს, რომ განვითარდეს. წლების მატებასთან ერთად, იზრდება ანალიტიკური აზროვნების უნარიც (წესით ასე უნდა იყოს, თუმცა გამონაკლისებიც უხვად არის), შესაბამისად, რაც უფრო ბერდები, მით უფრო მეტს ხედავ და მეტს აღიქვამ.
როდესაც ახალგაზრდა ხარ შედარებით ნათელ ფერებში ხედავ ყველაფერს, მათ შორის ადამიანებსაც, გჯერა მათი სიკეთის, პატიოსნების და კიდევ ათასი სისულელის, მაგრამ გადის წლები და წარმოდგენები ადამიანებზე იცვლება, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, როგორიც არის საქართველო.
ნამდვილად არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის ყველაზე ცუდი ქვეყანა ან ქართველები ყველაზე ცუდი ხალხი ვართ, არა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასეთი შეხედულებები ყოველთვის სუბიექტურია და თან სტერეოტიპული, მაგრამ ჩემი სტერეოტიპულ–სუბიექტური გადმოსახედიდან, მე არ მომწონს ეს ქართველი ხალხი…
ოდითგანვე მიჩნეულია, რომ ქართველები სტუმართმოყვარე, კეთილი, პატიოსანი, ვაჟკაცი და თავმოყვარე ხალხია. ბავშვობიდან მესმოდან მოწოდებები: რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ; ერთად დავუდგეთ მტერს; იბერია გაბრწყინდება; მეცხრე ბლოკი გადაიწვა; ქართველები ცოტა ვართ და ერთად უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ. ბავშვობაში პატრიოტიზმით გაჯერებულს მჯეროდა ამ ლოზუნგების, მჯეროდა, რომ ქართველები ერთად უნდა ვიყოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, მჯეროდა რომ ქართველებს გვიყვარს ერთმანეთი… გავიდა წლები და მივხვდი, რომ ქართველებს ერთმანეთი გვეზიზღება.
არაფერი უშლის ქართველს ნერვებს ისე, როგორც სხვა ქართველის წარმატება. არც ერთი სხვა ერის წარმომადგენელი არ ეზიზღება ქართველს ისე, როგორც სხვა ქართველი…
გავიდა წლები და მივხვდი, რომ ყველაფერი არის ტყუილი, ფარსი, მოჩვენებითი, ისეთი მცნებებიც კი, როგორიც არის სიმამაცე, სიყვარული, ვაჟკაცობა, ყველაფერი ბუტაფორიულია. ჩვენი მოქალაქეების თითქმის ყველა მოქმედება ნაკარნახებია ან კონფორმისტული მოტივებით, ან პირადი სარგებლის მოტივით, ან კიდევ იმით, რომ სხვებს დაანახოს რა კარგი ადამიანია.
თავმოყვარეობაც კი არჩევითია – თუ გაწყობს, რომ თავმოყვარე იყო, მაშინ გულზე მჯიღის ცემით გავარდები საკუთარი თავმოყვარეობის დასაცავად, ხოლო თუ სჯობს, რომ ჩუმად იყო და “თავზე დ**მა” გადაყლაპო, მაშინ ასეც მოიქცევი.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფასობს სიტყვები და არა საქციელი
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თანამდებობზე მუშაობენ გაუნათლებელი, აბსოლუტურად არაფრის მცოდნე და უმაქნისი ადამიანები
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რაღაცის არ ცდონა კარგ ტონად და კაი ტიპოდან მიიჩნევა
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც სიტყვები “კაი ტიპი” გამოიგონეს იმ ადამიანის აღსანიშნავად, რომელიც რეალურად ნოლია, უბრალოდ “კაი ტიპია”
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმისთვის, რომ მინისტრი გახდე საკმარისია მიტინგზე “რუპორი” ერთხელ მაინც დაიჭირო.
ჩვენ ვცხოვრობთ ბნელ, გაუნათლებელ ქვეყანაში, რომელიც ერთ–ერთი ბოლოა განათლების დონის მხრივ ევროპაში
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ავტომობილით მგზავრობისას შენ გზაზე მიდიოდე, არ გაგატარონ და იქით შეგაგინონ
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვერ იტანანენ განსხვავებულ აზრს
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის ეშინიათ
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გოგოები მარტო გათხოვებაზე ფიქრობენ
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა აღმასკომზე ირკვევა
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოკვდა ჟურნალისტური ეთიკა.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭრი არ ხარ, რუსეთის აგენტი, სამშობლოს მოღალატე და ბიძინას ფულზე გაყიდული ადამიანი ხარ
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნაში, სადაც თუ ბიძინას მომხრე არ ხარ, აუცილებლად ხარ მიშისტი, ერის მოღალატე, ლაჩარი და ტრაკის მლოკველი
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს საზოგადოებრივი სოლიდარობა
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც შეიძლება ქრისტეს სახელით გცემონ
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველაზე დიდი პატრიოტია
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არჩევითია
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ჰგონია, რომ დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მხოლოდ კონკრეტულად მისი უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული და სხვისი არავისი
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ამა თუ იმ სამსახურში დასაქმებულნი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაეგებათ საკუთარი საქმის, მასზე ბევრად უკეთესები კი ან სახლში ზიან პურის ფულის გარეშე, ან კიდევ მათხოვრულ ხელფასზე მუშაობენ
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დამინჯება საუკეთესო გამოსავალია, იქამდე სანამ პრობლემა შენ არ შეგეხება
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც უნიჭოები ყველაზე მეტად არიან დაფასებულნი და ნიჭიერები იკარგებიან უგზოუკვლოდ
კიდევ ათასი, ათი ათასი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა. ის ყველაფერი რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი და მეტი არავის.
ზოგი მთავრობას აკრიტიკებს, ზოგი ოპოზიციას, არადა ქვეყანას ზუსტად ისეთი მთავრობა და ოპოზიცია ჰყავს, როგორსაც ხალხი იმსახურებს.
ჩვენთან არ არსებობოს სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენთან ერთი ადამიანი, მეორეს გვერდში არ დაუდგება, თუ მას პრობლემა არ აქვს, ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება კიდევ დიდ ხანს არ იქნება, რადგან ახლა, ამ მომენტში, 21–ე საუკუნის დასაწყისში ქართველს ყველაზე მეტად ქართველი ეზიზღება…
პ.ს. ამ პოსტის ბევრად უკეთ და გამართულად დაწერაც შეიძლებოდა, მაგრამ ერთი რომ წერა დიდად ისედაც არ მეხერხება, მეორე დიდი ხანია არაფერი დამიწერია და მესამეც, ალბათ პოსტის პათოსიდან გამომდინარე თავადაც მიხვდით, რომ მთლად ცივი გონებით ვერ ვმსჯელობ.
2. ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყოველმხრივ კეთილი.
3. ყოველმხრივ კეთილ არსებას მოუნდებოდა, რომ აღეკვეთა ყველანაირი ბოროტება.
4. ყოვლისმცოდნე არსებამ იცის თუ როგორ ჩნდება ბოროტება.
5. ყოვლისშემძლე არსებას, რომელმაც იცის თუ როგორ ჩნდება ბოროტება, შეუძლია, რომ შეაჩეროს ბოროტების წარმოშობა.
6. არსება, რომელმაც იცის ბოროტების წარმოშობის ყველა საშუალება, რომელსაც შეუძლია ბოროტების წარმოშობის შეჩერება და უნდა ამის გაკეთება, არ დაუშვებდა ბოროტების არსებობას.
7. თუ არსებობს ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოველმხრივ კეთილი არსება, მაშინ ბოროტება არ არსებობს.
დასრულდა 2010–2011 წლების საფეხბურთო სეზონი, რომელშიც საკმაოდ იყო მოულოდნელობებიც და აშკარა იმედგაცრუებებიც, იყო რეკორდებიც და საოცარი მატჩებიც. მოდით შევაჯამოთ ეს სეზონი და ჩამოვარიგოთ სხვადასხვა პრიზები.
წინა წლის გამარჯვებულები აქვე შეგიძლიათ იხილოთ, წინა პოსტში, ხოლო მხოლოდ გამარჯვებულებისთვის კი ცალკე გვერდს გავაკეთებ 🙂
ნომინაციებზე ბევრ ფიქრს არ დავიწყებ და შარშანდელის ანალოგიურს შემოგთავაზებთ. მაშ ასე, დავიწყოთ წამყვანი ხუთი საფეხბურთო ჩემპიონატის (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ცხრილების ანალიზი და გამოვავლინოთ სხვადასხვა გამარჯვებული:
ყველაზე მეტი ქულა: ბარსელონა – 96 ქულა (38 თამაში).
ისევე როგორც შარშან, წელსაც ამ ნომინაციასი გამარჯვებული გახდა კატალონიური კლუბი, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო იმასთან, რომ 100 ქულიან ზღვარს გადასცდენოდა, მაგრამ ბოლო მატჩებში უმოტივაციობამ და ჩემპიონთა ლიგის ფინალმა მაინც თავისი ქნა და გუნდმა ბოლო ტურებში ქულები დაკარგა, რის გამოც საბოლოოდ 96–ზე შეჩერდა. ყველაზე ახლოს მასთან მადრიდის რეალი მივიდა – 92 ქულა.
ყველაზე მეტი მოგება: ბარსელონა – 30 (38 თამაში).
მხოლოდ ერთი მოგება არ ეყო ბარსას, წინა წლის შედეგის გასამეორებლად.
ყველაზე მეტი გატანილი გოლი: რეალი – 102 (38 თამაში).
ვერც წელს მოახერხა ბარსამ ამ კატეგორიაში გამარჯვება (შარშან ჩელსიმ მოიგო). რეალმა შესანიშნავად ჩაატარა სეზონის ბოლო მონაკვეთი და ამის გამო გაასწრო ბარსელონას (95 გოლი) გატანილი ბურთებით.
ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი: ბარსელონა –21 (38 თამაში)
ძალიან მცირედით ჩამორჩა დორმუნდის ბორუსია (22 გაშვებული გოლი). საოცარია, რომ გუნდი, რომელიც პირველ რიგში ცნობილია თავისი შეტევით, მეორე სეზონია ვერ იგებს ყველაზე მეტი გატანილი გოლის ნომინაციაში, სამაგიეროდ იმარჯვებს ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლის კატეგორიაში.
სეზონის აღმოჩენა (გუნდი): ჰანოვერი და მაინცი.
კანდიდატი ძალიან ბევრი იყო: ლილი, რომელმაც საფრანგეთში თითქმის ყველაფერი მოიგო, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალუ ასპარეზზე; ნაპოლი, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა ეს სეზონი; ბორუსია, რომლისგანაც ასეთ ფეხბურთს ნამდვილად არ ველოდით, მაგრამ მაინც, ყველაზე დიდი შოკი და მოულოდნელობა ალბათ იყო მაინცის ლიდერობა 7 ტურის შემდეგ (7 მოგება!) და ჰანოვერის ბოლომდე ბრძოლა მესამე ადგილისთვის.
ანტიპრიზებსაც მივადექით:
ყველზე ნაკლები ქულა: ვილემი – 15 (34 თამაში).
ისევე როგორც შარშან, წელსაც ამ ნომინაციაში ერედივიზიეს გუნდმა მოიგო და იმავე რაოდენობის ქულები დააგროვა. გუნდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, საბოლოოდ ბოლო ადგილზე გავიდა ჰოლანდიის ჩემპიონატში. “საპატიო” ვერცხლი და ბრინჯაო: არლი (20 ქულა) და ვენლო (21 ქულა).
ვილემ II
ყველზე მეტი წაგება: ვილემი – 25 (34 თამაში).
კი ვთქვით, რომ 5 წამყვანი ჩემპიონატიდან ვარკვევდით ნომინაციის გამარჯვებულებს, მაგრამ 34 თამაშში 25 წაგება იმდენად “შთამდეჭდავი” მაჩვენებელია, რომ ამის უყურადღებოდა და პრიზის გარეშე დატოვება, უბრალოდ არ შეიძლებოდა.
ყველაზე ნაკლები გატანილი გოლი: არლი – 21 (38 თამაში).
ალბათ ყველაზე სუსტი გუნდი, რომელსაც უთამაშია საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ყველაზე მეტი გაშვებული გოლი: ვილემი – 98 (!) (34 თამაში).
მხოლოდ წამყვან 5 ჩემოიონატს თუ განვიხილავთ, იქ უკონკურენტო ბლექპული იყო 78 გაშვებული გოლით.
სეზონის იმედგაცრუება (გუნდი): სამპდორია და მონაკო.
ორივე ეს ისტორიული გუნდი გავარდა საკუთარი ქვეყნის უმაღლესი ლიგიდან, მაგრამ გარდა ამ გუნდების კანდიდატი საკმაოდ ბევრი იყო – თითქმი ნახევარი ბუნდესლიგა: ვერდერი, შტუტგარტი, შალკე, ვოლფსბურგი, აინტრახტი (უფრო სეზონის მეორე ნახევრის იმედგაცრუება), ლივერპული და იუვენტუსი (ამ ნომინაციის შარშანდელი გამარჯვებულები), ვესტ ჰემი (თუმცა ვესტ ჰემი დიდი ხანი კვდებოდა და როგორც იქნა გარდაიცვალა), ატლეტიკო, რომლისგანაც ჩემპიონობისთვის ბრძლოას ელოდნენ…
სამპდორია
მონაკო
მივადექით ინდივიდუალურ პრიზებს:
ყველაზე მეტი გატანილი გოლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი) – 40 გოლი.
საოცარი მაჩვენებელი, პრიმერა დივიზიონის ყველა დროის რეკორდი (ტელმო ზარას და უგო სანჩესის მიღწევა გააუჯობესა). ბოლო 4 თამაშში პორტუგალიელმა 11(!) გოლი გაიტანა და არამარტო პიჩიჩი, არამედ ოქროს ბუციც მოიგო.
ყველაზე მეტი წითელი ბარათი: ნიკოლას ბურდისო (რომა) – 3 წითელი ბარათი.
სულ რაღაც 27 მატჩში მოახერხა არგენტინელმა 3 წითელი ბარათის მიღება.
რა თქმა უნდა კიდევ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომლებმაც კარგი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ეს ხუთეული წელს მაინც გამოირჩეოდა.
მესის და რონალდოს სეზონს მგონი დიდი კომენტარი არც სჭირდება, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
კავანი წელს ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელი იყო სერია ა–ში, საოცარი სეზონი ჰქონდა ურუგვაელს და მიუხედავად მის გუნდში ჰამშიკის და ლავეცის ყოფნისა, ის მაინც ნეაპოლელების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. არაერთი ლამაზი და რაც მთავარია გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ნური შაჰინი ულაპარაკოდ ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო. თურქი ფეხბურთელი ყველგან იყო, დაცვაშიც და შეტევაშიც, ის აკავშირებდა ერთმანეთთან ბორუსია შესანიშნავ დაცვას, ბრწყინვალე თავდასხმასთან.
ედინ აზარი კი თავის მხრივ ლიგა 1–ში იყო საუკეთესო. უნიჭიერესი ბელგიელი ძალიან გაიზარდა და ეს იმითაც დამტკიცდა, რომ თუ ზედიზედ ორი წლის მანძილზე ის იგებდა ნომინაციაში: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, წელს მოიგო ნომინაციაში: წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
Mr. Nobody–ის და მის გუნდს კი დაეხმარა სხვა გუნდების ჩავარდნა, მაგრამ მაინც – ჰანოვერის ასეთი თამაში ნამდვილად აღნიშვნის ღირსია და მთავარი დამსახურება ამ გუნდის მიერ მეოთხე ადგილის დაკავებაში სწორედ მირკოს მიუძღვის, თუ არ გჯერათ გადახედეთ ჰანოვერის შემადგენლობას.
მაცარიმ და კლოპმა კი ძალიან ლამაზი და შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი გუნდები ჩამოაყალიბეს, ტიტული მხოლოდ ერთმა მოიგო, სამაგიეროდ ორივემ მოიგო გულშემატკივრის გული.
ფერგიუსონს არ ბეზრდება გამარჯვებები. მეცხრამეტე საჩემპიონი ტიტული და ლივერპულის დამხობილი რეკორდი – ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო მაშინ, როცა აბერდინში ნამუშევარი შოტლანდიელი სათავეში ჩაუდგა მანჩესტერს.
გვარდიოლას შესახებ კი რა უნდა ვთქვათ… ზოგი ამბობს, რომ ის კარგი მწვრთნელი არ არის და რომ ამ მოთამაშეებით ყველა მოიგებდა ტიტულებს… პეპს ხშირად აბრალებენ იმას, რომ ის მოიკოჭლებს ტაქტიკურ განათლებაში და რომ ვერ ცვლის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს მისი გუნდის სასიკეთოდ… მაგრამ, რატომ უნდა შეცვალო ის, რაც უკვე იდეალურია?
მწვრთნელობა მხოლოდ ტაქტიკოსობა არ არის. მწვრთნელის პროფესია უამრავ ასპექტს მოიცავს, რომლებითაც გვარდიოლა უხვად არის დაჯილდოვებული. ფრანკ რაიკარდს თითქმის იგივე ფეხბურთელები ყავდა (მეტიც: ამათ დამატებული ეტოო, რონალდინიო, დეკუ, ძამბროტა…), მაგრამ ბარსელონა ასე ნამდვილად არ თამაშობდა. გუნდს, რომელზეც ამბობენ, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, არ შეიძლება კარგი მწვრთენლი არ ჰყავდეს.
გამარჯვებული: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა).
საუკეთესო მეკარე.
ნომინანტები: მანუელ ნოიერი (შალკე), ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ვისენტე გუაიტა (ვალენსია), მარკო სტორარი (იუვენტუსი).
მანუელ ნოიერის შალკეს ბუნდესლიგაში აშკარად ცუდი სეზონი ჰქონდა, სამაგიეროდ გელზენკირხენელებმა შესანიშნავად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო მანუელის თამაში მანჩესტერთან 1/2 ფინალში საერთოდ საოცრებათა კატეგორიიდან იყო, პირადად მე დიდი ხანი არ მქონდა ნანახი მეკარის ასეთი კარგი თამაში. მიუხედავად შალკეს ცუდი ასპარეზობისა ბუნდესლიგაში, მაინც მოხვდა კიკერის შეფასებებით საუკეთესო ათეულში.
ვან დერ სარმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და აშკარად გამორჩეული იყო მანჩესტერელთა რიგებში, მიუხედავად შედარებით სუსტად ჩატარებული ფინალისა (ჩემპიონთა ლიგის), მისი უკანასკნელი სეზონი აშკარად დადებითად უნდა შევაფასოთ.
ჯო ჰარტი ხუთეულში მოხვედრას თუნდაც მხოლოდ ტოტენჰემთან პირველი ტურის მატჩში თამაშის გამო იმსახურებდა.
გუაიტამ დაიწყო სეზონი, როგორც ვალენსიას მესამე მეკარემ, მაგრამ სესარის და მოიას ტრავმებმა მას გზა გაუხსნა ძირითადისკენ და ახალგაზრდა კიპერმა გააოცა ყველა. ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარეა დღესდღეობით მსოფლიოში.
რაც შეეხება სტორარის: ჯიჯი ბუფონის წარმატებით შეცვლას და მისი ძირითადი მეკარეობის ეჭვქვეშ დაყენებას მოხერხება უნდა.
ვიდიჩი ფერდნინანდის ხშირი ტვამიანობის პირობებში წითელი ეშმაკების აშკარად დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა. სერ ალექსმაც ტყუილად არ უბოძა მას კაპიტნის სამკლავური. დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
კომპანი კედელივით აღიმართა ჯო ჰარტსა და მოწინააღმდეგე გუნდის შემტევებს შორის. ბევრს ეგონა, რომ ის საკუთარ ნიჭს ვერასდროს გამოავლენდა, ვენსანმა წელს საპირისპირო დაამტკიცა.
აბიდალი უბრალოდ გენიალური იყო ამ სეზონში. იქამდე სანამ სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამდნენ, ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ბარსელონას რიგებში, ეს კი დამეთანხმებით უძნელესი საქმეა.
რიკარდო კარვალიო ბევრს უკვე ჩამოწერილი ჰყავდა და მოურინიოც საკმაოდ აკრიტიკეს მისი შეძენის გამო, მაგრამ ჟოზემ და რიკარდომაც დაუმტკიცეს ყველას, რომ მოურინიო ტყუილად არ ენდობა კარვალიოს. საუკეთესო იყო მადრიდელთა დაცვის ხაზში, ის რომ არა რეალი გაცილებით მეტ გოლს გაუშვებდა.
მატს ჰუმელსმა ნევენ სუბოტიჩთან ერთად ბუნდესლიგის ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველების ტანდემი ჩამოაყალიბა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერთან ერთად ეს ტანდემი ძალიან ახალგაზრდაა (22–22 წლის არიან). გახდა კიკერის მიხედვით ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე.
გარეთ ბეილი მშვენივარდ შეეწყო ნახევარმცველის პოზიციას და შეუჩერებელი იყო ტოტენჰემის შეტევის მარცხენა ფლანგზე. ქარივით დაქროდა და მისი გაჩერება წარმოუდგენელი იყო, თუ არ გჯერათ – კითხეთ მაიკონს. პრემიერლიგის მეხუთე ადგილოსანი გუნდის მოთამაშე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ნური შაჰინი – მასზე ზემოთაც ვისაუბრეთ.
მესუთ იოზილი ამ სეზონის ერთ–ერთი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი მუნდიალზე, მისგან ასეთ პროგრესს მაინც არავინ ელოდა. ერთი მინუსი რაც ჰქონდა იყო ის, რომ ვერაფრით გამოიჩინა თავი ბარსელონასთან დაპირისპირებებში.
ჩავი ისევ ისეთი იყო, როგორც ბოლო წლებში. ბარსელონას ყველა შეტევის სული და გული.
ანდრესზეც ახალი რა უნდა ვთქვათ, გარდა იმისა, რომ 8 გოლი გაიტანა პრიმერაში და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
გამარჯვებული: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).
საუკეთესო თავდამსხმელი.
ნომინანტები: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ედინსონ კავანი (ნაპოლი), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი).
მესის და რონალდოს შესახებ ახალს ვერაფერს ვიტყვი.
ტევესი უბრალოდ შეუცვლელი იყო სიტისთვის, მასთან ერთად და მის გარეშე ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდია.
კავანიზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
ჯუზეპე როსი კი ვილიარეალის უპირობო ლიდერი იყო და მისი დამსახურებაა რომ ყვითელი წყალქვეშა ნავები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
ჩიჩარიტოსგან ამას ნამდვილად არავინ ელოდა. ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი. მექსიკელი გამოირჩევა საგოლე ალღოთი და თითქმის არაფრისგან შეუძლია გოლის გატანა. გარდა ამისა საკმაოდ ტექნიკურიც არის და კარგი არტყმაც აქვს. პროგრესი თუ განაგრძო, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდება.
უილშირმა უკვე ნაკრებშიც კი მოასწრო თამაში. ასაკისთვის შეუფერებლად ბრძნულად ირჯება, თან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, პოზიციაზე სადაც თამაში ყველაზე რთული რამ გახლავთ.
გიოტცე უილშირის არ იყოს ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მიუხედავად ამისა დორტმუნდელთა ერთ–ერთი ლიდერი იყო. მას უკვე მესისაც ადარებენ. მარიოს მართლაც შესანიშნავი ტექნიკა აქვს და გერმანული ფეხბურთის მთავარი იმედია.
ედინსონ კავანი – მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით მისი კარგი თავდამსხმელობის შესახებ, ყველა მაინც ალბათ პირღია შევცქეროდით მის თამაშს და გოლებს.
შინჯი კაგავა – სულ რაღაც 300 000–ად შეძენილი მოთამაშე, რომელმაც გააოცა და გადარია გერმანელი ჟურნალისტები. იანვარში აზიის თასზე ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა, მაგრამ პირველი წრე ისე კარგად ჩაატარა, რომ კიკერის შეფასებების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა (ჰუმელსის შემდეგ).
გამარჯვებული: ედინსონ კავანი (ნაპოლი) – რადგან სხვა ოთხი მოთამაშიდან არჩევნის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია 🙂 და ასევე კავანის პრიზის გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა.
ტორესი, ჯეკო და ადებაიორი – სამივემ ზამთარში გუნდი გამოიცვალა, მაგრამ თუ დააკვირდებით პირველ ორს წინა გუნდი არ უწერია გვარის გასწვრივ, რადგან ტორესმაც და ჯეკომაც იმედები გულშემატკვირებს ახალ კლუბებში გაუცრუეს, ხოლო ძველებში შედარებით ნორმალურად თამაშობდნენ. ადებაიორმა კი სიტიში სეზონი ხომ ჩააგდო და ვერც მადრიდულ კლუბში მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები, მიუხედავად იმისა რომ პრიმერას 14 თამაშში 5 გოლი გაიტანა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე 2–ც დაუმატა, დაახლოებით სამი ამდენი ქარს გაატანა.
ორი დიეგოსგან კი აცილებით მეტს ველოდით წელს. პირველი ჩემპოიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მეორე მსოფიოს ჩემპიონატის. მილიტოს ასე თუ ისე ტრავმებმა შეუშალეს ხელი, აი ფორლანი თავს ამ მიზეზით ვერ გაიმართლებს.
გამარჯვებული: ფერნანდი ტორესი (ჩელსი) – უბრალოდ იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი მის გარშემო, წარმოუდგენელი იყო ამ ნომინაციაში სხვისი გამარჯვება.
ყველაზე ცუდი ფეხბურთელი: ადრიანო (რომა).
მერამდენე შანსი მისცეს და ისევ ყველაფერი გააფუჭა.
საუკეთესო მატჩი: ნაპოლი – ლაციო 4–3
საოცარი თამაში, საოცარ ქალაქში, საოცარ სტადიონზე. შეხვედრა, რომელშიც იყო ყველაფერი: არჩათვლილი გოლი, გაძევება, პენალტი, დრამატიზმი, დაძაბულობა…
თავიდან ლაციო იგებდა 0–2–ს, შემდეგ 2 წუთში ნაპოლიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ძალიან მალე მესამე გაუშვა, თუმცა არბიტრებმა ვერ დაინახეს, რომ ბროკის დარტყმის შემდეგ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი… სამართლიანობამ მაინც იზეიმა, რამოდენიმე წუთში ლაციო გადის წინ, ავტოგოლის წყალობით. ყველას ეგონა, რომ მატჩი დასრულდა, ასეთი შოკიდან ნაპოლი ვეღარ გამოვიდოდა და ამ დროს, რამოდემე წუთში ინიშნება პენალტი ლაციოს კარში და თან რომაელები დარჩნენ 10 კაცის შემადგენლობით. კავანი ნიშნულიდან ზუსტია და 3–3, 85–ე წუთზე კი ედინსონმა გენიალური გოლი გაიტანა, რასაც კინაღან “სტადიო სან პაულოს” დანგრევა მოჰყვა.
მართლაც დაუვიწყარი თამაში და დაუვიწყარი ემოციები. მე და სანდრო ცნობილაძეს მიგვყავდა ეს თამაში და საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გამოფიტულები ვიყავით.
სეზონის საუკეთესო გუნდი.
ნომინანტები: ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, ლილი, ბორუსია დ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები; გუნდი რომელიც ბოლომდე იბრძოდა სამი ტიტულისთვის; საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელ; გერმანიის ჩემპიონი, რომელიც საოცარ შემტვე ფეხბურთს თამაშობდა.
საერთოდ ამ ნომინაციით მტკიცდება, რომ ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: შემტევი ფეხბურთი დაბრუნდა!
თითქმის დამთავრდა 2009–2010 წლების საფეხბურთო სეზონი, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დარჩა სათამაშო, თუმცა შემდეგაც არ გვექნება მოსაქყენად საქმე ფეხბურთის მოყვარულებს, წინ ხომ მთავარი საფეხბურთო მოვლენაა: მსოფლიოს ჩემპიონატი!
მანამდე კი, მოდით შევაჯამოთ განვლილი სეზონი და ეს სხვადასხვა ნომინაციის სახით გავაკეთოთ. შესაძლოა ბევრ რამეში არ დამეთანხმოთ, ამიტომ სწორედ არის კომენტარებს სექცია, სადაც შეგიძლიათ თქვენი შენიშვნები დაწეროთ.
მოდით დავიწყოთ წამყვანი ხუთი (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატების ცხრილების ანალიზით და ისეთი ნომინაციებით, რომლებშიც სადავო არაფერია, რადგან მათი გამარჯვებულები ფაქტებზე დაყრდნობის შედეგად ვლინდებიან:
ყველაზე მეტი ქულა: ბარსელონა – 99 (38 თამაში)
ალბათ არავინ დაიწყებს იმაზე დავას, რომ ეს არის უნიკალური შედეგი, რომლის გამეორებაც ძალზედ ძნელი იქნება.
ყველაზე მეტი მოგება: ბარსელონა და რეალი – 31 (38 თამაში)
ეს მიღწევაც უნიკალურთა კატეგორიაში გადის. განსაკუთრებით აღსანიშნავია “რეალის” შემთხვევა, გუნდმა 38–დან 31 თამაში მოიგო და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.
ყველაზე მეტი გატანილი გოლი: ჩელსი – 103 (38 თამაში)
ევროპაში ჩელსიზე მეტი მხოლოდ აიაქსმა გაიტანა (106), თუმცა ვინაიდან ჰოლანდიის ჩემპიონატი ბევრად ჩამოუვარდება ინგლისის პრემიერლიგას, გამარჯვებული არის ჩელსი, რომელმაც სულ რაღაც ერთი გოლით გაუსწრო მადრიდის “რეალს”.
ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი: ბარსელონა – 24 (38 თამაში)
ბენფიკამ, ბრაგამ და აიაქსმა 20–20 გოლი გაუშვეს, მაგრამ ერთი რომ ნაკლებ თამაშში (30–30 და 34 შესაბამისად) და მეორეც, ჩემპიონატები სადაც ისინი ასპარეზობენ ბევრად დაბალი დონის არის ვიდრე ლა–ლიგა.
სეზონის აღმოჩენა (გუნდი): ტვენტე და ბურსასპორი.
ორივე ეს გუნდი, ბევრის გასაკვირად თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რა გასაკვირია, რომ ეს მათ ისტორიაში პირველი მსგავსი წარმატებაა. ასევე შეიძლებოდა ამ ნომინაციაში “ფულჰემის” დასახელება, რომელმაც პატარა სასწაული შემოგვთავაზა და ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, ჩამოიცილა რა გზიდან “იუვენტუსი” (ოღონდ ნამდვილი იუვეს აჩრდილი) და “ჰამბურგი” (ფინალის მასპინძელი)
ახლა ანტიპრიზები:
ყველაზე ნაკლები ქულა: ვაალვიკი – 15 (34 თამაში)
ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ნამდვილად ყველაზე სუსტი და სამარცხვინო გუნდი ამ სეზონში, თუმცა ამ კატეგორიაში თავისუფლად შეგვიძლია დამსახურებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადავცეთ “გრენობლს” (23 ქულა) და “ჰერტას” (24 ქულა).
ყველაზე მეტი წაგება: ვაალვიკი – 29! (34 თამაში)
უკომენტაროდ…
ასევე აღნიშვნის გირსნი არიან: ვილემი და გრენობლი (25 წაგება) და პორთსმუტი და ბარნლი (24 წაგება)
ყველაზე ნაკლები გატანილი გოლი: ესპანიოლი – 29 (38 თამაში)
მართალია ყველაზე ნაკლები გოლი “რიო ავემ” გაიტანა – 22 და კიდევ რამოდენიმე გუნდმა “აჯობა” “ესპანიოლს” ამ მაჩვენებელში, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში, 29 გოლის გატანა და მიუხედავად ამისა 11–ე ადგილის დაკავება, ნამდვილად გამორჩევის და აღნიშვნის ღირსია.
ყველაზე მეტი გაშვებული გოლი: ბარნლი – 82 (38 თამაში)
ამ გუნდმა თვით ვაალვიკსაც (80 გაშვებული გოლი) კი აჯობა… რა გასაკვირია რომ გავარდა პრემიერლიგიდან.
სეზონის იმედგაცრუება (გუნდი): იუვენტუსი და ლივერპული, ლივერპული და იუვენტუსი.
კომენტარი: იუვენტუსი და ლივერპული, ლივერპული და იუვენტუსი…
გადავიდეთ ინდივიდუალურ პრიზებზე:
ყველაზე მეტი გატანილი გოლი: ლიონელ მესი – 34 გოლი.
რა თქმა უნდა ლუის სუარესმა 35 გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონატის დაბალი დონის გამო, ამ ნომინაციებში ჰოლანდიის ჩემპიონატის გათვალისწინება არ არის მიზანშეწონილი.
ყველაზე მეტი წითელი ბარათი: ნიკოლას პარეხა (ესპანიოლი) და სანჩეს კრიბარი (სიენა) – 3 წითელი ბარათი
ახლი კი ნომინაციები რომელზეც დავა შეიძლება:
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა) , კრისტიანო რონალდო (რეალი), არიან რობენი (ბაიერნი), ჩავი (ბარსელონა), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ყველა ამ ფეხბურთელს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა.
მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბადალი არ ჰყავს დღესდღეობით მსოფლიოში, ბოლოს და ბოლოს 34 გოლი გაიტანა, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესები იყო.
კრისტიანო რასაც ქვია მიათრევდა რეალს ჩემპიონობისკენ, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა.
არიენ რობენმა მიათრია ბაიერნი ჩემპიონობისკენ და ასევე მარტომ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ჩავის ლამის მთელი ნახევარი სეზონი აკლდა გვერდით ინიესტას გენია, მაგრამ მიუხედავა ამისა მან გუნდს ეს არ დაატყო და არამარტო თავისი, ანდრესის ფუნქციებიც კი შეითავსა.
უეინ რუნის რაც შეეხება, ტრავმა რომ არა ოქროს ბუცს ალბათ ის მოიგებდა და არა მესი, რადგნა მას მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა კარიერაში, რისი წყალობითაც საფეხბურთო ვარსკვლავობის ახალ საფეხურზე ავიდა.
ტატოს ვერდიქტი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
სეზონის საუკეთესო გუნდი: ბარსელონა, ინტერი, ბაიერნი
სამი გუნდი, ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და პოტენციური ჰეთ–თრიქოსანი, მესამე ლამის ფინალისტი და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. რეალურად სეზოსნი საუკეთესო გუნდი 22 მაისს გაირკვევა, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ისედაც ყველამ იცის ამჟამად ვინ არის.
ტატოს ვერდიქტი: ფინალის გამარჯვებული.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო (ინტერი),ზოსეპ გვარდიოლა (ბარსლეონა),ლუის ვან გაალი (ბაიერნი),კლოდ პუელი (ლიონი),სტივ მაკლარენი (ტვენტე)
მოურინიოს და გვარდიოლას მწვრთელობაზე კომენტარი ზემდეტია. ერთმა ევროპაში უსუსური ინტერი ლიგის ფინალში გაიყვანა, მეორე კი ლამის ყველა დროსი ყველაზე დიდი გუნდი შექმნა.
რაც შეეხება ვან გაალს, მან ასევე ევროპაში იმპოტენტი ბაიერნი გაიყვანა ფინალში და პლუს ამას აღმოაჩინა რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის შესახებაც არავინ იცოდა ბაიერნის ერთგული გულშემატკივრების გარდა (ბადშტუბერი, კონტენტო, მიულერი) და გარდა ამისა ლამის მსოფლიო დონის თავდამსხმელად აქვია ივიცა ოლიჩი.
კლოდ პუელმა ლიონი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, თუმცა მინუსში შეიძლება ჩაუვთვალოთ ეროვნულ ჩემპიონატში ჩავარდნა.
მაკლარენმა კი ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუტანა ტვენტეს, რითიც ცოტათი მაინც ჩამოირეცხა 2007 წელს ნაგემი სირცხვილი.
ტატოს ვერდიქტი: ლუის ვან გაალი (ბაიერნი)
საუკეთესო მეკარე: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), ჰანს–იორგ ბუტი (ბაიერნი).
ვალდესი მართლაც რომ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. ბარსელონასაც ეღირსა კარგი მეკარე.
რაც შეეხება ჰანს–იორგს… კომენატარი მართლაც ზედმეტია, გადახედეთ გერმანიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადს, შემდეგ მის ასაკს შეხედეთ და არ დაგავიწყდეთ რომ ბაიერნმა ის შარშანწინ ვინმე მიხაელ რენზინგის შემცვლელეად იყიდა.
თამამად ვიტყოდით ლუსიომ დაუმტკიცა ვან გაალს, რომ ის შეცდათქო, ბაიერნი ფინალში რომ არ გასულიყო, თუმცა ბერნაბეუზე ლუსიოს აქვს შანსი, რომ ეს წინადადება მაინც გვათქმევინოს.
ბრანისლავი შეუმჩნევლად ჩამოყალიბდა ჩელსის დაცვის ბურჯად და ხან ცენტრში ამაგრებდა ბასტიონს, ხან ფრთაზე აფრთოხდა მოწინააღმდეგებს.
პიკეს პრორესზე საუბარიც ზედმეტია, შარშანწინ 3 მილიონად დაბრუნებული ბარსას აღზრდილი, რომელიც გუნდის ნომინალურად 4–ე ცენტრალუ მცველად განიხილებოდა, არამარტო კატალონიური კლუბის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა… მადლობა პეპს…
ვალტერს და ხავიერს რაც შეეხებათ, პირველმა ალბათ ყველა გააოცა როდესაც ისევ იმ დონეს დაუბრუნდა, რის გამოც მოიხვეჭა მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი, ხოლო ხავიერ ძანეტიზე რა უნდა თქვას ადამიანმა, ბოლოს და ბოლოს ისიც კი არ იცი რომელია უკვე ამ კაცის მშობლიური პოზიცია. მისი დახასიათება მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება: ლეგენდა!
ტატოს ვერდიქტი: ლუსიო (ინტერი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ჩავი (ბარსელონა), არიენ რობენი (ბაიერნი), ესტებან კამბიასო (ინტერი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი)
ჩავის და რობენის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ, რაც შეეხება მარადონას მიერ ათვალწუნებულ კამბიასოს, ვინც ფეხბურთში ცოტაოდენ ერკვევა, დამეთანხმება რომ ის არამარტო თანამედროვე, არამედ ბოლო 10 წლეულის ერთ–ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც სტაბილურად უმაღლეს დონეზე ასრულებს თავის მოვალეობებს და გოლების გატანაზეც არ ამბობს უარს.
ფრენკ ლამპარდმა თავისთვის ნორმალური სეზონი ჩაატარა, გაიტანა რა 22 (!) გოლი პრემიერლიგაში, როდესაც ასეთი მაჩველებელი ნორმალურია, გასაგებია რატომაც ხარ ერთ–ერთი საუკეთესო ნახეავრმცველი.
ბასტიან შვაინშტაიგერი კი ვან გაალს უნდა უმადლოდეს იმას, რომ მან დაინახა მისი მონაცემები და ფლანგიდან ნახევარდაცვის ცენტრში შემოსწია. ერთი სიამოვნება იყო შვაინის ყურება ამ სეზონში, აშკარად დაბრძენებულია და ლიოვი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ მუნდიალზე ნაკრებში ისევ ფლანგზე დააყენებს.
მილიტო – გოლების მანქანა, რომელმაც ბევრად გადაწყვიტა ინტერის წარმატებები
და ივიცა ოლიჩი – კაცი, რომელსაც შეუძლია მინდორზე 360 წუტი ირბინოს და არ დაიღალოს და ამავე დროს გაიტანოს გადამწყვეტი გოლები.
ტატოს ვერდიქტი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
სეზონის აღმოჩენა (ფეხბურთელი): ივიცა ოლიჩი (ბაიერნი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), პედრო როდრიგესი (ბარსელონა)
ვან გაალის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. რა თქმა უნდა ჰოლგერის და თომასისგან განსხვავებით ივიცა ოლიჩს ყველა ვიცნობდით, მაგრამ არა ისეთს, როგორიც ის წელს არის.
პედრო როდრიგესის პროგრესი კი ალბათ ფეხბურთის ისტორიაშია შესატანი, როგორც ყველაზე დიდი აღზევება. სეზონის წინ არავის ჰქონდა ალბათ ილუზია რომ პედრო თუნდაც 10 მატჩს ჩაატარებდა ძირითადში, სინამდვილეში კი, ის ალბათ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება…
ტატოს ვერდიქტი: პედრო როდრიგესი (ბარსელონა)
სეზონის იმედგაცრუება (ფეხბურთელი): კაკა (რეალი), ფელიპე მელო და დიეგო (ორივე იუვენტუსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ბარსელონა), სამუელ ეტო’ო (ინტერი)
კაკას არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ ფაქტია, რომ მან სეზონი ჩააგდო, რაშიც დამნაშავე რა თქმა უნდა ტრავმებია, მაგრამ მაინც, ფაქტი ფაქტად რჩება.
ფელიპე მელომ და დიეგომ კი მართლაც სასწაული რეგრესი განიცადეს, ეს უფრო მეტად მელოს ეხება, რომელიც მოედნის ცენტრში ისეთ შეცდომებს უშვებდა რიგ თამაშებში, რომ მსგავსი შეცდომები პატარა ბავშვებსაც არ ეპატიებათ.
ზლატანმაც და სამუელმაც გაუცრუეს გულშემატკივრებს იმედები, მაგრამ მათ გასამართლებლად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სხვა სტილის გუნდში მოხვდნენ და შესაგუებლად დრო სჭირდებათ.
ტატოს ვერდიქტი: ფელიპე მელო (იუვენტუსი)
ყველაზე ცუდი ფეხბურთელი : დმიტრო ჩიგრინსკი (ბარსელონა)
კომენტარი: წყალში გადაყრილი ფული…
სეზონის საუკეთესო მატჩი: ლიონი – მარსელი 5–5
შესანიშნავი და დაუვიწყარი მატჩი, რომელიც ორმა “ოლიმპიკმა” შემოგვთავაზა.
და ბოლოს ტატოს ბლოგის ვერსიით 2009–2010 სეზონის სიმბოლური ნაკრები:
რა არის ცხოვრების აზრი? არც არაფერი, ზოგადი ცხოვრების აზრი არ არსებობს და თუ კიდევ ეძებთ ასეთ უნივერსალურ ცხოვრების აზრს, შეწყვიტეთ, რადგან აზრი არ აქვს 🙂
საბოლოო ჯამში ყველა ადამიანის ცხოვრების აზრი არის ის, რომ რაც შეიძლება კომფორტულად იცხოვროს, შესაძლებლობის ფარგლებში ნაკლები დრო დახარჯოს სამსახურზე და ისეთ საქმიანობაზე, რაც ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებს, სამაგიეროდ დიდი დრო ხარჯოს ისეთ საქმეებზე, რაც სიამოვნებას გვრის.
მე სიამოვნებას ბევრი რამ მანიჭებს, ფეხბურთი, მუსიკა, კითხვა, სხვადასხვა სერიალის (the simpsons, family guy, south park, house m.d.) ყურება, ფილმები და კიდევ ბევრი სხვა… მაგრამ ერთ–ერთი მთავარი ამ სიაში არის სტენდ–აპ (stand-up) კომედიები. კომედიის ეს ჟანრი საქართველოში საერთოდ არ არის, სამაგიეროდ ძალიან პოპულარულია ა.შ.შ–ში და დიდ ბრიტანეთში. სხვა ყველა კომედიური ფორმატისგან, ამ მიმდინარეობას ის უპირატესობა აქვს, რომ კომიკოსები არამარტო ხუმრობენ უაზროდ, არამედ მსჯელობენ და ინტელექტუალურ თემებს იუმორის კუთხით არჩევენ. უმეტესად ისეთი თემებია წამოჭრილი, რომელიც ან ძალიან აქტუალურია, ან კიდევ დამაფიქრებელია.
ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჩემი აზრით, ამ ჟანრის წარმომადგენელთა საუკეთესო (შესანიშნავ) შვიდეულს და მათ ერთ–ერთ სკეტჩს. თუ ვინმე გამომრჩა, მაშინ ნუ დაიზარებთ და კომენტარში დაწერეთ 🙂
7. რობინ უილიამსი
ამ კაცს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მგონი ისედაც ყველამ ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იცის მასზე.
აქ კი გთავაზობთ, პატარა ნაწყვეტს მისი კონცერტიდან, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიგონეს გოლფი 🙂
ცოტა ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ეგ მთავარი არაა 🙂
6. ბილ ჰიქსი (1961 – 1994)
ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და თავისი დროისთვის სკანდალური კომიკოსი. გამოსვლის უნიკალური და ზოგისთვის ზედმეტად პირდაპირი სტილი ჰქონდა. 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალიან ბევრი რამ მოასწრო და დიდი გავლენა მოახდნა ძალიან ბევრ კომედიანტზე.
სტეჩი მარიჰუანის შესახებ 🙂
5. დარა ობრაიანი
ირლანდიელი კომიკოსი და ტელეწამყვანი. მისი აქცენტი გამო, შეიძლება ზოგს გაუჭირდეს მისი ხუმრობების გაგება, მაგრამ ვინც გაიგებს, ნამდვილად არ ინანებს 🙂 საკმაოდ განათლებული პირვონებაა, აქვს ხარისხი მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. უმეტესად მისი გამოსვლა მიმდინარეობს მონოლოგ–დიალოგის რეჟიმში. აქვს ძირითად ხაზი, მაგრამ გარდა ამისა ესაუბრება მაყურებელს და აოცებს ყველას საკუთარ ენამოსწრებულობით და სხარტი გონებით, რადგან წამის მეასედებში შეუძლია მოიფიქროს ხუმრობა ადამიანზე, რომელიც პირველად ნახა 🙂
ამ სკეტჩში კი ის ძირითადად მედიაზე და მის “უცნაურობებზე” საუბრობს 🙂 საკმაოდ საინტერესო მონაკვეთია.
განსაკუთრებით მომწონს ორი ფრაზა: science knows it doesn’t knows everything, otherwise it will stop 🙂 და get in the fucking sack 😀
4. რასელ პიტერსი
კანადელი კომიკოსი, წარმოშობით ინდოელი. მისი ძირითადი თემა სხვადასხვა რასის და ეროვნების ხალხის დაცინვაა, მაგრამ ამას ისე კარგად და მოხერხებულად აკეთებს, არავინ ნაწყენი არ რჩება. ძირითადად ხუმრობს ინდოელებზე, ჩინელებზე, აფრო–ამერიკელებზე და ლათინო–ამერიკელებზე.
მისი ხუმრობები ნაკლებად ინტელექტუალრუია, სამაგიეროდ ძალიან სასაცილოა 🙂 მასაც დარას არ იყოს, ხშირი კონტაქტი აქვს პუბლიკასთან.
პირველ სკეტჩი არის იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ბავშვების ცემა 😀
მეორე კი არაბებზეა 🙂
3. რიკი ჯერვეისი
ვინც ბოლო ორი წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებას უყურა, იმან ნამდვილად იცის ვინც არის რიკი ჯერვეისი.
მსახიობი და კომიკოსი. ერთ–ერთი ყველაზე სასაცილო ადამიანი დედამიწაზე. 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე მიწასთან გაასწორა პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, ვინც კი ახსენა შესავალ მონოლოგში, ან სხვა გამოსვლებისას.
ეს სკეტჩი არაა, მაგრამ მგონი სტენდ–აპზე საინტერესოა 🙂 ოქროს გლობუსის 2011 წლის დაჯილდოვებაზე რიკი ჯერვეისის გამოსვლის კლიპი 🙂
2. ედი იზარდი
კომიკოსი და მსახიობი. ედი ტრანსვესტიტია, ვინაიდნ ამ ტერმინს და ჰერმოფროდიტს ხალხი ვერ არჩევს, განვმარტავ, რომ ტრანსვესტიტი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა და არაა აუცილებელი იყოს გეი. ედი იზარდი საკუთარ თავს კაცის ტანში გამომწყვდეულ ლესბოსელს უწოდებს 😀
აქვს საკუთარი უნიკალური სტილი, საკმაოდ ხშირად ათამაშებს დიალოგს, რომლის ორივე მონაწილეც თვითონ არის.
სკეტჩი მეორე მსოფლიო ომის და იმპერიების შესახებ 🙂
1. ჯორჯ კარლინი (1937 – 2008)
კაცი ლეგენდა 🙂 ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ლამის ყველა stand-up კომიკოსზე.
1972 წელს კარლინი დააპატიმრეს შოუს დროს, როდესაც ის წარმოადგენდა თავის ყველაზე ცნობილ ნომერს: “შვიდა სიტყვა, რომლის წარმოთქმაც არ შეიძლება ტელევიზიით”.
ეს კი არის უკვე ასაკში შესული ჯორჯ კარლინის სკეტჩი რელიგიაზე 🙂
იმედია მოგეწონათ, გაგეცინათ და დაგაინტერესათ ამ ადამიანების სხვა ვიდეობმაც 🙂
რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი კომიკოსი იყო, თუნდაც ვუდი ალენი, გენიალური რეჟისორი, რომელიც 60–იან წლებში გამოდიოდა სცენაზე, ან გენიალური ბილ კოსბი და რიჩარდ პრაიორი. ასევე საკმაოდ კარგი სტანდ–აპ კომიკოსია კრის როკი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ბევრისთვის 🙂
როდესმე დაფიქრებულხართ ტელეფონი რომ დაგირეკავთ და აღმოჩნდება, რომ სხვაგან მოხვდნენ, ნეტავ ვისთან რეკავდნენ ან რამხელა მნიშვნელობის საქმე ჰქონდათ? ალბათ არა, რადგან როდესაც აღმოჩნდება, რომ ჩვენ არ გვირეკავდნენ იმ წამსვე გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ის ადამიანი თავიდან და ისევ ჩვენს პრობლემებს ან საქმეებს დავუბრუნდეთ… თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ ფიზიკურად შეუძლებელია არ დაგაინტერესოთ იმ ადამიანებმა ვისთანაც რეკავდნენ და თქვენთან მოხვდნენ, მითუმეტეს მაშინ როცა წლების მანძილზე გირეკავენ თქვენ სხვის ნაცვლად 🙂
დაახლოებით 9–10 წლის წინ მომივიდა მესიჯი ( შინაარსი ნამდვილად არ მახსოვს), რომელსაც ვუპასუხე. საუბარი ისე გაგრძელდა, რომ ვიფიქრე ვიღაც “მეკაიფებოდა” (კითხვაზე სად ცხოვორბთქო – აფხაზეთშიო იყო პასუხი), ამიტომ მეც დაუჯერებელ ტყუილებს ვწერდი, მაგრამ… როგორც ბოლოს გაირკვა ის ადამიანი სრულ სიმართლეს მეუბნებოდა და ჩემი ტყუილებიც დაიჯერა, მათ შორის ისიც რომ მე კოტე მერქვა :))
იმ დღის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მომწერა მესიჯი, მაგრამ აღარ მიპასუხია, შემდეგ კი დაიწყო ის რაც უკვე წლებია გრძელდება: რამოდენიმე თვეში ერთხელ უცხო ნომერი ფიქსირდება შემომავალ ზარებში და იქიდან მეგრული აქცენტით ვიღაც კოტეს კითხულობს. სულ თავიდან მეგონა, რომ ის ადამიანი არეკინებდა, ვინც მესიჯი მომწერა (ალბათ თავიდან ასეც იყო), მაგრამ შემდეგ გავიდა წლები და ამ პერიოდში გავარკვიე, რომ მართლაც არსებობს ვინმე კოტე, რომელიც არის ავტობუსის, თუ მარშუტკის მძღოლი და ასრულებს რეისებს აფხაზეთში და უკან…
უკვე წლებია მირეკავენ და კითხულობენ კოტეს, თან ფაქტიურად ყველა დამრეკავი, სანამ გათიშავს, როცა ვეტყვი რომ სხვაგან მოხვდნენ, გაოცებული ეუბნება გვერდზე მყოფს: სხვაგან მოხვდიო…
თუმცა ეს ყველაფერი არაა: მას შემდეგ რაც ჩემთან უცხო პირებმა რეკვა დაიწყეს, სულ ცოტა ხანში, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა: მეუფე ანანია 🙂
რამოდენიმე ზარის და მეუფე ანანიას თხოვნის შემდეგ, ასეთი დიალოგი შედგა ჩემს და ქალბატონს შორის, რომელსაც ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მეგონა ვიღაც ძალით იწვრილებდა და მეხუმრებოდა…
აი დიალოგიც:
– ალო
– მეუფე ანანია ბრძანდებით? – უკვე მობეზრებული მქონდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამიტომაც ორიგინალურობა გამოვიჩინე
– კი შვილო ჩემო, მე ვარ
– დამლოცე მეუფეო!
–დამილოციხარ შვილო ჩემო.
–მეუფე ანანია, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.
– გისმენ შვილო ჩემო. – შემდეგ ამას მოყვა კითხვა, რომელიც სამწუხაროდ აღარ მახსვოს და ჩემი პასუხი:
– კარგი რა! ამოვიდა ყელში! – ქალს ხმა აუკანკალდა
– უკაცრავად?
– არ მოგბეზრდა, შეიძლება ეს ერთი და იგივე?!
ქალი დაიბნა და ვერაფერ მიპასუხა, მე ავდექი და გავთიშე ტელეფონი…
თუმცა მალე მივხვდი, რომ არც არავინ მეხუმრებოდა და ისევე როგორც კოტეს შემთხვევაშიც, მართლაც არსებობს ვინმე მეუფე ანანია და რატომღაც მისი მრევლიც ჩემთან ხვდება…
ასე, რომ რამოდენიმე თვეში ერთხელ მირეკავენ და ხან კოტეს კითხულობენ, ხან მეუფე ანანიასგან დალოცვას ითხოვენ… ამ პოსტის დაწერა კი სულ რაღაც 3 დღის წინ შემოსულმა ზარმა გადამაწყვეტინა, ამჯერად კოტე უნდოდათ…
დასასრული ან მორალი ამ ისტორიას არ აქვს, უბრალოდ თუ ვინმე იცნობთ ან ავტობუს/მარშრუტკის მძღოლ კოტეს, ან მეუფე ანანიას, უთხარით: ტატო ბაციკაძემ მოგიკითხათთქო 🙂
ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ ქართველები ინდივიდუალისტები ვართ და ამიტომ ვერ ვიტანთ კოლექტივიზმს… სისულელეა, ქართველები არ ვართ ინდივიდუალისტები, ქართველები ვართ ეგოისტები. რაც შეეხება ინდივიდუალიზმს, იმაზე მეტი კონფორმისტები რაც ჩვენ ვართ სხვა არც ერთ ქვეყანაში არ არიან. საკმარისია ვინმე ზურამ, რომელიც ყველაზე კაი ტიპია უბანში შარვალი 20 სანტიმეტრით ჩაიჩაჩოს, რომ მეორე დღეს მთელი უბანი 20 სანტიმეტრით ჩაჩაჩული შარვლით ივლის… ჩვენთან გასნხვავებული აზრი იდევნება, ადამიანს, რომელიც ცოტათი სხვანაირად ფიქრობს მტრად აღიქვამენ, ან გოიმად, არ არანორმალურად.
საქართველოში ასევე არსებობენ სუპერ ნონ–კონფორმისტები; ადამიანები, რომელთა მიზანიც არის რაიმე განსხვავებული თქვან ან გააკეთონ… არა იმიტომ რომ ასე ფიქრობენ სინამდვილეში, არა, ისინი შეიძლება გეთანხმებოდნენ შენ, მაგრამ აუცილებლად უნდა თქვან განსხვავებული რამ, რადგან სწორედ ასე თუ გამოიჩენენ თავს.
საბოლოოდ ვიღებთ საზოგადოებას სადაც საკუთარი აზრი არავის გააჩნია: ერთ მხარეს გვყავს ხალხი, რომელსაც ფიქრი ეზარება და იღებს ყველაფერს რაც კი საზოგადოებაში მიღებულია, მეორე მხარეს კი ხალხი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი ცუდი და ბოროტებაა.
…ერეკლე მიდის ეკლესიაში დღეს, რადგან დედამისს უთხრა დათო ბიძიამ, რომ ეკლესიაში სიარული აუცილებელია, შემდეგ ერეკლე გამოდის ეკლესიიდან და მიდის უბნის ბირჟაზე, სადაც დგას და გამვლელ გოგონებს დასცინის, აგინებს და საკუთრ ანანისტურ ფანტაზიებს ახმოვანებს, რადგან ლევანი აკეთებს იგივეს… ლევანი კი “კაი ტიპია”.
საერთოდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თაობათა ბრძოლა, უბრალოდ არ არის… ამაზე დიდი ტრაგედია კი ქვეყნისთვის არ შეიძლება რამე იყოს… გამოთქმა მაინც არ გვქონდეს: “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა”.
შვილი კი როგორც უნდა ჯობდეს მამას, თუ ის მისი სარკისებური ანარეკლია?
მარტივი ოპერაცია: მამა – contol c / control v – შვილი.
21 წლის ღიპიანი ბიძები, რომლებიც ყანწებს ცლიან და ჯერ არ ამოსულ ულვაშზე კმაყოფილნი ისვამენ ხელს…
შემდეგ გიო მოიმარჯვებს ხელში გიტარას და იმ სიმღერას იმღერებს, რომელსაც ჯერ კიდევ მამამისი მღეროდა შორეულ სემდისიატ ტრეწიში, სოჭში გალიასთან და ნადეჟდასთან ერთად… უხ, რა დრო იყო.
… ერეკლე უკვე 17 წლისაა და დროა მამამ გადაწყვიტოს სად ჩააბაროს შვილმა, ერეკლეს კი უნდა მხატვრობა, მაგრამ მამა ექიმია და ერეკლეც ექიმი უნდა გამოვიდეს, მერე რა რომ ცოტა დებილია, სამაგიეროდ მამას კლინიკა აქვს და სამსახურს დააწყებინებს…
… ერეკლე უკვე 23 წლიდაა და დროა მამამ გადაწყვიტოს ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად შვილმა, ერეკლეს კი უყვარს ნათია, მაგრამ მამას ნინო მოსწონს, მერე რა რომ მახინჯია, სამაგიეროდ ნინოს მამა ყოფილი რაიკომის მდივანია…
… ერეკლე უკვე 40 წლისაა და დროა მარტო გადავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ დედის გარეშე რა ქნას? ნასკებს ვინ გაურეცხავს? ფაფას ვინ გაუმზადებს? გოგლი–მოგლიც ხომ უნდა საღამოობით?
… დღეს ერეკლე ძალიან ამაყი იყო, რადგან მისმა შვილმა პირველად გამოცალა ლიტრიანი ყანწი ისე რომ წვეთიც კი არ დატოვა.
“შენ გენაცვალე – წამოიყვირეს ერეკლეს მეგობრებმა – სუფთა მამამისია”.
ეგოიზმს რაც შეეხება: ეგ ცალკე სასაუბრო თემაა და ჩემი აზრით ყველაზე უკეთ ქართველების ეგოისტობა მანქანის მართვის დროს ვლინდება; მაგაზე კი ცალკე უნდა დავწერო, რადგან ეგ თემა პრაქტიკულად ამოუწურავია…
გამოთქმები ჩაკ ნორისზე – ინტერნეტ ფენომენი, რომელმაც მთელი ვებსივრცე მოიცვა და ბატონ ჩაკ ნორისს ისეთი პოპულარობა მოუტანა, როგორიც მას მისი კარიერის პიკშიც კი არ დაესიზმრებოდა. ყველაფერი კონან ო’ბრაიანის შოუში დაიწყო, როდესაც კონანი ყველა გადაცემაში თითო გამოთქმას ამბობდა ჩაკზე, ეს ყველაფერი ხალხს ისე მოეწონა, რომ სულ მალე ინტერნეტი გადაიჭედა ჩაკ ნორისის შესახებ სხვადასხვა გამოთქმებით.
ალბათ ყველას გაგიგიათ თუნდაც ერთი გამოთქმა ჩაკ ნორისის შესახებ, მაგრამ რეალურად ამ ადამიანზე შესაძლოა არც არაფერი იცით, რადგან ვერ მოესწარით 90–იანების დასაწყისს და არ გინახავთ არც მისი ფილმი და არც ბრუს ლის ერთ–ერთი ფილმი, რომელშიც ეს უკანასკნელი ჩაკს კოლიზეუმში სცემს 🙂
მე ნამდვილად არ ვაპირებ ჩაკის ბიოგრაფიის მოყოლას, უბრალოდ გადავწყვიტე გადმომექართულებინა რამოდენიმე გამოთქმა ჩაკ ნორისზე, რომელიც ინტერნეტში ვიპოვე 🙂
მაშ ასე, გამოთქმები ლეგენდარული ჩაკ ნორისის შესახებ:
1. ერთხელ ჩაკ ნორისმა გერმანელების ბომბდამშენი ჩამოაგდო, მან უბრალოდ მას თითი დაუმიზნა და დაიძახა: “ბახ!”.
2. ჩაკ ნორისს არ სძინავს. ის ელოდება.
3. ჩაკ ნორისს შეუძლია ქალების დაორსულება უბრალოდ ერთი შეხედვით. მას შეუძლია ეს უქნას კაცებსაც.
4. ჩაკ ნორისის ცრემლები კურნავს კიბოს. სამწუხაროა, რომ მას არასდროს უტირია.
5. როდესაც ბუა მიდის დასაძინებლად, ის ამოწმებს კარადაში ჩაკ ნორისი ხომ არ არის.
6. ჩაკ ნორისი უკვე იყო მარსზე; სწორედ მაგიტომ არ არის იქ სიცოცხლის ნიშნები.
7. პრეზიდენტ ბუშს ქჰონდა ერაყში ომის შეწყვეტის გეგმა, მაგრამ იმ დღეს ჩაკ ნორისი დაკავებული იყო.
8. თუ თქვენ ხედავთ ჩაკ ნორისს, ისიც გხედავთ თქვენ; თუ თქვენ ვერ ხედავთ ჩაკ ნორისს, შესაძლოა თქვენ სიკვდილს წამები გაშორებდეთ.
9. ჩაკ ნორისის მთავარი საექსპორტო პრუდუქტი არის ტკივილი.
10. ცოტა ხნის წინ ჩაკ ნორისს იდეა მოუვიდა გაეყიდა საკუთარი შარდი, როგორც დაკონსერვებული სასმელი. ჩვენ ვიცნობთ ამ სასმელს “რედ ბულის” სახელით.
11. გთავაზობთ იმის სიას, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ჩაკ ნორისს: .
12. ჩაკ ნორისმა ბზრიალში დაარტყა ფეხი ღმერთს სახეში – სწორედ ასე მოხდა დიდი აფეთქება.
13. ჩაკ ნორისი არ კითხულობს წიგნებს, ის მათ აშტერდება სანამ არ მიიღებს საჭირო ინფორმაციას.
14. ჩაკ ნორისმა დაითვალა უსასრულობამდე, ორჯერ.
15. 29 თებერვალი არის 4 წელიწადში ერთხელ, რადგან ჩაკ ნორისს სურს ასე.
16. არ არსებობს ევოლუციის თეორია, უბრალოდ სია არსებებისა, რომლებსაც ჩაკ ნორისი აძლევს სიცოცხლის უფლებას.
ისე ამ გამოთქმასთან დაკავშირებით ჩაკმა განაცხადა, რომ ევოლუციის თეორია მართლაც ტყუილია და რომ ადამიანი ამ პლანეტაზე ღმერთმა მოავლინა… ეს ისე, ლირიული გადახვევა 🙂
17. ჩვეულებრივ საცხოვრებელ ოთახში, არის 1242 ნივთი, რომლითაც ჩაკ ნორისს თქვენი მოკვლა შეუძლია, მათ შორის თვითონ ოთახიც.
18. როდესაც ჩაკ ნორისი ვარდება წყალში ის არ სველდება, არამედ წყალი ჩაკ ნორისდება.
19. როდესაც ჩაკ ნორისი ხელებზე იწევა, ის არ ადის ზემოთ, არამედ დედამიწა ჩადის ქვემოთ.
20. ჩაკ ნორისს შეუძლია ისე ძლიერად დაგატყათ, რომ შეცვალოს თქვენი დნმ–ი.
21. სპორტში არ არსებობს სტეროიდები, უბრალოდ არიან სპორტსმენები, რომლებსაც ჩაკ ნორისმა მიასუნთქა.
22. ფრედი კრუგერს ეშინია, რომ ჩაკ ნორისი დაიძინებს.
23. ჩაკ ნორისმა ერთხელ სკაიდაივინგი გამოსცადა, მაგრამ პირობა დადო არასდროს გაეკეთებინა იგივე. ერთი დიდი კანიონიც საკმარისია.
24. ჩაკ ნორისმა ერთხელ ატლანტიკის ოკეანეში დააცემინა, შედეგი – ქარიშხალი “კატრინა”.
25. ჩაკ ნორისს შეუძლია შეჭამოს მხოლოდ ერთი “ფისტაშკა”.
26. ჩაკ ნორისს შეუძლია ცემოს მამაშენი 🙂
27. მხოლოდ სამი რამ არის ამ სამყაროში გარდაუვალი: სიკვდილი, გადასახადები და ჩაკ ნორისი.
28. ჩაკ ნორისს შეუძლია ბრაილის შრიფტით ლაპარაკი
29. ესკიმოსებს აქვთ 100 სიტყვა თოვლისთვის, მაგრამ მხოლოდ ორი შიშისთვის: ჩაკ ნორისი.
30. ჩაკ ნორისმა გადაკვეთა მოვლენათა ჰორიზონტი 🙂
ჩაკ ნორისის ემოციები
31. ჩაკ ნორისს არ სჭირდება ბატარიები, მისი ნივთები შიშზე მუშაობენ.
32. ჩაკ ნორისმა ჩაუდო კრისტოფერ ნოლანის თავში ფილმ “Inception”–ის იდეა, როდესაც ამ უკანასკნელს ეძინა.
33. ჩაკ ნორისს ყავდა 21 ბლექჯეკში, მან კიდევ ერთი კარტი მოითხოვა და მოიგო.
34. ჩაკ ნორისმა არ დაანება თავი მოწევას, ჩაკ ნორისი არასდროს ანებებს თავს.
35. ჩაკ ნორისს შეუძლია თვალებს შორის დაარტყას ციკლოპს.
36. ზოგი ამას თვითმკვლელობას ეძახის, ჩაკ ნორისი კი უბრალოდ “მიშტერების ხელოვნებას”/
37. ერთხელ დინოზავრებმა გააბრაზეს ჩაკ ნორისი…
38. თუ თქვენ გუგლში ჩაკ ნორისი არასწორად ჩაწერეთ, ის არ გიწერთ: “თქვენ გულისხმობდით ჩაკ ნორისს?”, არამედ: “გაიქეცი რაც შეიძლება სწრაფად”.
39. ჩაკ ნორისი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მოუგო კედელს ტენისში.
40. შეკითხვა: შეუძლია ღმერთს შექმნას ისეთი მძიმე ქვა, რომ თვითონაც ვერ აწიოს?
პასუხი: ჩაკ ნორისი.
41. ჩაკ ნორისმა მათემატიკურად დაამტკიცა რომ ჩიტი სიტყვაა (ამას მხოლოდ Family Guy–ს მოყვარულები მიხვდებოდით 🙂 )
42. ყველა სადაზღვეო კომპანიას აქვს საკუთარ პოლისში : ფორსმაჟორი და ჩაკ ნორისი.
43. მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია dislike გაუკეთოს რამეს Facebook–ზე
44. ჩაკ ნორისი ირეკლავს სარკეს.
45. ჩაკ ნორისი არის ერთადერთი ადამიანი ვინც დაარტყა სტივენ სიგალს
46. მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია დაარტყას ჩაკ ნორისს და იცოცხლოს.
47. ჩაკ ნორისს შეუძლია აღწეროს წყლის გემო.
48. ჩაკ ნორისს შეუძლია ვინდოუსიდან ნაგვის ყუთის წაშლა.
49. ჩაკ ნორისს არასდროს ეწვება კანი მზისგან, რადგან მზე უბრალოდ ვერ ბედავს…
50. ამბობენ იესოს წყალზე სიარული შეეძლო, ჩაკ ნორისს კი მიწაზე გაცურვა შეუძლია.
51. ჩაკ ნორისი ფორთოხლის წვენს ლიმნიდან წურავს.
52. ირანში არ არის მასობრივი განადგურების იარაღი, რადგან ჩაკ ნორისი ოკლაჰომაში ცხოვრობს.
მგონი 52 საკმარისია 🙂 თავიდან 50 იყო, მაგრამ შემდეგ ბოლო ორსაც წავაწყდი სადღაც და ჩავსვი 🙂
იმედია თუნდაც ერთი მაინც მოგეწონათ და ოდნავ მაინც გაგეღიმათ 🙂
რამოდენიმე წლის წინ სპორტულ გაზეთ “ლელო”-ში პირველად მოვკარი თვალი “მყვირალა” სარეკლამო განცხადებას, სადაც მავანი პიროვნება 16-19 წლის ბიჭებს (მაშინ მგონი ვაკმაყოფილებდი ასაკობრივ ცენზს) მასთან მისვლას, გასაუბრებას, საბუთების მიტანას და ის ჩვენ არგენტინის წამყვან კლუბებში სტაჟირებას და შემდგომში, თუ იქ თავს გამოვიჩენდით, იმ კლუბებში ჩარიცხვასაც გვთავაზობდა…
ჰო, მთავარი გამომრჩა: ყველანაირი ხარჯები საკუთარ თავზე ფეხბურთელს უნდა აეღო, იქნებოდა ეს მგზავრობის თუ საცხოვრებელი ხარჯები…
პირველივე წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ამ განცხადების ავტორი მაინც და მაინც ვერ ერკვეოდა საფეხბურთო სისტემის მუშაობაში, ან ერკვეოდა მაგრამ უბრალოდ…. Aფერისტი იყო. წარმოუდგენლად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ასე მიხვიდე ვინმესთან, გაესაუბრო(!) და შემდეგ მან არგენტინის წამყვან (დიახ სწორედ ასე ეწერა) კლუბში წაგიყვანოს სავარჯიშოდ.
ეს განცხადება ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქვეყნდებოდა გაზეთ ლელოში, შემდეგ კი ერთ დღეს დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც წავიდა სტაჟირებაზე და ჩაირიცხა არგენტინის მესამე(!) დივიზიონის კლუბში, რომლის სახელიც არც კი მახსოვს, მგონი “დეპორტივო” ჰქონდა დასაწყისში…
სარწმუნო წყაროდან შევიტყე, რომ ის ბიჭები, რომლებიც მივიდნენ ამ პიროვნებასთან გასაუბრებაზე და გაიარეს იგი (რატომღაც რომ ჩაჭრილიყვნენ), წავიდნენ არა წამყვან კლუბში, არამედ საეჭვო რეპუტაციის პიროვნებასთან, რომლიც მათ პარკებსა და ეზოებში ავარჯიშებდა…
შემდგომში ამ პიროვნებამ საქართველოში ჩამოიყვანა დიეგო მარადონა. რა მოხდა შემდეგ მგონი ყველამ იცით, აშკარად არაპროფესიონალური მიდგომის გამო სტადიონი თითქმის ცარიელი იყო…
რამდენადაც მე ვიცი, თვითონ ორგანიზატორებს არ სჯეროდათ რომ დიეგო ჩამოვიდოდა, ხოლო როდესაც საკუთარი თვალით იხილეს აეროპორტში, მხოლოდ მაშინ “გაახსენდათ”, რომ მისთვის შეპირებული ფული არ ჰქონდათ და დაადეს კიდევაც ბილეთს 50 ლარი! და ეს დიდი დიეგოს საჩუქრად გამოგვიცხადეს, თურმე ასე უყვარხართ ქართველებიო…
საერთოდ ფეხბურთის ყურება მარადონას გამო დავიწყე, მაგრამ მეც კი დამენანა 100 ლარის (მარტო ხომ არ წახვალ) გადახდა იმაში, რომ არაფრის მომცემ ამხანაგურ (ესეც კი არ ქვია მაგას) თამაშში მენახა ღიპიანი დიეგო და ბებერი კანიჯა (რომელიც ჩვენ 25 წლის “ვეტერან” ფეხბურთელებს ათი თავი სჯობდა)…
სულ ახლახან იგივე პიროვნებამ მოიწადინა პელეს ჩამოყვანა და თბილისში 21-წლამდე ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირის ორგანიზება, სადაც ჩვენ გარდა ბრაზილიის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ. და დაიწყო და აღარ გაჩერებულა “ლელო”-ში სტატიები ამ ტურნირის შესახებ, რომელთა შინაარსიც ნელ-ნელა ოპტიმისტურ-მომწოდებლურიდან პესიმისტურ-მათხოვრულამდე დავიდა. ეს პიროვნება უკვე თვეებია გაზეთის ფურცლებიდან გვიმტკიცებს ამ ტურნირის აუცილებლობის შესახებ, პრეზიდენტსაც კი მიწერა უკვე ბარე ათჯერ, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა ის და ლელოს ჟურნალისტი (მგონი სულ ერთი და იგივე პიროვნება წერს) არ ნებდებიან.
სტატიებში ისევ იყო ნახსენები სიტყვა “სტაჟირება”, კერძოდ: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ვინც თავს გამოიჩენს, იმას სტაჟირებაზე არგენტინაში გავუშვებთო!!!! სტაჟირებაზე გავუშვებთ საქართვლეოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს?!! მათგან უეტესობა წამყვან ქართულ კლუბებში (დინამო, ზესტაფონი, ოლიმპი, ბაია, ვიტ ჯორჯია) ან უცხოურ გუნდებში თამაშობენ და მათ გაშვებას აპირებს ეს პიროვნება სტაჟირებაზე?!
და საერთოდ ძალიან საინტერესოა ამ გაგანია სეზონში, როგორ აპირებს ეს პიროვნება არგენტინის, ბრაზილიის ან ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების ჩამოყვანას?! ვინ გამოუშვებს ამ ფებურთელებს საქართველოში “რაღაც” ტურნირზე სათამაშოდ?! ამ ნაკრების ფეხბურთელები ან საკუთარი ქვეყნის მართლაც წამყვან ან კიდევ ევროპის სხვადასვხა გუნდებში თამაშობენ…
ასევე ეწერა, რომ ვიღაც არგენტინელი მწვრთნელი, ლუის სესარ მენოტის მიერ რეკომენდირებული, მზადაა ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბოს, ჯერ აქ ავარჯიშოს და შემდეგ უფრო მაღალ დონეზე მოსამზადებლად არგენტინაში წაიყვანოს… და რომ მათი მიზანია 2014 წლისთვის ჩვენს ნაკრებს კადრები მოუმზადონ. არ ვიცი თქვენ როგორ ერკვევით ფეხბურთში, ან ფეხბურთის სისტემაში, მაგრამ ასეთი რამე წარმოუდგნელი კი არა, აბსურდია! აბსურდია რომ 4 წლის შემდეგ ნაკრების გამოსადეგი კადრი მომზადდეს გუნდში, რომელიც შეკრიბა ქუჩიდან ვიღაც საეჭვო რეპუტაციის არგენტინელმა და შემდეგ ტყე-პარკებში ავარჯიშა არგენტინაში.
ან საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საკუთარი საფეხბურთო სკოლები არ გვაქვს?! ან თუ ფეხბურთელი ნიჭიერია ევროპაში ვერ მიდის ჩვენი ქვეყნიდან?! აქამდე ნაკრებისთვის ფეხბურთელები არ გვყავდა და მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება თუ გვიშველის?! რა თქმა უნდა საფეხბურთო ინდუსტრია ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ისე ნამდვილად არაა საქმე, რომ ჩვენი ახალგაზრდული(!) ნაკრების ფეხბურთელებს სტაჟირება(!) სჭირდებოდეთ არგენტინაში. ევროპის ყველაზე სუსტი ნაკრების, სან მარინოს ფეხბურთელებიც კი შეურაცხყოფილები დარჩებოდნენ მსგავსი წინადადებით.
ძალიან სამწუხაროა, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ, ჩვენი ქვეყნის წამყვან (და მგონი ერთადერთ) სპორტულ გაზეთში მსგავსი ტიპის პიროვნებას, რომ ეთმობა ტრიბუნა და ისიც გაუთავებლად ცდილობს ჩვენ “დაბოლებას” იმის შესახებ რომ თურმე ჩვენ ფეხბურთს მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება ან ახალგაზრდულ “ნაკრებთა” (რეალურად მაქსიმუმ მესამე-მეოთხე ნაკრებთა) ოთხთა ტურნირი თუ გადაარჩენს.
ამ ადამიანის განცხადებების წაკითხვის მერე მხლოდ ორი აზრი თუ მოგივა თავში: ის რაც დასაწყისში ვახსენე – ან საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე ან ერკვევა, მაგრამ აფერისტია და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე. ეს ყველაფერი კი იწვევს საბოლოოდ იმას, რომ კარგავ პატივისცემას როგორც მთლიანად გაზეთის, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ.