ტრადიცია კვლავ არ დაირღვა: მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ისიც პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ფინალურ 4–ეულში ვერც ბრაზილია გავიდა და ვერც გერმანია. ისიც 1930 წელს გერმანია არ მონაწილეობდა მუნდიალზე, დაეზარათ ურუგვაიში წასვლა 🙂

ოთხი მეოთხედფინალიდან გულშემატკივრები ყველაზე დაძაბულ მატჩს იმ შეხვედრაში ელოდნენ, რომელიც ზუსტად რომ ყველაზე მარტივი გამოდგა ერთი გუნდისთვის და ვისაც ფეხბურთში რამე მაინც ესმის, მისთვის ეს გასაკვირი არ იქნებოდა… არ იყო საჭირო ორი ტანგო, ერთი მივიღეთ წინა დღეს, ახლა ლუდი გვინდოდა 🙂

კარგად დაბალანსდა ისე ყველაფერი: ტანგო, მარიჰუანა, ლუდი და ფლამენკო…

თამაშებს რაც შეეხება: მე პირადად არ მახსენდება ისეთი დრამატული მოვლენა, რაც განა–ურუგვაის თამაშში მოხდა. 120–ე წუთზე ვინმეს 11–მეტრიანი აეცილებინოს ასეთი მნიშვნელობის მატჩში… ასეთი რამ მართლაც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს… სუარესი ანტიგმირიდან გმირი სულ რაღაც ერთ წუთში გახდა, ხოლო ასამოა გიანი…  არავინ ისურვებდა ალბათ მის ადგილას ყოფნას იმ დღეს, მაგრამ უბრალოდ ვერ ავუვლით გვერდს და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი გამბედაობა და რასაც ქვია “კაცობა”, რადგან მან მიუხედავად ყველაფრისა გადაწყვიტა მატჩის შემდგომ პენალტებში დარტყმა და გაიტანა კიდევაც. ამას ბევრი ნამდვილად ვერ გაბედავდა…

ბრაზილიამ თამაში ძალით წააგო… გიანის არ იყოს, ასევე ვერ ვიხსენებ თამაშს გუნდს ასე დამაჯერებლად ჩაეტარებინოს პირველი ტაიმი და თამაში მაინც წაეგოს ამ დონის ტურნირის ამ ეტაპზე…

არადა ბრაზილია ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა და მართლაც მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ…. ფელიპე მელომ სუარესის სცენარი გაიმეორა, ოღონდ უკუღმა, გმირიდან ანტიგმირი გახდა და მოდით ვთქვათ, ძალიან, პირდაპირ სასაცილომდე ლოგიკურად დააგვირგვინდა უბადრუკი და სასირცხვილო სეზონი… მელოს ისეთი ამაზრზენი სეზონი ჰქონდა და ისეთი რამ გააკეთა ჰოლანდიასთან თამაშში, რომ კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდებოდა ალბათ 🙂

ესპანეთი აგრძელებს ჩვენს გაოცებას… ასეთი პოტენციალის გუნდი, როდესაც ასე თამაშობს, ძირითადად ის ემართება რაც ინგლისს დაემართა წელს და არამარტო წელს, მაგრამ ესპანეთი 1/2 ფინალშია, პირველად ისტორიაში სხვათაშორის. სწორედ ამიტომ, ბევრისგან განსხვავებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი გაამართლებს ფავორიტის სტატუსს და გერმანიას ბეჭებზე გააკრავს, გერმანიას, რომელიც ბოლო ორი თამაშია უბრალოდ ბრწყინვალეა, თუმცა…

თუმცა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში ინგლისთან 4–1 და არგენტინასთან 4–0–მა, რადგან ორივე ეს გუნდი ძალზედ სუსტი იყო რეალურად. ორივე შემთხვევაში გერმანიამ პირველმა ძალიან სწრაფად გაიტანა გოლი, გოლი რომელიც გამოწვეული იყო დაცვის (ტერი და აპსონი პირველ შემთხვევაში, ოტამენდი მეორეში) შეცდომით, რის შემდეგაც თამაში მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ მოექცა. არგენტინას კი რა დონის დაცვა (არ ვგგულისხმობ მხოლოდ დაცვის ხაზს, არამედ მთლიანად გუნდის შესაძლებლობას თავი დაიცვას) ჰყავდა, მაგას მგონი ისედაც ყველა ხედავდა… ასევე ყველა ხედავადა, თუ როგორ შეუძლია გერმანიას კონტრშეტევის ორგანიზება. მოკლედ არაფერი გასაკვირი 4–0–ში არ იყო… არგენტინა–მექსიკის თამაშის შემდეგ მოვლენების ასეთი განვითარება მე ვიწინასწარმეტყველე და მეცინებოდა იმ ადამიანებზე ვინც თვლიდა, რომ არგენტინა ჩემპიონატის ფავორიტი იყო…

არქაული პერიოდის რომბისებრი 4–4–2 ვერ გახდებოდა ვერაფერის მომტანი გარდა იმ შედეგესა, რაც მიიღო დიეგო მარადონამ და გული ატკინა მილიონობით არგენტინელს და არამარტო არგენტინელს.

მარადონაზე და მისი მილიონ +1 შეცდომაზე კიდევ ვისაუბრებ სხვა დროს, ამჯერად კი რადგან საუბარი მუნდიალზეა, ამით დავკმაყოფილდეთ, დავისვენოთ ორი დღე და დაველოდოთ 1/2 ფინალებს.

თავს უფლებას მივცემ და პრიგნოზს გავაკეთებ: ფინალში ჩემი აზრით გავლენ გუნდები, რომლებიც ჯერ არ გამხდარან ჩემპიონები 🙂