Tag Archive: დიეგო მარადონა


ტრადიცია კვლავ არ დაირღვა: მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ისიც პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ფინალურ 4–ეულში ვერც ბრაზილია გავიდა და ვერც გერმანია. ისიც 1930 წელს გერმანია არ მონაწილეობდა მუნდიალზე, დაეზარათ ურუგვაიში წასვლა 🙂

ოთხი მეოთხედფინალიდან გულშემატკივრები ყველაზე დაძაბულ მატჩს იმ შეხვედრაში ელოდნენ, რომელიც ზუსტად რომ ყველაზე მარტივი გამოდგა ერთი გუნდისთვის და ვისაც ფეხბურთში რამე მაინც ესმის, მისთვის ეს გასაკვირი არ იქნებოდა… არ იყო საჭირო ორი ტანგო, ერთი მივიღეთ წინა დღეს, ახლა ლუდი გვინდოდა 🙂

კარგად დაბალანსდა ისე ყველაფერი: ტანგო, მარიჰუანა, ლუდი და ფლამენკო…

თამაშებს რაც შეეხება: მე პირადად არ მახსენდება ისეთი დრამატული მოვლენა, რაც განა–ურუგვაის თამაშში მოხდა. 120–ე წუთზე ვინმეს 11–მეტრიანი აეცილებინოს ასეთი მნიშვნელობის მატჩში… ასეთი რამ მართლაც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს… სუარესი ანტიგმირიდან გმირი სულ რაღაც ერთ წუთში გახდა, ხოლო ასამოა გიანი…  არავინ ისურვებდა ალბათ მის ადგილას ყოფნას იმ დღეს, მაგრამ უბრალოდ ვერ ავუვლით გვერდს და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი გამბედაობა და რასაც ქვია “კაცობა”, რადგან მან მიუხედავად ყველაფრისა გადაწყვიტა მატჩის შემდგომ პენალტებში დარტყმა და გაიტანა კიდევაც. ამას ბევრი ნამდვილად ვერ გაბედავდა…

ბრაზილიამ თამაში ძალით წააგო… გიანის არ იყოს, ასევე ვერ ვიხსენებ თამაშს გუნდს ასე დამაჯერებლად ჩაეტარებინოს პირველი ტაიმი და თამაში მაინც წაეგოს ამ დონის ტურნირის ამ ეტაპზე…

არადა ბრაზილია ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა და მართლაც მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ…. ფელიპე მელომ სუარესის სცენარი გაიმეორა, ოღონდ უკუღმა, გმირიდან ანტიგმირი გახდა და მოდით ვთქვათ, ძალიან, პირდაპირ სასაცილომდე ლოგიკურად დააგვირგვინდა უბადრუკი და სასირცხვილო სეზონი… მელოს ისეთი ამაზრზენი სეზონი ჰქონდა და ისეთი რამ გააკეთა ჰოლანდიასთან თამაშში, რომ კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდებოდა ალბათ 🙂

ესპანეთი აგრძელებს ჩვენს გაოცებას… ასეთი პოტენციალის გუნდი, როდესაც ასე თამაშობს, ძირითადად ის ემართება რაც ინგლისს დაემართა წელს და არამარტო წელს, მაგრამ ესპანეთი 1/2 ფინალშია, პირველად ისტორიაში სხვათაშორის. სწორედ ამიტომ, ბევრისგან განსხვავებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი გაამართლებს ფავორიტის სტატუსს და გერმანიას ბეჭებზე გააკრავს, გერმანიას, რომელიც ბოლო ორი თამაშია უბრალოდ ბრწყინვალეა, თუმცა…

თუმცა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში ინგლისთან 4–1 და არგენტინასთან 4–0–მა, რადგან ორივე ეს გუნდი ძალზედ სუსტი იყო რეალურად. ორივე შემთხვევაში გერმანიამ პირველმა ძალიან სწრაფად გაიტანა გოლი, გოლი რომელიც გამოწვეული იყო დაცვის (ტერი და აპსონი პირველ შემთხვევაში, ოტამენდი მეორეში) შეცდომით, რის შემდეგაც თამაში მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ მოექცა. არგენტინას კი რა დონის დაცვა (არ ვგგულისხმობ მხოლოდ დაცვის ხაზს, არამედ მთლიანად გუნდის შესაძლებლობას თავი დაიცვას) ჰყავდა, მაგას მგონი ისედაც ყველა ხედავდა… ასევე ყველა ხედავადა, თუ როგორ შეუძლია გერმანიას კონტრშეტევის ორგანიზება. მოკლედ არაფერი გასაკვირი 4–0–ში არ იყო… არგენტინა–მექსიკის თამაშის შემდეგ მოვლენების ასეთი განვითარება მე ვიწინასწარმეტყველე და მეცინებოდა იმ ადამიანებზე ვინც თვლიდა, რომ არგენტინა ჩემპიონატის ფავორიტი იყო…

არქაული პერიოდის რომბისებრი 4–4–2 ვერ გახდებოდა ვერაფერის მომტანი გარდა იმ შედეგესა, რაც მიიღო დიეგო მარადონამ და გული ატკინა მილიონობით არგენტინელს და არამარტო არგენტინელს.

მარადონაზე და მისი მილიონ +1 შეცდომაზე კიდევ ვისაუბრებ სხვა დროს, ამჯერად კი რადგან საუბარი მუნდიალზეა, ამით დავკმაყოფილდეთ, დავისვენოთ ორი დღე და დაველოდოთ 1/2 ფინალებს.

თავს უფლებას მივცემ და პრიგნოზს გავაკეთებ: ფინალში ჩემი აზრით გავლენ გუნდები, რომლებიც ჯერ არ გამხდარან ჩემპიონები 🙂

პირველი ტურის შემდეგ იმ იმედით დაგემშვიდობეთ, რომ უკეთეს განწყობაზე ვიქნებოდი… ვერ ვიტყვი, რომ მთლად აღფრთოვანებული ვარ მეორე ტურის შემდეგ, მაგრამ პირველთან რა შედარებაა – გოლები მაინც გადის და ფეხბურთელები ბურთს მაინც აჩერებენ, ვუვუზელას ხმაც კი ისე აღარ მაწუხებს, ან მე შევეჩვიე, ან თვითონ შეწუხდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ დღეს (22 ივნისი) სამხრეთ აფრიკის თამაშზე ისევ აუტანელი ხმაური იქნება…

რა შეიძლება ითქვას მეორე ტურის გადმოსახედიდან?  ის, რომ ზოგი ფავორიტი აშკარად ვერ ამართლებს თავის სტატუსს (ინგლისი), ზოგი ისე თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს (იტალია), ზოგმა გაგვაკვირვა მეორე ტურში (გერმანია), ზოგი სხვანაირ ფეხბურთს გვთავაზობს (ჰოლანდია, ბრაზილია). ამ უკანასკნელთ რაც შეეხებათ, პრინციპში ეს ბრაზილიისგან გასაკვირი არც იყო –  ყველამ ვიცოდით ისედაც, რომ დუნგა ბრაზილიას პრაგმატულ და ევროპულ ფეხბურთს ათამაშებდა, ბოლოს და ბოლოს 1994 წლის ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ აი ჰოლანდიისგან ცოტა გასაკვირია ასეთი თამაში, რომელსაც იმდენად არა პრაგმატული, არამედ “მეტი არ შეგვიძლია, ეს ვართ რაც ვართ” შეიძლება ვუწოდოთ… არ მითხრათ რობენი არ ყავდათო, კი გასაგებია, დიდი ძალაა რობენი და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მაინც მეტი მოეთხოვება გუნდს, რომელსაც ჰყავს: სნეიდერი, ვან დერ ვაარტი, ვან პერსი და სხვები… დაბრუნდება არიენიც და იმედია ჰოლანდიაც გადასხვაფერდება და შემოგვთავაზებს იმ თამაშს, რითიც ვერ იგებს ვერაფერს, სამაგიეროდ იგებს ხალხის გულს 🙂

არგენტინის ნაკრებს რაც შეეხება:  ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს გენიალური შეტევა, ნორმალური, მაგრამ ქაოტური დაცვა (ანარქისტი დემიკელისის და ჰაინცეს მეთაურობით) და ძალზედ სუსტი ნახევარდაცვა… არა, მე მასკერანოს და ვერონს არ ვაკნინებ, უბრალოდ ერთი გამოკლების შემთხვევაშიც კი, გუნდს შეექმნება უდიდესი პრობლემები, რადგან მათი შემცვლელი დონ დიეოგს ფიზიკურად არ ჰყავს (ბოდიში ბოლატისთან), ხოლო ნორმალურ და ორგანიზებულ გუნდთან მარადონას გიჟური 4–1–2–1–2–ით, რაც რეალურად არის 4–1–5, არგენტინის ნაკრებს კარგი დღე არ დაადგება… აი მაშინ კი გაახსენებენ დიეგოს კამბიასოს, ლუჩოს,გაგოს, ბანეგას, ძანეტის… ხუთივე ამ ფეხბურთელს ხომ ცენტრალუ ზონაში შეუძლია თამაში, თან როგორ შეუძლიათ მგონი ყველამ ვიცით.

საფრანგეთის ნაკრებმა გაგვაოცა ყველა, არა, შედეგით კი არა, უბრალოდ იმ ქცევით, რის გამოც მოხვდნენ კიდევაც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თორემ დომენეკს რომ “იმპოტენტი” გუნდი ჰყავდა, მაგის მიხვედრას დიდი “პროფესორობა” არ სჭირდებოდა.

ვის შეიძლება ვუწოდოთ გასული ორი ტურის შემდეგ, ტურნირის აღმოჩენა?

მე ორ გუნდს გამოვყოფდი: ალჟირი და ჩილე.  დიდი ალბათობით ორივე ეს გუნდი ჯგუფში ჩარჩება, მაგრამ მათ უკვე კვალი დაამჩნიეს ამ მუნდიალს, რადგან ჩილემ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ლამაზი და ორგანიზებული გუნდის გაკეთება შეუძლია მარსელო ბიელსას და ამავე დროს კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა ეტაკა ამ კაცს 2002 წლის მუნდიალზე, მაინც და მაინც ჩემპიონატზე, რომ შეცვალა გუნდის (არგენტინა, ვისაც არ გახსოვთ) ტაქტიკა–სტრატეგია…

ხოლო ალჟირს რაც შეეხება: პირადად მე გაოცებული ვუყურებდი ამ გუნდის თამაშს ინგლისთან… ლამაზი კომბინაციები, საკუთარ საჯარიმოსთან პასები, მაშინ როდესაც 90 პროცენტი გუნდებისა ბურთს უბრალოდ მოიგერიებდა, არანაირი პანიკა, არანაირი დაძაბულობა, არანაირი მორიდება, არანაირი შიში… ბელჰაჯის ჩართვები შეტევაში, ზიანის ფინტები, კედელივით აღმართული ბუგერა…  ეს გუნდი ჩემი პირადი ფავორიტია პირველი ორი ტურის შემდეგ, მითუმეტეს მისგან ასეთ ცვლილებას სლოვენიასთან თამაშის შემხედვარე, არავინ მოელოდა.

იმედია არ მიწოდებთ მიკერძოებულს, რადგან პირველი ორი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემი აზრით, იყო ლეო მესი, რადგან არგენტინის მთელი თამაში მასზეა დამოკიდებული: ის იყო ყველგან, ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, თავისი ჩვეული დრიბლინგებით აღწევდა მეტოქის დაცვის სიღრმეებში და არღვევდა მას და საერთოდ თუ დააკვირდით, მესი კორეასთან თამაშში ძირითადად ცენტრალური ნახევარცველის პოზიციაზე თამაშობდა… იმის წარმოდგენაც კი მეშინია რა მოუვა მარადონას ნაკრებს, მესი რომ გამოაკლდეს და შედარებით ძლიერ გუნდს შეხვდეს, მაგალითად იმავე მექსიკას, რომელიც ალბათ დღეს (22–ში) წყნარად ითამაშებს ფრეს ურუგვაისთან, საფრანგეთს სახლში გაუშვებს, ხოლო თვითონ 4 წლის წინანდელისთვის რევანშის ასაღებად დაიწყებს მზადებას. შანსი ნამდვილად აქვთ, არგენტინის ეს ნაკრები, ხომ წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია…

მოკლედ იმედია ყველა ფავორიტი გააგრძელებს გზას ჯგუფური ეტაპის შემდეგ (საფრანგეთს და კიდევ ერთ გუნდს არ ვგულისხმობ, მაგრამ ის კიდევ ერთი გუნდი მაინც გავა ჯგუფიდან, რადგან… რადგან ასეთი გუნდია და პლუს მოკალი და ძალზედ იოლ ჯგუფშია…) და პლეი–ოფებიდან უკვე ლამაზ თამაშებს ვნახავთ, სადაც ნამდვილი ვარსკვლავები (ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, რონალდო, შვაინი, ჯერარდი, ლამპარდი, რუნი, კაკა, რობინიო, რობენი, ვამ პერსი…) გაიბრწყინებენ, რადგან ჯერჯერობით ისინი ჩრდილში არიან, არადა მუნდიალს სწორედ საფეხბურთო გენიოსები ალამაზებენ…

თუმცა ჯერ წინ მესამე ტურია, რომელიც ბევრს რამეს გაარკვევს, 16 გუნდი სახლში წავა, 16 ერს გული გაუტყდება, 16 კი ბედნიერი იქნება, ვნახოთ ვინ გაიხარებს უახლოეს 4 დღეში და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე პლეი–ოფებზე…

პ.ს. არგენტინის გავარდნის შემთხვევაში შესაძლოა მუნდიალზე წერის სურვილი გამიქრეს 🙂 წინასწარ მაპატიეთ ჩემი არაპროფესიონალიზმი 🙂

პოპულარულმა საიტმა goal.com და კოკა–კოლამ წარმოადგინეს ერთობლივი პორექტი: მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლების რნიშვნების 50–ეული.  მე და არა მარტო მე, არ დავეთანხმეთ ამ რეიტინგის საბოლოო შედეგებს, რადგან პირველ ადგილზე გავიდა აღნიშვნა, რომელიც ახლოსაც ვერ მივიდოდა მეორე ან მესამე ადგილოსანთან. თუ გაინტერესებთ ეს რეიტინგ, მიბრძანდით საიტზე და თქვენი თვალით იხილეთ, აქ კი მე შემოგთავაზებთ ჩემი აზრით ყველაზე დასამახსოვრებელი გოლების აღნიშვნების 10–ეულს.

X ადგილი

ბუდევეინ ზენდენი (ჰოლანდია, 1998 წელი)

გაუგებარი რამ, რაც ბატონმა ზენდენმა მოიმოქმედა. საერთოდ როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე სალოტო გამოუვიდა 🙂

IX ადგილი

ფაბიო გროსო (იტალია, 2006)

გამორბენი და ღრიალი მარკო ტარდელის საუკეთესო ტრადიციების დაცვით

VIII ადგილი

ჯორჯ ფინიდი (ნიგერია, 1994)

ფინიდი ყოველთვის გამოირჩეოდა არტისტული აღნიშვნებით, ეს მისი დებიუტი იყო დიდ სცენაზე

VII ადგილი

ლილიან ტურამი (საფრანგეთი, 1998)

სულ ორ კაცს გაუტანია მუნდიალის ნახევარფინალში 2 გოლი, მარადონას და ტურამს, თან ლილიანს ნაკრებში არც მანამდე და არც შემდეგ გოლი აღარ გაუტანია, ასე რომ რა გასაკვირია, თუ ამ მიღწევამ ის ცოტა ხნით ჩააფიქრა?!

VI ადგილი

ბრაიან ლაუდრუპი (დანია, 1998)

ამ გოლს განსაკუთრებული ელფერი, აღნიშვნის გარდა, ასევე რობერტო კარლოსის ტანმოვარჯიშის მონაცემების დემონსტრირებამ შესძინა, მაგრამ რადგან აქ აღნიშვნებზე ვსაუბრობთ, ვის არ გახსოვთ ყველასთვის საყვარელი პატარა ლაუდრუპის “პოზიორობა”?!

V ადგილი

რაშიდ იეკინი (ნიგერია, 1994)

ნიგერიის ისტორიაში პირველი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მას დაუვიწყარის სტატუსი სწორედ იეკინის აღნიშვნამ მიანიჭა… ვერ იხსენებთ რომელ აღნიშვნაზეა საუბარი? მაშ ჩართეთ ვიდეო, დაელოდეთ 0:50–ს და ნახავთ, რომ გაგახსენდებათ და გაგეღიმებათ, ეს როგორ ვერ გავიხსენეო…

IV ადგილი

ბებეტო (ბრაზილია, 1994)

ბებეტოს მეოთხე ბავშვი შეეძინა და გოლიც მას მიუძღვნა, მეტი კომენტარი საჭირო არაა, ბებეტოს ხსენებაზე ხომ ყველას ისედაც ეს აღნიშვნა გვახსენდება პირველ რიგში და არა მისი რომელიმე გოლი…

III ადგილი

დიეგო მარადონა (არგენტინა, 1994)

…თვალები ისე ჰქონდა ანთებული, უეჭველი დოპინგი ჰქონდა მიღებულიო…ამის ან გვჯერა, ან არ გვჯერა, მაგრამ დიეგოს მაშინდელი სახის გამომეტყველება ყველას გვახსოვს…

II ადგილი

როჟე მილა (კამერუნი, 1990)

ყველას გახსოვთ ალბათ მისი მირბენა კუთხურის ალამთან და ცეკვა… ხოლო ამ თამაშის მეორე გოლი, ალბათ მუნდიალის ისტორიაში კურიოზული გოლების ათეულშიც ულაპარაკოდ მოხვდებოდა…

I ადგილი

მარკო ტარდელი (იტალია, 1982)

უკომენტაროდ…

განსხვავებული აზრი მოისმინება კომენტარების მეშვეობით, ოღონდ პირველ ადგილზე არ იდავოთ, უკონკურენციოა ტარდელის ღრიალი 🙂  (იტალიის გულშემატკივარი არ გახლავართ, ამიტომ მიკერძოებას ვერ დამაბრალებთ)

მოგეხსენებათ გუშინ დიეგო არმანდო მარადონამ გამოაქვეყნა საბოლოო 23–კაციანი სია. არ ვიტყვი არაფერს მისი საოცარი გადაწყვეტილებების შესახებ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.

პირადად ჩემთვის ყველაფერი მოსალოდნელი სცენარით განვითარდა, მაგრამ ამავე დროს ეს სცენარი ძალზედ არასასურველი იყო და ახლავე მიხვდებით რატომ: თავი დავანებოთ ამ 23 კაცს, მოდით მე შემოგთავაზებთ არგენტინის ნაკრების 11–ეულს, რომელიც შემდგარი იქნება იმ ფეხბურთელებისგან, ვინც მარადონამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ამ ნაკრებში არ იქნებიან ტრავმირებული ფეხბურთელები ან ფეხბურთელები, რომლებსაც ობიექტურად არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია მუნდიალზე თავისი ფორმის გამო (ერნან კრესპო, ხულიო კრუსი და ა.შ.)

დავიწყეთ:

მეკარე: პატო აბონდანსიერი (ინტერნასიონალი)

მიუხედავად თავისი ასაკისა ამ მეკარემა დაამტკიცა ბრაზილიაში გამოსვლით, რომ ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ნამდვილად შეიძლებოდა მისი მესამე მეკარედ წაყვანა მუნდიალზე.

დაცვა

მარჯვენა მცველი: პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი)

მარადონას 23 კაცში არ ჰყვას არც ერთი ნომინალური მარჯვენა მცველი და ამ დროს იგნორირება გაუკეთა პაბლო საბალეტას, რომელსაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჰქონდა პრემიერლიგაში.

ცენტრალური მცველები: ეზიკილ გარაი (რეალი) და გაბრიელ მილიტო (ბარსელონა)

ხავიერ ძანეტი

გადახედეთ გუნდებს სადაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ…  ორივემ საკმაოდ ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში, მილიტო მესამე ცენტრალური მცველი იყო ბარსაში პიკეს და პუიოლის შემდეგ, ხოლო გარაი ასევე ძალზედ ხშირად ხვდებოდა მადრიდელთა ძირითადში და ვერავინ იტყვის, რომ ცუდად ასპარეზობდა. რა თქმა უნდა დიეგოს საკმაოდ კარგი მცველები ჰყავს (დემიკელისი, ბურდისო, სამუელი, ჰაინცე), მაგრამ ამ ოთხეულის გარდა ყველა დანარჩენის შესაძლებლობები კითხვის ნიშნებს ტოვებს…

მარცხენა მცველი: ხავიერ ძანეტი (ინტერი)

უკომენტაროდ

პ.ს. დეგენერატი მწვრთნელების გამო, “ილ კაპიტანო” მეორე მუნდიალს ტოვებს…

ნახევარდაცვა

საყრდენები: ფერნანდო გაგო (რეალი) და ესტებან კამბიასო (ინტერი)

გაგოსაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს მან ძირითადიდან ამოაგდო ორივე დიარა, ხოლო რაც შეეხება კამბიასოს… რა უნდა თქვას კაცმა კამბიასოზე საერთოდ…

ესტებან კამბიასო

შემტევი ნახევარმცველები: (იმის გამო რომ ობიექტურად დიეგოს ნაკრებს მიღმა არ დაუტოვებია გარემარბები, ტაქტიკა ცოტა უცნაურია, თუმცა სავსებით რეალური და განხორციელებადი).

მარჯვენა შემტევი ცენტრალური ნახევარცველი: ევერ ბანეგა (ვალენსია)

ამ სეზონში ვალენსიას ერთ–ერთი ლიდერი, უზადო ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც რა თქმა უნდა გამოადგებოდა გუნდს იმ სიტუაციაში, როდესაც მარადონას 23 კაცში საერთოდ არ ჰყავს შემტევი სტილის ცენტრალური ნახევარცველი (თუ არ ჩავთვლით პასტორეს, რომელსაც ნაკრებში სულ რაღაც ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ისიც კატალონიის ნაკრებთან).

ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი: ლუჩო გონსალესი (მარსელი)

ლუჩო და ლისანდრო

უკვე წლებია ევროპაში ერთ–ერთი გამორჩეული და საკუთარი სტილის მქონე ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც სეზონების მანძილზე იყო “პორტუს” კაპიტანი და ლიდერი, ხოლო წელს “მარსელში” გადავიდა ამ გუნდის 18 წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონობას ბევრი სწორედ ლუჩოს ბრწყინვალე თამაშს მიაწერს.

მარცხენა შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი: ხუან რიკელმე (ბოკა ხუნიორსი)

ამ ფეხბურთელის შესახებ მგონი ყველამ ყველაფერი იცით… მარადონას გამწვრთნელებიდან სულ ცოტა ხანში მომხდარი კონფლიქტის გამო არ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში.

თავდამსხმელი: ლისანდრო ლოპესი (ლიონი)

რიკელმე

ლუჩოსი არ იყოს, წლების მანძილზე “პორტუს” ლიდერი. წელს გადავიდა “ლიონში”, გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ამავე დროს ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ამ გუნდის ჩემპოინთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.

მგონი საკმაოდ ძლიერი ნაკრები გამოვიდა. დარწმუნებული ვარ ეს გუნდიც რომ დაუშვან მუნდიალზე, ბევრ ძლიერ ნაკრებს გაამწარებს და შეიძლება დიეგოს დაულაგებელ და ქაოსურ გუნდზე უკეთესი შედეგიც კი აჩვენოს.