დამთავრდა ჯგუფური ეტაპი, 16 გუნდი სახლში წავიდა, 16 მომდევნო მატჩისთვის ემზადება, 16 კულტურა მოაკლდა მუნდიალის მრავალფეროვან საზოგადოებას, 16 კიდევ დარჩა… მოაკლდა შემწვარი ქათამი (ქათამი და არა მამალი!), მოაკლდა პიცა და სპაგეტი, მაგრამ არც არავის წყენია, რადგან უკვე დიიიიდი ხანია არავინ ეკარებოდა, ზედმეტად ცივი იყო ორივე კერძი… კიდევ რა, კიდევ ბევრი რამ მოაკლდა, მაგრამ მაინც და მაინც დანაკლისად ვერ მივიჩნევთ, პრინციპში ვერც ქათამს და პიცას მივიჩნევთ დიდ დანაკლისად, მხოლოდ სახელები თუ იყო მათგან შემორჩენილი…  რა დარჩა?  დარჩა ტაკო (ადამიანის ტანის ნაწილი არა, საჭმელია ერთგვარი), დარჩა ორი ტანგო (ვერ გაუყვიათ რომლის არის), დარჩა სამბა, ჯაზი, მარიჰუანა, ფლამენკო, დარჩა ამაზრზენად უგემური შემწვარი თევზი თავისი ცივი კარტოფილით, დარჩა ცოტათი შემთბარი ლუდი, თავის ჩაცივებულ შნიცელებიანად, თუმცა ოფიციანტი გვპირდება ლუდს ჩავაციებთ, შნიცელს კი გავაცხელებთო და ვნახოთ… ან ლუდი მოვა ცივი, ან თევზი გემრიელი… მოკლედ გასართობად კიდევ შემოგვრჩა საშუალებები, ამოირჩიეთ რომელიც გინდათ… იქნებ სულაც სუში გიყვართ? მოკლედ ასორტიმენტი მრავალფეროვანია..

რაც შეეხება მესამე ტურს, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, ზედმეტად ლოგიკურადაც კი. ყველა ვისაც ეკუთვნოდა გასვლა – გავიდა, ვისაც არა – ჩარჩა. ვერც ერთ გუნდზე ვერ ვიტყვით იმსახურებდა გასვლას და ვერ გავიდაო (კიდევ კარგი აშშ–მ გაიტანა, ხოლო შვეიცარიამ ვერ).

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩილეს ნაკრები. ძალიან მესიმპატიურება ეს გუნდი და მომკალით 🙂  სამწუახარო, ძალიან სამწუხაროა, მექსიკელი არბიტრის გამო,  ბრაზილიასთან თამაშში განახევრებული სიძლიერის გუნდით რომ მოუწევს  გამოსვლა, რადგან მედელი და პონსე მართლაც ნახევარი გუნდია… თუმცა მატი ფერნანდესი დაუბრუნდებათ, ასევე იმედია სუასოც და იქნებ ვნახოთ ის თამაში, რის გამოც ხალხს ბრაზილია უყვარს უკვე ათწლეულებია, ხოლო ჩილე შეუყვარდათ ამ მუნდიალზე…

შესანიშნავი თუ არა, ნამდვილად კარგი თამაში უნდა იყოს არგენტინა–მექსიკა, ისევე როგორც ესპანეთი–პორტუგალია, ხოლო გერმანია–ინგლისს ალბათ ყველა სულმოუთქმელად ველოდები. მერე რა რომ  ვერ აჩვენებენ სათანადო თამაშს (მეტწილად ეს ინგლისს ეხება), მაინც კლასიკაა, რომელიც კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ვერ ვნახოთ მუნდიალზე.

ურუგვაის გუნდიც უნდა გამოვყოთ, რომელსაც ძალზედ გაუმართლა ბადეში და ალბათ 1/2 ფინალში უპრობლემოდ გავა (თუმცა აშშ–ს ჩამოწერაც არ შეიძლება).

თუმცა ეს ყველაფერი უკვე შემდგომი დღეების თემაა. მესამე ტურზე კი მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ მე პირადად არ მახსოვს როდის იყო ბოლოს ასეთი სიტუაცია, როდესაც მესამე ტურის წინ 32 გუნდიდან, 30–ს ჰქონოდა გასვლის თუნდაც თეორიული შანსი შერჩენილი და ყველა ჯგუფში დაძაბული სიტუაცია ყოფილიყოს 🙂