Tag Archive: ინგლისი


Image

დედოფალი და კაპიტანი

ზოგადად, როდესაც ასეთი ტიპის სახუმარო სტატიებს თუ სტატუსებს წერენ, სათაური ასეთია-ხოლმე: “როცა X გუნდმა ბოლოს (კონკრეტული ტურნირი) მოიგო”, მაგრამ ინგლისის ნაკრების შემთხვევაში, სიტყვა “ბოლოს” ან რაიმე ტურნირის დაკონკრეტება საჭირო არაა, რადგან იმ ქვეყანამ, რომელმაც 1863 წელს ფეხბურთის პირველი ოფიციალური წესები მიიღო, სპორტის ამ სახეობაში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო. შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც: ეს ყველაფერი 1966 წელს მოხდა, როდესაც ინგლისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი გახდა და მაშინ, “სამი ლომის” კაპიტანმა, ლეგენდარულმა ბობი მურმა ჟიულ რიმეს სახელობის თასი ელისაბედ II-სგან ჩაიბარა. სხვათაშორის, დედეფალი მაშინ 40 წლის (ახლა 88 წლისაა) იყო…

საინტერესოა, რა ხდებოდა მსოფლიოში მაშინ, როცა ინგლისმა მოიგო?

The Beatles ალბომ Revolver-ზე მუშაობდა, Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, Abbey Road-მდე კი მთელი სამი წელი რჩებოდა.

ჯონ ლენონი იოკო ონოს არ იცნობდა

ჯიმ მორისონს და რეი მანზარეკს The Doors ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდათ და პირველი ალბომის ჩაწერას იწყებდნენ.

ფრედი მერკური კოლეჯში სწავლობდა და ჰყავდა მეგობარი გოგონა – მერი ოსტინი.

გაბრიელ გარსია მარკესი “მარტოობის ას წელიწადზე” მუშაობდა, ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” კი ოფიციალურად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოიცა.

მაიკლ ჯექსონი, მოგვიანებით მისთვის საოცნებო, 7 წლის ბიჭი იყო. მისი და ჯენეტ ჯექსონი კი 2 თვის.

ინგლისის ნაკრების ამ შემადგენლობის არც ერთი ფეხბურთელი დაბადებული არ იყო, მეტიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე არც ერთი ფეხბურთელი (სულ 736) არ იყო დაბადებული.

სტივენ ჰოკინგს ფეხბურთის თამაში და როიალზე დაკვრა შეეძლო.

Image

ახალგაზრდა სტივენ ჰოკინგი

მარტინ ლუთერ კინგი ჩიკაგოში მასობრივი დემონსტრაციისთვის ემზადებოდა.

1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გმირები, რომარიო, კლაუდიო ტაფარელი, კრასიმირ ბალაკოვი და ჰრისტო სტოიჩკოვი, ლეგენდარული ჰოკეისტი ლუკ რობიტაილი, ისევე როგორც მოდელი სინდი კროუფორდი 4-5 თვის იყვნენ.

სადღაც ამ დროს, ჰოლანდიის მეფის, ვილემ ალექსანდერის, პოლ გასკოინის და ნოელ გალაჰერის მშობლები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, რასაც, 9 თვის შემდეგ მათ შვილების დაბადება მოჰყვა.

“შავი ენერგიის” არსებობის თეორიის წარმოშობამდე 30 წელზე მეტი რჩებოდა.

დიეგო მარადონა რამდენიმე თვეში 6 წლის ხდებოდა.

ერსენტო “ჩე” გევარა ბოლივიაში რევოლუციისთვის ემზადებოდა.

Image

“ჩე” გევარას ბოლო ფოტო

აშშ-ს, იაპონიის, კუბას, კანადის და ფილიპინების გარდა, ტელევიზია ყველგან შავ-თეთრი იყო.

რობერტ კენედი ნიუ იორკის სენატორი გახლდათ.

ფრენკ სინატრამ Strangers in the Night იმღერა, ნენსი სინატრამ კი these Boots Are Made For walkin’

მოშე დაიანი უმუშევარი იყო, “6-დღიან ომამდე” კი ერთი წელი რჩებოდა.

სერჯო ლეონე “the Good, the Bad and the Ugly”-ს გადაღებას ასრულებდა, ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი კი “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის” პრემიერაზე მიდიოდნენ.

“ბოსტონ სელტიქსმა” NBA-ს ფინალში “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 4:3 მოუგო და ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა.

როი ემერსონმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, “დიდი შლემის ტურნირებზე” მეათედ იმარჯვა და რეკორდსმენ ბილ ტილდენს წამოეწია.

ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მცირე ჩამონათვალია…

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს სახუმარო სტატიაა და მას ინგლისურენოვანი ხუმრობით დავასრულებ: “what’s the difference between a tea bag and England? a tea bag stays longer in a cup”.

და ბოლოს: ინგლისის ნაკრების მთელი “მუღამიც” ისაა, რომ ყოველთვის ერთ–ერთი ფავორიტია, გულშემატკივრებს ყოველი ტურნირის წინ ოპტიმისტური განწყობა აქვთ, საბოლოოდ კი გუნდის ყოველთვის სულელურად ან საოცრად დრამატულ ვითარებაში ვარდება. როგორც იტყვიან: “რამანწიკა” 🙂

 

სტივენ ჯერარდი (4) – წლის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი

სტივენ ჯერარდი (4) – წლის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი

პირველი ტურის შემდეგ იმ იმედით დაგემშვიდობეთ, რომ უკეთეს განწყობაზე ვიქნებოდი… ვერ ვიტყვი, რომ მთლად აღფრთოვანებული ვარ მეორე ტურის შემდეგ, მაგრამ პირველთან რა შედარებაა – გოლები მაინც გადის და ფეხბურთელები ბურთს მაინც აჩერებენ, ვუვუზელას ხმაც კი ისე აღარ მაწუხებს, ან მე შევეჩვიე, ან თვითონ შეწუხდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ დღეს (22 ივნისი) სამხრეთ აფრიკის თამაშზე ისევ აუტანელი ხმაური იქნება…

რა შეიძლება ითქვას მეორე ტურის გადმოსახედიდან?  ის, რომ ზოგი ფავორიტი აშკარად ვერ ამართლებს თავის სტატუსს (ინგლისი), ზოგი ისე თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს (იტალია), ზოგმა გაგვაკვირვა მეორე ტურში (გერმანია), ზოგი სხვანაირ ფეხბურთს გვთავაზობს (ჰოლანდია, ბრაზილია). ამ უკანასკნელთ რაც შეეხებათ, პრინციპში ეს ბრაზილიისგან გასაკვირი არც იყო –  ყველამ ვიცოდით ისედაც, რომ დუნგა ბრაზილიას პრაგმატულ და ევროპულ ფეხბურთს ათამაშებდა, ბოლოს და ბოლოს 1994 წლის ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ აი ჰოლანდიისგან ცოტა გასაკვირია ასეთი თამაში, რომელსაც იმდენად არა პრაგმატული, არამედ “მეტი არ შეგვიძლია, ეს ვართ რაც ვართ” შეიძლება ვუწოდოთ… არ მითხრათ რობენი არ ყავდათო, კი გასაგებია, დიდი ძალაა რობენი და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მაინც მეტი მოეთხოვება გუნდს, რომელსაც ჰყავს: სნეიდერი, ვან დერ ვაარტი, ვან პერსი და სხვები… დაბრუნდება არიენიც და იმედია ჰოლანდიაც გადასხვაფერდება და შემოგვთავაზებს იმ თამაშს, რითიც ვერ იგებს ვერაფერს, სამაგიეროდ იგებს ხალხის გულს 🙂

არგენტინის ნაკრებს რაც შეეხება:  ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს გენიალური შეტევა, ნორმალური, მაგრამ ქაოტური დაცვა (ანარქისტი დემიკელისის და ჰაინცეს მეთაურობით) და ძალზედ სუსტი ნახევარდაცვა… არა, მე მასკერანოს და ვერონს არ ვაკნინებ, უბრალოდ ერთი გამოკლების შემთხვევაშიც კი, გუნდს შეექმნება უდიდესი პრობლემები, რადგან მათი შემცვლელი დონ დიეოგს ფიზიკურად არ ჰყავს (ბოდიში ბოლატისთან), ხოლო ნორმალურ და ორგანიზებულ გუნდთან მარადონას გიჟური 4–1–2–1–2–ით, რაც რეალურად არის 4–1–5, არგენტინის ნაკრებს კარგი დღე არ დაადგება… აი მაშინ კი გაახსენებენ დიეგოს კამბიასოს, ლუჩოს,გაგოს, ბანეგას, ძანეტის… ხუთივე ამ ფეხბურთელს ხომ ცენტრალუ ზონაში შეუძლია თამაში, თან როგორ შეუძლიათ მგონი ყველამ ვიცით.

საფრანგეთის ნაკრებმა გაგვაოცა ყველა, არა, შედეგით კი არა, უბრალოდ იმ ქცევით, რის გამოც მოხვდნენ კიდევაც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თორემ დომენეკს რომ “იმპოტენტი” გუნდი ჰყავდა, მაგის მიხვედრას დიდი “პროფესორობა” არ სჭირდებოდა.

ვის შეიძლება ვუწოდოთ გასული ორი ტურის შემდეგ, ტურნირის აღმოჩენა?

მე ორ გუნდს გამოვყოფდი: ალჟირი და ჩილე.  დიდი ალბათობით ორივე ეს გუნდი ჯგუფში ჩარჩება, მაგრამ მათ უკვე კვალი დაამჩნიეს ამ მუნდიალს, რადგან ჩილემ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ლამაზი და ორგანიზებული გუნდის გაკეთება შეუძლია მარსელო ბიელსას და ამავე დროს კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა ეტაკა ამ კაცს 2002 წლის მუნდიალზე, მაინც და მაინც ჩემპიონატზე, რომ შეცვალა გუნდის (არგენტინა, ვისაც არ გახსოვთ) ტაქტიკა–სტრატეგია…

ხოლო ალჟირს რაც შეეხება: პირადად მე გაოცებული ვუყურებდი ამ გუნდის თამაშს ინგლისთან… ლამაზი კომბინაციები, საკუთარ საჯარიმოსთან პასები, მაშინ როდესაც 90 პროცენტი გუნდებისა ბურთს უბრალოდ მოიგერიებდა, არანაირი პანიკა, არანაირი დაძაბულობა, არანაირი მორიდება, არანაირი შიში… ბელჰაჯის ჩართვები შეტევაში, ზიანის ფინტები, კედელივით აღმართული ბუგერა…  ეს გუნდი ჩემი პირადი ფავორიტია პირველი ორი ტურის შემდეგ, მითუმეტეს მისგან ასეთ ცვლილებას სლოვენიასთან თამაშის შემხედვარე, არავინ მოელოდა.

იმედია არ მიწოდებთ მიკერძოებულს, რადგან პირველი ორი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემი აზრით, იყო ლეო მესი, რადგან არგენტინის მთელი თამაში მასზეა დამოკიდებული: ის იყო ყველგან, ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, თავისი ჩვეული დრიბლინგებით აღწევდა მეტოქის დაცვის სიღრმეებში და არღვევდა მას და საერთოდ თუ დააკვირდით, მესი კორეასთან თამაშში ძირითადად ცენტრალური ნახევარცველის პოზიციაზე თამაშობდა… იმის წარმოდგენაც კი მეშინია რა მოუვა მარადონას ნაკრებს, მესი რომ გამოაკლდეს და შედარებით ძლიერ გუნდს შეხვდეს, მაგალითად იმავე მექსიკას, რომელიც ალბათ დღეს (22–ში) წყნარად ითამაშებს ფრეს ურუგვაისთან, საფრანგეთს სახლში გაუშვებს, ხოლო თვითონ 4 წლის წინანდელისთვის რევანშის ასაღებად დაიწყებს მზადებას. შანსი ნამდვილად აქვთ, არგენტინის ეს ნაკრები, ხომ წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია…

მოკლედ იმედია ყველა ფავორიტი გააგრძელებს გზას ჯგუფური ეტაპის შემდეგ (საფრანგეთს და კიდევ ერთ გუნდს არ ვგულისხმობ, მაგრამ ის კიდევ ერთი გუნდი მაინც გავა ჯგუფიდან, რადგან… რადგან ასეთი გუნდია და პლუს მოკალი და ძალზედ იოლ ჯგუფშია…) და პლეი–ოფებიდან უკვე ლამაზ თამაშებს ვნახავთ, სადაც ნამდვილი ვარსკვლავები (ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, რონალდო, შვაინი, ჯერარდი, ლამპარდი, რუნი, კაკა, რობინიო, რობენი, ვამ პერსი…) გაიბრწყინებენ, რადგან ჯერჯერობით ისინი ჩრდილში არიან, არადა მუნდიალს სწორედ საფეხბურთო გენიოსები ალამაზებენ…

თუმცა ჯერ წინ მესამე ტურია, რომელიც ბევრს რამეს გაარკვევს, 16 გუნდი სახლში წავა, 16 ერს გული გაუტყდება, 16 კი ბედნიერი იქნება, ვნახოთ ვინ გაიხარებს უახლოეს 4 დღეში და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე პლეი–ოფებზე…

პ.ს. არგენტინის გავარდნის შემთხვევაში შესაძლოა მუნდიალზე წერის სურვილი გამიქრეს 🙂 წინასწარ მაპატიეთ ჩემი არაპროფესიონალიზმი 🙂