Tag Archive: ლუდი


ოფიციანტმა დანაპირები შეგვისრულა და მოგვართვა ცივი ლუდი, ცხელ–ცხელი შნიცელებით. რაც შეეხება თევზს და კარტოფილს: უკვე გვიანია, სამზარეულო დაიხურა, მზარეული კი სახლში წავიდა. მალე დაიხურება ჩვენი ბარი, ასე რომ თუ ჭამა გინდოდათ აქამდე გეჭამათ, ახლა მხოლოდ ლუდის, მუსიკის და ცეკვის დროა…

რა შეიძლება ითქვას განვლილ თამაშებზე?! პირველ რიგში ალბათ ის, რომ მერვედფინალების მთავარი გმირები იყვნენ მსაჯები, კერძოდ როზეტი და ლარიონდა თავისი ბრიგადებითურთ.

ინგლისი – გერმანიის მატჩის დროს ლარიონდას ლამპარდის გოლი რომ ჩაეთვალა, გერმანია ნამდვილად ვერ დაიჭერდა ინგლისს ისეთ კონტრშეტევებზე, რომლების დროსაც მესამე და მეოთხე გოლი გაიტანა, მაგრამ აქვე შესაძლოა ეს აზრი ასე ჩამოვაყალიბოთ: ბატონ გარეთ ბერის “დაბოლილივით” რომ არ ეთამაშა ორივე ეპიზოდში (პირველად ბურთი დაკარგა, მეორე კი რატომღაც იოზილს საერთოდ არ გაუწია წინააღმდეგობის მსგავსიც კი), არც მაშინ იქნებოდა ეს კონტრშეტევები და გოლები.

ის რაც მოხდა იყო გაუგონარი უსამართლობა ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ ლამპარდის გოლი რომ ჩათვლილიყო, იქნებოდა გაუგონარი უსამართლობა ფეხბურთის თვალსაზრისით, რადგან გერმანია ყველაფერით სჯობდა თავის მეტოქეს…

მოკლედ ყველას 1966 წელი და ბახრამოვი გაგვახსენა ამ ეპიზოდმა, პირადად მე კი, სანამ გავაანალიზებდი, რომ მსაჯმა ვერ დაინახა ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთა, გამახსენდა 1999 წელი… რომელი თამაში თავად გამოიცანით 🙂

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მსაჯის (ასისტენტის) დადანაშაულება რთულია, რადგან ის ზუსტად იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო (ბოლო მცველთან ერთ ხაზზე) და უბრალოდ ამ კუთხით არ გამოჩნდა ის რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. ანუ რა გამოდის: მსაჯმა ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ გოლი მაინც ვერ დაინახა… ეს ბლატერისთვის მგონი საბოლოოს “მესიჯი” უნდა ყოფილიყო.

მსგავსი შემთხვევა იყო თუ სწორად მახსოვს 1996 წლის ევროზე, როდესაც სტოიჩკოვმა დაარტყა შორიდან და ბურთმა ზუსტად იგივე გააკეთა, გადაკვეთა ხაზი და უკან გამოვარდა, მაგრამ მაშინ მგონი ეს თვით ხრისტომაც ვერ დაინახა, ახლა კი…

რაც შეეხება არგენტინის და მექსიკის თამაშს – პირდაპირ გასაოცარია როგორ ვერ დაიანახა ასისტენტმა ტევესის თამაშგარე. რადგან მას, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, სწორი პოზიცია ეკავა, მაგრამ სხვობა ისაა, რომ არ პოზიციიდან ყველაფერი მშვენივარ ჩანდა… ყველაზე ცუდი კი ალბათ ის იყო, რომ შემდეგ სტადიონზე გამეორება აჩვენეს და ყველამ დაინახა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა არბიტრმა… ამას მექსიკელთა მხრიდან პროტესტი მოყვა, მაგრამ რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან წესების მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეო გამეორების გამოყენება დაუშვებელია…

დანარჩენ თამაშებზე სალაპარაკო ბევრიც არაფერია:

ალბათ ყველას გული დაგვწყდა ა.შ.შ–ს და ჩილეს საკმაოდ სიმპატიური ნაკრებების გავარდნის გამო, მაგრამ არანაკლებად სიმპატიური გუნდია განა… ბრაზილიაზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ, სამივე გოლი მართლაც შესანიშნავი იყო და ტევესთან ერთად რობინიოს და ფაბიანოს გოლებს ნამდვილად ექნებათ პრეტენზია საუკეთესოობაზე…

ჰოლანდიამ ისევ უსახურად ითამაშა. რამოდენიმე დღეში გავარკვევთ აქამდე თავს ზოგავდნენ, თუ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ. მე უფრო მეორე მგონია…

შეგეცოდებოდა კაცს იაპონიის ნაკრები, რადგან პარაგვაისგან განსხვავებით აშკარად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, ჰონდა კი საერთოდ ამ მუნდიალის ერთ–ერთი აღმოჩენაა.

მოკლედ ასე იყო, თუ ისე 1/8 ფინალების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. ყველა წყვილში გაიმარჯვა იმან ვისაც უნდა გაემარჯვა და ვისაც ობიექტურად ეკუთვნოდა მოგება.

ახლა კი დავისვენოთ ორი დღე ვუვუზელასგან და როდესაც მივხვდებით, რომ სასწაულად მოგვენატრა მისი ხმა, მოვა 18:00 საათი და ფაბიანო ან ვან პერსი ბურთს ფეხს წაკრავენ და… დაიწყება ისევ ლუდის სმა, “პლანის” შეკეთება, ტანგო, სამბა, ფლამენკო და ისევ ტანგო…

მალე დაიხურება ჩვენი ბარი, ამიტომ გავერთოთ სანამ დრო გვაქვს… 🙂

დამთავრდა ჯგუფური ეტაპი, 16 გუნდი სახლში წავიდა, 16 მომდევნო მატჩისთვის ემზადება, 16 კულტურა მოაკლდა მუნდიალის მრავალფეროვან საზოგადოებას, 16 კიდევ დარჩა… მოაკლდა შემწვარი ქათამი (ქათამი და არა მამალი!), მოაკლდა პიცა და სპაგეტი, მაგრამ არც არავის წყენია, რადგან უკვე დიიიიდი ხანია არავინ ეკარებოდა, ზედმეტად ცივი იყო ორივე კერძი… კიდევ რა, კიდევ ბევრი რამ მოაკლდა, მაგრამ მაინც და მაინც დანაკლისად ვერ მივიჩნევთ, პრინციპში ვერც ქათამს და პიცას მივიჩნევთ დიდ დანაკლისად, მხოლოდ სახელები თუ იყო მათგან შემორჩენილი…  რა დარჩა?  დარჩა ტაკო (ადამიანის ტანის ნაწილი არა, საჭმელია ერთგვარი), დარჩა ორი ტანგო (ვერ გაუყვიათ რომლის არის), დარჩა სამბა, ჯაზი, მარიჰუანა, ფლამენკო, დარჩა ამაზრზენად უგემური შემწვარი თევზი თავისი ცივი კარტოფილით, დარჩა ცოტათი შემთბარი ლუდი, თავის ჩაცივებულ შნიცელებიანად, თუმცა ოფიციანტი გვპირდება ლუდს ჩავაციებთ, შნიცელს კი გავაცხელებთო და ვნახოთ… ან ლუდი მოვა ცივი, ან თევზი გემრიელი… მოკლედ გასართობად კიდევ შემოგვრჩა საშუალებები, ამოირჩიეთ რომელიც გინდათ… იქნებ სულაც სუში გიყვართ? მოკლედ ასორტიმენტი მრავალფეროვანია..

რაც შეეხება მესამე ტურს, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, ზედმეტად ლოგიკურადაც კი. ყველა ვისაც ეკუთვნოდა გასვლა – გავიდა, ვისაც არა – ჩარჩა. ვერც ერთ გუნდზე ვერ ვიტყვით იმსახურებდა გასვლას და ვერ გავიდაო (კიდევ კარგი აშშ–მ გაიტანა, ხოლო შვეიცარიამ ვერ).

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩილეს ნაკრები. ძალიან მესიმპატიურება ეს გუნდი და მომკალით 🙂  სამწუახარო, ძალიან სამწუხაროა, მექსიკელი არბიტრის გამო,  ბრაზილიასთან თამაშში განახევრებული სიძლიერის გუნდით რომ მოუწევს  გამოსვლა, რადგან მედელი და პონსე მართლაც ნახევარი გუნდია… თუმცა მატი ფერნანდესი დაუბრუნდებათ, ასევე იმედია სუასოც და იქნებ ვნახოთ ის თამაში, რის გამოც ხალხს ბრაზილია უყვარს უკვე ათწლეულებია, ხოლო ჩილე შეუყვარდათ ამ მუნდიალზე…

შესანიშნავი თუ არა, ნამდვილად კარგი თამაში უნდა იყოს არგენტინა–მექსიკა, ისევე როგორც ესპანეთი–პორტუგალია, ხოლო გერმანია–ინგლისს ალბათ ყველა სულმოუთქმელად ველოდები. მერე რა რომ  ვერ აჩვენებენ სათანადო თამაშს (მეტწილად ეს ინგლისს ეხება), მაინც კლასიკაა, რომელიც კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ვერ ვნახოთ მუნდიალზე.

ურუგვაის გუნდიც უნდა გამოვყოთ, რომელსაც ძალზედ გაუმართლა ბადეში და ალბათ 1/2 ფინალში უპრობლემოდ გავა (თუმცა აშშ–ს ჩამოწერაც არ შეიძლება).

თუმცა ეს ყველაფერი უკვე შემდგომი დღეების თემაა. მესამე ტურზე კი მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ მე პირადად არ მახსოვს როდის იყო ბოლოს ასეთი სიტუაცია, როდესაც მესამე ტურის წინ 32 გუნდიდან, 30–ს ჰქონოდა გასვლის თუნდაც თეორიული შანსი შერჩენილი და ყველა ჯგუფში დაძაბული სიტუაცია ყოფილიყოს 🙂