Tag Archive: მარადონა


1. “ნახე ტორესმა რა გოლი გაიტანა?”

2. “იგუაინს დღეს ერთი საგოლე მომენტიც არ გაუფუჭებია”

3. “არსენალი” ჩემპიონია

4. “ნახე “ბარსელონა” მსაჯებმა როგორ დაჩაგრეს?”

5. “იოზილი გადამწყვეტ თამაშებში რა მაგრად თამაშობს”

6. “მოიესი ნამდვილი გენიოსია”

7. “პეპე ძალიან ელეგანტური ფეხბურთელია”

8. “გუშინ, მოურინიომ საკუთარი გუნდის წაგება გუნდის ცუდ თამაშს და საკუთარ შეცდომებს დააბრალა”

9. “ინტერს” საკუთარი განუმეორებელი სტილი აქვს. შეხედავ და იცი, რომ გუნდს ფილოსოფია გააჩნია”

10. “ბიჭო, გუშინ კენჭისყრას უყურე? როგორ არ გაუმართლა “რეალს”, ასეთი უიღბლობა არ ვიცი”…

11. “რეალმა” “ბაიერნს” მოუგო

12. “გუშინ, “ჰოფენჰაიმის” თამაშს ვუყურე და კინაღამ დამეძინა”

13. “ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1–ია”

14. “წავალ სახლში და “აიაჩო”–”სოშოს” ჩავუჯდები”

15. “შენი აზრით, ვინ გახდება პრემიერლიგის ბომბარდირი – ტორესი, სოლდადო თუ ქეროლი?”

16. “რა კარგია, რომ ჯუზეპე როსის ამდენი ხანია ტრავმა არ მიუღია”

17. “პეპე, ბუსკეტსი და დიეგო კოშტა ყველაზე კარგი ტიპები არიან ფეხბურთელებს შორის”

18. “ყველაზე სიმპატიური ფეხბურთელი? კევინ კონსტანტი”

19. “ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ტომას გრავესენია”

20. “რა კარგი და სტაბილური გუნდია ეს “ჰამბურგი”

21. “გუშინ, “რეალი”–”ვალენსია” იყო და მსაჯები აშკარად “ვალენსიას” ეხმარებოდნენ”

22. “ყველაზე კარგი ტრანსფერი? ერიკ ჯემბა–ჯემბას და კლებერსონის ტრანსფერები”

23. “კრისტალ პალასის” თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა”

24. “რა ჭკვიანი და კარგი მწვრთნელი ჰყავს არგენტინის ნაკრებს”

25. “მე არ მახსენდება ნეიმარის, დროგბას, კრისტიანო რონალდოს ან სუარესის სიმულაცია”

26. “ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!”

27. “ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია!”

28. “ინგლისის ნაკრები ფინალში გავიდა!”

29. თუ 31. “ბიჭო, გუშინ “იუვენტუსის” თამაშს ვუყურე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, უნდა გენახა რას უტევდნენ”

30. “გუშინ, ინგლისელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, გერმანელებმა კი წააგეს”

31. “რაიან გიგზს ძმასავით ვენდობი”

32. “მარადონა თუ პელე”? უინსტონ ბოგარდი!”

 

რამოდენიმე წლის წინ სპორტულ გაზეთ “ლელო”-ში პირველად მოვკარი თვალი “მყვირალა” სარეკლამო განცხადებას, სადაც მავანი პიროვნება 16-19 წლის ბიჭებს (მაშინ მგონი ვაკმაყოფილებდი ასაკობრივ ცენზს) მასთან მისვლას, გასაუბრებას, საბუთების მიტანას და ის ჩვენ არგენტინის წამყვან კლუბებში სტაჟირებას და შემდგომში, თუ იქ თავს გამოვიჩენდით, იმ კლუბებში ჩარიცხვასაც გვთავაზობდა…

ჰო, მთავარი გამომრჩა: ყველანაირი ხარჯები საკუთარ თავზე ფეხბურთელს უნდა აეღო, იქნებოდა ეს მგზავრობის თუ საცხოვრებელი ხარჯები…

პირველივე წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ამ განცხადების ავტორი მაინც და მაინც ვერ ერკვეოდა საფეხბურთო სისტემის მუშაობაში, ან ერკვეოდა მაგრამ უბრალოდ…. Aფერისტი იყო. წარმოუდგენლად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ასე მიხვიდე ვინმესთან, გაესაუბრო(!) და შემდეგ მან არგენტინის წამყვან (დიახ სწორედ ასე ეწერა) კლუბში წაგიყვანოს სავარჯიშოდ.

ეს განცხადება ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქვეყნდებოდა გაზეთ ლელოში, შემდეგ კი ერთ დღეს დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც წავიდა სტაჟირებაზე და ჩაირიცხა არგენტინის მესამე(!) დივიზიონის კლუბში, რომლის სახელიც არც კი მახსოვს, მგონი “დეპორტივო” ჰქონდა დასაწყისში…

სარწმუნო წყაროდან შევიტყე, რომ ის ბიჭები, რომლებიც მივიდნენ ამ პიროვნებასთან გასაუბრებაზე და გაიარეს იგი (რატომღაც რომ ჩაჭრილიყვნენ), წავიდნენ არა წამყვან კლუბში, არამედ საეჭვო რეპუტაციის პიროვნებასთან, რომლიც მათ პარკებსა და ეზოებში ავარჯიშებდა…

შემდგომში ამ პიროვნებამ საქართველოში ჩამოიყვანა დიეგო მარადონა. რა მოხდა შემდეგ მგონი ყველამ იცით, აშკარად არაპროფესიონალური მიდგომის გამო სტადიონი თითქმის ცარიელი იყო…

რამდენადაც მე ვიცი, თვითონ ორგანიზატორებს არ სჯეროდათ რომ დიეგო ჩამოვიდოდა, ხოლო როდესაც საკუთარი თვალით იხილეს აეროპორტში, მხოლოდ მაშინ “გაახსენდათ”, რომ მისთვის შეპირებული ფული არ ჰქონდათ და დაადეს კიდევაც ბილეთს 50 ლარი! და ეს დიდი დიეგოს საჩუქრად გამოგვიცხადეს, თურმე ასე უყვარხართ ქართველებიო…

საერთოდ ფეხბურთის ყურება მარადონას გამო დავიწყე, მაგრამ მეც კი დამენანა 100 ლარის (მარტო ხომ არ წახვალ) გადახდა იმაში, რომ არაფრის მომცემ ამხანაგურ (ესეც კი არ ქვია მაგას) თამაშში მენახა ღიპიანი დიეგო და ბებერი კანიჯა (რომელიც ჩვენ 25 წლის “ვეტერან” ფეხბურთელებს ათი თავი სჯობდა)…

სულ ახლახან იგივე პიროვნებამ მოიწადინა პელეს ჩამოყვანა და თბილისში 21-წლამდე ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირის ორგანიზება, სადაც ჩვენ გარდა ბრაზილიის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ. და დაიწყო და აღარ გაჩერებულა “ლელო”-ში სტატიები ამ ტურნირის შესახებ, რომელთა შინაარსიც ნელ-ნელა ოპტიმისტურ-მომწოდებლურიდან პესიმისტურ-მათხოვრულამდე დავიდა. ეს პიროვნება უკვე თვეებია გაზეთის ფურცლებიდან გვიმტკიცებს ამ ტურნირის აუცილებლობის შესახებ, პრეზიდენტსაც კი მიწერა უკვე ბარე ათჯერ, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა ის და ლელოს ჟურნალისტი (მგონი სულ ერთი და იგივე პიროვნება წერს) არ ნებდებიან.

სტატიებში ისევ იყო ნახსენები სიტყვა “სტაჟირება”, კერძოდ: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ვინც თავს გამოიჩენს, იმას სტაჟირებაზე არგენტინაში გავუშვებთო!!!! სტაჟირებაზე გავუშვებთ საქართვლეოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს?!! მათგან უეტესობა წამყვან ქართულ კლუბებში (დინამო, ზესტაფონი, ოლიმპი, ბაია, ვიტ ჯორჯია) ან უცხოურ გუნდებში თამაშობენ და მათ გაშვებას აპირებს ეს პიროვნება სტაჟირებაზე?!

და საერთოდ ძალიან საინტერესოა ამ გაგანია სეზონში, როგორ აპირებს ეს პიროვნება არგენტინის, ბრაზილიის ან ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების ჩამოყვანას?! ვინ გამოუშვებს ამ ფებურთელებს საქართველოში “რაღაც” ტურნირზე სათამაშოდ?! ამ ნაკრების ფეხბურთელები ან საკუთარი ქვეყნის მართლაც წამყვან ან კიდევ ევროპის სხვადასვხა გუნდებში თამაშობენ…

ასევე ეწერა, რომ ვიღაც არგენტინელი მწვრთნელი, ლუის სესარ მენოტის მიერ რეკომენდირებული, მზადაა ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბოს, ჯერ აქ ავარჯიშოს და შემდეგ უფრო მაღალ დონეზე მოსამზადებლად არგენტინაში წაიყვანოს… და რომ მათი მიზანია 2014 წლისთვის ჩვენს ნაკრებს კადრები მოუმზადონ. არ ვიცი თქვენ როგორ ერკვევით ფეხბურთში, ან ფეხბურთის სისტემაში, მაგრამ ასეთი რამე წარმოუდგნელი კი არა, აბსურდია! აბსურდია რომ 4 წლის შემდეგ ნაკრების გამოსადეგი კადრი მომზადდეს გუნდში, რომელიც შეკრიბა ქუჩიდან ვიღაც საეჭვო რეპუტაციის არგენტინელმა და შემდეგ ტყე-პარკებში ავარჯიშა არგენტინაში.

ან საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საკუთარი საფეხბურთო სკოლები არ გვაქვს?! ან თუ ფეხბურთელი ნიჭიერია ევროპაში ვერ მიდის ჩვენი ქვეყნიდან?! აქამდე ნაკრებისთვის ფეხბურთელები არ გვყავდა და მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება თუ გვიშველის?! რა თქმა უნდა საფეხბურთო ინდუსტრია ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ისე ნამდვილად არაა საქმე, რომ ჩვენი ახალგაზრდული(!) ნაკრების ფეხბურთელებს სტაჟირება(!) სჭირდებოდეთ არგენტინაში. ევროპის ყველაზე სუსტი ნაკრების, სან მარინოს ფეხბურთელებიც კი შეურაცხყოფილები დარჩებოდნენ მსგავსი წინადადებით.

ძალიან სამწუხაროა, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ, ჩვენი ქვეყნის წამყვან (და მგონი ერთადერთ) სპორტულ გაზეთში მსგავსი ტიპის პიროვნებას, რომ ეთმობა ტრიბუნა და ისიც გაუთავებლად ცდილობს ჩვენ “დაბოლებას” იმის შესახებ რომ თურმე ჩვენ ფეხბურთს მხოლოდ არგენტინაში სტაჟირება ან ახალგაზრდულ “ნაკრებთა” (რეალურად მაქსიმუმ მესამე-მეოთხე ნაკრებთა) ოთხთა ტურნირი თუ გადაარჩენს.

ამ ადამიანის განცხადებების წაკითხვის მერე მხლოდ ორი აზრი თუ მოგივა თავში: ის რაც დასაწყისში ვახსენე – ან საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე ან ერკვევა, მაგრამ აფერისტია და მიუხედავად ამისა მაინც გაუთავებლად ჩნდება გაზეთ “ლელო”-ს ფურცლებზე. ეს ყველაფერი კი იწვევს საბოლოოდ იმას, რომ კარგავ პატივისცემას როგორც მთლიანად გაზეთის, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ.