რამოდენიმე დღის წინ, 67 წლის ასაკში,  გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო – ლეგენდარული ვოკალისტი, ჰევი–მეტალის და ზოგადად როკ–მუსიკის ერთ–ერთი ხმა.

მსოფლიო პოპულარობას რონი ჯეიმს დიო, Deep Purple–ის დაშლას უნდა უმადლოდეს, რადგან სწორედ ამის შემდეგ ჩამოაყალიბა რიჩი ბლექმორმა ჯგუფი “Rainbow”, სადაც სოლისტად სწორედ რონიე ჯეიმს დიო მიიწვია, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო მსმენელთა აღიარება და პოპულარობა.  მისი ძლიერი ხმა უმალ ჰარმონიულად ჩაეწერა Rainbow-ს შემოქმედებაში. სწორედ მაშინ შეიქმნა ისეთი ლეგენდარული კომპოზიციები, როგორიც არის: Man on the Silver Mountain”, “The Temple of the King”, სულ შემძვრელი და ეპიკური “Stargazer” და რა თქმა უნდა დიოს პერიოდის Rainbow-ს ორი მარგალიტი: Long Live Rock ‘n’ Roll” და “Rainbow Eyes” – ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სენტიმენტალური სიმღერა მუსიკის ისტორიაში.

ამის შემდეგ ოზი ოზბორნის წასვლით გამოწვეული სიცარიელე, ლეგენდარულმა ბირმინგემულა ჯგუფმა “Black Sabbath” –მა სწორედ დიოს დახმარებით შეავსო. რა თქმა უნდა ამან შეცვალა ჯგუფის მუსიკალური სტილი და ის ქაოტური და მოულოდნელიდან, როდესაც წარმოუდგენლად იცვლებოდა კომპოზიციების რიტმი და მელოდია, გახდა უფრო მოსალოდნელი და ერთფეროვანი, სამაგიეროდ უფრო ენერგიული და რაც მთავარია ძლიერი, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ დიოს მიუძღვის. იგი არამარტო ძლიერი მომღერალი, არამედ შესანიშნავი კომპოზიტორიც იყო, თითქმის ყველა კომპოზიცია მისი მონაწილეობით იყო შექმნილი, ბევრი კი მხოლოდ მისი შრომის შედეგი იყო.  ასევე გარდა მუსიკალურისა, დიოს გააჩნდა მწერლის პოეტური ნიჭი, რადგან საკმაოდ ბევრი მისი სიმღერის ტექსტი გამოირჩევა ღრმა და ფილოსოიფური აზრით, რაც მას ოზი ოზბორნთან, ფრედი მერკურისთან, ჯონ ლენონთან და ჯიმ მორისონთან ერთად, წამყვანი ტექსტბის ავტორთა რიგებში აყენებს.

რონი ჯეიმს გარდა საკუთარი მუსიკლაური მიღწევებისა, ასევე გამორჩეულია ორი რამით:

პირველი – სწორედ მისი წყალობით გახდა ე.წ. “ეშმაკის რქები”–ის სიმბოლო პოპულარული და საბოლოო ჯამში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც როკ–მუსიკის ერთ–ერთმა მთავარმა განმასახიერებლმა ნიშანმა.

და

მეორე – მისი ქცევა სცენაზე, რომელიც აშკარად არაადეკვატური ხასიათის იყო. არა, ის ნამდვილად არ იყო ჯიმ მორისონის მსგავსი პროვოკატორი, ან მერკურის მსგავსად ენერგიული, უბრალოდ მისი ქცევა არ შეესაბამებოდა იმ გარეგნობას რაც მას უბოძა დედა–ბუნებამ. მისი მოძრაობები და ჟესტები დამახასიათებელი იყო “სექს–სიმბოლოსთვის”, რომელიც დიო არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან იმ ნიჭის საფასურად რაც მას ერგო, მას გარეგნობის და ფიზიკური შესახედაობის დათმობა მოუწია.

რონი ჯეიმს დიო – ყველაზე არასასიამოვნო გარეგნობის და ყველაზე სასიამოვნო ხმის პატრონი ვოკალისტი როკ–მუსიკის ისტორიაში.

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა და დაგვტოვა ამ უაზრო და უგემოვნო ეპოქაში…