დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტური და მივხვდი, რომ სათქმელი დამგროვებია, იმდენად სათქმელიც არა, რამდენადაც წუხილი…  არ ვიცი ვის დავაბრალო ჩემი იმედგაცრუება, ფიფას, უეფას, ადიდასს, გულშემატკივრებს, თუ კლიმატს, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით მუნდიალი დიდი ვერაფერი სანახაობაა.

რა თქმა უნდა არ მოველოდი ყველა თამაშისგან “მილან–ლივერპულს”, მაგრამ არც იმას მოველოდი, რომ ყველა თამაში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატივით იქნებოდა.

იმედი მაქვს ბევრი რამ შეიცვლება მეორე ტურში, ამ დაწყვევლილ ბურთსაც შეეჩვევიან ფეხბურთელები და უკეთაც ათამაშდებიან, ფორმაშიც შევლენ და ლამაზ სანახაოაბს შემოგვთავაზებენ, თორემ ასე თუ გაგრძელდა, ფეხბურთი ყველაფერთან ერთად ბევრ გულშემატკივარს დაკარგავს. ბოლოს და ბოლოს არის ხალხი, რომელიც ფეხბურთს მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ უყურებს (მსოფლიო, ევრო), ის კი ნამდვილად არ იქნება დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ ამ თამაშების შემყურე.

თვალში საცემი რაც არის, არის ის რომ პრაქტიკულად გამქრალია სხვაობა პოტენციურად სუსტ და ძლიერ გუნდებს შორის. არ ვგულისხმობ იმას რომ ძლიერი უტევს და სუსტი კარგად იცავს თავს, არა, საქმეც მაგაშია, ძლიერი გუნდი თითქმის არ ფლობს თვალსაჩინო უპირატესობას სუსტ გუნდზე, მხოლოდ ბურთის ფლობა და მეტი არაფერი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ნამდვილად აჯობა თავის მეტოქეს იყო გერმანიის ინტერნაციონალური ნაკრები, რომელმაც მართლაც გამაკვირვა სწრაფი და ლაღი თამაშით. ამ ჩემპიონატზე თუ არა, იოზილი, მარინი, მიულერი, ხედირა და ძმანი მათნი ადრე თუ გვიან მოიგებენ რამე მნიშვნელოვანს.

ძალზედ დიდია ელემენტალური შეცდომების რაოდენობა, 5 მეტრში არაზუსტი პასები, კარში დარტყმების 80 პროცენტი კარს ცდება ზემოდან, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს მაინც ბურთის ბრალი მგონია. ბურთის, რომელზეც ლამის ყველამ თქვა, რომ არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ ბურთებისგან , რომლითაც თამაშობენ ფეხბურთელები სხვადასვხა ტურნირებზე. მთლად აზრს მოკლებული არ უნდა იყოს ამ ყველაფერის ბურთისთვის დაბრალება, რადგან არამგონია ასე დაჩაჩანაკებულიყვნენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კარგად მოთამაშე ფეხბურთელები, რომ ბურთს ვერ იმორჩილებდნენ ელემენტალურ სიტუაციებში და ზუსტ პასს ვერ აკეთებდნენ 3 მეტრში მდგარ თანაგუნდელზე. თუმცა არის მეორე მიზეზიც, რაც შეიძლება იწვევდეს ყველაფერ ამას და აქ უნდა მივადგეთ “ძლიერთ ამა ქვეყნისა”: ფიფა და უეფა, ორი ბოროტების იმპერია…

მსოფლიოს ჩემპიონატი არის საფეხბურთო ზეიმი, სადაც უნდა თამაშობდნე საუკეთესო ფეხბურთელები, თან თამაშობდნენ საუკეთესოდ… უკვე მერამდენენ მუნდიალია, როდესაც ჯერ კიდევ ჩემპიონატამდე იმტვრევიან სხვადასხვა ნაკრებების წამყვანი ფეხბურთელები და მათი ტრავმების უმეტესობა გამოწვეულია გადაღლილობით, რადგან მათი კუნთები უკვე ვეღარ უძლებენ ამდენ დატვირთვას. შედეგად ვიღებთ ვარსკვლავებისგან დაცლილ მუნდიალს, ხოლო ისინი კი ვინც არ დაიმტვრნენ, უმეტეს შემთხვევაში ძლივს დალასლასებენ მინდორზე.  დროა ფიფა და უეფა დასხდნენ და საერთაშორისო კალენდარი შეამსუბუქონ (მაგალითად ფიფამ რამე მოუხერხოს აბსოლუტურად “ფარჩაკ” და იდიოტურ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს), რადგან ასეთი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატზე ვნახავთ “ბ” ნაკრებებს… თუმცა ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ამას არ იზამენ, დიდი ადამიანები ვართ და არ გვჯერა ზღაპრების…

ვუვუზელა

და ბოლოს ვუვუზელა…

მე არ მჯერა, მაგრამ ვისურვებდი ჯოჯოხეთი არსებობდეს და მაგის მომგონი იქ იტანჯებოდეს… კაცობრიობის ისტორიას მსგავსი ბოროტება არ ახსოვს 🙂

მოკლედ, საშინელი თამაშები, არანაირი სანახაობა, ძალზედ ცოტა გოლი, უამრავი შეცდომა და ტვინის ბურღვა ტრიბუნებიდან, თვით ინგლისელთა ხმაშეწყობილი სიმღერები, ლეგენდარული C’mon England–ი არ ისმოდა, არადა როგორ ალამაზებს მსოფლიოს ჩემპიონატს სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის ხალხის ხმაშეწყობილი გულშემატკივრობა…  აქ კიდევ ყველა თამაშზე გიგანტური ბუზის ბზუილი ისმის…

ფიფამ ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთოს და აუკრძალოს ამ “სატანის ფალოსის” შეტანა ტრიბუნაზე, ფულს ეგ არ მოაკლებს ნამდვილად…

ჰოდა ასე.

მეორე ტურის დასრულებამდე…

იმედია კარგი განწყობა მექნება.