ჩემი კომპიუტერის უკიდეგანო სივრცეებში ქექვისას, შემთხვევით წავაწყდი “ფოლდერს”, რომლის არსებობაც მივიწყებული მქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაინტერესებს კოსმოსი და ყველაფერი მის გარშემო, გადავწყვიტე დამეწერა ეს “პოსტი”, იმ “ფოლდერში” მყოფი სურათების დახმარებით (რომლებზეც ძირითადად პლანეტები და ვარსკვლავებია ერთმანეთთან შედარებული ზომების მიხედვით). რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სამოყვარულო დონის ინფორმაცია, ასე ვთქვათ ზედაპირული ცოდნა და არანაირი პრეტენზია არ აქვს, რომ იყოს რაიმე სახის მეცნიერული ნამუშევარი :), თუმცა მიუხედავად ამისა მგონი საინტერესოა ყველასთვის, იმათთვის ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ამ საკითხებში და იმათთვისაც ვინც ჩემსავით მოყვარულია.

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, პირდაპირ დავიწყოთ სურათებით და მათი განხილვით.

დავიწყოთ პირველი სურათით, სადაც წარმოდგენილია ჩვენი მზის სისტემის პირველი 4, ეგრეთწოდებული “მძიმე” პლანეტა, მთვარე და რამდენიმე ჯუჯა პლანეტა, მათ შორის პლუტონიც (მოგეხსენებათ მას პლანეტობა 2006 წელს “ჩამოერთვა”).

მზის სისტემის პირველ ოთხი პლანეტა შედგება ძირითადად ლითონებისგან, სწორედ ამიტომ არიან ისინი მზესთან უფრო ახლოს განლაგებული, ვიდრე ე.წ. “გაზის გიგანტები”.

ვენერა სინამდვილეში წითელი ფერის არის, ფილმებში კი თეთრად იმიტომ არის ნაჩვენები, რომ მას გარს საკმაოდ სქელი ღრუბლები აკრავს. ტემპერატურა მის ზედაპირზე 470 გრადუსს აღწევს ცელსიუსით. “ვენერა” ყველა სხვა პლანეტებისგან განსხვავებული მიმართულებით ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია დიდი ასტეროიდის შეჯახებით, რომელმაც პლანეტას ღერძის გარშემო ბრუნვის მიმართულება შეაცვლევინა.

მზე, დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც მთელ თავის “საწვავს” ამოწურავს და აფეთქდება, “თეთრ ჯუჯად” გადაიქცევა.

გადავიდეთ მეორე სურათზე სადაც “სცენაზე გამოდიან” ე.წ. “გაზის გიგანტები”: იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და ურანი.

ეს პლანეტები უმეტესად (80 პროცენტზე მეტი) წყალბადისგან შედგებიან. მათ მკვრივი ზედაპირი არ გააჩნიათ, ამიტომაც მოიხსენიებიან ისინი გაზურ გიგანტებად. სწორედ იუპიტერის დამსახურებაა ის, რომ დედამიწას არ ეცემა კომეტები და ასტეროიდები, რადგან თავისი გრავიტაციის გამო სწორედ ის იზიდავს მათ და არ უშვებს ჩვენსკენ.

მესამე სურათი: მზე.

მზე არის “წითელი ჯუჯის” კატეგორიის ვარსკვლავი, რომელიც მიუხედავად თავისი “ჯუჯობისა” მაინც 109–ჯერ დიდია დედამიწაზე. მზე არის ჩვენი მზის სისტემის ფორმირებისა და დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა–არსებობის მიზეზი. საერთოდ სამყაროს შექმნის შემდგომ პერიოდში, სწორედ ვარსკვლავებში (მათ ბირთვში) მიმდინარე პროცესების შედეგად წარმოიქმნა იმ ნივთიერებების უმეტესობა, რომელიც დღეს ჩვენ გვხვდება ხილულ სამყაროში. ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია ვარსკვლავებს ვუწოდოთ დიდი საწარმოები, რომლებმაც შექმნეს ორგანული ნოვთიერებები. მარტო ჩვენ გალაქტიკაში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია, ანუ 400 მილიარდი მზე, რომელთაც ყველას შესაძლოა თავისი პლანეტები ჰქონდეს…

თუმცა მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავები არიან სიცოცხლის წარმოშობის პირველი მიზეზი, ისინი ასევე მისი განადგურების მიზეზიც შესაძლოა გახდნენ. ვარსკვლავი აფეთქების შედეგად იმხელა ენერგიას  და რადიაციას გამოყოფს, რაც საკმარისია დედამიწაზე ყველანაირი ცოცხალი არსების გასანადგურბლად. მზის კატეგორიის ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 მილიარდი წლით განისაზღვრება, იქიდან 5 ჩვენმა მზემ უკვე გალია, კიდევ 5 მილიარდის შემდეგ კი მზე, კვდომის პროცესში გადაიქცევა “წითელ გიგანტად”, მისი ზომა გაიზრდება, ის შთანთქავს მერკურის და ვენერას, მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწას, სადაც ტემპერატურა ისე მოიმატებს, რომ ვერანაირი ცოცხალი არსება ვერ იარსებებს მსგავს პირობებში, ამის შემდეგ კი მოხდება აფეთქება, მთელი ნარჩენი ენერგია გაიფრქვევა კოსმოსში, ხოლო მზე გადაიქცევა “თეთრ ჯუჯად” და ასეთ მდგომარეობაში მილიარდობით წლები დარჩება.

მზის ბირთვიდან გამოტყორცნილი ენერგია კი უკვალოდ არ დაიკარგება და ის ხელს შეუწყობს შემდგომში ახალი ვარსკვლავის ფორმირებას.

სურათი 4: ბრწყინვალე ვარსკვლავები

“სირიუსი” არის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, მისი გამოსხივება იმდენად მკვეთრია რომ თავისუფლად შეიძლება შეუიარარებელი თვალით დანახვა. “არქტურუსი” ბრწყინვალებით 4–ე ადგილზე იმყოფება, რაც საკმაოდ აადვილებს ცაზე მის პოვნას. თუ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით გსურთ, უბრალოდ “დიდი დათვის” თანავარსვკლავედის პირველ სამ ვარკვლავს (ე.წ. “კოვზის ხელის მოსაკიდს”) გააყოლეთ თვალი და გაყევით მაგ ხაზს.

სურათი 5: წითელი სუპერგიგანტები

“ბეთელჰეიზი” და “ანტარესი” განეკუთვნებიან “წითელი სუპერგიგანტების” კატეგორიას. ამ ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლი, მათი დიდი მასიდან გამომდინარე არც თუ ისე დიდია, სულ რამოდენიმე მილიონი წელიწადი, რის შემდეგაც ხდება მათი აფეთქება, ეგრეთ წოდებული ” სუპერნოვა” ანუ “ზეახალი ვარსკვლავი”. აფეთქების შედეგად ვარსკვლავის ბირთვიდან გამოიტყორცნება უსაზგვრო რაოდენობის ენერია, რომლის სიჩქარეც დაახლებით 20000 კმ/წ არის. აფეთქების ცენტრში, ვარსკვლავის ადგილას რჩება პატარა ციური სხეული, “პულსარი”, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს თავისი ღერძის გარშემო წარმოუდგენელი სიჩქარით: 1100 ბრუნი წამში.

თუმცა შესაძლოა პულსარის მაგივრად დარჩეს სხვა რამ… ამაზე ცოტა მოგვიენებით, როცა “ჰიპერგიგანტებს” მივადგებით.

“სუპერნოვა” ანუ “ზეახალი ვარსკვლავი” შთამბეჭდავი და ლამაზი სანახაობაა, რომელიც სამწუხაროდ კაცობრიობას საკუთარი თვალით ჯერ არ დაუნახავს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ სუპერნოვას შედეგებს, ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გამოდევნილი ენერგია და ნივთიერებები, ლამაზ, დიდ და შთამბეჭდავ ნისლეულს ქმნიან, ხოლო ქარის არარსებობის პირობებში, ეს ნისლეული საუკუნეების მანძილზე არ გაიფანტება. “ზეახალი ვარსკვლავის” ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია  “კიბორჩხალისებრი ნისლეული” ინგლისურად : “crab nebula”.

N:6 ჰიპერგიგანტები

“პისტოლეტის ვარსკვლავმა” სახელი მიიღო ნისლეულის გამო, რომელიც მას გარს აკრავს, რადგან ნისლეული პისტოლეტის ფორმის არის. ის იმდენად კაშკაშა ვარსკვლავია, რომ მისი დანახვა თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ სწორედ ნისლეულის გამო ეს ჩვეულებრივი ტელესკოპით შეუძლებელია, ამისთვის ინფრაწითელი ტელესკოპია საჭირო.

N7 : უდიდესი ვარსკვლავები

“ვვ ცეფეი” არის ერთ–ერთი უდიდესი ვარსკვლავი, რომელიც ჯერჯერობით არის აღმოჩენილი, ის დაახლოებით 1600–1900–ჯერ დიდია მზეზე, მისი გარშემოწერილობა კი დაახლეობით 2,227,200,000 კმ–დან 2,644,800,000 კმ–მდე არის.  თუმცა ასტრონომებს არ აქვთ ჩამოყალიბებული შეხედულება რომელია უდიდესი (ზომით) ვარსკვლავი, “ვვ ცეფეი”, თუ “VY Canis Majoris” ანუ “დიდი ძაღლის VY”, ვარსკვლავი “დიდი ძაღლის” თანავარსკვლავედში. ის მზეზე დაახელოებით 1800–2100–ჯერ დიდია. სწორედ ზუსტი ზომების არცოდნა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია რომელი ვარსკვლავია უფრო დიდი, თუმცა ამას მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს შესაძლოა რამოდენიმე წელიწადში აღმოვაჩინოთ ვარსკვლავი, რომელიც მზეზე 3000–ჯერ დიდი იქნება და ის უკონკურენციო პირველადგილოსანი იქნება.

იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ რამხელაა VY Canis Majoris შემდეგ მაგალითს მოგიყვანთ: მას რომ მკვრივი ზედაპირი გააჩნდეს, ადამინი ფეხით ერთი სრული წრის დარტყმას 850 000 წელს მოანდომებდა.

როგორც ადრე მოგახსენეთ, გიგანტური ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოიქმენბა ეგრეთ ოდებული “ზეახალი ვარსკვლავი”, მაგრამ არაფერი გვითქვამს მეორე შესაძლებობაზე: “შავი ხვრელი” – ყველაზე მისტიკური და ამოუცნობი მოვლენა მთელს სამყაროში.

გიგანტური ვარსკვლავი თავისი არსებობის ბოლო პერიოდში, როდესაც მთელ თავის ენერგიას ამოწურავს, იწყებს შეკუმშვას და მთელი თავისი მასით აწვება ვარსკვლავის ცენტრს, რის შემდეგაც ვარსკვლავი კოლაფსირებს და წარმოიქმენბა “შავი ხვრელი”.

რამდენადაც ცნობილია, “შავ ხვრელში” არ არის არც მატერია, არც დრო და არც სივრცე. ყველანაირი ობიექტი, რომელიც მასთან ახლოს მივა, იქნება შთანთქმული მის მიერ და გაქრება, ოღონდ არავინ იცის სად. უამრავი თეორია არსებობს “შავ ხვრელებთან” დაკავშირებით, რომელთაგანაც ჯერ არცერთი დადასტურებულა. ფაქტი მხოლოდ ერთია, მისი დანახვა შეუძლებელია, რადგან მისი მიზიდულობის ძალა იმდენად დიდია, რომ ის სხივსაც კი შთანთქავს, რაც მას “აბსოლუტურად შავს” და უხილავს ხდის. შავი ხვრელი მასზე დაცემულ სხივს კი არ ირეკლავს, არამედ გარდატეხს მას და ისიც მისი ცენტრიდან რგოლისკენ მიემართება, რის გამოც სპექტრი მის გარშემო ბუნდოვანი ხდება. არსებობს მხოლოდ ორი გზა დედამიწიდან მისი დანახვის:

1. როდესაც ის რომელიმე ციურ ობიექტს შთანთქავს

ან

2. როდესაც ის ამოეფარება და დაფარავს მხედველობის არედან რომელიმე ვარსკვლავს. თუმცა ეს მოვლენა იმდენად წამიერად ხდება, რომ ძალზედ ძნელი შესამჩნევია.

მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა მილიონობით შავი ხვრელი იყოს, მაგრამ იმის გამო რომ მათი დანახვა ძალზედ ძნელია, მათი რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა თეორიულად და ლოგიკურად თუ მივუდგებით საკითხს, გასული მილიარდი წლების მანძილზე სავსებით შესაძლებელია, რომ მილიონი “შავი ხვრელი” იყოს წარმოქმნილი ჩვენს გალაქტიკაში.

არსებობს თეორია რომლის თანახმადაც, სულ ბოლოს, სამყაროში მხოლოდ შავი ხველები დარჩება და ყველანაირი მატერია განადგურებული იქნება.

N8 გალაქტიკა.

ალბათ ყველამ იცით ეს რაც არის, ეს არის ჩვენი მშობლიური გალაქტიკა, “ირმის ნახტომი”. ამ სურათს ქვემოთ მინაწერი აქვს, ვინც ინგლისური არ იცის, იმას ვეტყვი მის შინაარსს: “ამ სურათის მიხედვით, “ვვ ცეფეი” არის ერთ პიქსელზე 1689794–ჯერ პატარა.

ჩვენი გალაქტიკის ასაკი დაახელობით იმდენია, რამდენიც არის თვითონ სამყაროსი. ყველაზე ძველი ვარსკვლავის ასაკი ჩვენს გალაქტიკაში არის 13,2 მილიარდი წელიწადი. როგორც უკვე გითხარით ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 200–დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, ხოლო თვითონ გალაქტიკა ხილვად სამყაროში – დაახლოებით 100 მილიარდი. ყველა გალაქტიკის ცენტრში, მეცნიერების მოსაზრების თანახმად არის “ზემასიური შავი ხვრელი”, რომლის გრავიტაციაც ამოძრავებს თავის გარშემო ვარსკვლავებს.

ჩვენი გალაქტიკა იმდენად დიდია, რომ ახლაც კი, ჩვენი ტექნიკის პირობებში, ჩვენ მხოლოდ მის ცენტრამდე შეგვიძლია მისი გამოკვლევა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს გალაქტიკის უკიდურეს საზღვარზე, იმისთვის რომ გამოვაღწიოთ ირმის ნახტომიდან, დაგვჭირდება დაახლოებით 10 000 წელიწადი, გალაქტიკის ცენტრში მისაღწევად კი 25 000 წელიწადი, სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობის პირობებში. სინათლის სხივის სიჩქარე კი მოგეხსენებათ 300 000 კმ/წამში არის. ასე რომ კაცობრიობას არასდროს ექნება შანსი, რომ თუნდაც ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მიაღწიოს რაიმე სახის კოსმოსური ხომადლით.

მოდით ძალიან რომ არ დაგღალოთ, ამჟამად ამით დავკმაყოფილდეთ, ხოლო უახლოეს მომავალში, თუ დაგაინტერესებთ, მოგიყვებით:

ყველაზე დიდი და დამანგრეველი ძალის მქონე ობიექტების: “კვაზარების”, იგივე “ზე მასიური შავი ხვრელების” შესახებ;

მთლიანად ჩვენი სამყაროს, მისი წარმოშობის, განვითარების და შესაძლო მომავლის თაობაზე;

მზის სისტემს შექმნის და რაც მთავარია, დღეს ასე აქტუალური და მისტიკური საკითხის: შავი მატერიის და შავი მასის შესახებ…

Advertisements