დამთავრდა მუნდიალი, აღარ ისმის ვუვუზელას ბზუილი და გულზე ხელი რომ დავიდო, ძალიან მენატრება მისი განუმეორებელი ხმა 🙂 საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ისევ და ისევ ლოგიკურად დასრულდა, რადგან ბარს… უკაცრავად, ესპანეთის ეს ნაკრები და ეს თაობა ნამდვილად იმსახურებდა მსოფლიოს ჩემპიონობას, იმსახურებდა ჩავი, ინიესა, პუიოლი, ტორესი, ფაბრეგასი, ვილია, რამოსი, კასილიასი… იმსახურებდა თუნდაც იმიტომ , რომ ასეთი ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში, განსხვავებით ჰოლანდიისგან, რომელსაც რეალურად მხოლოდ ორი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავს…

ფინალის შესახებ მაინც და მაინც ბევრს ვერც ვილაპარაკებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველამ ნახეთ და ახალი რა უნდა გითხრათ?

იყო საუბრები მსაჯობაზე და უების შეცდომებზე…

კი, ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ მათ ვინც ჰოვარდს აკრიტიკებს, რადგან მისმა ბოლო შეცდომამ მართლაც გადაწყვიტა მატჩის ბედი: ის შეტევა, რომელიც ინიესტას გოლით დასრულდა, წესით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან მაგ დროს ჰოლანდიას კუთხური უნდა მოეწოდებინა…

სხვა ისეთი არაფერი შეშლია ინგლისელ არბიტრს, არც მაშინ როდესაც რობენს ჩაებღაუჭა პუიოლი, რადგან არიენმა ოპონენტის ჩამოშორების შემდეგ, არც წონასწორობა დაკარგა და არც ბურთი, თუმცა ხელი კი შეეშალა. აი რომ დაცემულიყო, დაინიშნებოდა ჯარიმა და პუიოლი ნამდვილად წითელ ბარათს მიიღებდა.

მაგრამ უები ჰოლანდიის სასარგებლოდაც შეცდა: თამაშის დასაწყისშივე გასაძევებელი იყო დე იონგი იმ კუნგ–ფუს ილეთის გამო, რომელიც მან ჩაბი ალონსოს ჩაუტარა…

მოკლედ ასე იყო თუ ისე, მსოფლიოს ახალი, მერვე ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონატის წინ მთავარ ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და პირველად ისტორიაში გავიდა ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ ფინალში და ბოლოს გაიმარჯვა. ჩავიმ, ინიესტამ, პიკემ, პუიოლმა, ვილიამ, ბუსკეტსმა, ფაბრეგასმა, ჩაბი ალონსომ, კასილიასმა, რამოსმა, კაპდევილამ  შეძლეს ის, რაც თავის დროზე ვერ გააკეთეს სუარესმა, კუბალამ, პუშკაშმა, დი სტეფანომ, ბუტრაგენიომ, გუარდიოლამ, ლუის ენრიკემ და კიდევ ბევრმა სხვამ…

რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს – ეს გუნდიც მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს, თუნდაც იმიტომ, რომ ფინალამდე მან ყველა მატჩი მოიგო, მოიგო შესარჩევის რვავე თამაში, გააგდო ტურნირიდან ესპანეთის შემდეგ მთავარ ფავორიტად მიჩნეული ბრაზილია…

დიდი უსამართლობაა, რომ ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში, ისევ უტიტულოდ ტოვებს მუნდიალს, მესამე ფინალი – მესამე მარცხი. მაგრამ აქვე სათქმელიც არის, რომ სადაც კრუფის, ნეესკენსის, ვან დერ კერკჰოფების, რეპის, ჰაანის, რენსენბრინკის გუნდმა ვერ მოიგო მუნდიალი, არაა გასაკვირი, რომ სნეიდერის და რობენის გუნდმა ვერ შეძლო…

აი ესპანეთს კი რეალურად ამაზე ძლიერი ნაკრები არასდროს ჰყოლია, ეს გუნდი არის ესპანეთის 1934 წლის ავსტრია, 1954 წლის უნგრეთი, 1970 წლის ბრაზილია და 1974 წლის ჰოლანდია…

ასე, რომ ვულოცავ ბარს… ესპანეთს ამ გამარჯვებას და იმედი მაქვს, რომ საკლუბო დონეზეც ასე გააგრძელებენ თამაშს, მეკარის, მარჯვენა მცველის და ერთი საყრდენის გარდა 🙂

თუ გაინტერესებთ უახლოეს მომავალში შემოთავაზებთ არგენტინის ნაკრების ფიასკოს მიზეზების დეტალურ ანალიზს და ყველას დაგარწმუნებთ რა დონის დეგენერატია დონ დიეგო და ბატონი ხულიო გრონდონა…