ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ ქართველები ინდივიდუალისტები ვართ და ამიტომ ვერ ვიტანთ კოლექტივიზმს… სისულელეა, ქართველები არ ვართ ინდივიდუალისტები, ქართველები ვართ ეგოისტები. რაც შეეხება ინდივიდუალიზმს, იმაზე მეტი კონფორმისტები რაც ჩვენ ვართ სხვა არც ერთ ქვეყანაში არ არიან. საკმარისია ვინმე ზურამ, რომელიც ყველაზე კაი ტიპია უბანში შარვალი 20 სანტიმეტრით ჩაიჩაჩოს, რომ მეორე დღეს მთელი უბანი 20 სანტიმეტრით ჩაჩაჩული შარვლით ივლის… ჩვენთან გასნხვავებული აზრი იდევნება, ადამიანს, რომელიც ცოტათი სხვანაირად ფიქრობს მტრად აღიქვამენ, ან გოიმად, არ არანორმალურად.

საქართველოში ასევე არსებობენ სუპერ ნონ–კონფორმისტები; ადამიანები, რომელთა მიზანიც არის რაიმე განსხვავებული თქვან ან გააკეთონ… არა იმიტომ რომ ასე ფიქრობენ სინამდვილეში, არა, ისინი შეიძლება გეთანხმებოდნენ შენ, მაგრამ აუცილებლად უნდა თქვან განსხვავებული რამ, რადგან სწორედ ასე თუ გამოიჩენენ თავს.

საბოლოოდ ვიღებთ საზოგადოებას სადაც საკუთარი აზრი არავის გააჩნია: ერთ მხარეს გვყავს ხალხი, რომელსაც ფიქრი ეზარება და იღებს ყველაფერს რაც კი საზოგადოებაში მიღებულია, მეორე მხარეს კი ხალხი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი ცუდი და ბოროტებაა.

…ერეკლე მიდის ეკლესიაში დღეს, რადგან დედამისს უთხრა დათო ბიძიამ, რომ ეკლესიაში სიარული აუცილებელია, შემდეგ ერეკლე გამოდის ეკლესიიდან და მიდის უბნის ბირჟაზე, სადაც დგას და გამვლელ გოგონებს დასცინის, აგინებს და საკუთრ ანანისტურ ფანტაზიებს ახმოვანებს, რადგან ლევანი აკეთებს იგივეს… ლევანი კი “კაი ტიპია”.

საერთოდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თაობათა ბრძოლა, უბრალოდ არ არის… ამაზე დიდი ტრაგედია კი ქვეყნისთვის არ შეიძლება რამე იყოს… გამოთქმა მაინც არ გვქონდეს: “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა”.

შვილი კი როგორც უნდა ჯობდეს მამას, თუ ის მისი სარკისებური ანარეკლია?

მარტივი ოპერაცია: მამა – contol c / control v – შვილი.

21 წლის ღიპიანი ბიძები, რომლებიც ყანწებს ცლიან და ჯერ არ ამოსულ ულვაშზე კმაყოფილნი ისვამენ ხელს…

შემდეგ გიო მოიმარჯვებს ხელში გიტარას და იმ სიმღერას იმღერებს, რომელსაც ჯერ კიდევ მამამისი მღეროდა შორეულ სემდისიატ ტრეწიში, სოჭში გალიასთან და ნადეჟდასთან ერთად… უხ, რა დრო იყო.

… ერეკლე უკვე 17 წლისაა და დროა მამამ გადაწყვიტოს სად ჩააბაროს შვილმა, ერეკლეს კი უნდა მხატვრობა, მაგრამ მამა ექიმია და ერეკლეც ექიმი უნდა გამოვიდეს, მერე რა რომ ცოტა დებილია, სამაგიეროდ მამას კლინიკა აქვს და სამსახურს დააწყებინებს…

… ერეკლე უკვე 23 წლიდაა და დროა მამამ გადაწყვიტოს ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად შვილმა, ერეკლეს კი უყვარს ნათია, მაგრამ მამას ნინო მოსწონს, მერე რა რომ მახინჯია, სამაგიეროდ ნინოს მამა ყოფილი რაიკომის მდივანია…

… ერეკლე უკვე 40 წლისაა და დროა მარტო გადავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ დედის გარეშე რა ქნას? ნასკებს ვინ გაურეცხავს? ფაფას ვინ გაუმზადებს? გოგლი–მოგლიც ხომ უნდა საღამოობით?

… დღეს ერეკლე ძალიან ამაყი იყო, რადგან მისმა შვილმა პირველად გამოცალა ლიტრიანი ყანწი ისე რომ წვეთიც კი არ დატოვა.

“შენ გენაცვალე – წამოიყვირეს ერეკლეს მეგობრებმა – სუფთა მამამისია”.

ეგოიზმს რაც შეეხება: ეგ ცალკე სასაუბრო თემაა და ჩემი აზრით ყველაზე უკეთ ქართველების ეგოისტობა მანქანის მართვის დროს ვლინდება; მაგაზე კი ცალკე უნდა დავწერო, რადგან ეგ თემა პრაქტიკულად ამოუწურავია…