Archive for ივნისი, 2010


ოფიციანტმა დანაპირები შეგვისრულა და მოგვართვა ცივი ლუდი, ცხელ–ცხელი შნიცელებით. რაც შეეხება თევზს და კარტოფილს: უკვე გვიანია, სამზარეულო დაიხურა, მზარეული კი სახლში წავიდა. მალე დაიხურება ჩვენი ბარი, ასე რომ თუ ჭამა გინდოდათ აქამდე გეჭამათ, ახლა მხოლოდ ლუდის, მუსიკის და ცეკვის დროა…

რა შეიძლება ითქვას განვლილ თამაშებზე?! პირველ რიგში ალბათ ის, რომ მერვედფინალების მთავარი გმირები იყვნენ მსაჯები, კერძოდ როზეტი და ლარიონდა თავისი ბრიგადებითურთ.

ინგლისი – გერმანიის მატჩის დროს ლარიონდას ლამპარდის გოლი რომ ჩაეთვალა, გერმანია ნამდვილად ვერ დაიჭერდა ინგლისს ისეთ კონტრშეტევებზე, რომლების დროსაც მესამე და მეოთხე გოლი გაიტანა, მაგრამ აქვე შესაძლოა ეს აზრი ასე ჩამოვაყალიბოთ: ბატონ გარეთ ბერის “დაბოლილივით” რომ არ ეთამაშა ორივე ეპიზოდში (პირველად ბურთი დაკარგა, მეორე კი რატომღაც იოზილს საერთოდ არ გაუწია წინააღმდეგობის მსგავსიც კი), არც მაშინ იქნებოდა ეს კონტრშეტევები და გოლები.

ის რაც მოხდა იყო გაუგონარი უსამართლობა ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ ლამპარდის გოლი რომ ჩათვლილიყო, იქნებოდა გაუგონარი უსამართლობა ფეხბურთის თვალსაზრისით, რადგან გერმანია ყველაფერით სჯობდა თავის მეტოქეს…

მოკლედ ყველას 1966 წელი და ბახრამოვი გაგვახსენა ამ ეპიზოდმა, პირადად მე კი, სანამ გავაანალიზებდი, რომ მსაჯმა ვერ დაინახა ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთა, გამახსენდა 1999 წელი… რომელი თამაში თავად გამოიცანით 🙂

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მსაჯის (ასისტენტის) დადანაშაულება რთულია, რადგან ის ზუსტად იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო (ბოლო მცველთან ერთ ხაზზე) და უბრალოდ ამ კუთხით არ გამოჩნდა ის რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. ანუ რა გამოდის: მსაჯმა ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ გოლი მაინც ვერ დაინახა… ეს ბლატერისთვის მგონი საბოლოოს “მესიჯი” უნდა ყოფილიყო.

მსგავსი შემთხვევა იყო თუ სწორად მახსოვს 1996 წლის ევროზე, როდესაც სტოიჩკოვმა დაარტყა შორიდან და ბურთმა ზუსტად იგივე გააკეთა, გადაკვეთა ხაზი და უკან გამოვარდა, მაგრამ მაშინ მგონი ეს თვით ხრისტომაც ვერ დაინახა, ახლა კი…

რაც შეეხება არგენტინის და მექსიკის თამაშს – პირდაპირ გასაოცარია როგორ ვერ დაიანახა ასისტენტმა ტევესის თამაშგარე. რადგან მას, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, სწორი პოზიცია ეკავა, მაგრამ სხვობა ისაა, რომ არ პოზიციიდან ყველაფერი მშვენივარ ჩანდა… ყველაზე ცუდი კი ალბათ ის იყო, რომ შემდეგ სტადიონზე გამეორება აჩვენეს და ყველამ დაინახა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა არბიტრმა… ამას მექსიკელთა მხრიდან პროტესტი მოყვა, მაგრამ რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან წესების მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეო გამეორების გამოყენება დაუშვებელია…

დანარჩენ თამაშებზე სალაპარაკო ბევრიც არაფერია:

ალბათ ყველას გული დაგვწყდა ა.შ.შ–ს და ჩილეს საკმაოდ სიმპატიური ნაკრებების გავარდნის გამო, მაგრამ არანაკლებად სიმპატიური გუნდია განა… ბრაზილიაზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ, სამივე გოლი მართლაც შესანიშნავი იყო და ტევესთან ერთად რობინიოს და ფაბიანოს გოლებს ნამდვილად ექნებათ პრეტენზია საუკეთესოობაზე…

ჰოლანდიამ ისევ უსახურად ითამაშა. რამოდენიმე დღეში გავარკვევთ აქამდე თავს ზოგავდნენ, თუ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ. მე უფრო მეორე მგონია…

შეგეცოდებოდა კაცს იაპონიის ნაკრები, რადგან პარაგვაისგან განსხვავებით აშკარად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, ჰონდა კი საერთოდ ამ მუნდიალის ერთ–ერთი აღმოჩენაა.

მოკლედ ასე იყო, თუ ისე 1/8 ფინალების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. ყველა წყვილში გაიმარჯვა იმან ვისაც უნდა გაემარჯვა და ვისაც ობიექტურად ეკუთვნოდა მოგება.

ახლა კი დავისვენოთ ორი დღე ვუვუზელასგან და როდესაც მივხვდებით, რომ სასწაულად მოგვენატრა მისი ხმა, მოვა 18:00 საათი და ფაბიანო ან ვან პერსი ბურთს ფეხს წაკრავენ და… დაიწყება ისევ ლუდის სმა, “პლანის” შეკეთება, ტანგო, სამბა, ფლამენკო და ისევ ტანგო…

მალე დაიხურება ჩვენი ბარი, ამიტომ გავერთოთ სანამ დრო გვაქვს… 🙂

დამთავრდა ჯგუფური ეტაპი, 16 გუნდი სახლში წავიდა, 16 მომდევნო მატჩისთვის ემზადება, 16 კულტურა მოაკლდა მუნდიალის მრავალფეროვან საზოგადოებას, 16 კიდევ დარჩა… მოაკლდა შემწვარი ქათამი (ქათამი და არა მამალი!), მოაკლდა პიცა და სპაგეტი, მაგრამ არც არავის წყენია, რადგან უკვე დიიიიდი ხანია არავინ ეკარებოდა, ზედმეტად ცივი იყო ორივე კერძი… კიდევ რა, კიდევ ბევრი რამ მოაკლდა, მაგრამ მაინც და მაინც დანაკლისად ვერ მივიჩნევთ, პრინციპში ვერც ქათამს და პიცას მივიჩნევთ დიდ დანაკლისად, მხოლოდ სახელები თუ იყო მათგან შემორჩენილი…  რა დარჩა?  დარჩა ტაკო (ადამიანის ტანის ნაწილი არა, საჭმელია ერთგვარი), დარჩა ორი ტანგო (ვერ გაუყვიათ რომლის არის), დარჩა სამბა, ჯაზი, მარიჰუანა, ფლამენკო, დარჩა ამაზრზენად უგემური შემწვარი თევზი თავისი ცივი კარტოფილით, დარჩა ცოტათი შემთბარი ლუდი, თავის ჩაცივებულ შნიცელებიანად, თუმცა ოფიციანტი გვპირდება ლუდს ჩავაციებთ, შნიცელს კი გავაცხელებთო და ვნახოთ… ან ლუდი მოვა ცივი, ან თევზი გემრიელი… მოკლედ გასართობად კიდევ შემოგვრჩა საშუალებები, ამოირჩიეთ რომელიც გინდათ… იქნებ სულაც სუში გიყვართ? მოკლედ ასორტიმენტი მრავალფეროვანია..

რაც შეეხება მესამე ტურს, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, ზედმეტად ლოგიკურადაც კი. ყველა ვისაც ეკუთვნოდა გასვლა – გავიდა, ვისაც არა – ჩარჩა. ვერც ერთ გუნდზე ვერ ვიტყვით იმსახურებდა გასვლას და ვერ გავიდაო (კიდევ კარგი აშშ–მ გაიტანა, ხოლო შვეიცარიამ ვერ).

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩილეს ნაკრები. ძალიან მესიმპატიურება ეს გუნდი და მომკალით 🙂  სამწუახარო, ძალიან სამწუხაროა, მექსიკელი არბიტრის გამო,  ბრაზილიასთან თამაშში განახევრებული სიძლიერის გუნდით რომ მოუწევს  გამოსვლა, რადგან მედელი და პონსე მართლაც ნახევარი გუნდია… თუმცა მატი ფერნანდესი დაუბრუნდებათ, ასევე იმედია სუასოც და იქნებ ვნახოთ ის თამაში, რის გამოც ხალხს ბრაზილია უყვარს უკვე ათწლეულებია, ხოლო ჩილე შეუყვარდათ ამ მუნდიალზე…

შესანიშნავი თუ არა, ნამდვილად კარგი თამაში უნდა იყოს არგენტინა–მექსიკა, ისევე როგორც ესპანეთი–პორტუგალია, ხოლო გერმანია–ინგლისს ალბათ ყველა სულმოუთქმელად ველოდები. მერე რა რომ  ვერ აჩვენებენ სათანადო თამაშს (მეტწილად ეს ინგლისს ეხება), მაინც კლასიკაა, რომელიც კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ვერ ვნახოთ მუნდიალზე.

ურუგვაის გუნდიც უნდა გამოვყოთ, რომელსაც ძალზედ გაუმართლა ბადეში და ალბათ 1/2 ფინალში უპრობლემოდ გავა (თუმცა აშშ–ს ჩამოწერაც არ შეიძლება).

თუმცა ეს ყველაფერი უკვე შემდგომი დღეების თემაა. მესამე ტურზე კი მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ მე პირადად არ მახსოვს როდის იყო ბოლოს ასეთი სიტუაცია, როდესაც მესამე ტურის წინ 32 გუნდიდან, 30–ს ჰქონოდა გასვლის თუნდაც თეორიული შანსი შერჩენილი და ყველა ჯგუფში დაძაბული სიტუაცია ყოფილიყოს 🙂

პირველი ტურის შემდეგ იმ იმედით დაგემშვიდობეთ, რომ უკეთეს განწყობაზე ვიქნებოდი… ვერ ვიტყვი, რომ მთლად აღფრთოვანებული ვარ მეორე ტურის შემდეგ, მაგრამ პირველთან რა შედარებაა – გოლები მაინც გადის და ფეხბურთელები ბურთს მაინც აჩერებენ, ვუვუზელას ხმაც კი ისე აღარ მაწუხებს, ან მე შევეჩვიე, ან თვითონ შეწუხდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ დღეს (22 ივნისი) სამხრეთ აფრიკის თამაშზე ისევ აუტანელი ხმაური იქნება…

რა შეიძლება ითქვას მეორე ტურის გადმოსახედიდან?  ის, რომ ზოგი ფავორიტი აშკარად ვერ ამართლებს თავის სტატუსს (ინგლისი), ზოგი ისე თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს (იტალია), ზოგმა გაგვაკვირვა მეორე ტურში (გერმანია), ზოგი სხვანაირ ფეხბურთს გვთავაზობს (ჰოლანდია, ბრაზილია). ამ უკანასკნელთ რაც შეეხებათ, პრინციპში ეს ბრაზილიისგან გასაკვირი არც იყო –  ყველამ ვიცოდით ისედაც, რომ დუნგა ბრაზილიას პრაგმატულ და ევროპულ ფეხბურთს ათამაშებდა, ბოლოს და ბოლოს 1994 წლის ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ აი ჰოლანდიისგან ცოტა გასაკვირია ასეთი თამაში, რომელსაც იმდენად არა პრაგმატული, არამედ “მეტი არ შეგვიძლია, ეს ვართ რაც ვართ” შეიძლება ვუწოდოთ… არ მითხრათ რობენი არ ყავდათო, კი გასაგებია, დიდი ძალაა რობენი და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მაინც მეტი მოეთხოვება გუნდს, რომელსაც ჰყავს: სნეიდერი, ვან დერ ვაარტი, ვან პერსი და სხვები… დაბრუნდება არიენიც და იმედია ჰოლანდიაც გადასხვაფერდება და შემოგვთავაზებს იმ თამაშს, რითიც ვერ იგებს ვერაფერს, სამაგიეროდ იგებს ხალხის გულს 🙂

არგენტინის ნაკრებს რაც შეეხება:  ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს გენიალური შეტევა, ნორმალური, მაგრამ ქაოტური დაცვა (ანარქისტი დემიკელისის და ჰაინცეს მეთაურობით) და ძალზედ სუსტი ნახევარდაცვა… არა, მე მასკერანოს და ვერონს არ ვაკნინებ, უბრალოდ ერთი გამოკლების შემთხვევაშიც კი, გუნდს შეექმნება უდიდესი პრობლემები, რადგან მათი შემცვლელი დონ დიეოგს ფიზიკურად არ ჰყავს (ბოდიში ბოლატისთან), ხოლო ნორმალურ და ორგანიზებულ გუნდთან მარადონას გიჟური 4–1–2–1–2–ით, რაც რეალურად არის 4–1–5, არგენტინის ნაკრებს კარგი დღე არ დაადგება… აი მაშინ კი გაახსენებენ დიეგოს კამბიასოს, ლუჩოს,გაგოს, ბანეგას, ძანეტის… ხუთივე ამ ფეხბურთელს ხომ ცენტრალუ ზონაში შეუძლია თამაში, თან როგორ შეუძლიათ მგონი ყველამ ვიცით.

საფრანგეთის ნაკრებმა გაგვაოცა ყველა, არა, შედეგით კი არა, უბრალოდ იმ ქცევით, რის გამოც მოხვდნენ კიდევაც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თორემ დომენეკს რომ “იმპოტენტი” გუნდი ჰყავდა, მაგის მიხვედრას დიდი “პროფესორობა” არ სჭირდებოდა.

ვის შეიძლება ვუწოდოთ გასული ორი ტურის შემდეგ, ტურნირის აღმოჩენა?

მე ორ გუნდს გამოვყოფდი: ალჟირი და ჩილე.  დიდი ალბათობით ორივე ეს გუნდი ჯგუფში ჩარჩება, მაგრამ მათ უკვე კვალი დაამჩნიეს ამ მუნდიალს, რადგან ჩილემ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ლამაზი და ორგანიზებული გუნდის გაკეთება შეუძლია მარსელო ბიელსას და ამავე დროს კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა ეტაკა ამ კაცს 2002 წლის მუნდიალზე, მაინც და მაინც ჩემპიონატზე, რომ შეცვალა გუნდის (არგენტინა, ვისაც არ გახსოვთ) ტაქტიკა–სტრატეგია…

ხოლო ალჟირს რაც შეეხება: პირადად მე გაოცებული ვუყურებდი ამ გუნდის თამაშს ინგლისთან… ლამაზი კომბინაციები, საკუთარ საჯარიმოსთან პასები, მაშინ როდესაც 90 პროცენტი გუნდებისა ბურთს უბრალოდ მოიგერიებდა, არანაირი პანიკა, არანაირი დაძაბულობა, არანაირი მორიდება, არანაირი შიში… ბელჰაჯის ჩართვები შეტევაში, ზიანის ფინტები, კედელივით აღმართული ბუგერა…  ეს გუნდი ჩემი პირადი ფავორიტია პირველი ორი ტურის შემდეგ, მითუმეტეს მისგან ასეთ ცვლილებას სლოვენიასთან თამაშის შემხედვარე, არავინ მოელოდა.

იმედია არ მიწოდებთ მიკერძოებულს, რადგან პირველი ორი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემი აზრით, იყო ლეო მესი, რადგან არგენტინის მთელი თამაში მასზეა დამოკიდებული: ის იყო ყველგან, ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, თავისი ჩვეული დრიბლინგებით აღწევდა მეტოქის დაცვის სიღრმეებში და არღვევდა მას და საერთოდ თუ დააკვირდით, მესი კორეასთან თამაშში ძირითადად ცენტრალური ნახევარცველის პოზიციაზე თამაშობდა… იმის წარმოდგენაც კი მეშინია რა მოუვა მარადონას ნაკრებს, მესი რომ გამოაკლდეს და შედარებით ძლიერ გუნდს შეხვდეს, მაგალითად იმავე მექსიკას, რომელიც ალბათ დღეს (22–ში) წყნარად ითამაშებს ფრეს ურუგვაისთან, საფრანგეთს სახლში გაუშვებს, ხოლო თვითონ 4 წლის წინანდელისთვის რევანშის ასაღებად დაიწყებს მზადებას. შანსი ნამდვილად აქვთ, არგენტინის ეს ნაკრები, ხომ წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია…

მოკლედ იმედია ყველა ფავორიტი გააგრძელებს გზას ჯგუფური ეტაპის შემდეგ (საფრანგეთს და კიდევ ერთ გუნდს არ ვგულისხმობ, მაგრამ ის კიდევ ერთი გუნდი მაინც გავა ჯგუფიდან, რადგან… რადგან ასეთი გუნდია და პლუს მოკალი და ძალზედ იოლ ჯგუფშია…) და პლეი–ოფებიდან უკვე ლამაზ თამაშებს ვნახავთ, სადაც ნამდვილი ვარსკვლავები (ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, რონალდო, შვაინი, ჯერარდი, ლამპარდი, რუნი, კაკა, რობინიო, რობენი, ვამ პერსი…) გაიბრწყინებენ, რადგან ჯერჯერობით ისინი ჩრდილში არიან, არადა მუნდიალს სწორედ საფეხბურთო გენიოსები ალამაზებენ…

თუმცა ჯერ წინ მესამე ტურია, რომელიც ბევრს რამეს გაარკვევს, 16 გუნდი სახლში წავა, 16 ერს გული გაუტყდება, 16 კი ბედნიერი იქნება, ვნახოთ ვინ გაიხარებს უახლოეს 4 დღეში და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე პლეი–ოფებზე…

პ.ს. არგენტინის გავარდნის შემთხვევაში შესაძლოა მუნდიალზე წერის სურვილი გამიქრეს 🙂 წინასწარ მაპატიეთ ჩემი არაპროფესიონალიზმი 🙂

მოდით სანამ პოსტის აზრს ჩამოვაყალიბებ, პატარა შესავალს გავაკეთებ…

ისევე როგორც ყველამ, მეც ფეხბურთის ყურება ბავშვობიდან დავიწყე და ისევე როგორც ყველამ ჩემი საყვარელი გუნდი ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამო ამოვარჩიე: არგენტინა – დიეგო მარადონას გამო. კლუბებში საქმე სხვანაირად არის, უბრალოდ დავუწყე ბარსელონას გულშემატკივორბა, მას შემდეგ რაც ვნახე მათი მარცხი პარი–სენ–ჟერმენთან 1995 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მაგრამ ეს სხვა ამბავია, ისევ არგენტინას დავუბრუნდეთ…

საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანები, ვინც იმ დროს დაიწყო ფეხბურთის ყურება, როცა მე, გულშემატკივრობენ ან ბრაზილიას – რადგან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ან იტალიას – ბაჯოს და საერთოდ იმ დროს თბილისში ატეხილი ნამდვილი ისტერიის გამო (იმედია გახსოვთ ეს ისტერია ბაჯოების გარშემო).

პატარა ბავშვი ფეხბურთში ვერ ერკვევა, მან არ იცის რა არის ლამაზი თამაში, ტაქტიკა, ტექნიკა… მას სჭირდება ემოცია, ემოცია, რომელიც მოდის გამარჯვებიდან (ბრაზილია) ან გმირისგან (ბაჯო ფინალამდე) ან ანტიგმირისგან (ბაჯო ფინალის შემდეგ)…

მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ ადამიანი, რომელიც ჯერ ფეხბურთში გაერკვევა, ნახავს ბავერ თამაშს და შემდეგ გადაწყვეტს უგულშემატკივროს რომელიმე გუნდს, იტალიას ნამდვილად არ აირჩევს, მეტივ ეს იქნება უკანასკნელი ოფცია, რომელსაც ის მიმართავს არჩევნის გაკეთების დროს, რადგან იტალიის ეროვნული გუნდის თამაში არ შეიცავს არაფერს, საერთოდ არაფერს რის გამოც ხალხს ფეხბურთი უყვარს, ერთდერთი რაც იტალიისგან მოდის, არის ემოცია გამარჯვებისგან, დაუმსახურებელი გამარჯვებისგან…

კატენაჩოზე და მის არსზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი რომ ეს არის ფეხბურთის ბურთით თამაშის არ ცოდნის შედეგად მოგონილი ტაქტია. არ შემედავოთ ამაზე გთხოვთ, აი მარტივი ლოგიკა: ძლიერი ხარ ბურთის ფლობის დროს? მაშინ მოიგებ. არ იცი ფეხბურთის თამაში, მაშინ ჩაჯექი დაცვაში და იქნებ მერე გაგივარდეს… ეს არის სუსტი გუნდის მენტალიტეტი, გუნდის, რომელმაც იცის, რომ ვერ მოიგებს თამაშით, ამიტომ უნდა ირბინოს, ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს თამაშში და ეცადოს არ წააგოს, ხოლო მერე ერთი სწრაფი პასი წინ, ან კუთხური იშვიათი შეტევის დროს და რა იცი რა ხდება, იქნებ გაიტანო კიდევაც…

მაგრამ მოდით მთავარზე ვისაუბროთ, კერძოდ კი იმაზე, რატომ არის ჩემი აზრით 2006 წლის ფორმაციის იტალიის ნაკრები ყველა დროის ყველაზე სამარცხვინო ჩემპიონი.

უბრალოდ მინდა ერთად გადავხედოთ ამ გუნდის მიერ განვლილ გზას მსოფლიო თასამდე, ვინ და როგორ დაამარცხა, რამდენი გოლი გაიტანა, როგორ გაიტანა ეს გოლები და ასე შემდეგ.

თამაში პირველი: იტალია – განა 2–0

გოლები: პირლო და იაკვინტა.

პირლომ გაიტანა კუთხურის გათამაშების შემდეგ, იაკვინტა კი სამუელ კუფურის მეკარისთვის არაზუსტად მიცემული პასის შემდეგ, პირისპირ გავიდა გოლკიპერთან და საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

თამაში მეორე: იტალია – აშშ 1–1

გოლი: ჯილარდინო.

პირლომ ჩააწოდა ჯარიმა, ხოლო ჯილარდინომ ნახტომში დაუხვედრა ბურთს თავი და აშშ–ს კარის ბადეში გაახვია

თამაში მესამე: იტალია – ჩეხეთი 2–0

გოლები: მატერაცი და ინძაგი

ტოტი აწვდის კუთხურს, ხოლო ყველაზე უღირსი მარკო მსოფლიოში თავით აჭედებს ბურთს მას კარის ბადეში.

მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც ჩეხეთი მთელი გუნდით წინ იყო წასული, პირლო აწვდის პასს ინძაგის და ჩეხთან პირისპირ გაჰყავს, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო, რომელიც მართალია პიპოს არ აქვს, მაგრამ მაინც მოახერხა გოლკიპერის მოტყუება და ბურთის კარში შეგორება.

1/8 ფინალი: იტალია – ავსტრალია 1–0

გოლი: ტოტი

მატჩის 93–ე წუთზე ფაბიო გროსომ მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, მოატყუე ერთი მეტოქე და შემდეგ გასცდა გასრიალებულ ლუკას ნილს, რომელსაც ზურგზე გამოედო და დაენარცხა, მსაჯმა პენალტი დადო, ტოტიმ აუღელვებლად გაიტანა და იტალია 1/4 ფინალში გავიდა.

1/4 ფინალი: იტალია – უკრაინა(!) 3–0

გოლები: ძამბროტა,ტონი (2)

ტოტისთან გათამაშებული კედელის შემდეგ, ძამბროტამ შორი მანძილიდან დაარტყდა და შოვკოვსკის ახლო კუთხეში გაუტანა, მეკარის შეცდომა აშკარა იყო…

კუთხურის გათამაშების შემდეგ ტოტის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც აბსოლუტურად მარტოდ დატოვებულმა ტონიმ, 3 მეტრიდან გადაგზავნა ბურთი კარში.

ძამბროტა გადის ფლანგზე და ცარიელ კართან აწვდის ლუკა ტონის, რომელსაც აღარ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა.

1/2 ფინალი : იტალია – გერმანია 2–0 დ.დ.

გოლები: გროსო და დელ პიერო

მატჩის 119–ე წუთზე კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ბურთი მისდის პირლოს, რომელიც პასს აწვდის გროსოს და ისიც  შესანიშნავი დარტყმით გზავნის ბურთს კარში

ბოლო წამებზე დელ პიერო პირისპირ გადის ლემანთან და უტანს მეორე გოლს.

ფინალი: იტალია – საფრანგეთი 1–1 პენ. 5–4

გოლი: მატერაცი

კუთხურის მოწოდების შემდეგ, მარკო ყველაზე მაღლა ხტებდა და გააქვს გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში და ათანაბრებს ანგარიშს.

მიუხედავად საფრანგეთს უპირატესობისა, მატჩი ასეც დამთავრდა და დაინიშნა პენალტები, რომელშიც ტრეზეგეს აცილებული ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა და მსოფლიომ მიიღო ყველა დროის ყველაზე სუსტი და უფანტაზიო მსოფლიოს ჩემპიონი.

არც ერთი თამაშში მუნდიალზე იტალიას მოწინააღმდეგე არ დაუჯაბნავს, თუ არ ჩავთვლით უკრაინის(!) ნაკრებს.

გადახედეთ მოწინააღმდეგეებს, რომელიც დაამარცხა იტალიამ : განა, ჩეხეთი, ავსტრალია, უკრაინა და ნუ ბოლოს გერმანია.

გადახედეთ ანგარიშებს და ბოლოს გუნდის ბომბარდირები გახდნენ: ტონი და მატერაცი(!)2 გოლით

სულ იტალიამ გაიტანა 12 გოლი, მათგან 7 (!) გოლი იყო სტანდარტული სიტუაციის შემდეგ. ხოლო 3–ჯერ მოწინააღმდეგის მეკარესთან გავიდნენ პირისპირ, როდესაც ოპონენტი მთელი გუნდით უტევდა.

და ამ ყველაფერის მერე, იტალიის ნაკრების კაპიტან, ფაბიო კანავაროს აძლევენ ოქროს ბურთს(!)

რისთვის?  ორ კარგ გუნდთან ჩატარებული კარგი მატჩების გამო?  მთელი სეზონის შეჯამების შედეგად, ყველა შედეგი და ყველას თამაში გადაძლია ფაბიოს კარგმა თამაშმა გერმანიასთან და საფრანგეთთან?!

მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ასეთი სუსტი გუნდი ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, იგივე საფრანგეთმა ამ მუნდიალზე გზაში დაამარცხა ესპანეთი, ბრაზილია და პორტუგალია!

ხოლო გერმანიამ  გამოაგდო შვედეთი და არგენტინა.

სწორად გამიგეთ, მსოფლიოს ჩემპიონობა ისეთი რამ არის, რომ გუნდს, რომელიც ამ ტიტულს იგებს, გარდა კუთხურების კარგად მოწოდებისა, სხვა რამეც უნდა შეეძლოს, თუნდაც ერთი ლამაზი გოლი უნდა ჰქონდეს გატანილი მთელს ჩემპიონატზე…

გაიხსენეთ სხვა ჩემპიონები: 1982 წლის იტალია, არგენტინა, გერმანია, ბრაზილია, ისევ ბრაზილია 2002–ში…  ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ, ნადმვილი ჩემპიონები, დამსახურებული ჩემპიონები, ობიექტურად ყველაზე ძლიერები, ხოლო რაც შეეხება იტალის 2006 წლის ნაკრებს… პანალტებით ფრანგებს რომ მოეგოთ, აბსოლუტურად ვერავინ იტყოდა იტალიამ დაიმსახურა ჩემპიონობაო…პირიქით, საფრანგეთი დამსახურებული გამარჯვებული იქნებოდა, თუნდაც იმ მოწინააღმდეგეების დამარცხების გამო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ხოლო 7 თამაშის მანძილზე, მხოლოდ ერთ ძლეირ გუნდს, გერმანიას რომ დაამარხებ დამატებითი დროის 119–ე წუთზე… დამსახურებულობაზე ლაპარაკი ცოტათი მეხამუშება…

და ბოლოს, აი როგორ ემზადება “სკაუდრა აძურრა” (ისე ცისფერ გუნდს ნიშნავს 😉 )  დიდი ტურნირებისთვის 😛

დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტური და მივხვდი, რომ სათქმელი დამგროვებია, იმდენად სათქმელიც არა, რამდენადაც წუხილი…  არ ვიცი ვის დავაბრალო ჩემი იმედგაცრუება, ფიფას, უეფას, ადიდასს, გულშემატკივრებს, თუ კლიმატს, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით მუნდიალი დიდი ვერაფერი სანახაობაა.

რა თქმა უნდა არ მოველოდი ყველა თამაშისგან “მილან–ლივერპულს”, მაგრამ არც იმას მოველოდი, რომ ყველა თამაში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატივით იქნებოდა.

იმედი მაქვს ბევრი რამ შეიცვლება მეორე ტურში, ამ დაწყვევლილ ბურთსაც შეეჩვევიან ფეხბურთელები და უკეთაც ათამაშდებიან, ფორმაშიც შევლენ და ლამაზ სანახაოაბს შემოგვთავაზებენ, თორემ ასე თუ გაგრძელდა, ფეხბურთი ყველაფერთან ერთად ბევრ გულშემატკივარს დაკარგავს. ბოლოს და ბოლოს არის ხალხი, რომელიც ფეხბურთს მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ უყურებს (მსოფლიო, ევრო), ის კი ნამდვილად არ იქნება დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ ამ თამაშების შემყურე.

თვალში საცემი რაც არის, არის ის რომ პრაქტიკულად გამქრალია სხვაობა პოტენციურად სუსტ და ძლიერ გუნდებს შორის. არ ვგულისხმობ იმას რომ ძლიერი უტევს და სუსტი კარგად იცავს თავს, არა, საქმეც მაგაშია, ძლიერი გუნდი თითქმის არ ფლობს თვალსაჩინო უპირატესობას სუსტ გუნდზე, მხოლოდ ბურთის ფლობა და მეტი არაფერი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ნამდვილად აჯობა თავის მეტოქეს იყო გერმანიის ინტერნაციონალური ნაკრები, რომელმაც მართლაც გამაკვირვა სწრაფი და ლაღი თამაშით. ამ ჩემპიონატზე თუ არა, იოზილი, მარინი, მიულერი, ხედირა და ძმანი მათნი ადრე თუ გვიან მოიგებენ რამე მნიშვნელოვანს.

ძალზედ დიდია ელემენტალური შეცდომების რაოდენობა, 5 მეტრში არაზუსტი პასები, კარში დარტყმების 80 პროცენტი კარს ცდება ზემოდან, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს მაინც ბურთის ბრალი მგონია. ბურთის, რომელზეც ლამის ყველამ თქვა, რომ არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ ბურთებისგან , რომლითაც თამაშობენ ფეხბურთელები სხვადასვხა ტურნირებზე. მთლად აზრს მოკლებული არ უნდა იყოს ამ ყველაფერის ბურთისთვის დაბრალება, რადგან არამგონია ასე დაჩაჩანაკებულიყვნენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კარგად მოთამაშე ფეხბურთელები, რომ ბურთს ვერ იმორჩილებდნენ ელემენტალურ სიტუაციებში და ზუსტ პასს ვერ აკეთებდნენ 3 მეტრში მდგარ თანაგუნდელზე. თუმცა არის მეორე მიზეზიც, რაც შეიძლება იწვევდეს ყველაფერ ამას და აქ უნდა მივადგეთ “ძლიერთ ამა ქვეყნისა”: ფიფა და უეფა, ორი ბოროტების იმპერია…

მსოფლიოს ჩემპიონატი არის საფეხბურთო ზეიმი, სადაც უნდა თამაშობდნე საუკეთესო ფეხბურთელები, თან თამაშობდნენ საუკეთესოდ… უკვე მერამდენენ მუნდიალია, როდესაც ჯერ კიდევ ჩემპიონატამდე იმტვრევიან სხვადასხვა ნაკრებების წამყვანი ფეხბურთელები და მათი ტრავმების უმეტესობა გამოწვეულია გადაღლილობით, რადგან მათი კუნთები უკვე ვეღარ უძლებენ ამდენ დატვირთვას. შედეგად ვიღებთ ვარსკვლავებისგან დაცლილ მუნდიალს, ხოლო ისინი კი ვინც არ დაიმტვრნენ, უმეტეს შემთხვევაში ძლივს დალასლასებენ მინდორზე.  დროა ფიფა და უეფა დასხდნენ და საერთაშორისო კალენდარი შეამსუბუქონ (მაგალითად ფიფამ რამე მოუხერხოს აბსოლუტურად “ფარჩაკ” და იდიოტურ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს), რადგან ასეთი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატზე ვნახავთ “ბ” ნაკრებებს… თუმცა ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ამას არ იზამენ, დიდი ადამიანები ვართ და არ გვჯერა ზღაპრების…

ვუვუზელა

და ბოლოს ვუვუზელა…

მე არ მჯერა, მაგრამ ვისურვებდი ჯოჯოხეთი არსებობდეს და მაგის მომგონი იქ იტანჯებოდეს… კაცობრიობის ისტორიას მსგავსი ბოროტება არ ახსოვს 🙂

მოკლედ, საშინელი თამაშები, არანაირი სანახაობა, ძალზედ ცოტა გოლი, უამრავი შეცდომა და ტვინის ბურღვა ტრიბუნებიდან, თვით ინგლისელთა ხმაშეწყობილი სიმღერები, ლეგენდარული C’mon England–ი არ ისმოდა, არადა როგორ ალამაზებს მსოფლიოს ჩემპიონატს სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის ხალხის ხმაშეწყობილი გულშემატკივრობა…  აქ კიდევ ყველა თამაშზე გიგანტური ბუზის ბზუილი ისმის…

ფიფამ ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთოს და აუკრძალოს ამ “სატანის ფალოსის” შეტანა ტრიბუნაზე, ფულს ეგ არ მოაკლებს ნამდვილად…

ჰოდა ასე.

მეორე ტურის დასრულებამდე…

იმედია კარგი განწყობა მექნება.

პოპულარულმა საიტმა goal.com და კოკა–კოლამ წარმოადგინეს ერთობლივი პორექტი: მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლების რნიშვნების 50–ეული.  მე და არა მარტო მე, არ დავეთანხმეთ ამ რეიტინგის საბოლოო შედეგებს, რადგან პირველ ადგილზე გავიდა აღნიშვნა, რომელიც ახლოსაც ვერ მივიდოდა მეორე ან მესამე ადგილოსანთან. თუ გაინტერესებთ ეს რეიტინგ, მიბრძანდით საიტზე და თქვენი თვალით იხილეთ, აქ კი მე შემოგთავაზებთ ჩემი აზრით ყველაზე დასამახსოვრებელი გოლების აღნიშვნების 10–ეულს.

X ადგილი

ბუდევეინ ზენდენი (ჰოლანდია, 1998 წელი)

გაუგებარი რამ, რაც ბატონმა ზენდენმა მოიმოქმედა. საერთოდ როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე სალოტო გამოუვიდა 🙂

IX ადგილი

ფაბიო გროსო (იტალია, 2006)

გამორბენი და ღრიალი მარკო ტარდელის საუკეთესო ტრადიციების დაცვით

VIII ადგილი

ჯორჯ ფინიდი (ნიგერია, 1994)

ფინიდი ყოველთვის გამოირჩეოდა არტისტული აღნიშვნებით, ეს მისი დებიუტი იყო დიდ სცენაზე

VII ადგილი

ლილიან ტურამი (საფრანგეთი, 1998)

სულ ორ კაცს გაუტანია მუნდიალის ნახევარფინალში 2 გოლი, მარადონას და ტურამს, თან ლილიანს ნაკრებში არც მანამდე და არც შემდეგ გოლი აღარ გაუტანია, ასე რომ რა გასაკვირია, თუ ამ მიღწევამ ის ცოტა ხნით ჩააფიქრა?!

VI ადგილი

ბრაიან ლაუდრუპი (დანია, 1998)

ამ გოლს განსაკუთრებული ელფერი, აღნიშვნის გარდა, ასევე რობერტო კარლოსის ტანმოვარჯიშის მონაცემების დემონსტრირებამ შესძინა, მაგრამ რადგან აქ აღნიშვნებზე ვსაუბრობთ, ვის არ გახსოვთ ყველასთვის საყვარელი პატარა ლაუდრუპის “პოზიორობა”?!

V ადგილი

რაშიდ იეკინი (ნიგერია, 1994)

ნიგერიის ისტორიაში პირველი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მას დაუვიწყარის სტატუსი სწორედ იეკინის აღნიშვნამ მიანიჭა… ვერ იხსენებთ რომელ აღნიშვნაზეა საუბარი? მაშ ჩართეთ ვიდეო, დაელოდეთ 0:50–ს და ნახავთ, რომ გაგახსენდებათ და გაგეღიმებათ, ეს როგორ ვერ გავიხსენეო…

IV ადგილი

ბებეტო (ბრაზილია, 1994)

ბებეტოს მეოთხე ბავშვი შეეძინა და გოლიც მას მიუძღვნა, მეტი კომენტარი საჭირო არაა, ბებეტოს ხსენებაზე ხომ ყველას ისედაც ეს აღნიშვნა გვახსენდება პირველ რიგში და არა მისი რომელიმე გოლი…

III ადგილი

დიეგო მარადონა (არგენტინა, 1994)

…თვალები ისე ჰქონდა ანთებული, უეჭველი დოპინგი ჰქონდა მიღებულიო…ამის ან გვჯერა, ან არ გვჯერა, მაგრამ დიეგოს მაშინდელი სახის გამომეტყველება ყველას გვახსოვს…

II ადგილი

როჟე მილა (კამერუნი, 1990)

ყველას გახსოვთ ალბათ მისი მირბენა კუთხურის ალამთან და ცეკვა… ხოლო ამ თამაშის მეორე გოლი, ალბათ მუნდიალის ისტორიაში კურიოზული გოლების ათეულშიც ულაპარაკოდ მოხვდებოდა…

I ადგილი

მარკო ტარდელი (იტალია, 1982)

უკომენტაროდ…

განსხვავებული აზრი მოისმინება კომენტარების მეშვეობით, ოღონდ პირველ ადგილზე არ იდავოთ, უკონკურენციოა ტარდელის ღრიალი 🙂  (იტალიის გულშემატკივარი არ გახლავართ, ამიტომ მიკერძოებას ვერ დამაბრალებთ)

ედვარდ გეინი

 

გადავწყვიტე მოგიყვეთ ამერიკის ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ სერიულ მკვლელებზე 🙂  და ვინ იქნებოდა დასაწყისისთვის ყველაზე კარგი კანდიდატი, თუ არა ედ გეინი, ადამიანი, რომლის მკვლელობებმაც შეძრა არამარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ 2 ადამიანი მოკლა (მეტი ვერ დაუმტკიცეს).

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო“, “კრავთა დუმილი” ან კიდევ “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით“. სამივე ამ ფილმის მთავარი “ბოროტი” გმირი – ნორმან ბეიტსი, ბაფალო ბილი და “ტყავის სახე”, შექმნილია ედ გეინის მიხედვით.

1957 წლის 16 ნოემბერს, საკუთარი პროდუქტების მაღაზიიდან, უკვალოდ გაქრა ბერნის უორდენი, 58 წლის ქვრივი. ვინაიდან ეს ხდებოდა პატარა ქალაქ პლეინფილდში, სადაც მოსახლებოა სულ რაღაც 800 კაცი იყო, ხოლო  პროდუქტების მაღაზია ერთი, ხალხმა უმალვე შეამჩნია ის, რომ მაღაზია დაკეტილი გახლდათ. ბერნის უორდენის შვილი, რომელიც ქალაქის სხვა მამაკაცებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, შუადღის მერე დაბრუნდა სახლში, გაიგო რომ მაღაზია დაკეტილი იყო და  იქ მივიდა. აქ კი მის წინაშე საზარელი სურათი გადაიშალა, შენობაში არეულობა იყო, მაგრამ ყველაზე საშინელი გახლდათ, რომ იატაკზე იყო სისხლის კვალი, რომელიც დახლიდან უკანა კარამდე მიდიოდა. სწორედ აქ იპოვა მან “ჩეკი”, რომელიც ედ გეინის სახელზე იყო გამოწერილი.

ედ გეინის სახლი

ბერნის უორდენის გამოშიგნული გვამი

პოლიციამ მიიღო ბრძანება, რომ მისი სახლი გაეჩხრიკათ. სწორედ აქედან იწყება ერთ–ერთი ყველაზე საზარელი სერიული მკვლელის ისტორია. პოლიცია მიადგა ედ გეინის სახლს, რომლის გარედან უბრალოდ დანახვაზეც კი ადამიანს ჟრუანტელი დაუვლიდა, რადგან ეს იყო ჩაბნელებული და განცალკევებით მდგარი სახლი, რომლიდანაც არ გამოდიოდა სინათლე. პირველად პოლიციელები შევიდნენ თავლაში. ელექტრო ენერგიის უქონლობის გამო, ისინი გზას პატარა ფანრების მეშვეობით იკვლევდნე. ერთ–ერთი პოლიციელი მხრით გამოედო რაღაცას, რაც მისი აზრით კაუჭზე ჩამოკიდებული ირემი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში ეს ირემი კი არა, გამოშიგნული ბერნის უორდენის გვამი იყო.

ამის შემდეგ პოლიციელებს წინ კიდევ უფრო ამაზრზენი სანახაობა ელოდათ. მათ შეაღწიეს ედის სახლში, სადაც თვითმხილველთა თქმით ისეთი ქაოსი და სიბინძურე სუფევდა, რაც ცდება ადამიანის წარმოდგენას. ყველგან მიმოყრილი იყო ნივთები, მტვერი, ჭუჭყი, მაგრამ ყველაზე საშინელი სხვა რამ იყო: კედლებზე ეკიდა ადამიანის სახეებისგან გაკეთებული ნიღბები; მაგიდაზე იდო ფანარი, რომელსაც გარს ადამიანის კანი აკრავდა; გარდერობში იყო შარვალი დამზადებული ადამიანის კანისგან; სკამი, რომელსაც გარს ადამიანის კანი არტყამდა; ქალის ძუძუსთავებისგან დამზადებული ქამარი; თეფში, რომელიც გაკეთებული იყო თავის ქალიდან; მაცივარი იყო გამოტენილი ადამიანის ორგანოებით; ჩულქები დამზადებული ქალის კანისგან; ქალის სასქესო ორგანო, რომლის ამოცმაც საცვლის მსგავსად შეიძლებოდა…  ამ ყველაფრის შემდეგ, ერთი პოლიციელი მიადგა ყუთს, ჩაიხედა შიგნით და დაინახა თმა. შემდგომში ის პოლიციელი ამბობდა, რომ რაც მან გააკეთა იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტური საქციელი, რადგან ის უკვე ვეღარ აზროვნებდა ნანახის გამო. მან ხელი ჩაყო ყუთში, თმას ხელი მოკიდა და იქიდან ამოიღო ადამიანის თავი, რომელიც ეკუთვნდა მერი ჰოგანს, მასიურ ქალს, რომელიც ადგილობრივი ბარის მეპატრონე იყო და ამ მოვლენებამდე 3 წლით ადრე უკვალოდ გაქრა.

ედმა მხოლოდ ამ ორი ქალის მკვლელობა აღიარა, დანარჩენებზე კი განაცხადა, რომ გვამები სახლში სასაფლაოდან მიჰქონდა.

სახლში, აბსოლუტურად სუფთა და მოვლილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოთახი იყო – ედის დედის, ავგუსტას ოთახი. მკაცრი, კათოლიკე მორწმუნე ქალის, რომელსაც ძალზედ დიდი გავლენა ჰქონდა ედზე. ის არწმუნებდა მას, რომ მის გარდა ყველა ქალი იყო ბოზი, უშლიდა მას სხვა ბავშვებთან კონტაქტს და ამუშავებდა ფერმაზე. მას შემდეგ რაც ედის მამა გარდაიცვალა, დედის გავლენა კიდევ უფრო დიდი გახდა, რის გამოც რამდენჯერმე ჰენრი გეინმა, ედის ძმამ, კრიტიკული შენიშვნა გააკეთა დედის მისამართით. 1944 წელს, ხანძრის ჩაქრობისას, რომელსაც ედდთან ერთად აქრობდა ჰენრი დაიღუპა. არსებობს ეჭვი, რომ ის ედმა მოკლა.

1945 წელს ავგუსტა გარდაიცვალა, რამაც ედზე საშინლად იმოქმედა. ის დაინტერესდა ანატომიით და წიგნებით, რომელიც ექსგუმაციას ეხებოდა. ასევე უყვარდა გაზეთებში ნეკროლოგების კითხვა. სავარაუდოდ ამის შემდეგ დაიწყო სასაფალოებზე სიარული და გვამების ამოთხრა. მოსახლეობასთან აღებულ ინტერვიუებში ჩანს, რომ არავინ მას გიჟად არ თვლიდა, უბრალოდ ყველას ის “ცოტათი უცნაურად” მიაჩნდა. მეზობლების თქმით, ედი ძალზედ კარგი დამხმარე იყო და დიასახლისებს, რომელთაც სახლში დახმარება სჭირდებოდათ, უანგაროდ ეხმარებოდა.

ედ გეინი არის ერთადერთი სერიული მკვლელი, ცნობილი სერიული კილერებიდან, რომელიც სასამართლომ ოფიციალურად აღაირა გიჟად და მის კონდიციაში შეუძლებლად მიიჩნიეს პროცესის გამართვა, რის გამოც ის  ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს. 10 წლის შემდეგ, ექიმების დასკვნით, მას შეეძლო სასამართლოზე გასვლა. სასამართო პროცესოს დასრულებისთანავე, ედი ისევ ფსიქიატრიულში დააბრუნეს, სადაც ის 1984 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ედ გეინის “საშინელებათა სახლი” აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს, მაგრამ აუქციონამდე ერთი დღით ადრე ის დაიწვა, რამაც  პლეინფილდის მოსახლებოას შვება მოჰგვარა, რადგან მათ არ სურდათ საკუთარ პატარა ქალაქში ტურისტების მოზღვავება, თუმცა ამას მაინც ვერ გადაურჩნენ და ამ ქალაქში, ედის დამწვარი სახლის სანახავად ათასობით კაცი ჩავიდა. ერთადერთი ქონება რაც ედს დარჩა, იყო მისი მანქანა, რომელიც მოხეტიალე ბაზრობამ შეიძინა, სადაც მის სანახავად, მხოლოდ პირველ ორ დღეს, ფული 2000–მა კაცმა გადაიხადა.

სუვენირების მოყვარულები წლების მანძილზე იპარავდნენ ნატეხებს მისი საფლავის ქვიდან. 2000 წელს თავად ქვაც მოიპარეს, რომელიც ერთი წლის შემდეგ სიეტლთან ახლოს იპოვნეს და მას შემდეგ ის მუზეუმში ინახება.

ნორმან ბეიტსი

ედ გეინის ამბავის გასკდომიდან რამდენიმე ხანში, რობერტ ბლოხმა დაწერა წიგნი “ფსიქო“, რომელიც შემდეგ, ალფრედ ჰიჩკოკმა ერთ–ერთ საკულტო ფილმად აქცია. მთავარი გმირი, ნორმან ბეიტსი, არის პატარა გზისპირა მოტელის მფლობელი შიზოფრენიკი, რომელსაც გარდაეცვალა დედა და ის ამ ფაქტს ვერ ეგუება. ბეიტსი დედის ტანსაცმელს იცვამს და  მოტელის სტუმრებს კლავს. მოტელის თავზე წამოჭიმულია დიდი და საშიში სახლი, რომლის ერთ–ერთი ოთახის ფანჯრებიდანაც ხშირად ჩანს ბებერი ქალის სილუეტი.

ბაფალო ბილი

ბაფალო ბილი, არის მკვლელი “კრავთა დუმილიდან“, რომელიც კლავს ქალებს, აცლის მათ კანს და თავისთვის ქალის ტანსაცმელს იკერავს.

“ტყავის სახე” კი არის მკვლელი საკულტო ფილმიდან “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით”. მას და მის მამას სახლში აქვთ ავეჯი, რომელიც დამზადებულია ადამიანის ძვლებისა და ტყავისგან და ოთახი სადაც აწამებენ დაჭერილ ახალგაზრდებს.

ყველა ეს წარმოუდგენლად სასტიკი პერსონაჟი შექმნილია ედ გეინის პიროვნების შთაგონებით, ადამიანისა, რომლის მიერ ჩადენილმა ორმა მკვლელობამ შეძრა მთელი მსოფლიო.

ტყავის სახე

ნორმან ბეიტსი და მისი სახლი