Tag Archive: რეალი


1. “ნახე ტორესმა რა გოლი გაიტანა?”

2. “იგუაინს დღეს ერთი საგოლე მომენტიც არ გაუფუჭებია”

3. “არსენალი” ჩემპიონია

4. “ნახე “ბარსელონა” მსაჯებმა როგორ დაჩაგრეს?”

5. “იოზილი გადამწყვეტ თამაშებში რა მაგრად თამაშობს”

6. “მოიესი ნამდვილი გენიოსია”

7. “პეპე ძალიან ელეგანტური ფეხბურთელია”

8. “გუშინ, მოურინიომ საკუთარი გუნდის წაგება გუნდის ცუდ თამაშს და საკუთარ შეცდომებს დააბრალა”

9. “ინტერს” საკუთარი განუმეორებელი სტილი აქვს. შეხედავ და იცი, რომ გუნდს ფილოსოფია გააჩნია”

10. “ბიჭო, გუშინ კენჭისყრას უყურე? როგორ არ გაუმართლა “რეალს”, ასეთი უიღბლობა არ ვიცი”…

11. “რეალმა” “ბაიერნს” მოუგო

12. “გუშინ, “ჰოფენჰაიმის” თამაშს ვუყურე და კინაღამ დამეძინა”

13. “ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1–ია”

14. “წავალ სახლში და “აიაჩო”–”სოშოს” ჩავუჯდები”

15. “შენი აზრით, ვინ გახდება პრემიერლიგის ბომბარდირი – ტორესი, სოლდადო თუ ქეროლი?”

16. “რა კარგია, რომ ჯუზეპე როსის ამდენი ხანია ტრავმა არ მიუღია”

17. “პეპე, ბუსკეტსი და დიეგო კოშტა ყველაზე კარგი ტიპები არიან ფეხბურთელებს შორის”

18. “ყველაზე სიმპატიური ფეხბურთელი? კევინ კონსტანტი”

19. “ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ტომას გრავესენია”

20. “რა კარგი და სტაბილური გუნდია ეს “ჰამბურგი”

21. “გუშინ, “რეალი”–”ვალენსია” იყო და მსაჯები აშკარად “ვალენსიას” ეხმარებოდნენ”

22. “ყველაზე კარგი ტრანსფერი? ერიკ ჯემბა–ჯემბას და კლებერსონის ტრანსფერები”

23. “კრისტალ პალასის” თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა”

24. “რა ჭკვიანი და კარგი მწვრთნელი ჰყავს არგენტინის ნაკრებს”

25. “მე არ მახსენდება ნეიმარის, დროგბას, კრისტიანო რონალდოს ან სუარესის სიმულაცია”

26. “ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!”

27. “ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია!”

28. “ინგლისის ნაკრები ფინალში გავიდა!”

29. თუ 31. “ბიჭო, გუშინ “იუვენტუსის” თამაშს ვუყურე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, უნდა გენახა რას უტევდნენ”

30. “გუშინ, ინგლისელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, გერმანელებმა კი წააგეს”

31. “რაიან გიგზს ძმასავით ვენდობი”

32. “მარადონა თუ პელე”? უინსტონ ბოგარდი!”

 

დასრულდა 2010–2011 წლების საფეხბურთო სეზონი, რომელშიც საკმაოდ იყო მოულოდნელობებიც და აშკარა იმედგაცრუებებიც, იყო რეკორდებიც და საოცარი მატჩებიც. მოდით შევაჯამოთ ეს სეზონი და ჩამოვარიგოთ სხვადასხვა პრიზები.

წინა წლის გამარჯვებულები აქვე შეგიძლიათ იხილოთ, წინა პოსტში, ხოლო მხოლოდ გამარჯვებულებისთვის კი ცალკე გვერდს გავაკეთებ 🙂

ნომინაციებზე ბევრ ფიქრს არ დავიწყებ და შარშანდელის ანალოგიურს შემოგთავაზებთ. მაშ ასე, დავიწყოთ წამყვანი ხუთი საფეხბურთო ჩემპიონატის (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ცხრილების ანალიზი და გამოვავლინოთ სხვადასხვა გამარჯვებული:

ყველაზე მეტი ქულა: ბარსელონა – 96 ქულა (38 თამაში).

 

ისევე როგორც შარშან, წელსაც ამ ნომინაციასი გამარჯვებული გახდა კატალონიური კლუბი, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო იმასთან, რომ 100 ქულიან ზღვარს გადასცდენოდა, მაგრამ ბოლო მატჩებში უმოტივაციობამ და ჩემპიონთა ლიგის ფინალმა მაინც თავისი ქნა და გუნდმა ბოლო ტურებში ქულები დაკარგა, რის გამოც საბოლოოდ 96–ზე შეჩერდა. ყველაზე ახლოს მასთან მადრიდის რეალი მივიდა – 92 ქულა.

ყველაზე მეტი მოგება: ბარსელონა – 30 (38 თამაში).

მხოლოდ ერთი მოგება არ ეყო ბარსას, წინა წლის შედეგის გასამეორებლად.

ყველაზე მეტი გატანილი გოლი: რეალი – 102 (38 თამაში).

 

ვერც წელს მოახერხა ბარსამ ამ კატეგორიაში გამარჯვება (შარშან ჩელსიმ მოიგო). რეალმა შესანიშნავად ჩაატარა სეზონის ბოლო მონაკვეთი და ამის გამო გაასწრო ბარსელონას (95 გოლი) გატანილი ბურთებით.

ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი: ბარსელონა –21 (38 თამაში)

ძალიან მცირედით ჩამორჩა დორმუნდის ბორუსია (22 გაშვებული გოლი). საოცარია, რომ გუნდი, რომელიც პირველ რიგში ცნობილია თავისი შეტევით, მეორე სეზონია ვერ იგებს ყველაზე მეტი გატანილი გოლის ნომინაციაში, სამაგიეროდ იმარჯვებს ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლის კატეგორიაში.

სეზონის აღმოჩენა (გუნდი): ჰანოვერი და მაინცი.

კანდიდატი ძალიან ბევრი იყო: ლილი, რომელმაც საფრანგეთში თითქმის ყველაფერი მოიგო, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალუ ასპარეზზე; ნაპოლი, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა ეს სეზონი; ბორუსია, რომლისგანაც ასეთ ფეხბურთს ნამდვილად არ ველოდით, მაგრამ მაინც, ყველაზე დიდი შოკი და მოულოდნელობა ალბათ იყო მაინცის ლიდერობა 7 ტურის შემდეგ (7 მოგება!) და ჰანოვერის ბოლომდე ბრძოლა მესამე ადგილისთვის.

ანტიპრიზებსაც მივადექით:

ყველზე ნაკლები ქულა: ვილემი – 15 (34 თამაში).

ისევე როგორც შარშან, წელსაც ამ ნომინაციაში ერედივიზიეს გუნდმა მოიგო და იმავე რაოდენობის ქულები დააგროვა. გუნდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, საბოლოოდ ბოლო ადგილზე გავიდა ჰოლანდიის ჩემპიონატში. “საპატიო” ვერცხლი და ბრინჯაო: არლი (20 ქულა) და ვენლო (21 ქულა).

ვილემ II

ყველზე მეტი წაგება: ვილემი – 25 (34 თამაში).

კი ვთქვით, რომ 5 წამყვანი ჩემპიონატიდან ვარკვევდით ნომინაციის გამარჯვებულებს, მაგრამ 34 თამაშში 25 წაგება იმდენად “შთამდეჭდავი” მაჩვენებელია, რომ ამის უყურადღებოდა და პრიზის გარეშე დატოვება, უბრალოდ არ შეიძლებოდა.

ყველაზე ნაკლები გატანილი გოლი: არლი – 21 (38 თამაში).

ალბათ ყველაზე სუსტი გუნდი, რომელსაც უთამაშია საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ყველაზე მეტი გაშვებული გოლი: ვილემი – 98 (!) (34 თამაში).

მხოლოდ წამყვან 5 ჩემოიონატს თუ განვიხილავთ, იქ უკონკურენტო ბლექპული იყო 78 გაშვებული გოლით.

სეზონის იმედგაცრუება (გუნდი): სამპდორია და მონაკო.

ორივე ეს ისტორიული გუნდი გავარდა საკუთარი ქვეყნის უმაღლესი ლიგიდან, მაგრამ გარდა ამ გუნდების კანდიდატი საკმაოდ ბევრი იყო – თითქმი ნახევარი ბუნდესლიგა: ვერდერი, შტუტგარტი, შალკე, ვოლფსბურგი, აინტრახტი (უფრო სეზონის მეორე ნახევრის იმედგაცრუება), ლივერპული და იუვენტუსი (ამ ნომინაციის შარშანდელი გამარჯვებულები), ვესტ ჰემი (თუმცა ვესტ ჰემი დიდი ხანი კვდებოდა და როგორც იქნა გარდაიცვალა), ატლეტიკო, რომლისგანაც ჩემპიონობისთვის ბრძლოას ელოდნენ…

სამპდორია

მონაკო

მივადექით ინდივიდუალურ პრიზებს:

ყველაზე მეტი გატანილი გოლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი) – 40 გოლი.

საოცარი მაჩვენებელი, პრიმერა დივიზიონის ყველა დროის რეკორდი (ტელმო ზარას და უგო სანჩესის მიღწევა გააუჯობესა). ბოლო 4 თამაშში პორტუგალიელმა 11(!) გოლი გაიტანა და არამარტო პიჩიჩი, არამედ ოქროს ბუციც მოიგო.

ყველაზე მეტი წითელი ბარათი: ნიკოლას ბურდისო (რომა) – 3 წითელი ბარათი.

სულ რაღაც 27 მატჩში მოახერხა არგენტინელმა 3 წითელი ბარათის მიღება.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

ნომინანტები: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ედინსონ კავანი (ნაპოლი), ნური შაჰინი (ბორუსია დ.), ედინ აზარი (ლილი).

რა თქმა უნდა კიდევ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომლებმაც კარგი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ეს ხუთეული წელს მაინც გამოირჩეოდა.

მესის და რონალდოს სეზონს მგონი დიდი კომენტარი არც სჭირდება, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.

კავანი წელს ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელი იყო სერია ა–ში, საოცარი სეზონი ჰქონდა ურუგვაელს და მიუხედავად მის გუნდში ჰამშიკის და ლავეცის ყოფნისა, ის მაინც ნეაპოლელების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. არაერთი ლამაზი და რაც მთავარია გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ნური შაჰინი ულაპარაკოდ ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო. თურქი ფეხბურთელი ყველგან იყო, დაცვაშიც და შეტევაშიც, ის აკავშირებდა ერთმანეთთან ბორუსია შესანიშნავ დაცვას, ბრწყინვალე თავდასხმასთან.

ედინ აზარი კი თავის მხრივ ლიგა 1–ში იყო საუკეთესო. უნიჭიერესი ბელგიელი ძალიან გაიზარდა და ეს იმითაც დამტკიცდა, რომ თუ ზედიზედ ორი წლის მანძილზე ის იგებდა ნომინაციაში: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, წელს მოიგო ნომინაციაში: წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

გამარჯვებული: ლიონელ მესი (ბარსელონა).

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

ნომინანტები: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა), სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), იურგენ კლოპი (ბორუსია დ.), ვალტერ მაცარი (ნაპოლი), მირკო სლომკა (ჰანოვერი).

Mr. Nobody–ის და მის გუნდს კი დაეხმარა სხვა გუნდების ჩავარდნა, მაგრამ მაინც – ჰანოვერის ასეთი თამაში ნამდვილად აღნიშვნის ღირსია და მთავარი დამსახურება ამ გუნდის მიერ მეოთხე ადგილის დაკავებაში სწორედ მირკოს მიუძღვის, თუ არ გჯერათ გადახედეთ ჰანოვერის შემადგენლობას.

მაცარიმ და კლოპმა კი ძალიან ლამაზი და შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი გუნდები ჩამოაყალიბეს, ტიტული მხოლოდ ერთმა მოიგო, სამაგიეროდ ორივემ მოიგო გულშემატკივრის გული.

ფერგიუსონს არ ბეზრდება გამარჯვებები. მეცხრამეტე საჩემპიონი ტიტული და ლივერპულის დამხობილი რეკორდი – ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო მაშინ, როცა აბერდინში ნამუშევარი შოტლანდიელი სათავეში ჩაუდგა მანჩესტერს.

გვარდიოლას შესახებ კი რა უნდა ვთქვათ… ზოგი ამბობს, რომ ის კარგი მწვრთნელი არ არის და რომ ამ მოთამაშეებით ყველა მოიგებდა ტიტულებს… პეპს ხშირად აბრალებენ იმას, რომ ის მოიკოჭლებს ტაქტიკურ განათლებაში და რომ ვერ ცვლის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს მისი გუნდის სასიკეთოდ… მაგრამ, რატომ უნდა შეცვალო ის, რაც უკვე იდეალურია?

მწვრთნელობა მხოლოდ ტაქტიკოსობა არ არის. მწვრთნელის პროფესია უამრავ ასპექტს მოიცავს, რომლებითაც გვარდიოლა უხვად არის დაჯილდოვებული. ფრანკ რაიკარდს თითქმის იგივე ფეხბურთელები ყავდა (მეტიც: ამათ დამატებული ეტოო, რონალდინიო, დეკუ, ძამბროტა…), მაგრამ ბარსელონა ასე ნამდვილად არ თამაშობდა. გუნდს, რომელზეც ამბობენ, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, არ შეიძლება კარგი მწვრთენლი არ ჰყავდეს.

გამარჯვებული: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა).

საუკეთესო მეკარე.

ნომინანტები: მანუელ ნოიერი (შალკე), ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ვისენტე გუაიტა (ვალენსია), მარკო სტორარი (იუვენტუსი).

მანუელ ნოიერის შალკეს ბუნდესლიგაში აშკარად ცუდი სეზონი ჰქონდა, სამაგიეროდ გელზენკირხენელებმა შესანიშნავად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო მანუელის თამაში მანჩესტერთან 1/2 ფინალში საერთოდ საოცრებათა კატეგორიიდან იყო, პირადად მე დიდი ხანი არ მქონდა ნანახი მეკარის ასეთი კარგი თამაში. მიუხედავად შალკეს ცუდი ასპარეზობისა ბუნდესლიგაში, მაინც  მოხვდა კიკერის შეფასებებით საუკეთესო ათეულში.

ვან დერ სარმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და აშკარად გამორჩეული იყო მანჩესტერელთა რიგებში, მიუხედავად შედარებით სუსტად ჩატარებული ფინალისა (ჩემპიონთა ლიგის), მისი უკანასკნელი სეზონი აშკარად დადებითად უნდა შევაფასოთ.

ჯო ჰარტი ხუთეულში მოხვედრას თუნდაც მხოლოდ ტოტენჰემთან პირველი ტურის მატჩში თამაშის გამო იმსახურებდა.

გუაიტამ დაიწყო სეზონი, როგორც ვალენსიას მესამე მეკარემ, მაგრამ სესარის და მოიას ტრავმებმა მას გზა გაუხსნა ძირითადისკენ და ახალგაზრდა კიპერმა გააოცა ყველა. ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარეა დღესდღეობით მსოფლიოში.

რაც შეეხება სტორარის: ჯიჯი ბუფონის წარმატებით შეცვლას და მისი ძირითადი მეკარეობის ეჭვქვეშ დაყენებას მოხერხება უნდა.

გამარჯვებული: მანუელ ნოიერი (შალკე).

საუკეთესო მცველი.

ნომინანტები: ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), ერიკ აბიდალი (ბარსელონა), რიკარდო კარვალიო (რეალი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ.).

ვიდიჩი ფერდნინანდის ხშირი ტვამიანობის პირობებში წითელი ეშმაკების აშკარად დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა. სერ ალექსმაც ტყუილად არ უბოძა მას კაპიტნის სამკლავური. დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

კომპანი კედელივით აღიმართა ჯო ჰარტსა და მოწინააღმდეგე გუნდის შემტევებს შორის. ბევრს ეგონა, რომ ის საკუთარ ნიჭს ვერასდროს გამოავლენდა, ვენსანმა წელს საპირისპირო დაამტკიცა.

აბიდალი უბრალოდ გენიალური იყო ამ სეზონში. იქამდე სანამ სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამდნენ, ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ბარსელონას რიგებში, ეს კი დამეთანხმებით უძნელესი საქმეა.

რიკარდო კარვალიო ბევრს უკვე ჩამოწერილი ჰყავდა და მოურინიოც საკმაოდ აკრიტიკეს მისი შეძენის გამო, მაგრამ ჟოზემ და რიკარდომაც დაუმტკიცეს ყველას, რომ მოურინიო ტყუილად არ ენდობა კარვალიოს. საუკეთესო იყო მადრიდელთა დაცვის ხაზში, ის რომ არა რეალი გაცილებით მეტ გოლს გაუშვებდა.

მატს ჰუმელსმა ნევენ სუბოტიჩთან ერთად ბუნდესლიგის ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველების ტანდემი ჩამოაყალიბა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერთან ერთად ეს ტანდემი ძალიან ახალგაზრდაა (22–22 წლის არიან). გახდა კიკერის მიხედვით  ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე.

გამარჯვებული: ერიკ აბიდალი (ბარსელონა).

საუკეთესო ნახევარმცველი.

ნომინანტები: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), ნური შაჰინი (ბორუსია დ.), მესუთ იოზილი (რეალი), ჩავი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა).

გარეთ ბეილი მშვენივარდ შეეწყო ნახევარმცველის პოზიციას და შეუჩერებელი იყო ტოტენჰემის შეტევის მარცხენა ფლანგზე. ქარივით დაქროდა და მისი გაჩერება წარმოუდგენელი იყო, თუ არ გჯერათ – კითხეთ მაიკონს. პრემიერლიგის მეხუთე ადგილოსანი გუნდის მოთამაშე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ნური შაჰინი – მასზე ზემოთაც ვისაუბრეთ.

მესუთ იოზილი ამ სეზონის ერთ–ერთი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი მუნდიალზე, მისგან ასეთ პროგრესს მაინც არავინ ელოდა. ერთი მინუსი რაც ჰქონდა იყო ის, რომ ვერაფრით გამოიჩინა თავი ბარსელონასთან დაპირისპირებებში.

ჩავი ისევ ისეთი იყო, როგორც ბოლო წლებში. ბარსელონას ყველა შეტევის სული და გული.

ანდრესზეც ახალი რა უნდა ვთქვათ, გარდა იმისა, რომ 8 გოლი გაიტანა პრიმერაში და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

გამარჯვებული: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).

საუკეთესო თავდამსხმელი.

ნომინანტები: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ედინსონ კავანი (ნაპოლი), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი).

მესის და რონალდოს შესახებ ახალს ვერაფერს ვიტყვი.

ტევესი უბრალოდ შეუცვლელი იყო სიტისთვის, მასთან ერთად და მის გარეშე ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდია.

კავანიზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ჯუზეპე როსი კი ვილიარეალის უპირობო ლიდერი იყო და მისი დამსახურებაა რომ ყვითელი წყალქვეშა ნავები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

გამარჯვებული: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სეზონის აღმოჩენა (ფეხბურთელი).

ნომინანტები: ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეკ უილშირი (არსენალი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ.), ედინსონ კავანი (ნაპოლი),შინჯი კაგავა (ბორუსია დ.).

ჩიჩარიტოსგან ამას ნამდვილად არავინ ელოდა. ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი. მექსიკელი გამოირჩევა საგოლე ალღოთი და თითქმის არაფრისგან შეუძლია გოლის გატანა. გარდა ამისა საკმაოდ ტექნიკურიც არის და კარგი არტყმაც აქვს. პროგრესი თუ განაგრძო, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდება.

უილშირმა უკვე ნაკრებშიც კი მოასწრო თამაში. ასაკისთვის შეუფერებლად ბრძნულად ირჯება, თან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, პოზიციაზე სადაც თამაში ყველაზე რთული რამ გახლავთ.

გიოტცე უილშირის არ იყოს ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მიუხედავად ამისა დორტმუნდელთა ერთ–ერთი ლიდერი იყო. მას უკვე მესისაც ადარებენ. მარიოს მართლაც შესანიშნავი ტექნიკა აქვს და გერმანული ფეხბურთის მთავარი იმედია.

ედინსონ კავანი – მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით მისი კარგი თავდამსხმელობის შესახებ, ყველა მაინც ალბათ პირღია შევცქეროდით მის თამაშს და გოლებს.

შინჯი კაგავა – სულ რაღაც 300 000–ად შეძენილი მოთამაშე, რომელმაც გააოცა და გადარია გერმანელი ჟურნალისტები. იანვარში აზიის თასზე ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა, მაგრამ პირველი წრე ისე კარგად ჩაატარა, რომ კიკერის შეფასებების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა (ჰუმელსის შემდეგ).

გამარჯვებული: ედინსონ კავანი (ნაპოლი) – რადგან სხვა ოთხი მოთამაშიდან არჩევნის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია 🙂 და ასევე კავანის პრიზის გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა.

სეზონის იმედგაცრუება (ფეხბურთელი)

ნომინანტები: ფერნანდო ტორესი (ჩელსი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (მანჩესტერ სიტი/რეალი), დიეგო მილიტო (ინტერი), დიეგო ფორლანი (ატლეტიკო).

ტორესი, ჯეკო და ადებაიორი – სამივემ ზამთარში გუნდი გამოიცვალა, მაგრამ თუ დააკვირდებით პირველ ორს წინა გუნდი არ უწერია გვარის გასწვრივ, რადგან ტორესმაც და ჯეკომაც იმედები გულშემატკვირებს ახალ კლუბებში გაუცრუეს, ხოლო ძველებში შედარებით ნორმალურად თამაშობდნენ. ადებაიორმა კი სიტიში სეზონი ხომ ჩააგდო და ვერც მადრიდულ კლუბში მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები, მიუხედავად იმისა რომ პრიმერას 14 თამაშში 5 გოლი გაიტანა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე 2–ც დაუმატა, დაახლოებით სამი ამდენი ქარს გაატანა.

ორი დიეგოსგან კი აცილებით მეტს ველოდით წელს. პირველი ჩემპოიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მეორე მსოფიოს ჩემპიონატის. მილიტოს ასე თუ ისე ტრავმებმა შეუშალეს ხელი, აი ფორლანი თავს ამ მიზეზით ვერ გაიმართლებს.

გამარჯვებული: ფერნანდი ტორესი (ჩელსი) – უბრალოდ იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი მის გარშემო, წარმოუდგენელი იყო ამ ნომინაციაში სხვისი გამარჯვება.

ყველაზე ცუდი ფეხბურთელი: ადრიანო (რომა).

მერამდენე შანსი მისცეს და ისევ ყველაფერი გააფუჭა.

საუკეთესო მატჩი: ნაპოლი – ლაციო 4–3

საოცარი თამაში, საოცარ ქალაქში, საოცარ სტადიონზე. შეხვედრა, რომელშიც იყო ყველაფერი: არჩათვლილი გოლი, გაძევება, პენალტი, დრამატიზმი, დაძაბულობა…

თავიდან ლაციო იგებდა 0–2–ს, შემდეგ 2 წუთში ნაპოლიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ძალიან მალე მესამე გაუშვა, თუმცა არბიტრებმა ვერ დაინახეს, რომ ბროკის დარტყმის შემდეგ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი… სამართლიანობამ მაინც იზეიმა, რამოდენიმე წუთში ლაციო გადის წინ, ავტოგოლის წყალობით. ყველას ეგონა, რომ მატჩი დასრულდა, ასეთი შოკიდან ნაპოლი ვეღარ გამოვიდოდა და ამ დროს, რამოდემე წუთში ინიშნება პენალტი ლაციოს კარში და თან რომაელები დარჩნენ 10 კაცის შემადგენლობით. კავანი ნიშნულიდან ზუსტია და 3–3, 85–ე წუთზე კი ედინსონმა გენიალური გოლი გაიტანა, რასაც კინაღან “სტადიო სან პაულოს” დანგრევა მოჰყვა.

მართლაც დაუვიწყარი თამაში და დაუვიწყარი ემოციები. მე და სანდრო ცნობილაძეს მიგვყავდა ეს თამაში და საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გამოფიტულები ვიყავით.

სეზონის საუკეთესო გუნდი.

ნომინანტები: ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, ლილი, ბორუსია დ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები; გუნდი რომელიც ბოლომდე იბრძოდა სამი ტიტულისთვის; საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელ; გერმანიის ჩემპიონი, რომელიც საოცარ შემტვე ფეხბურთს თამაშობდა.

საერთოდ ამ ნომინაციით მტკიცდება, რომ ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: შემტევი ფეხბურთი დაბრუნდა!

გამარჯვებული: ბარსელონა.


და ბოლოს, ტატოს ბლოგის ვერსიით

2010–2011 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები: