ხუთი დღეა რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და უკვე ათი მატჩიც გაიმართა. თამაშების ეს რაოდენობა ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ რაიმე ღირებული დასკვნა გავაკეთოთ. კი, რა თქმა უნდა შეიძლება პირველი ტურის აღმოჩენებზე და იმედგაცუებებზე საუბარი, მაგრამ ზოგადად ჯერ ძალიან    ადრეა.

პირადად მე ყველაზე მეტად პირველ ტურში გამიკვირდა ჰოლანდიის უნიათობა, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემ კოლეგა ლუკა ხოჯავას ჰოლანდიის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამივე ამხანაგური თამაშის წაყვანა მოგვიწია და ამ თამაშებში მუდამ იმას აღვნიშნავდით, რომ ჰოლანდიელები ვერ გამოიყურებოდნენ სათანადოდ და თითქოს არ იყვნენ მზად ევროფორუმისთვის, მაინც ეჭვი არ გვეპარებოდა იმაში, რომ ბერტ ვან მაარვიკის შეგირდები კარგ ფორმაში შეხვდებოდნენ დანიასთან თამაშს.. თურმე ვცდებოდით.

დადებითი კუთხით გამაოცა იტალიის ნაკრებმა. ნამდვილად არ ველოდი სკუადრასგან ასეთ თამაშს ესპანეთთან, რა თქმა უნდა იბერიელებმაც ვერ (არ) გამოავლინეს შესაძლებლობების მაქსიმუმი და ნაწილობრივ ვეთანხმები მათ იმაში, რომ ცუდმა საფარმაც ითამაშა ამ ყვეალფერში გარკვეული როლი, მაგრამ იტალიელთა შესანიშნავი ასპარეზობა ამით ნამდვილად ვერ დაიჩრდილება. დანიელე დე როსის თამაში ხომ საერთოდ ცალკე საკითხია, მიუხედავად მცირე პოზიციური შეცდომებისა, მომენტებში დე როსი ფაბიო კანავაროს მაგონებდა.

შევას ორი გოლიც რა თქმა უნდა პირველი ტურის ერთ–ერთი მთავარი მოვლენა იყო…

მაგრამ მთლიანობაში ჯერ არაფერი გვინახავს, ვერც ვნახავდით, უბრალოდ სამწუხაროა, რომ სამი დიდი, დაანონსებული თამაშიდან, მხოლოდ ესპანეთი – იტალიის ჯახმა გაამართლა ნაწილობრივ იმედები. პორტუგალია– გერმანია და მითუმეტეს საფრანგეთი–ინგლისი მართლაც საშინელი საყურებელი იყო, განსაკუთრებით ფრანგების გაჩერება და ბურთის გორება მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში.

საფრანგეთი–ინგლისის მატჩის ბოლო წუთებმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი: გერმანია – ავსტრია გამახსენა, მატჩი, რომელიც ითვლება ფეხბურთის და ზოგადად სპორტის სირცხვილად.

 

კიდევ რა იყო საინტერესო… სამწუხაროდ ბევრი არაფერი, პოლონელების და რუსების ჩხუბის გამორჩევა თუ შეიძლება.

იმედია ფეხბურთელები მალე  გახურდებიან და ვიხილავთ თამაშებს, რომლებიც სამუდამოდ დაიდებენ ბინას ჩვენ მეხსიერებაში.

 

პ.ს. ევროპის ჩემპიონატს ერთი მინუსი აქვს მუნდიალთან შედარებით – ზუსტად მაშინ მთავრდება, როდესაც  მის გარეშე ცხოვრება უკვე ვეღარ წარმოგიდგენია.

2016–ში ასე აღარ იქნება, მაგრამ 2016–ში ბევრი რამ აღარ იქნება ძველებურად…