Category: მუსიკა


ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით შედგენილ ყველა დროის საუკეთესო როკ–ჯგუფების თხუტმეტეულს 🙂 (ათი ჯგუფი ცოტად მომეჩვენა). თითო ჯგუფს ბონუსად მოვაყოლებ მათ საფირმო კომპოზოციას, რომელთანაც ასოცირდება ეს ჯგუფი პირველ რიგში, ან უბრალოდ ეს კომპოზიცია საუკეთესოა მათ შემოქმედებაში, ისევ და ისევ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა 🙂

15. Uriah Heep

ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი საყვარელი ჯგუფი, რომელიც ცოტა არ იყოს გადაფასებულია საქართველოში. დაახლოებით ათი უკვდავი კომპოზიციით, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა რა თქმა უნდა ეს:

ხარისხით უკეთესი ვერსიაც არის, მაგრამ იქ სოლისტი უკვე ბერნი შოუ არის, ნამდვილი “ჰიპი” კი ჩემთვის პირველ რიგში ბაირონთან და მის განუმეორებელ მელანქოლიურ ხმასთან ასოცირდება.

14. Jimmy Hendrix Expirience

ბენდი, რომლის წევრების პატივისცემის მიუხედავადაც, მხოლოდ ერთი კაცისგან შედგებოდა, ისევე როგორც კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც შედის ამ 15–ეულში. ქვემოთ კი გთავაზობთ კომპოზიციას, რომელსაც აქვს ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ჟღერადი დასაწყისი მუსიკის ისტორიაში

13. Jethro Tull

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთი კაცისგან შედგებოდა. ერთ–ერთი ყველაზე კოლორიტული ადამიანი მუსიკალურ სამყაროში, ადამიანი ორკესტრი – იან ანდერსონი.

მართალია აქ იანი ფლეიტაზე არ უკრავს, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო საყურებელია მისი ქცევა სცენაზე 🙂

12. The Who

ერთ–ერთი ყველაზე დაუფასებელი ჯგუფი საქართველოში, ჯგუფი სადაც 4–დან სამი წევრი ნამდვილი გიჟი და შეშლილი იყო: კეიტ მუნი, როჯერ დელტრი და პიტერ თაუნშენდი – სამი არანორმლაური, რომელთა ქცევაც სცენაზე და მის მიღმა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყო. და ბასისტი ჯონ ენტვისლი, რომელიც ვითომ ყველაზე ნორმალური ტიპი იყო, არადა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ნარკოტიკების დიდი დოზის გამო… ბასზე დაკვრის მისი მანერა კი რევოლუციური იყო და გავლენა მოახდინა უამრავ მუსიკოსზე, რის გამოც ის დამსახურებულად ითვლება ერთ–ერთ საუკეთესო ბასისტად ისტორიაში, ისევე როგორც ჯგუფის ყველა წევრი, მუნი – დრამერებში, თაუნშენდი – გიტარისტებში, დელტრი – სოლისტებში, ხოლო მთლიანად ჯგუფი – ჯგუფებში 🙂

11. Rainbow

ბლექმორის მიერ დაარსებული ჯგუფი, რომელმაც ნამდვილი აღიარება მოუტანა რონი ჯეიმს დიოს. მისი წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ კოზი პოუელი, როჯერ გლოვერი, ჯო ლინ ტერნერი და სხვა გამოჩენილი მუსიკოსები. ამ ჯგუფმა გვაჩუქა უამრავი დაუვიწყარი კომპოზიცია და რომელიმეს ამორჩევა მართლაც რთულია, მაგრამ ფორმატის მიხედვით უნდა ამოვარჩიოთ.. ამიტომ იყოს ეს:

10. Grand Funk Railroad

პირადად ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ჯგუფი, საკუთარი განუმეორებელი სტილით. ალბათ ყველაზე დაუფასებელი ჯგუფი საქართველოში, მის შესახებ ბევრმა არც კი იცის…

სულ სამი ამერიკული ბენდია ამ სიაში: ჰენდრიქსი, გრანდ ფანკი და კიდევ ერთი, რომელიც რეიტინგში ცოტათი წინ იმყოფება 🙂

სამწუხაროდ ამ გენიალური კომპოზიციის არც კლიპი და არც ცოცხალი ჩანაწერი არ მოიპოვება Youtube-ზე.

9. Dire Straits

გენიალური ჯგუფი, რომელიც ყველას ამერიკელები ჰგონია თავიანთი სტილის გამო 🙂

ქვემოთ კი შემოგთვაზებთ ალბათ ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო როკ კომპოზიციის Live ვერსიას…

8. The Rolling Stones

რა შეიძლება ვთქვა ამ ჯგუფზე ახალი? არც არაფერი, უბერებელი ბრიტანელი ნარკომანები, რომლებიც დღემდე იმ სიმაღლეზე არიან, რომელზეც 1964 წელს ავიდნენ და არ ჩამოსულან…

ეს კომპოზიცია საუკეთესო ნამდვილად არაა, მაგრამ ყველაზე პოპულარული ნამდვილად არის.

7. Black Sabbath

ჯგუფი, რომელსაც ალბათ ყველაზე სახელიანი და ძლიერი სოლისტები ჰყავდა ისტორიაში: ოზი ოზბორნი, რონი ჯეიმს დიო, იან გილანი…

ეს ბენდი ზეთის ხილივით არის, ან გიყვარს, ან გეზიზღება, შუალედი არ არსებობს… ალბათ ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი მუსიკის და ზოგადად მათი სტილით.

ისევ და ისევ პოპულარული კომპოზიცია და არა საუკეთესო

6. The Doors

ჯონ ლენონთან ერთად ყველაზე ქარიზმატული პიროვნება მუსიკის ისტორიაში: ჯიმ მორისონი. მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი… საუკეთესოობაზე ბევრ კომპოზიციას აქვს პრეტენზია, მაგრამ როცა საქმე პოპულარობაზე მიდგება, მაშინ ეს სიმღერა უკონკურენტოა:

5. The Beatles

ბევრს ალბათ ეს შეცდომა გგონიათ და ამ ჯგუფს პირველ ადგილზე ელოდით, მაგრამ… მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უამრავი გენიალური კომპოზიციისა, უდიდესი პოპულარობისა, უდიდესი გავლენისა… როგორც მუსიკოსები ჯონიც, პოლიც, ჯორჯიც და მითუმეტეს რინგო სუსტები იყვნენ და მათი კომპოზიციებიც ზედმეტად მარტივია მუსიკალური თვალსაზრისით.

საუკეთესოზე ან პოპულარულზე პრეტენზია დაახლოებით 20–მდე სიმღერას ექნება, რადგან საქმე ეხება “ბიტლებს”, მაგრამ მოდით მაინც ერთი ამოვარჩიოთ, რომელიც კარგიც არის და თან პოპულარულიც:

4. Deep Purple

საქართველოში ალბათ ეს ჯგუფი პირველ ადგილზეა პოპულარობით, ბითლზი თუ გაუწევს ამ კომპონენტში წინააღმდეგობას… ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან ალბათ ყველამ ყველაფერი იცით ამ ჯგუფის შესახებ, ხოლო ვინც არ იცით… რაიმეს თქმას აზრი არც აქვს 🙂

ერთ–ერთი ყველაზე “იკონური” კომპოზიცია ისტორიაში…

3. Led Zeppelin

ძალზედ ძნელი იყო ამ და წინამდებარი ჯგუფს შორის არჩევნის გაკეთება, მაგრამ საბოლოოდ საპატიო სამეულში მაინც ზეპელინი შევიყვანე. გადამწყვეტი ფაქტორი მისი პოპულარობა იყო მსოფლიოს მასშტაბით, პოპულარობა, რომელიც Deep Purple–ს არც კი დაესიზმრებოდა. ზეპელინის თავისუფლად აქვს პრეტენზია ითვლებოდეს ყველაზე პოპულარულ როკ–ჯგუფად მსოფლიოში. კონკურენციას მხოლოდ “ბითლზი” და ამ რეიტინგის მეორეადგილოსანი თუ გაუწევენ.

2. Queen

ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი, ჯგუფი, რომლის გამოც დავიწყე მუსიკის მოსმენა, ჯგუფი რომელმაც შემაყვარა როკი. მეტს არაფერს არ ვიტყვი გარდა ერთისა: ხალხო, ჯგუფს ქვია Queen და არა ფრედი მერკური!  ეს ნამდვილად არ არის ის შემთხვევა, როდესაც ბენდს ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორც მაგალითად Jethro Tull-ის შემთხვევაში, Queen-ს ჰყავდა გენიალური დრამერი როჯერ ტეილორი, მშვენიერი ბასისტი ჯონ დიკონი და ლეგენდარული გიტარისტი ბრაიან მეი. ძალიან ბევრი ცნობილი და გენიალური კომპოზიცია სწორედ მეის დაწერილია, ხოლო ბოლო წლების ყველა სიმღერა მთლიანად მთელი ჯგუფის შრომის შედეგია, ასე რომ Queen არ არის მხოლოდ ფრედი მერკური.

თუმცა, რა თქმა უნდა, ფრედის გარეშე ეს ჯგუფი ალბათ ვერაფერს მიაღწევდა, რადგან მერკური იყო გენიალური და დარჩება ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო სოლისტად.

1. Pink Floyd

მოიძიეთ სახლში ლექსიკონი, მოძებნეთ იქ სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ ყველაფერ კარგს – ეგ სიტყვები აქ უნდა ეწეროს…

ნაწყვეტი ფილმიდან The Wall:

მეორე გიტარის პარტიის პირველი სამი წამი არის საუკეთესო რამ, რაც კი მომხდარა მუსიკაში ბოლო 50 წლის მანძილზე.

რონი ჯეიმს დიო

რამოდენიმე დღის წინ, 67 წლის ასაკში,  გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო – ლეგენდარული ვოკალისტი, ჰევი–მეტალის და ზოგადად როკ–მუსიკის ერთ–ერთი ხმა.

მსოფლიო პოპულარობას რონი ჯეიმს დიო, Deep Purple–ის დაშლას უნდა უმადლოდეს, რადგან სწორედ ამის შემდეგ ჩამოაყალიბა რიჩი ბლექმორმა ჯგუფი “Rainbow”, სადაც სოლისტად სწორედ რონიე ჯეიმს დიო მიიწვია, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო მსმენელთა აღიარება და პოპულარობა.  მისი ძლიერი ხმა უმალ ჰარმონიულად ჩაეწერა Rainbow-ს შემოქმედებაში. სწორედ მაშინ შეიქმნა ისეთი ლეგენდარული კომპოზიციები, როგორიც არის: Man on the Silver Mountain”, “The Temple of the King”, სულ შემძვრელი და ეპიკური “Stargazer” და რა თქმა უნდა დიოს პერიოდის Rainbow-ს ორი მარგალიტი: Long Live Rock ‘n’ Roll” და “Rainbow Eyes” – ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სენტიმენტალური სიმღერა მუსიკის ისტორიაში.

ამის შემდეგ ოზი ოზბორნის წასვლით გამოწვეული სიცარიელე, ლეგენდარულმა ბირმინგემულა ჯგუფმა “Black Sabbath” –მა სწორედ დიოს დახმარებით შეავსო. რა თქმა უნდა ამან შეცვალა ჯგუფის მუსიკალური სტილი და ის ქაოტური და მოულოდნელიდან, როდესაც წარმოუდგენლად იცვლებოდა კომპოზიციების რიტმი და მელოდია, გახდა უფრო მოსალოდნელი და ერთფეროვანი, სამაგიეროდ უფრო ენერგიული და რაც მთავარია ძლიერი, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ დიოს მიუძღვის. იგი არამარტო ძლიერი მომღერალი, არამედ შესანიშნავი კომპოზიტორიც იყო, თითქმის ყველა კომპოზიცია მისი მონაწილეობით იყო შექმნილი, ბევრი კი მხოლოდ მისი შრომის შედეგი იყო.  ასევე გარდა მუსიკალურისა, დიოს გააჩნდა მწერლის პოეტური ნიჭი, რადგან საკმაოდ ბევრი მისი სიმღერის ტექსტი გამოირჩევა ღრმა და ფილოსოიფური აზრით, რაც მას ოზი ოზბორნთან, ფრედი მერკურისთან, ჯონ ლენონთან და ჯიმ მორისონთან ერთად, წამყვანი ტექსტბის ავტორთა რიგებში აყენებს.

რონი ჯეიმს გარდა საკუთარი მუსიკლაური მიღწევებისა, ასევე გამორჩეულია ორი რამით:

პირველი – სწორედ მისი წყალობით გახდა ე.წ. “ეშმაკის რქები”–ის სიმბოლო პოპულარული და საბოლოო ჯამში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც როკ–მუსიკის ერთ–ერთმა მთავარმა განმასახიერებლმა ნიშანმა.

და

მეორე – მისი ქცევა სცენაზე, რომელიც აშკარად არაადეკვატური ხასიათის იყო. არა, ის ნამდვილად არ იყო ჯიმ მორისონის მსგავსი პროვოკატორი, ან მერკურის მსგავსად ენერგიული, უბრალოდ მისი ქცევა არ შეესაბამებოდა იმ გარეგნობას რაც მას უბოძა დედა–ბუნებამ. მისი მოძრაობები და ჟესტები დამახასიათებელი იყო “სექს–სიმბოლოსთვის”, რომელიც დიო არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან იმ ნიჭის საფასურად რაც მას ერგო, მას გარეგნობის და ფიზიკური შესახედაობის დათმობა მოუწია.

რონი ჯეიმს დიო – ყველაზე არასასიამოვნო გარეგნობის და ყველაზე სასიამოვნო ხმის პატრონი ვოკალისტი როკ–მუსიკის ისტორიაში.

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა და დაგვტოვა ამ უაზრო და უგემოვნო ეპოქაში…