მოგეხსენებათ გუშინ დიეგო არმანდო მარადონამ გამოაქვეყნა საბოლოო 23–კაციანი სია. არ ვიტყვი არაფერს მისი საოცარი გადაწყვეტილებების შესახებ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.

პირადად ჩემთვის ყველაფერი მოსალოდნელი სცენარით განვითარდა, მაგრამ ამავე დროს ეს სცენარი ძალზედ არასასურველი იყო და ახლავე მიხვდებით რატომ: თავი დავანებოთ ამ 23 კაცს, მოდით მე შემოგთავაზებთ არგენტინის ნაკრების 11–ეულს, რომელიც შემდგარი იქნება იმ ფეხბურთელებისგან, ვინც მარადონამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ამ ნაკრებში არ იქნებიან ტრავმირებული ფეხბურთელები ან ფეხბურთელები, რომლებსაც ობიექტურად არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია მუნდიალზე თავისი ფორმის გამო (ერნან კრესპო, ხულიო კრუსი და ა.შ.)

დავიწყეთ:

მეკარე: პატო აბონდანსიერი (ინტერნასიონალი)

მიუხედავად თავისი ასაკისა ამ მეკარემა დაამტკიცა ბრაზილიაში გამოსვლით, რომ ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ნამდვილად შეიძლებოდა მისი მესამე მეკარედ წაყვანა მუნდიალზე.

დაცვა

მარჯვენა მცველი: პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი)

მარადონას 23 კაცში არ ჰყვას არც ერთი ნომინალური მარჯვენა მცველი და ამ დროს იგნორირება გაუკეთა პაბლო საბალეტას, რომელსაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჰქონდა პრემიერლიგაში.

ცენტრალური მცველები: ეზიკილ გარაი (რეალი) და გაბრიელ მილიტო (ბარსელონა)

ხავიერ ძანეტი

გადახედეთ გუნდებს სადაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ…  ორივემ საკმაოდ ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში, მილიტო მესამე ცენტრალური მცველი იყო ბარსაში პიკეს და პუიოლის შემდეგ, ხოლო გარაი ასევე ძალზედ ხშირად ხვდებოდა მადრიდელთა ძირითადში და ვერავინ იტყვის, რომ ცუდად ასპარეზობდა. რა თქმა უნდა დიეგოს საკმაოდ კარგი მცველები ჰყავს (დემიკელისი, ბურდისო, სამუელი, ჰაინცე), მაგრამ ამ ოთხეულის გარდა ყველა დანარჩენის შესაძლებლობები კითხვის ნიშნებს ტოვებს…

მარცხენა მცველი: ხავიერ ძანეტი (ინტერი)

უკომენტაროდ

პ.ს. დეგენერატი მწვრთნელების გამო, “ილ კაპიტანო” მეორე მუნდიალს ტოვებს…

ნახევარდაცვა

საყრდენები: ფერნანდო გაგო (რეალი) და ესტებან კამბიასო (ინტერი)

გაგოსაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს მან ძირითადიდან ამოაგდო ორივე დიარა, ხოლო რაც შეეხება კამბიასოს… რა უნდა თქვას კაცმა კამბიასოზე საერთოდ…

ესტებან კამბიასო

შემტევი ნახევარმცველები: (იმის გამო რომ ობიექტურად დიეგოს ნაკრებს მიღმა არ დაუტოვებია გარემარბები, ტაქტიკა ცოტა უცნაურია, თუმცა სავსებით რეალური და განხორციელებადი).

მარჯვენა შემტევი ცენტრალური ნახევარცველი: ევერ ბანეგა (ვალენსია)

ამ სეზონში ვალენსიას ერთ–ერთი ლიდერი, უზადო ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც რა თქმა უნდა გამოადგებოდა გუნდს იმ სიტუაციაში, როდესაც მარადონას 23 კაცში საერთოდ არ ჰყავს შემტევი სტილის ცენტრალური ნახევარცველი (თუ არ ჩავთვლით პასტორეს, რომელსაც ნაკრებში სულ რაღაც ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ისიც კატალონიის ნაკრებთან).

ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი: ლუჩო გონსალესი (მარსელი)

ლუჩო და ლისანდრო

უკვე წლებია ევროპაში ერთ–ერთი გამორჩეული და საკუთარი სტილის მქონე ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც სეზონების მანძილზე იყო “პორტუს” კაპიტანი და ლიდერი, ხოლო წელს “მარსელში” გადავიდა ამ გუნდის 18 წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონობას ბევრი სწორედ ლუჩოს ბრწყინვალე თამაშს მიაწერს.

მარცხენა შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი: ხუან რიკელმე (ბოკა ხუნიორსი)

ამ ფეხბურთელის შესახებ მგონი ყველამ ყველაფერი იცით… მარადონას გამწვრთნელებიდან სულ ცოტა ხანში მომხდარი კონფლიქტის გამო არ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში.

თავდამსხმელი: ლისანდრო ლოპესი (ლიონი)

რიკელმე

ლუჩოსი არ იყოს, წლების მანძილზე “პორტუს” ლიდერი. წელს გადავიდა “ლიონში”, გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ამავე დროს ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ამ გუნდის ჩემპოინთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.

მგონი საკმაოდ ძლიერი ნაკრები გამოვიდა. დარწმუნებული ვარ ეს გუნდიც რომ დაუშვან მუნდიალზე, ბევრ ძლიერ ნაკრებს გაამწარებს და შეიძლება დიეგოს დაულაგებელ და ქაოსურ გუნდზე უკეთესი შედეგიც კი აჩვენოს.